ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასულისა და მათხოვრის“ გააზრებისთვის

ჰუმანიზმი ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის უმთავრესი ძარღვია. ლიტერატურა ადამიანს შემწედ უნდა მოევლინოსო, – განაცხადა უილიამ ფოლკნერმა სანობელო სიტყვაში. მართლაც, მხატვრულ სამყაროში მწერლები რეალობას ისე გარდაქმნიან, რომ ნებისმიერ მკითხველში დაბადონ რწმენა გადარჩენისა. ამას ყველა ხელოვანი განსხვავებული, ნაირგვარი მეთოდითა და ხერხით წარმოაჩენს. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „დადიანის ასული და მათხოვარი“, რომელიც სათაურიდანვე ქმნის კონტრასტის, დაპირისპირებულობის განცდას. უპირველეს ყოვლისა, მკითხველს მარკ ტვენის „უფლისწულისა და მათხოვრის“ ასოციაცია უჩნდება. ამ რომანში მაწანწალა თომი და უფლისწული ედუარდი სარგებლობენ არაჩვეულებრივი გარეგნული მსგავსებით, თამაშით გატაცებული მოზარდები ერთმანეთს არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ საცხოვრებელ „ადგილებს“ გაუცვლიან. ყმაწვილებისთვის ეს ახალი თავგადასავალი და გამოცდილებაა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ისინი ხვდებიან, რომ „შინ“ უნდა დაბრუნდნენ. მწერალი კი მკითხველს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ მხოლოდ ქონების ფლობა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ე.წ. სოციალური სტატუსები არაფერს ნიშნავს, მთავარია, ადამიანს ღირსება ჰქონდეს და ბედნიერად გრძნობდეს თავს მშობლიურ გარემოში.

მწერლები ხშირად სწორედ მათხოვრის მიმართ დამოკიდებულებაში ავლენენ პერსონაჟთა ხასიათებს. იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სხვადასხვა მიზეზით ცხოვრებისაგან გარიყული, დაბეჩავებული ადამიანების ბედს, როგორ გრძნობებს გამოხატავენ, როცა სადმე, ხშირად თუ იშვიათად, გადაეყრებიან. ამ თვალსაზრისით, ოთარაანთ ქვრივი შეიძლება გაგვახსენდეს, მისი ფარული, სიყვარულით სავსე დამოკიდებულება ამ ადამიანებთან, რომლებშიც მწარე სიტყვის მათრახივით გამოყენებით ცდილობს დაკარგული ღირსებისა თუ თავმოყვარეობის აღდგენას. ოთარაანთ ქვრივს მოგვაგონებს შარლ ბოდლერის მინიატიურის („მივასიკვდილოთ უპოვარნი“) გმირი, რომელიც უცნაური მეთოდით ცდილობს, დაბეჩავებულ ყოფას შეგუებულ ადამიანს „უმკურნალოს“, დაკარგული ღირსება დაუბრუნოს, აგრძნობინოს, რომ „თავისუფლების ღირსი ისაა, ვინც ბრძოლით მოიპოვებს მას“. გლახაკებთან ჭამს და სვამს ქრისტე, რათა ადამიანები დაარწმუნოს, რომ სიყვარული არ არჩევს დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს. განსაკუთრებით საგულისხმოა სახარებისეული იგავი მდიდარი კაცისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ (ლუკა, 16, 19-31), რომელშიც კარგად წარმოჩნდება მატერიალურად მდიდარი, მაგრამ სულიერად ღატაკი კაცი როგორ იტანჯება საიქიოში და როგორ ითხოვს უპოვარი ლაზარეს დახმარებას. „ვეფხისტყაოსნის“ სიტყვები გვახსენდება: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,/ შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები“ („ავთანდილის ანდერძი“). ამ კონტექსტში საინტერესოა პაოლო იაშვილის „ფერადი ბუშტების გახსენებაც“. ეს მოთხრობა მოწმობს, რომ პაოლოს პროზაც შესანიშნავად ეხერხებოდა.

