ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველას პოემა „სისხლის ძიება“

უკანასკნელ პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის საშიშმა ზღვარმა და აგრესიის გაუგონარმა მასშტაბებმა ვაჟა-ფშაველას ნაკლებად პოპულარული პოემა „სისხლის ძიება“ გამახსენა. რა სამწუხაროა, რომ თითქოს ყველანი სისხლს მოწყურებულ მონსტრებად ვიქეცით, დავიყავით მხარეებად, კლანებად, იდეოლოგიზებულ ჯგუფებად, გავაჩაღეთ მტრობის სისხლიანი კამპანია და ბოლოც არ უჩანს ამ უბედურებას. ძველი საუკუნეების სისხლიანი შურისძიებების ეპოქა კარგა ხანია დასრულებულია, თორემ ჩვენ კი ვართ მზად ფსიქოლოგიურად, რომ ერთმანეთის სისხლშიც გავისვაროთ ხელები. ყველას გვახსოვს, როგორ ჩიოდა ვაჟა „ალუდა ქეთელაურში“ თავისი ხალხის სისხლიან ყოფაზე:

„ბევრჯელ წასულა საჭალოდ დახოცილთ სისხლის ღვარია;

შაუღებია წითლადა ავი არდოტის წყალია.

ვისაც მტერობა მასწყურდეს, გააღოს სახლის კარია,

სისხლ დაიგუბოს კერაში, თვითანაც შიგვე მდგარია.

ღვინოდაც იმას დაჰლევდეს, პურადაც მოსახმარია.

პირჯვარი დაიწეროდეს, მითამ საყდარში არია.

სისხლშია ჰქონდეს ქორწილი, იქ დაიწეროს ჯვარია,

დაიპატიჟოს სტუმრები, დაამწკრიოდეს ჯარია.

სისხლში დაიგოს ლოგინი, გვერდს დაიწვინოს ცალია,

ბევრი იყოლოს შვილები, ბევრი ვაჟი და ქალია;

იქვე საფლავი გათხაროს, იქ დაიმარხოს მკვდარია”…

„სისხლის ძიება“ (ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან) შემაძრწუნებელ რეალობას გვიხატავს. ვაჟა ჩვეული ოსტატობით ქმნის დრამატულ და ექსპრესიულ სიუჟეტურ კოლიზიებს. აქ ვხვდებით ბევრ ისეთ იდეურ აქცენტს, ყველა ეპოქაში რომ აქტუალურია. ავტორი ღრმად წვდება ადამიანური ბუნების ხვეულებს, სამზეოზე გამოაქვს ჩვენი ბუნების ყოველი მანკი. წესით, ასეთმა ტექსტებმა უნდა გვასწავლოს კათარსისის გზა, უნდა შეძლოს საზოგადოების გაჯანსაღება, მაგრამ ჩვენ გულისყურს ჩვენს დიდ მოძღვრებს კი არ მივაპყრობთ, გამეცადინებულები ვართ ოპონენტების დემონიზაციაზე, საკუთარი თავის წმინდანად წარმოჩენაზე, რაც არც ისე ნიჭიერად გამოგვდის.

პოემის ფაბულა ასეთია: ჩერქეზეთს მთავრად მოვლენია გადიდკაცებული მდაბიო ასლან-ბეგი, „ყველასთან მტრულად მერჩოლი, არვისთან მქონი ზავისა“, მოუპოვებია დიდება და დიდძალი სიმდიდრე საკუთარი სამშობლოს რუსებზე გაყიდვის ფასად. ჩერქეზებს გააფთრებით უბრძოლიათ რუსებთან, „გაუსუქებავ მინდორი ჩერქეზთ და რუსთა ძვალებსა“, მაგრამ მოღალატე ასლან-ბეგმა მტერთან კავშირით დაიმორჩილა საკუთარი ხალხი, მხოლოდ ქიჩირბეის ვერ მოუხერხა ვერაფერი. მამაცი მოწინააღმდეგისთვის მრავალი მკვლელი მიუგზავნია ასლანს, მაგრამ ქიჩირბეი ყველას იგერიებდა და თავის ხალხს მოუწოდებდა: „რად ჰმონებთ ასლანს, ჩერქეზნო, უღელს რად იდგამთ კისრადა, სხვისა ნაყმევი, ნალახი გამოადგება ვის რადა?!“ ასლანმა დემურს დიდძალი ოქროს ფასად ქიჩირის მოკვლა დაავალა. დემური მიუხტა სახლში გმირს, კაცი განგმირა და მისი მოჭრილი მარჯვენით „ხელდამშვენებული“ დაბრუნდა სახლში უმშვენიერეს ცოლთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მკვლელს შეეშალა და ქიჩირის ნაცვლად მისი სტუმარი, თავისივე ცოლისძმა ალხასტა მოკლა. დემურის ცოლმა ძმის მკლავზე დედამისის ინიციალებიანი ბეჭედი და ძმის მკლავზე ბავშვობის ცელქობისას აბედით ამომწვარი კანი იცნო. შეძრწუნებული ქალი ქმარს გაეპარა ძმის მკლავით ხელში. გზად შემოხვდა სტუმრის მკვლელობისთვის შურის საძიებლად გამოსულ ქიჩირბეის, რომელმაც ქალი მოატყუა, ტერელოელი დარლა ვარო და მისგან ყველაფერი გაიგო. ამასობაში ქიჩირბეის ცოლის საძიებლად გამოსული დემური შემოხვდა, მას თავი მოაჭრა  და ასლანის სახლთან სარზე ჩამოაცვა.

