პარასკევი, სექტემბერი 29, 2023
29 სექტემბერი, პარასკევი, 2023

მიკროფონი ჩართულია!

2023 წლის 1 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტი ,,რანინას“ მეექვსე სეზონიც დაიწყო  და მაყურებლის რამდენიმეკვირიანი მოლოდინიც. საქართველოს რადიოში ამ ამბის გაშუქებისას ერთი  დეტალი მიიქცევს ჩემს ყურადღებას. მიმდინარე სეზონის თანაწამყვანი, 12 წლის  ვაჩე ღვინიაშვილი, ეთერში შესვლამდე რადიოს მიკროფონით, უფრო კონკრეტულად, მიკროფონის ღრუბლით დაინტერესდება და რამდენიმე ისეთ კითხვასაც დასვამს, იოლად მიუხვდები – მანამდეც უფიქრია. ბოლოს ოცნებასაც გაგვანდობს და  იტყვის, ჩემი რადიო მინდა მქონდესო. უკეთეს ბიძგს ნაკლებად თუ ვინმე ან რამე მომცემდა იმ სამყაროზე სასაუბროდ, რადიო რომ ჰქვია და ასე ძვირფასია ჩემთვის!

ცოტა ხნის წინ, მედიაპლატფორმების შინაარსობრივ და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) კვლევას ვეცნობოდი   უახლოესი 5 წლის პერსპექტივაში. პირველივე წინადადებამ დამაფიქრა.  ,,2027 წლისკენ მიმავალი ტენდენციების ერთი სიტყვით შეფასება რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა იქნებოდა ფრაგმენტაცია.“ ფრაგმენტაცია, რომელიც მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილის რაოდენობრივი  ზრდისა და ახალგაზრდების წილობრივი სიმცირის ფონზე მედიის  როგორც ფუნქციას,  ისე შინაარსს მკვეთრად შეცვლის. მედია მენეჯერებს ნამდვილად მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ გარდაუვალი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვან თავი უკვე ნახსენებ და გამოწვევად ქცეულ ფრაგმენტაციას. არა და, 5 წლის შემდეგ სამყარო, რომელიც ულტრათანამედროვე IP ტექნოლოგიებზე, ჭკვიან მოწყობილობებსა და დისტრიბუციაზე იქნება აგებული, იმავე ტრადიციული სამაუწყებლო ტექნოლოგიების პარალელურად იარსებებს, რომლებიც დღეს მოძველებულად ითვლება. ამოცანა, როგორც ყოველთვის, ღირებულებების შენარჩუნება იქნება ტრანსფორმაციის მართვისა და ახალი გამოწვევების დაძლევის გზით.  ღირებულებები კი ამ წერილის ზუსტად ის საკვანძო ნაწილია, რაც საქართველოს რადიოს თითქმის საუკუნოვან ისტორიას სამ მილიონამდე ფირით შემოუნახავს.