ამ ნოველაში კი („დადიანის ასული და მათხოვარი“) ნიკო ლორთქიფანიძე მისთვის დამახასიათებელი წერის იმპრესიონისტული მანერით, რომელიც ლაკონიურობას, ექსპრესიულობას. ქვეტექსტურობას, ე.წ. „აისბერგის პრინციპს“ გულისხმობს, მცირე, მინიმალისტური მხატვრული განზომილების შექმნით ახერხებს მკითხველი მნიშვნელოვან ზოგადსაკაცობრიო, ეგზისტენციალურ თემებზე დააფიქროს.

ნოველაში ორი მთავარი პერსონაჟი გამოიკვეთება, დანარჩენი რამდენიმე კი იმ აუცილებელ ფონს ქმნის, რომელიც აუცილებელია პროტაგონისტთა შინაგანი სამყაროების დასახატავად და გამოსაკვეთად.

ნოველის დასაწყისშივე იხატება დადიანის ნებიერი ასული, რომელიც მასზე შეყვარებულ სანადიროდ მიმავალ ყმაწვილ თავადს მთიდან ყვავილების ჩამოტანას ავალებს. მკითხველი გრძნობს, რომ ეს დავალებაა და არა თხოვნა. ჩანს, რომ დადიანის ასულს გაცნობიერებულ-გააზრებული აქვს საზოგადოებაში თავისი როლი და ადგილი. მან მემკვიდრეობით მიიღო სიმდიდრე და სოციალური სტატუსი, რაც მშვენივრად აქვს შეფერებული. მცირე დიალოგით მწერალი კარგად წარმოაჩენს მოკრძალებულ შეყვარებულ ვაჟკაცს, რომელიც მზადაა სატრფოს ნებისმიერი ახირებული სურვილი შეუსრულოს, თუმცა შორი მთიდან ყვავილების ჩამოტანა, როცა ბაღში უამრავი ნაირფერი ყვავილი გაქვს, უცნაურად ეჩვენება, მაგრამ ბატონიშვილი ჯიუტად უმეორებს სურვილს. მათ დიალოგში კარგად წარმოჩნდება თხოვნის უგუნურება და ამაო „მხილების“ უძლურება, რადგან დადიანის ასულს ყველაფრის უფლება აქვს. მას სურს ყვავილები ჩამოუტანონ მთიდან, თუნდაც დამჭკნარი, ამგვარად, თვითონაც ავლენს თავადის მიმართ სიყვარულს, თუმცა ალბათ ცდილობს, რომ დაფაროს, სიამაყე არ აძლევს გულწრფელობის საშუალებას. ეს კარგად გამოჩნდა მაშინაც, როდესაც ზურაბმა ნიმუში სთხოვა, ხოლო ქალმა ბაშლიყი გადაუგდო. ძალიან ცოცხალი ვიზუალური ხატების შექმნით მწერალი აღწერილი სცენის თანადამსწრედ გვაქცევს: „აი, წაიღე ბაშლაყი… ყვავილი ზოგი წითელი უნდა იქნეს, როგორც სარჩული; ზოგი – თეთრი, როგორც საპირე; ზოგი ამ ოქროს სირმასავით ყვითელი და ზოგიც ცისფერი, როგორც ზურმუხტი“.

ეს ერთგვარი პრელუდიაა, ძირითადი მოვლენები ტექსტის შემდეგ ნაწილში წარმოჩნდება. კმაყოფილი დადიანის ასული, რომ მის ბრძანებას მისივე თაყვანისმცემელი შეასრულებდა, დროს შესაფერისად უქმად ატარებს. მის ზანტ მოძრაობებში იკვეთება იმგვარი ზედაპირული მოწყენილობა, რომელიც რუტინული ყოველდღიურობის თანმდევია. მწერალი შესანიშნავად ხატავს ახალგაზრდა მდიდარი ყმაწვილი ქალის შინაგან ცარიელ სამყაროს, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ გადაფურცვლა ვერ ავსებს, რადგან ის უკვე „წაკითხული“ აქვს: „დადიანის ასული იღებდა პატარა კოლოფიდან პატიოსან თვლებს, ჭვრიტიმანში შემოსულ სხივზე დებდა და ფერადების თამაშით ტკბებოდა. ფირუზის, იაგუნდის, მარგალიტის, ლალისა და ქარვის მარცვლებიდან ხან ჯვარს, ხან ფარდულს დააწყობდა, არ მოეწონებოდა – არევ-დარევდა და ისევ დააწყობდა. ეს გართობაც ჩქარა მობეზრდა ქალს; გააღო დარაბები, მიწვა ნოხით დაფენილ ტახტზე და ფურცვლა დაუწყო პატარა წიგნაკათ აკინძულს „ვეფხისტყაოსანს“.

