სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბუკაცუ – იაპონური სკოლების უცნობი მხარე

„მიზეზი იმისა, თუ რატომ მუშაობს იაპონური მრეწველობა სანიმუშოდ და რატომ ასწავლიან სკოლები ეფექტურად, რატომ არ არის იაპონურ ფირმებში კადრების დენადობა და რატომ არ არიან იაპონიაში მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა მიატოვეს, გახლავთ ის, რასაც ყველაზე მეტად მოვითხოვთ ცხოვრებისგან – სტაბილურობა, უსაფრთხოება და მხარდაჭერა, რაც მიიღწევა ძალისხმევითა და ვალდებულების გრძნობით“.

მერი უაითი, ბოსტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი

თუ ნახავთ ადამიანს, რომელიც შესაძლებლობების ზღვარზე შრომობს, მუშაობს ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე, იძულებულია, იაროს სამსახურში შაბათ-კვირას და ვერ ასწრებს წესიერად გამოძინებას, დიდი ალბათობით, ეს იაპონელი მასწავლებელი იქნება. პედაგოგიური კორპუსის საერთაშორისო კვლევის მიხედვით (TALIS), რომელიც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ 34 ქვეყანაში (ე.წ. OSCDE-ს ქვეყნები) საშუალო სკოლების მასწავლებელთა შესწავლის მიზნით ჩატარდა, 2013 წელს იაპონელი მასწავლებლები ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო დღის მიხედვით მსოფლიოს ლიდერები იყვნენ.

მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მშრალი სამეცნიერო კვლევა აღწერს: ის, რომ იაპონელი მასწავლებლების სამუშაო დღე მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივია, არ ნიშნავს სასკოლო სამუშაო საათების ხანგრძლივობას! „სამასწავლებლო“ სამუშაო დატვირთვის მიხედვით თუ შევაფასებთ, იაპონელ მასწავლებელთა დატვირთვა საშუალოზე დაბალია! მაგრამ დრო, რომელსაც ისინი კრებებზე, გაკვეთილისთვის მოსამზადებლად და სხვა საქმიანობისთვის ატარებენ სკოლაში, ბევრად აღემატება მათი უცხოელი კოლეგების მიერ სკოლაში გატარებულ დროს. განსაკუთრებით ბევრ დროს უთმობენ იაპონელი პედაგოგები კლასგარეშე საქმიანობას (წრეები, სექციები და კლუბები ინტერესების მიხედვით), რომელსაც იაპონიაში ბუკაცუს ან კურაბუს უწოდებენ.

 

რა არის ბუკაცუ და კურაბუ?

სასკოლო კლუბებს, რომლებიც მოსწავლეებს ინტერესების მიხედვით აერთიანებს, იაპონიაში კურაბუს ეძახიან. ამ კლუბებში მოსწავლეები კლასგარეშე საქმიანობით არიან დაკავებული, სწავლობენ სხვადასხვა საქმის ორგანიზებას და ხვეწენ უნარებს. მთელ ამ საქმიანობას კი (არასაკლასო სწავლებას და აქტივობებს) ბუკაცუ ჰქვია.

ზემოაღნიშნულ კვლევაში ტერმინი „არასასკოლო ღონისძიებები“ იაპონიასთან მიმართებით სწორედ სასკოლო კლუბებსა და სექციებს გულისხმობს. ამ ცნებებით აღწერილია საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეთა სპორტული, კულტურული და სხვა სახის საქმიანობა, რომლითაც ახალგაზრდები დაკავებული არიან დილაობით (სკოლამდე), გაკვეთილების შემდეგ და უქმე დღეებში (შაბათ-კვირას ან დღესასწაულებზე). სწორედ ამ სექციებში სწავლებასა და სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების ორგანიზება–ხელმძღვანელობას მიაქვს იაპონელი მასწავლებლების დროის დიდი ნაწილი.

იაპონიის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაში განათლების პროცესის კონკრეტულ ამოცანებსა და შინაარსზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სასკოლო კლუბებისა და სექციების მიზანია „მოსწავლეთა ჩართვა სპორტში, კულტურასა და მეცნიერებაში“. გარდა ამისა, ბუკაცუ მოიაზრება საშუალებად, რომელიც ამაღლებს სწავლის მოტივაციას, პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გრძნობას. სწავლებისა და მოსწავლეთა აქტივობების წარმართვის ეს ფორმატი გულისხმობს მათ ორგანიზებას საჯარო სკოლების ბაზაზე, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, სურვილისამებრ აირჩიონ სექციები და წრეები მცირე გადასახადის საფასურად. სხვა სიტყვებით, ბუკაცუ არის საშუალება, მოსწავლეები ჩაერთონ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში არასაკლასო დროს, მცირე გადასახდის სანაცვლოდ“.