,,ხაზის რადიო“ – ეს იყო  რადიოგადაცემა, რომლის პირველი გამოშვება 2011 წლის 31 დეკემბერს გავიდა ეთერში და 6 წელი ერთგულად ესაუბრებოდა ერთგულ მსმენელს. უნიკალური საფონდო ჩანაწერების გაცოცხლებისა და მიმდინარე ამბებით გამდიდრების მიზნით შექმნილ ყოველდღიურ,  45 წუთიან პროგრამას  ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი სტუმრობდა. საუკეთესო სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ოქროს ფონდის ყოველი მორიგი ფირი ახალი და მანამდე უცნობი ფაქტებითა თუ შთაბეჭდილებებით ივსებოდა. ეს მცირე ექსკურსი კი  ევროპაში ერთ-ერთი პირველი რადიოს, საქართველოს რადიოს მნიშვნელობის ხაზგასასმელად დამჭირდა. ნაკლებად მახსენდება ,,ხაზის რადიოს“ სტუმარი (ასაკის მიუხედავად), რომელსაც მისალმებისთანავე არ ეთქვას: ,,ამ რადიომ თეატრი შემაყვარა…“ ,,ამ რადიომ კლასიკური მუსიკა შემაყვარა…“ ,,ამ რადიომ ლიტერატურა  შემაყვარა…“ ,,ამ რადიომ ზღაპრები შემაყვარა…“   ,,ამ რადიომ…“ ,,ამ რადიომ…“ ამ რადიომ ფირებს მიღმაც უამრავი ამბავი შემოინახა  და შეგვაყვარა. მახსენდება კადრი – ხშირად გავსუსულვართ ბებიის კალთასთან ფეხმორთხმული შვილიშვილებივით და ჩვენი უფროსი კოლეგებისგან მოგვისმენია ლეგენდარული ამბები. მაგალითად, როგორ მუშაობდა მსახიობი ეროსი მანჯგალაძე ხმის ჩამწერ სტუდიაში. არავითარი სიჩქარე, არავითარი სპონტანურობა, არავითარი ლაფსუსი – ტემბრალური, თუ ლინგვისტური! მწყობრი და  დინჯი ერთობა რადიოს მიკროფონთან საათობითაც კი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო სასურველი შედეგისთვის! ვიცი, შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს იმის თქმის სურვილიც კი გაუჩნდეს, რომ მაშინ დრო ასე ძვირად არ ფასობდა, ან ერთადერთ ტელევიზიასა და რადიოში საქმის დინჯად კეთების ფუფუნება მეტი იყო და ბევრი კიდევ სხვა, მაგრამ მე მაინც მჯერა –  რომ არა მსგავსი დამოკიდებულება სიტყვისადმი, ხმისადმი, მიკროფონისადმი და, რაც ყველაზე მთავარია, მსმენელისადმი, დღეს საქართველოს რადიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდია, სადაც დღემდე იწერება რადიოსპექტაკლები, ეროსი მანჯგალაძის სახელს ვერც მოირგებდა და ვერც მოიხდენდა! რომ არა საქმისადმი არა მხოლოდ ერთგული, არამედ თავდადებული დამოკიდებულება, ვერც რადიოს ხმის ჩამწერი VII სტუდია მოირგებდა ლავრენტი ჭელიძის სახელს!

მთავარ სათქმელს უნდა მივუბრუნდე და პირადი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. პერიოდულად, ჟურნალისტობის მსურველ სტუდენტებთან მიწევს პროფესიული დიალოგი. ასე ვუწოდებ იმ საუნივერსიტეტო თანამშრომლობას, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად სტუდენტების  ახალ ნაკადთან რომ მახვედრებს. საგანი, რომელსაც მათ ვუზიარებ, არჩევითია და ვალდებულებად არ მიიჩნევა. ეს გარემოება კი მაფიქრებინებს, რომ  თითოეული ახალგაზრდა, რომელიც აუდიტორიაში შემოდის, სულ მცირე რადიოსადმი ინტერესს გამოხატავს. თუ უფრო იმედიან სურათს დავხატავ, ახალგაზრდებში რადიოს ინტერესი არსებობს. ახლა, ასე, ღიად და ხმამაღლა მინდა მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, პანდემიურ რეალობაში წამით რომ არ განელებიათ ჩვენი შეხვედრებისადმი ინტერესი და ასე მოხერხებულად მოარგეს საკუთარი ტექნიკური მოწყობილობები სამუშაო პროცესს. მე კი შევეცდები ის უწყვეტობა  ცხადად დაგანახოთ, რაც ნაკლებად თუ განასხვავებს ჟურნალისტიკის სააუდიტორო პრაქტიკულ კურსსა და უკვე გამართულ სამაუწყებლო-სარედაქციო საქმიანობას. ცხადია, სხვაობა აშკარა და უპირობოა მასშტაბში, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობაში, მაგრამ ერთი უცვლელია – ენთუზიაზმი! ენთუზიაზმია ყველა დიდი და წარმატებული საქმის წარმმართველი. ენთუზიაზმი, რომელიც არც ათწლეულების წინ ასვენებდა საქართველოს რადიოს მართლაც დამსახურებულ სახელებს და არც დღეს მისცემს მოსვენებას რადიოს მომავლის უპირატესობაში მეტ-ნაკლებად დარწმუნებულ პროფესიონალებს.