ტექსტიდან ჩანს, რომ მისი სული, გული და გონება საგნებს პეპელასავით დაფარფატებს და მათ ზედაპირებს მხოლოდ ნაზად ეხება. რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული გარემო გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებსა, საუბარსა და ქცევაზე. ასეა ამ შემთხვევაშიც. ფუფუნების ამ მშვიდსა და დაშაქრულ გარემოში სრულიად მოულოდნელად შემოიჭრება მათხოვარი. ის ამ სივრცეში საერთოდ არ იგულისხმება, ამიტომაც იპყრობს დადიანის ასულს გაოცება, როცა კოჭლ, ჩამოძონძილ მოხუცს მოჰკრავს თვალს. საკმაოდ უხეშია მისი რეაქცია, როცა მათხოვარს ეუბნება: „მე მოწყალებას ჩემს დღეში არ ვიძლევი“. მწერალი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ხატავს ორი ადამიანის შინაგან სულიერ მოძრაობებს. მოწყალება მას საკუთარ შეურაცხყოფად მიაჩნია. ჩანს, ისე აღუზრდიათ, სიღარიბესა და უძლურებასთან სიახლოვეც კი აკრთობს. ისეთი ქედმაღლური ინტონაციით წარმოთქვამს სიტყვებს, თითქოს მოწყალება სამარცხვინო საქმე იყოს. ძალიან შორეული პარალელია, მაგრამ შეიძლება გაგვახსენდეს „სიბრძნე ბალავარისა“, რომელშიც უფლისწულს ყოველგვარ ბოროტებასა და მატერიალურ სიდუხჭირეს არიდებენ, თუმცა იოდასაფმა გამზრდელისგან შემთხვევით და მოულოდნელად მაინც გაიგო სიკვდილისა და გაჭირვების შესახებ. რეალურ ცხოვრებასთან „შეხვედრამ“ კი უფლისწულის სულიერი ფერისცვალება გამოიწვია.

ნოველაში მოვლენები უჩვეულოდ ვითარდება. მათხოვარი დადიანის ასულთან მადლობის სათქმელად მოვიდა და ძღვენიც მოართვა, გაახსენა, ერთხელ სიკვდილს როგორ გადაარჩინა და, რაც მთავარია, ადამიანობა დაუბრუნა. დადიანის ასულის მოუთოკავ თავხედობასა და ცუდ აღზრდას ამხელს მისი უხეში ფრაზები: „არაფერი მესმის… შენ უსათუოდ სიცხე გაქვს და ბოდავ“. ამ სიტყვებში უცხო, ასაკით ბევრად უფროსი ადამიანის მიმართ არანაირი მოკრძალება, თანალმობა არ ჩანს. მით უფრო დაუჯერებელი ჩანს მოხუცის მიერ გახსენებული ხუთი წლის წინანდელი ამბავი.

