შაბათი, ივლისი 20, 2024
20 ივლისი, შაბათი, 2024

რაზე არ შეიძლება ლაპარაკი ბავშვების თანდასწრებით

რამდენიმე კვირის წინ ავტობუსით მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის უნებლიე მოწმე და მონაწილე გავხდი. ხუთი წლის ტასო, რომელიც ბაბუას საბავშვო ბაღიდან მოჰყავდა, საკმაოდ კომუნიკაბელური და ლაპარაკის მოყვარული ბავშვი აღმოჩნდა. ის გატაცებით მიყვებოდა საბავშვო ბაღის, მასწავლებლების, მეგობრების შესახებ – ვინ მოსწონდა, ვინ არ მოსწონდა და რატომ, ვინ რა დაუშავა. როგორ ემზადებოდნენ ზეიმისთვის. როცა ერთ-ერთი პედაგოგის ცუდად მოხსენება და იმ სალანძღავი სიტყვების წარმოთქმა დაიწყო, რომლითაც ის ბავშვებს მიმართავდა, ტასოს ბაბუა უხერხულად შეიშმუშნა და ბავშვის გაჩუმებას შეეცადა. თუმცა, „ორატორის“ როლში შეჭრილი და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მყოფი პატარა ბაბუას არ დაემორჩილა, ხელები გაშალა და ამაყად წარმოთქვა: „ახლა ჩემი ოჯახის შესახებაც უნდა მოგიყვეთ! როცა მამიკო ჩვენთან მოდის…..“, მაგრამ ტასომ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რადგან ბაბუამ სასწრაფოდ წამოაყენა ბავშვი სკამიდან და გამოუცხადა, რომ ჩასვლას აპირებდნენ. „კარგი რა, ბაბუ. მე ხომ ჩვენს ოჯახზე ვსაუბრობ!“ – არ ცხრებოდა პატარა. მაგრამ, ავტობუსი გაჩერდა თუ არა ბაბუამ ხელში აყვანილი ტასო სასწრაფოდ განარიდა ოჯახური ურთიერთობების მოსასმენად მომზადებულ, ინტერესით შეპყრობილ ავტობუსის მგზავრებს. ყველა მიხვდა, რომ ბავშვი ისეთ თემაზე აპირებდა საუბარს, რომელიც ოჯახიდან გარეთ გამოსატანი არ იყო და რომელიც ბაბუას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

როგორც წესი, ზრდასრულები ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ბავშვი, როცა ის ოჯახის უფროსი წევრების საუბრის მოწმე ხდება. ამ დროს პატარა თითქოს თავისი სათამაშოებით არის დაკავებული და არაფერი ესმის იქიდან, რაზეც ოჯახის უფროსი წევრები საუბრობენ. გავითვალისწინოთ, რომ თამაშში ჩართულ ბავშვს ყურები დაცქვეტილი აქვს და არცერთ მოსმენილ სიტყვას არ ტოვებს ყურადღების მიღმა. დიდი ალბათობით მოსმენილი სიტყვები და უფროსების საუბრის შინაარსი მას შეიძლება საერთოდ არ ესმოდეს, მაგრამ პატარას ეს ჯერ არ სჭირდება. მისი ტვინი ამ დროს მუშაობს როგორც ინფორმაციის დამგროვებელი, ის ყველაფერს იწერს. ბავშვის ფსიქიკა საკმაოდ მიმღებია – უფროსების ყოველი სიტყვა, სახის გამომეტყველება, ინტონაცია იწერება და შეიძლება მომავალში მან სრულიად შეუფერებელ მომენტში, შეუფერებელ ადგილას მოახდინოს მოსმენილის, ნანახის რეპროდუცირება და საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს ახლობლები.

შეიძლება თუ არა ბავშვი ისმენდეს და იცოდეს ყველაფერი, რაზეც უფროსები ვსაუბრობთ. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ჩვენმა დაუფიქრებლად წამოსროლილმა სიტყვებმა. რა შეიძლება ვთქვათ ბავშვების თანდასწრებით და რა არა, რაზე ლაპარაკი არ არის სასურველი მაშინ, როცა პატარები ჩვენ გვერდით იმყოფებიან:

  • მოვერიდოთ ბავშვის თანდასწრებით მეგობრების, ნაცნობების, მეზობლების, ნათესავების ქცევის განხილვას, მათზე საუბარს და მით უმეტეს მათ განკითხვას, აუგად მოხსენიებას. ნამდვილად არ ვართ დაზღვეული იმისაგან, რომ ბავშვი ჩვენს ნათქვამ სიტყვებს იმავე ტონით და იმავე მიმიკით სადმე, სრულიად შეუფერებელ ადგილას არ წამოისვრის. როგორც წესი, ხშირად ასეთ სიტუაციებში გარშემომყოფები ბავშვის გამოსვლებზე ბევრს იცინიან; ჩვენ, პატარას თანმხლები პირები კი უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით, რადგან ყველა ხვდება, რომ ბავშვმა ეს თავად კი არ მოიფიქრა, არამედ გაიმეორა ის, რაც ოჯახში მოისმინა;
  • განსაკუთრებული რისკის შემცველია დარღვეულ ოჯახებში ერთი მშობლის მიერ მეორის აუგად მოხსენიება ბავშვის თანდასწრებით. ადამიანის უფლებაა არ მოსწონდეს თავისი ყოფილი მეუღლე, მაგრამ არ შეიძლება ამ ურთიერთობაში ბავშვის ჩართვა. ის მისი მამაა. ამით ყველაფერია ნათქვამი. ბავშვს უყვარს და აიდიალებს საკუთარ მამას, მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი არ ავლენს ინტერესს შვილის მიმართ. ბოლოს და ბოლოს ის გაიზრდება და ყველაფერში თავად გაერკვევა. ნუ ვაიძულებთ ბავშვს ჩაუღრმავდეს ზრდასრულთა პრობლემებს;
  • მოვერიდოთ ბავშვის თანდასწრებით აღმზრდელებისა და პედაგოგების განკითხვას, მათზე ჭორაობას, მათი ქცევის, მუშაობის სტილის, ბავშვთან ურთიერთობის შეფასებას. ჩვენი ასეთი მოქმედების შემდეგ ნუ ველით ბავშვისგან კარგად სწავლას და სანიმუშო ქცევას საბავშვო ბაღში ან სკოლაში. ეს ბუნებრივია რადგანაც, თუ დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მასწავლებელი, აღმზრდელი „სულელია“, „თავისი საქმე არ იცის, არ იცის როგორ მოექცეს ბავშვებს“, მისი ავტორიტეტი ბავშვის თვალში იმდენად დაქვეითდება, რომ მას აღარ ექნება სურვილი მოუსმინოს და პატივი სცეს ადამიანებს, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევს შეხება და სასწავლო პროცესში ჩართვა. უმჯობესი იქნება, თუ პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთობა ბავშვის თანდასწრების გარეშე გაირკვევა;
  • გაუმართლებელია პოლიტიკაზე და პოლიტიკურ თემებზე საუბარი, როცა პატარა ჩვენ შორიახლოსაა, ყურები დაცქვეტილი აქვს და თითოეულ ჩვენ ნათქვამ სიტყვას ღრუბელივით ისრუტავს. სასაცილოა, როცა ხუთი წლის ბავშვი სერიოზული სახით აცხადებს – „პოლიტიკაში მხოლოდ სულელები არიან!“. ასევე აბსურდია, როცა მსგავს სიტყვებს წარმოთქვამს მოზარდი, რომელსაც არც გამოცდილება აქვს და არც ცოდნა თავისი სიტყვების დასასაბუთებლად. თავს ნუ მოვახვევთ ბავშვს პოლიტიკურ შეხედულებებს – საკუთარი პოზიცია მას თავად უნდა ჩამოუყალიბდეს. თუმცა, შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი, თუ მოზარდი გვეკითხება ჩვენს აზრს, ან გვთხოვს ჩვენი იდეების გაზიარებას;
  • მოვერიდოთ ბავშვის თანდასწრებით სამყაროს აღსასრულზე, კომეტების მოახლოებაზე, ცუნამზე, სხვადასხვა სახის ბუნებრივ კატასტროფებზე საუბარს. ასეთი საუბრები აშინებს პატარას. მით უმეტეს, როცა ამაზე საუბრობენ მისთვის ავტორიტეტული უფროსები. ისინი ხომ ამ თემებზე ერთმანეთთან ზღაპრების მოყოლას არ დაიწყებენ. ე.ი. ყველაფერი სიმართლეა და მალე დაიწყება სამყაროს აღსასრული. რა მოხდება ასეთი საუბრების მოსმენის შემდეგ, დამოკიდებულია ბავშვის ფანტაზიასა და მგრძნობელობაზე. ის შეიძლება სერიოზულად შეაწუხოს უფროსებისგან უნებლიედ მიღებულმა ინფორმაციამ. ზოგი ბავშვი ნამდვილ პანიკაში ვარდება, რადგან ბუნებრივი კატასტროფების, სტიქიური უბედურების შიშის მიღმა ჩვეულებრივ სიკვდილის შიში იმალება. ბავშვი ხვდება, რომ როგორც თავად, ასევე დედა და მამა შეიძლება ოდესმე აღარ იყვნენ, დაიხოცონ. ასეთი აზრები ანადგურებს პატარას, მის ფსიქიკას;