არსებობს სპორტული, სახელოვნებო, კენდოს (ხმლით ბრძოლის ხელოვნება), მანგას (იაპონური კომიქსების შექმნის ხელოვნება), ანიმაციის და უამრავი სხვა ტიპის კლუბი.

თითოეულ კლუბს აქვს ოთახი ან სხვა ტიპის აუცილებელი ფართობი, ჰყავს მრჩეველი (მასწავლებელი), რომელიც ზედამხედველობას უწევს მის საქმიანობას და რჩევებს აძლევს კლუბის წევრებს, და პრეზიდენტი (კაიჩო). ზოგიერთ შემთხვევაში კლუბის ორგანიზებისთვის აუცილებელია წევრების გარკვეული რაოდენობა (უმეტესად, სულ მცირე, 5 მოსწავლე). ბევრს კლუბების იდეა არ მოსწონს, რადგან მათ საკმაოდ ბევრი დრო მიაქვთ. ზოგი გაკვეთილების შემდეგ რჩება კლუბში გვიანობამდე, ზოგი კი ვალდებულია, უქმე დღეებში დაესწროს შეკრებებს. კლუბების უმეტესობა გაკვეთილების შემდეგ იწყებს საქმიანობას, რომელიც 5-7 საათი გრძელდება. ხანდახან კლუბის წევრებს გავეთილების დაწყებამდეც იწევთ შეკრება. შედეგად ზოგიერთი მოსწავლე იძულებულია, შეურთდეს კლუბს, რომელიც პრაქტიკულად არაფერს აკეთებს და ნაკლებ ვალდებულებას აკისრებს წევრებს  (ასეთებია „კითხვის კლუბები“ და „თვლემის კლუბებიც“ კი). ხშირია შემთხვევა, როდესაც კლუბის წევრობა მოსწავლისთვის სტრესის წყაროდ იქცევა – საკლუბო საქმიანობა გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე და დროს აღარ ტოვებს მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ხშირად კლუბები ახალი წევრების მოსაზიდად სარეკლამო კამპანიებს მართავენ, რომ არ დაიხურონ წევრების სიმცირის გამო. ამავე დროს, კლუბში გაწევრება და მისი დატოვება ნებისმიერ დროს შესაძლებელია. კლუბების მთავარი ამოცანა არა სპორტისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის სტიმულირება, არამედ მოსწავლეთა სოციალიზაციაა.

 

როგორ მუშაობს ბუკაცუ იაპონირ სკოლებში?

ზოგიერთი სკოლა პირდაპირ მოითხოვს მოსწავლისაგან საკლუბო საქმანობაში მონაწილეობას, ზოგან კი ეს სავალდებულოდ არ მიიჩნევა. მაღალი საფეხურის მრავალი მოსწავლე დროებით სამუშაოზე მუშაობს, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, მნიშვნელოვანი დრო დაუთმონ საკლუბო აქტივობებს.

მოსწავლეებს, რომლებიც არცერთ კლუბს არ ეკუთვნიან ან აცდენენ საკლუბო შეხვედრებს, კიტაკიბუს ეძახიან.

კლუბის დასაარსებლად საკმარისია, გყავდეს წევრების აუცილებელი რაოდენობა და მრჩეველი (მასწავლებელი), გაწერილი გქონდეს კლუბის საქმიანობა, მიზნები და გყავდეს სპონსორი ან მოხალისეები კოლეჯიდან ან უნივერსიტეტიდან.

კლუბის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს სკოლა ადგენს. ზოგჯერ კლუბის შექმნის, მისი დამტკიცებისა და საქმიანობის მინიტორინგზე პასუხისმგებლობა მოსწავლეთა საბჭოს ეკისრება.

ბუკაცუსთვის განსაზღვრული ვალდებულებების სიმრავლე ხშირად ქცეულა კრიტიკის საგნად, განსაკუთრებით – უცხოელთა მხრიდან.

სასკოლო კლუბებში ვითარდება სენპაისა და კოჰაის კულტურაც (უფროს-უმცროსი მოსწავლეების ურთიერთობა და თანამშრომლობა სწავლისას). სპორტულ კლუბებში მისული ახალბედები ხშირად წლების განმავლობაში ელოდებიან სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას.

კლუბის ზოგიერთი წევრი მოწაფეობის წლებში პროფესიულ დონეზე ითვისებს და ივითარებს სხვადასხვა უნარს და ზოგიერთი სკოლის კლუბი ეროვნული დონის შეჯიბრებებშიც კი მონაწილეობს, ზოგიერთი მოსწვლე კი კლუბს უერთდება მეგობრების ან ჰობის გამო.

დღეს, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას, კლუბის წევრობა და იქაური წარმატებები აბიტურიენტს უპირატესობად ეთვლება.

ზოგიერთ სკოლაში კლუბების წევრთა რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა, როგორც წესი, არსებობს წევრთა რაოდენობის ზედა ზღვარი.

საზოგადოდ, არასააკლასო დროს და უქმე დღეებში სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებში მასწავლებლების მონაწილეობა მოსწავლეთა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა მსოფლიოს მასშტაბით. იაპონელი მკვლევრის, ვასედას უნივერსიტეტის პროფესორის, ნაკაძავა აცუსის კვლევის თანახმად, რომელიც იაპონიის სპორტულ სექციებს ეხება, სკოლებში არსებული სპორტული სექციების რაოდენობის მიხედვით, იაპონია მსოფლიო ლიდერია, თუმცა სასკოლო სექციები ბევრია ჩინეთში, კორეასა და ტაივანშიც. სხვა ქვეყნებში სპორტული სექციები უმეტესად საბავშვო კლუბების შემადგენლობაში შედის, ოღონდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ბუკაცუ ბავშვების თვალით

იაპონიის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა ამბობს, რომ სასკოლო კლუბებსა და სექციებში მოსწავლეთა მონაწილეობა ნებაყოფლობითია. სამწუხაროდ, რეალობა ყოველთვის არ ემთხვევა წარმოდგენებს. ზოგიერთ სკოლაში ბავშვებს, ფაქტობრივად, აძალებენ კლუბებში მონაწილეობას, მაგრამ იქაც კი, სადაც ბუკაცუ არ არის სავალდებულო, სკოლის პრაქტიკულად ყველა მოსწავლე რომელიმე სექციაში ან კლუბში ირიცხება. მოსწავლეთა დიდ ნაწილს (ეს განსაკუთრებით სპორტულ და ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ კლუბებს ეხება) საკლუბო საქმიანობა მოსწონს და თავს ვალდებულად მიიჩნევს, სასკოლო წლების მნიშვნელოვანი ნაწილი თანაკლასელებთან ერთად ამ საქმიანობას დაუთმოს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუმცაღა თითოეულ კლუბს თავისი მასწავლებელი/მრჩეველი ჰყავს, მათი საქმიანობა მიმართულია მოსწავლეებისთვის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებისკენ.

მიუხედავად იაპონიის სასკოლო კლუბებისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებისა, მათ სიკეთე უფრო მეტი მოაქვთ მოსწავლეებისთვის, ვიდრე ზიანი – მიღებულია, რომ „კლუბები განათლების ნაწილს წარმოადგენს“ და, უცხოურ კლუბებს თუ შევადარებთ, უნიკალურიც კია. გუნდურობა, თანამშრომლობა და სოლიდარულობა სპორტული და ხშირად კულტურული ცხოვრების ფაქტორებია, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კორპორაციულ სამყაროში. კერძოდ, სპორტულ კლუბებს უფრო ვერტიკალური იერარქია აქვთ (კარატე, კენდო, აიკიდო, კიუდო, ბეისბოლო, რაგბი, სხვა) და კარგ ასპარეზს წარმოადგენენ ახალგაზრდებისთვის ფიზიკური, მორალური და ეთიკური წესების დასახვეწად, თანამშრომლობისა და სირთულეების ერთად გადალახვის უნარების განსავითარებლად. ბევრჯერ აღუნიშნავთ, რომ საკლუბო აქტივობები გავლენას ახდენს იაპონური კომპანიების მუშაობის სტილზეც, სადაც უფროსის პატივისცემა და ჰარმონიისკენ სწრაფვა მიღებული წესებია.

კლუბები, სადაც ტრადიციულ იაპონურ საბრძოლო ხელოვნებას (კენდო, სუმო, კარატე), სპორტულ ძიუდოს, ყვავილებით მორთვას (იკებანა) ან ჩაის ცერემონიას სწავლობენ, საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, უშუალოდ ეზიარონ ტრადიციულ კულტურას, განიცადონ ხელოვნება სიყმაწვილის მგრძნობიარე წლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული იაპონური კულტურის მომავალი თაობებისთვის გადასაცემად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“