მკითხველი მოელის, რომ ამ ამბავმა დადიანის ასულის შეძვრა, შეცვლა უნდა გამოიწვიოს. მისი გაყინული გული კი კედელივით აღმართულა უცნობ ადამიანსა და მას შორის. მათხოვარი კი, ჩანს, დიდი ხანია ემზადებოდა ამ ვიზიტისათვის. ის ქალს ხუთი წლის წინანდელ სულისშემძვრელ ამბავს ახსენებს, როდესაც 13 წლის გოგონამ უცნობი კაცი დაღუპვას გადაარჩინა. მტერთან ბრძოლის შემდეგ ყველა გარბოდა, მათ შორის, ეს მოხუციც, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას. იდგა ადიდებული მდინარის წინაშე უსუსური და შეშინებული. იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ვინმე უშველიდა, რადგან წუთისოფლის უსამართლობას მათხოვრად ექცია, რამაც ჩაკლა მასში განცდა იმისა, რომ ადამიანი იყო და სხვებივით იმსახურებდა ყურადღებას, მზრუნველობას, სითბოსა და სიცოცხლეს. ბედსშეგუებულს უცებ მხსნელად ცხენზე ამხედრებული გოგონა მოევლინა. მოხუცი ჰყვება, რომ ცით მოვლენილი მფარველი ანგელოზი ეგონა. დიდი ხნის წინანდელი ამბავი დეტალურად ახსოვს კაცს: „უეცრად მოფრინდი ცხენით. ცოცხლად მახსოვს ყოველი წვრილმანი, მიხრა-მოხრა, სიტყვა, მთელი სურათი… ტაიჭი იისფერი იყო; …როგორც ანგელოზი, – ისე იჯექ. თეთრი ყაბალახი ძალზე უკან გადაწეულიყო… შუქს ფენდა… თეთრი შევარდენი გიჯდა; თეთრი მესტები გეცვა; …მაშინ შენთვის სიტყვაც არ მითქვამს. რა უნდა მეთქვა? მაშინ ვფიქრობდი, რომ შენ სხვა იყავი და მე სხვა, რომ ჩემი გაჭირვებისათვის თავს არ შეიწუხებდი. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ჩემთვის, როგორც უპატრონო ძაღლისთვის, ადამიანს არ ენანება მჭადის ნატეხი, იჯრის გადანარჩენი ხორცი, ორი ფარა; მაგრამ ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეთ დაფასება – ეს არ წარმომედგინა. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ადამიანი“.

13 წლის გოგონა მოქმედებდა სიყვარულის ინსტინქტური პრინციპით, რომ დასაღუპავად განწირული ადამიანისათვის უნდა ეშველა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მასში ანგელოზს ეღვიძა. მასში „ღვთის მსგავსება და ხატება“ ჯერ არ შელახულიყო, ამიტომაც თამამად, გაბედულად შემოისვა ადამიანი, ხელებიც მაგრად ჩააჭიდინა, რომ სწრაფი სირბილისას ცხენიდან არ გადავარდნილიყო. ახსოვდა, რომ მისთვისაც თავი გაეწირათ რჩეულ ვაჟკაცებს, ახლაც თავს აკლავდნენ მტერს, რომ შეეჩერებინათ, ერთმა საკუთარი ცხენიც დაუთმო, რათა დადიანის ასული სამშვიდობოს გასულიყო. ეს ახსოვდა, რადგან გონების ფიცარი სუფთა ჰქონდა. სულსა და გულში თანაგრძნობის ნაპერწკალი ენთო. გოგონამ თავისი ბუნებრივი კაცთმოყვარეობით მათხოვრის გულში მინავლულ-ჩაფერფლილი სიცოცხლის მუხტი გააღვივა, დაბეჩავებულმა კაცმა კვლავ ადამიანად და სიცოცხლის ღირსად იგრძნო თავი: „მე მათხოვარი ვარ – მაშ სიმდიდრე არაფერ შუაშია. შენთვის უცნობი ვიყავი – მაშ ჩემი გულისთვის არ გადასდებდი თავს… ლექსი არ დამიწერია, ქანდაკება არ შემიქმნია – ხელოვნებისათვის არ შემიბრალებდი… გამჭრიახი წყობით ჯარს ვერ გავამარჯვებინებ მტერზე. ჩემი გონება არაფრად ღირს… მაშ რა არის ჩემში ფასდაუდებელი?“ ამ კითხვებმა აუფორიაქა მათხოვარს სული, გული და გონება და მიხვდა: ერთადერთი ფასდაუდებელი ღირებულება ჰქონდა – ადამიანი იყო: „მივხვდი, რომ დადიანი, ოდიშის მთავარი, ქართლ-კახეთის მეფე, თვით ყეინი სპარსეთისა და ხვანთქარი ოსმალეთისა ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე, მაწანწალა მათხოვარი… ადამიანი! აი რა ცნება შემაგნებინე შენ, ბატონიშვილო!.. მე გავამაყდი“. ამ ამბის შემდეგ მისი სოციალური მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ფერი იცვალა მისმა შინაგანმა სამყარომ. ის კვლავ მათხოვრად დარჩა, მაგრამ ღირსებით სავსე თხოულობდა მოწყალებას, თავი ვინმეზე უარესად ან უმდაბლესად აღარ მიაჩნდა. ამ გულწრფელ, სულშიჩამწვდომ აღიარებას „გაზრდილმა“ ქალმა ცინიკურად, სიცილით უპასუხა: „არ მეგონა, თუ ჩემი ბავშვური მოქმედება ასეთს კარგს ნაყოფს გამოიტანდა“. მისთვის მათხოვრის სიყვარული და აღტაცებაც გაუგებარია. ამიტომაც მოხუცმა მისთვის მოტანილი მთის ყვავილების თაიგული მოისროლა (არადა, სწორედ ის ყვავილები იყო, რომელთა მსგავსის მოტანა ქალმა ზურაბს დაავალა). მოხუცის წინ აღარ იდგა ის გოგონა, რომელშიც ანგელოზი „სახლობდა“, არამედ ანგარებიანი ქალი, რომელიც ადამიანს მხოლოდ გარეგნობითა თუ სოციალური მდგომარეობის მიხედვით აფასებდა და აღიარებდა.