ხანი გავიდა და ჩერქეზეთს ისევ მტერი შემოესია. ფლიდმა ასლან-ბეგმა ხერხი იხმარა, ქიჩირბეის ენადათაფლული მოციქული მაჰმადა გაუგზავნა და ზავი შესთავაზა. ქიჩირმა სამშობლოს ინტერესი პირადულზე წინ დააყენა და ასლანთან ზავის დასადებად მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, ეუბნებოდა: „ზავისა იმან რა იცის, გველ-ბაყაყების ბუდემა, ჩერქეზთა ქვეყნის გამცემმა და ჯოჯოხეთის ზღუდემა?“

ასლანს არ შერცხვა არც იმისა, რომ ასე რაინდულად მოსული მოწინააღმდეგე დაეპატიმრებინა და მას კოცონზე დაწვის განაჩენი გამოუტანა. განწირული ქიჩირბეი ისევ საქვეყნოდ დარდობდა, ვერაგ ასლანს ეს სთხოვა: „ნუ გააგონებ ქვეყანას, თავს ნუ აჩვენებ ფლიდადა. ნუ გააგონებ ჩერქეზთა, რომ მომატყე ზავითა, ნუ წარჰყვნი მოძმეთ ბუნებას შხამ-საწამლავით, ავითა. ეს ჩვეულება მტკიცედ გვაქვს: წმინდად შენახვა კერისა, პირობის დაურღვევლობა, ძმად შინ შენახვა მტერისა“. მაგრამ ღირსების კოდექსების შეხსენებას ნაძირლებთან როდის გაუჭრია? ასლანმა სიკვდილის წინ ჩონგურზე დამღერების უფლება მისცა ქიჩირბეის და მან მოსეირე ხალხს თავისი სათქმელი სიმღერით უთხრა. მისი მთავარი სათქმელი სიკვდილის წინაც ეს იყო: „სამშობლოსათვის მამაცი არის მადლი და დიდება, მალე დაღუპავს ქვეყანას ლაჩართა გადაკიდება. ვინ იყო ქვეყნის ორგული? ვინ ჰშველდა გიაურებსა? გააწყვეტინა ჩერქეზნი, აჭმევდა მგლებს და ტურებსა… იმის ძმებს მტერი ჰმუსრავდა, თვით ჯიბეს იყრის ფულებსა“.

ქიჩირის კოცონზე დაწვა ძვირად დაუჯდა ასლან-ბეგს, რადგან ვაჟკაცმა მოულოდნელად ცეცხლის ალში შეითრია ასლანის ორი ვაჟი, რომლებიც იქვე იდგნენ. ასევე ცეცხლს მისცა თავი დემურის ცოლმა და შვილის ძვლების მაძიებელმა ქიჩირის დედამაც. სისხლიანი კალო დატრიალდა, ხოლო სამშობლოს გამყიდველი, მკვლელი და ავაზაკი უფალმა ჭკუიდან შეცდენით დასაჯა, ცოცხლად დნებოდა, ქრებოდა, პურსაც კი ვერ ჭამდა და საშველს ვერ პოულობდა, „მე როდი გამიყიდიაო“, ყვიროდა, მაგრამ ვინ დაუჯერებდა?

ასეთ შემზარავ სიუჟეტებს, ღირსებისა და ზნედაცემულობის ამგვარ ჭიდილს ვაჟა-ფშაველა რა მიზნითაც წერდა, არ არის ძნელი გამოსაცნობი. რამდენჯერ გამოგვიცდია მტრობა, რბევა, თანამოძმეთა შუღლით განადგურებული ქვეყანა ფეხზე ძლივს წამოდგებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც ვერაფერი გვასწავლა ისტორიულმა გამოცდილებამ. მწარედ მოთქვამდა გურამიშვილი: „მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი, თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი“… მომდევნო საუკუნეში ბარათაშვილმა ათქმევინა თავის დიდ პაპას, ერეკლე მეორეს:  „და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ, როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!“ მაინც ვერ ვისწავლეთ ჭკუა, ვეღარაფერმა გამოგვაფხიზლა, ვერც ისტორიის მწარე გაკვეთილებმა, ვერც ჩვენი მწერლების იერემიადამ და მართლმხილებამ.

„სისხლის ძიება“ ის ტექსტია, რომელსაც თანამედროვე ქართველები ისევ და ისევ უნდა მივუბრუნდეთ და ჩვენი რეალობის ანარეკლიც დავინახოთ მასში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“