  • მოვერიდოთ ოჯახის წევრებთან ბავშვის თანდასწრებით მისი ქცევისა და აღზრდის მეთოდების განხილვას. ეს დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატარას აღზრდით დაკავებული ადამიანები ერთსულოვანი ვართ აღზრდის კონკრეტული მეთოდების გამოყენებაში და შეთანხმებულად ვმოქმედებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვდგებით მანიპულატორის აღზრდის საფრთხის წინაშე. თუ აღმზრდელთა მოსაზრებები არ ერთმანეთს ემთხვევა – ერთი იცავს, მეორე კი-ეჩხუბება, ბავშვი სწრაფად მიხვდება, თუ ვისი მხარდაჭერა იქნება მისთვის უფრო მომგებიანი;
  • დაუშვებელია ბავშვის ქცევის, მისი ხასიათის არცთუ საუკეთესო თვისებების განხილვა მეგობრებთან და ნათესავებთან თავად ბავშვის თანდასწრებით. ეს ამცირებს, შეურაცხყოფს მას. ცხადია, არანაირ ნდობაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ამის შემდეგ;
  • მოვარიდოთ ბავშვები ოჯახურ კონფლიქტებსა და ჩხუბს. ოჯახური ცხოვრება კამათის და კონფლიქტების გარეშე წარმოუდგენელია. ისინიც კი, ვისაც უსაზღვროდ უყვართ ერთმანეთი და პატივს სცემენ ერთმანეთს, შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში და გარკვეულ თემებზე ცხარედ კამათობდნენ. ასეთია ოჯახური ცხოვრება, შეუძლებელია ყველაფერში შეთანხმება. მაგრამ, როცა ასეთ კამათს შეურაცხმყოფელი სიტყვები მოჰყვება და ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდება, შეიძლება ძალიან არასასურველი შედეგების მოწმენი გავხდეთ. ასეთ დროს ბავშვში თავს იჩენს დეპრესია, შფოთიანობა, მიდრეკილი ხდება აგრესიისკენ, სისტემატურად არღვევს დისციპლინას და საზოგადოებრივი წესრიგის ნორმებს. ეს იმიტომ, რომ მშობლებს შორის ჩხუბის შემსწრე ბავშვი საკუთარ ოჯახშიც კი ვეღარ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მისთვის ოჯახი ხომ მთელი სამყაროა და როცა ეს სამყარო აშინებს, მას აღარაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ შეეცადოს ამ საშინელებისაგან თავის დაცვას. ბავშვის ფსიქიკა მზად არ არის უფროსების პრობლემებისთვის. როცა ერთი მშობელი ცუდად ლაპარაკობს მეორე მშობელზე, ეს ანადგურებს ორივეს ავტორიტეტს ბავშვის თვალში, იწვევს შფოთვას და გულისწყრომას მასში. ნუ ჩავაყენებთ ბავშვს არბიტრის პოზიციაში, ნუ დავტვირთავთ მას ოჯახური პრობლემების ტვირთით, ნუ ჩავრთავთ ჩვენს კამათში, ნუ ვაიძულებთ, რომ ერთ-ერთი მხარე აირჩიოს, ნუ ვკითხავთ, თუ ვინ უფრო მეტად უყვარს და ვის ეთანხმება კამათის დროს. თუმცა, დესტრუქციული კონფლიქტებისგან განსხვავებით კონსტრუქციული კონფლიქტები შეიძლება დადებითი შედეგის მომტანიც კი აღმოჩნდეს აღზრდის თვალსაზრისით. ბავშვები, რომლებიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან ხედავენ, თუ როგორ კონსტრუქციულად კამათობენ მშობლები, არიან უფრო მეტად ტოლერანტულები, ემპათიურები, გაურბიან შაბლონურ აზროვნებას, კონფორმისტულ გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ გაიზიარონ სხვა ადამიანების მოსაზრება, ისინი ეყრდნობიან დამოუკიდებელ მოსაზრებებს, მსჯელობას.

აღმზრდელების, მშობლების ამოცანაა, მოამზადონ ბავშვი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, გადასცენ, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ის, რასაც ადამიანი ბავშვობაში ისმენს, გავლენას ახდენს მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ბევრი თემის განხილვა შესაძლებელია ბავშვის თანდასწრებით. მთავარია, შევარჩიოთ კონტექსტი, მაგალითები ასაკის შესაბამისად და ვესაუბროთ მისთვის გასაგებ ენაზე. ნუ დავტვირთავთ ბავშვს ოჯახური პრობლემებით და ჩვენი ურთიერთობებით. ნუ ავკიდებთ მას ისეთ ტვირთს, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებს და რომელიც ფსიქიკას დაუზიანებს.

ქეთევან ოსიაშვილი

20.01.2023.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“