რა დაემართა ხუთი წლის წინანდელ ბავშვს? მკითხველი გრძნობს, რომ ის ფიზიკურად გაიზარდა, გალამაზდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სულის მშვენიერება დაკარგა, გაუჩნდა ახალი ღირებულებები, რომელთა შორის არ იყო დაჩაგრულის პატივისცემა, თანაგრძნობა. მასში გამქრალიყო მოყვასის უანგარო სიყვარული, სამაგიეროდ, გაჩენილიყო ქონებრივ უპირატესობაზე, სიმდიდრეზე დაშენებული ანგარებიანი პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა, გულგრილობა, სიძულვილი. ამიტომაც მიხვდა მათხოვარი, რომ მის წინ მდგარი ქალი მოყვასის სიყვარულს ვერ ხედავდა, რადგან სულიერად დაბრმავებულიყო. ამიტომაც „გამოისყიდა“ წინანდელი მადლი და ქალს სხვა საჩუქარი დაუტოვა: „მიიღე ნიშნად მადლობისა დიდის მომჭირნეობით, შრომით და თავის დაუზოგველობით ნაშოვნი – შენი საკადრისია. ქალის ფეხთა წინ დადვა ჩიტის კვერცხის ოდენა მარგალიტი, შემობრუნდა ყავარჯენზე დაბჯენილი ნელა გაუდგა თავის გზას“. მან გადაუხადა ქალს თავისი „საქციელის“ საფასური. ყვავილების „უფასო“ თაიგული კი შორს გადააგდო, რადგან მიხვდა, მის წინ აღარ იდგა ის დადიანის ასული, რომელიც სიყვარულს იმსახურებდა. ახლა ქალი იყო „გადასარჩენი“.

ნოველის კულმინაცია კი ფინალურ ეპიზოდშია, რომელშიც წარმოჩნდება მწერლის მთავარი სათქმელი. ოდიშის სხვადასხვა კუთხეში კიდევ დიდხანს ისმოდა მათხოვრის სიტყვები: „მოიღეთ მოწყალება“, „განიკითხეთ საპყარი“, მაგრამ, როცა მუსაიფში ჩაებმოდა, იგი დინჯად ამბობდა: „გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება; ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან, იმერეთის მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი. დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება; ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი. ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები“.

სამწუხაროდ, ცხოვრება ასე „დასცინის“ ადამიანებს და ათამაშებს. დადიანის ასული სულიერ „მათხოვრად“, მატერიალურ საგანთა მონად იქცა, მოხუცმა კი თავისუფლება მოიპოვა. დღესაც ბევრნი არიან ამგვარი მათხოვრები, რომელთა შესახებ პოლ ვალერი თავისებური მახვილგონივრულობით შენიშნავს: „იყვნენ და არა იყვნენ რა, იყვნენ მათხოვრები! ერთნი თხოულობდნენ სიყვარულს, მეორენი -პატივისცემას, სხვები – დიდებას! და მათ ეზიზღებოდათ ისინი, რომელნიც თხოულობდნენ პურსა და ფულს. ზოგი თხოულობდა იდეას, ღვთის გულისათვის, ან სრულქმნილ ლექსს, ანდა ორიგინალურ სტილს“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“