სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. შესაბამისად, ყველა პედაგოგი ცდილობს, გაკვეთილზე გამოიყენოს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები. ამ რესურსებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ელექტრონულ რესურსებს. დაწყებითი კლასებისათვის მომზადებული ელექტრონული რესურსები, ვიზუალური მხარის გარდა, შეიცავს თამაშის ელემენტებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, გახალისებას და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას განსაკუთრებით უწყობს ხელს.
გთავაზობთ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებს, რომელთაც წარმატებით გამოიყენებთ სწავლების სხვადასხვა ეტაპზე: გაკვეთილის ახსნის, გააზრების, განმტკიცების დროს, ან უბრალოდ ხალისიანი განწყობის შესაქმნელად.
ქვემოთ წარმოდგენილი ელ. რესურსები მომზადებულია wordwall.net პროგრამაში. ეს პროგრამა სხვა პროგრამებისაგან იმით განსხვავდება, რომ უკვე ერთ ფორმატში გამზადებული რესურსი პედაგოგს შეუძლია სხვა ფორმატით წარმოადგინოს. მაგალითად, „დაწყვილება“ შეიძლება გადააქციოს „კროსვორდად“ და ა. შ. ეს პროგრამა ასევე იძლევა საშუალებას, რომ რესურსი ან პირდაპირ დავბეჭდოთ, ან PDF ფაილის სახით შევინახოთ, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია დამოუკიდებელ რესურსად.
https://wordwall.net/ru/resource/29149001 მათემატიკა I კლასი
ეს რესურსი ვიქტორინის სახითაა წარმოდგენილი. მოსწავლემ ყურადღებით უნდა შეასრულოს სხვადასხვა მათემატიკური ოპერაცია და სავარაუდო პასუხებს შორის ამოირჩიოს სწორი პასუხი. შეცდომის შემთხვევაში რესურსი ავტომატურად მონიშნავს სწორ პასუხს.
https://wordwall.net/ru/resource/29148138 იპოვე სიტყვები
მოცემულია ასოების ცხრილი. ამ ცხრილში უნდა აღმოაჩინოთ სიტყვები ან ვერტიკალურად, ან ჰორიზონტალურად, ან დიაგონალზე. სიტყვების მოძებნაში დაგეხმარებათ მინიშნებები, რომლებიც სურათების სახითაა მოცემული. იპოვით სიტყვას და შემდეგ მონიშნავთ სურათს.
https://wordwall.net/ru/resource/29147886 დაალაგე სიტყვები
ამ რესურსში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც სიტყვები არეულია. მოსწავლემ უნდა გადააადგილოს სიტყვები ისე, რომ მიიღოს გამართული წინადადება.
https://wordwall.net/ru/resource/29295137 შეამოწმე შენი ცოდნა
https://wordwall.net/ru/resource/29150258 ტყუილი თუ მართალი
ორივე რესურსი მოსწავლეს ეხმარება ცოდნის გააქტიურებაში. პირველი ვიქტორინის სახით არის მოცემული, მეორე კი სთხოვს, წაიკითხოს მორბენალ სტრიქონზე გამოსული წინადადება, ამოიცნოს ტყუილია თუ მართალი და მონიშნოს შესაბამისი კატეგორია. ვფიქრობ, ორივე რესურსი საკმაოდ სახალისოა.
https://wordwall.net/ru/resource/53609550 გამოიცანი ნაწარმოები პერსონაჟის მიხედვით
არანაკლებ სახალისო დავალებაა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები პერსონაჟის სურათის მიხედვით ამოიცნობენ ნაწარმოებს და მონიშნავენ. შეცდომის შემთხვევაში, რესურსი იძლევა შეცდომის გამოსწორების საშუალებას.
https://wordwall.net/ru/resource/53731018 ანტონიმები
ამ რესურსში მოსწავლეებმა მოძრავ სიტყვას ჩამონათვალიდან უნდა მოუძებნონ საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვა. ანტონიმური წყვილის სწორად მოძებნის შემთხვევაში ორივე სიტყვა გაქრება. შეცდომის შემთხვევაში კი მოსწავლეები შეძლებენ გამოსწორებას.
https://wordwall.net/ru/resource/53731195 გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი
ეს რესურსი შეიძლება გამოიყენოთ მესამე, მეოთხე კლასში ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით. შეცდომის შემთხვევაში, რესურსი ავტომატურად გიჩვენებთ სწორ პასუხს.
შემდეგი რესურსები შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.
https://wordwall.net/resource/53608628 მცენარის ნაწილები
ამ რესურსში მოსწავლემ მცენარის ნაწილის სახელწოდება სწორად უნდა შეაერთოს მცენარის მონიშნულ ადგილთან.
https://wordwall.net/ru/resource/54053683 მოვიაროთ საქართველო
ამ რესურსშიც, წინა რესურსის მსგავსად, უნდა შევაერთოთ საქართველოს კუთხეების სახელწოდებები მათ სწორ ადგილებთან.
https://wordwall.net/ru/resource/53505392 ცხოველების მოძრაობა
კონკრეტულ მოძრაობას შეუსაბამებთ ცხოველს. რესურსი არ ასწორებს დაშვებულ შეცდომას. შეცდომის შემთხვევაში, გთხოვთ, ხელახლა ყურადღებით შეასრულოთ დავალება.
https://wordwall.net/ru/resource/53662134 ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
რესურსი საშუალებას იძლევა, მოსწავლემ გაიხსენოს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება და წარმოდგენილი საგნები შესაბამის ჯგუფებში განათავსოს. წინა რესურსის მსგავსად, ეს რესურსიც არ იძლევა შეცდომის გამოსწორების საშუალებას.
https://wordwall.net/ru/resource/53507355 კოსმოსში მოგზაურობა
ეს რესურსი კროსვორდის სახით არის მოცემული. უპასუხებთ კითხვას და ჩაწერთ შესაბამის უჯრებში.
https://wordwall.net/resource/54055363 წყლის ბინადრები
ბოლო რესურსი ძალიან სახალისოა, რადგან უხვადაა თამაშის ელემენტებით დატვირთული და მოსწავლეებისაგან ითხოვს ყურადღებას, წყლის ბინადრების სწრაფად ამოცნობას, სწორად მონიშვნას. დონეების მიხედვით თამაში თანდათან რთულდება. მოსწავლეებს გზადაგზა შეუძლიათ, ბონუსების სახით, დროის ლიმიტის გაზრდაც. ასევე შეუძლიათ დონეების რაოდენობისა და სიჩქარის ცვლილებაც.
ვფიქრობ, wordwall.net პროგრამაში შექმნილი რესურსები თქვენც გაგიმარტივებთ და გაგიხალისებთ შესაბამისი თემების შესწავლას.