2022 წლის 24 თებერვალი. დილის 07:55. 5 წუთში ეთერშია საქართველოს რადიოს დილის შემეცნებით-გასართობი პროგრამა ,,პიკის საათი.“ ყველა ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანზე, ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალება ერთადერთ ამბავს გვატყობინებს – რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო! ორსაათიანი პირდაპირი ეთერი, ტრადიციულად, მიმდინარე ამბებითა და მრავალფეროვანი სიუჟეტებითაა დატვირთული.  ცხადია, იმ დღეს ასე ვერ გავალთ ეთერში. ცხადია, იმ დღეს  ყველა ის უნარი უნდა ამოქმედდეს, რაც ოდესმე გვისწავლია, გამოგვიწვრთნია, გაგვივლია, გაგვიკეთებია, ან არც გაგვიკეთებია. 10 წუთში, შეძლებისდაგვარად  გაღვიძებულია პოლიტოლოგიც, ფილოსოფოსიც, საერთაშორისო მიმომხილველიც, სამხედრო ექსპერტიც და, რაც ყველაზე მთავარია, კოლეგები და სხვადასხვა პროფესიის ნაცნობები უკრაინაში.  იმ დილით, გასაგები მიზეზების გამო,  უკრაინის ეთერში ჩართვა ვერ ხერხდება, მაგრამ იმ ორსაათიანი ეთერიდან დღემდე უკრაინა პირველი არხის უწყვეტი ყურადღების საგანია. ფაქტად ფაქტი უკვე ისტორიაა, მაგრამ მე მაინც რადიოს შესაძლებლობებზე აქცენტისთვის მსურდა ამ ამბის გაზიარება.

რადიოსთვის სერიოზულ გამოცდილებად იქცა  პანდემია. რეალობა, რომელმაც, ლამის, მთელი რიგი პროფესიებისა საფრთხის წინაშე დააყენა. ვითარება, რაშიც რადიომ არა თუ წაიფორხილა, პირიქით, უფრო სხარტი და მობილური გახდა. მთელი მსოფლიო ერთ პატარა ყუთში მოექცა. პირბადის, სადეზინფექციო საშუალებებისა და დისტანციის გარეშე.

უამრავ ასეთ ამბავს მოისმენთ საქართველოს რადიოში.  რადიოში,  რომელსაც 2025 წლის 23 მაისს 100 წელი შეუსრულდება.  დღეს ეროსი მანჯგალაძისა და ლავრენტი ჭელიძის სახელობითი სტუდიები ვახსენე და მჯერა, რომ საუკუნოვანი ისტორიის ყველაზე გამორჩეულ სახელებს სხვა რედაქციებისა და სტუდიების აბრებზეც ვიხილავთ იმ მემკვიდრეობის უკვდავსაყოფად, ქვეყნის ისტორია რომ ჰქვია – ამდენი ძვირფასი ხმით მოყოლილი და ამდენ ძვირფას ინტონაციაში შენახული ისტორია!

რაც ეხება ვაჩეს, საკუთარი რადიო რომ უნდა, იმ ვაჩეს, პირადად ვუმასპინძლებ რადიოს ოქროს ფონდში და იმ ადამიანების ხმებს მოვასმენინებ, საკლასო ოთახში გადაშლილ წიგნებში რომ ხვდება ყოველდღიურად.  ჩვენს მკითხველს კი განვუმარტავ, რომ ჩემთვის ვაჩე იმ თაობის განზოგადებული სახელია, რომელმაც აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ შეუფასებელ ოქროს ინახავს რადიოს ოქროს ფონდი. ეს კი სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. უბრალოდ, ღილაკზე დააწკაპუნე და…

მიკროფონი ჩართულია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

 რა სურს თინათინს?

ლიმა – „მეფეთა ქალაქი“

ზოგი ჭირი მარგებელიაო?…

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი