ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

ანტუან ლავუაზიე ანუ თუ გინდა ხვრელში გაძვრე

ანტუან ლორან ლავუაზიეს ჩვენში მიტუაანთ აბესალომის წყალობით უფრო იცნობენ, ვიდრე მის დამსახურებათა გამო. აბესალომი გემახსოვრებათ, შავგოგიას გატეხილ ქვევრში რომ შეძვრა და, ლავუაზიეს კანონის თანახმად, ვეღარ გამოძვრა. საბჭოთა მილიციის ზემდეგის ინტერპრეტაციით, ეს კანონი ასე ჟღერს: „თუ გინდა, ხვრელში გაძვრე, მისი დიამეტრი შენი მხრების დიამეტრზე მეტი უნდა იყოს“. თავის გატევა კი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სადმე შესაძვრომად თავის შეყოფა არ არის საკმარისი, მხრებიც უნდა ეტეოდეს.

არ ვიცი, რევაზ გაბრიაძემ ლავუაზიე გვარის ჟღერადობის გამო გამოარჩია მეცნიერთა ამქარში თუ ტრაგიკული აღსასრულის გამო. მიუხედავად იმ ღვაწლისა, რაც ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე მიუძღოდა, საფრანგეთის რევოლუციამ დიდი მეცნიერი გილიოტინაზე აიყვანა. გადასახადების ამკრეფობა არ აპატიეს – იმ გადასახადებისა, რომლებითაც ხაზინა სულდგმულობდა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, თითქოს ტრიბუნალის მეთაურ კაფინალს ეთქვას, რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდებაო. ასე შეეწირა პოლიტიკურ პოპულიზმს კაცი, რომელიც თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელია.

ანტუან ლავუაზიე შეძლებული იურისტის ოჯახში დაიბადა. მამამისს სურდა, მისი შვილიც სამართლის სპეციალისტი გამხდარიყო და ლავუაზიემ კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, თუმცა თავად მას ბუნებისმეტყველება უფრო იზიდავდა, ამიტომ პარალელურად მათემატიკის, ასტრონომიის, ბოტანიკის, მინერალოგიის, გეოლოგიისა და ქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი. სწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ პარიზის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა პროექტი დიდი ქალაქების ქუჩების ეფექტური განათების შესახებ, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი აკადემიის ოქროს მედალი მიიღო მაღალი სიზუსტით შესრულებული კვლევისთვის. იმ პერიოდის მეცნიერებისთვის უდიდეს გამოწვევას სწორედ ანალიზის სიზუსტე წარმოადგენდა შესაბამისი გამზომი აპარატურის უქონლობის გამო. ლავუაზიემ ექვსი კვირა სიბნელეში გაატარა, რომ მისი თვალები სუსტ განათებას შესჩვეოდა და ექსპერიმენტის დროს ანათვალი ზედმიწევნით ზუსტად აეღო. აქედან მოყოლებული, ის პრაქტიკულად მთელ დროს მეცნიერებას უთმობდა. იურისტის დიპლომის წყალობით გადასახადების ამკრეფ კომპანიაშიც მუშაობდა, მაგრამ იქ აღებული გასამრჯელოს უდიდეს ნაწილს ისევ მეცნიერებას ახმარდა.

„ჩვენ უნდა ვენდოთ მხოლოდ ფაქტებს, რომლებსაც ბუნება გვთავაზობს – ისინი არ ტყუიან“, – ამბობდა ლავუაზიე. მას მიაჩნდა, რომ ყველა მოსაზრება უნდა მტკიცდებოდეს ექსპერიმენტით, ჭეშმარიტების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ცდით და დაკვირვებით. სწორედ ამიტომ ითვლება ის თანამედროვე მეცნიერების ფუძემდებლად.

სწორედ ექსპერიმენტების წყალობით მივიდა ლავუაზიე იმ დროისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დასკვნამდე: „არაფერი იკარგება, არაფერი იქმნება, ყველაფერი გარდაიქმნება“. დღემდე ამ კონცეფციაზე დგას ყველა ფუნდამენტური კანონი.

ლავუაზიე ნამდვილი ბუნებისმეტყველი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. „ბუნება… უზარმაზარი ქიმიური ლაბორატორიაა, რომელშიც ყალიბდება და იშლება ყველა სახის შემადგენლობა“,  – ამბობდა ის. ამ „ლაბორატორიაში“ მან არაერთი აღმოჩენა გააკეთა. 1772 წელს დაადგინა, რომ ალმასი მხოლოდ ნახშირბადის ატომებისგან შედგებოდა. ბოილი და მარიოტი აირთა თვისებებს ფიზიკური კუთხით სწავლობდნენ, მათი ქიმიური მხარე კი შეუსწავლელი იყო, სანამ ამ საკითხით ლავუაზიე არ დაინტერესდა. „ეს გადატრიალებას მოახდენს ფიზიკასა და ქიმიაში“, – პირველივე ცდების შემდეგ ჩაინიშნა მან ლაბორატორიულ რვეულში, თუმცა, როგორც სჩვეოდა, საჯაროდ არაფერი უთქვამს, სანამ სანდო ექსპერიმენტული მტკიცებულებები არ მიიღო. მან პირველმა შეამჩნია, რომ მეტალების გაცხელებისას მასის ზრდა „ჰაერის“ მიერთებით იყო გამოწვეული და არა ცეცხლის, როგორც მანამდე მიიჩნეოდა. ამასთან, ჰაერის მასა ყოველთვის 20%-ით მცირდებოდა. ერთ წელზე მეტხანს უკირკიტა ამ საკითხს. ამასობაში პრისტლიმ და შეელემ ჟანგბადი აღმოაჩინეს და ლავუაზიეს ექსპერიმენტის შედეგებსაც ნათელი მოეფინა: გაცხელებისას მეტალი რეაქციაში შედიოდა ჟანგბადთან, რომელიც ჰაერის 20%-ს შეადგენს, და მეტალის ოქსიდს წარმოქმნიდა.

მომდევნო წლებში ლავუაზიემ სხვადასხვა ნივთიერების წვის შესწავლა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ წყალი წყალბადის წვის პროდუქტი იყო, ამასთან, წყალბადი და ჟანგბადი ყოველთვის ზუსტი თანაფარდობით შედიოდა ერთმანეთთან რეაქციაში…

დაგროვილი ცოდნისა და ექსპერიმენტთა შედეგების საფუძველზე ანტუან ლავუაზიემ წიგნიც გამოაქვეყნა, რომელიც უმალ ითარგმნა სხვადასხვა ენაზე და ქიმიის ერთ-ერთ ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდ იქცა. წიგნზე მუშაობისას მეცნიერი მიხვდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ენას ბუნებისმეტყველებაშიც – „შეუძლებელია ენის გამიჯვნა მეცნიერებისგან… ცნების წარმოსაჩენად საჭიროა სიტყვა“. უფრო მეტიც: ქიმიას საკუთარი ენა სჭირდებოდა. ენა, რომელიც, ფუნდამენტური კანონების მსგავსად, ნათელი და გასაგები იქნებოდა ყველასათვის, რომელსაც საზღვრები ვერ დააბრკოლებდა. ასე დაიბადა პირველი ქიმიური ნომენკლატურა და ტერმინოლოგია.

კიდევ ბევრი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორია ლავუაზიე, თუმცა ვერცერთმა მათგანმა, ცალკე აღებულმა თუ კონად შეკრულმა, ვერ იხსნა სიკვდილისგან. ხალხს ასე უფრო ეამებაო, რევოლუციამ. წყალსა და ღვარს მიაქვს ქვეყნიერება, ლავუაზიეს მიღებული წყალი ვის რაში სჭირდებაო. ჰოდა, ცოტა ხანში იმ ნიაღვარმა წაიღო კიდეც რევოლუცია და მისი მონაგარი, ლავუაზიეს მიღებული წყალი კი დღემდე რჩება…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“