ჩემს სამი წლის გოგონას ვირუსი შეხვდა. მთელი ღამე გაუჩერებლად ახველებდა. მისი ხველება გულში ხანჯალივით მესობოდა. ბევრი რამ მოვსინჯეთ, ვერაფერმა უშველა. ხველებისგან დაოსებული მეხუტებოდა და საალერსო სიტყვებთან ერთად ჩვენი საყვარელი ლექსების კითხვა დავიწყე. ლილე ძალას იკრებდა მოსასმენად და მხოლოდ ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ახერხებდა ხველის შეკავებას.
იმ ღამეს კიდევ ერთხელ დავინახე, რა დიდი ძალა აქვს პოეზიას. მერე ერთ საინტერესო სტატიას გავეცანი და გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილებით გამემყარებინა მასში გამოთქმული მოსაზრებები.
თერაპია
უპირველეს ყოვლისა, ლექსების თერაპიულ ზემოქმედებაზე გავამახვილებ ყურადღებას. შეგვიძლია, საბავშვო ლექსები ფიზიკური ტკივილის დროს ყურადღების გადასატანად გამოვიყენოთ. ამასთანავე, ჩემი დაკვირვებით, ლექსების კითხვა მენტალურ ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს. ლექსების რიტმი, სიტყვების ჟღერადობა დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვზე, მაღლდება განწყობა, რაც ბავშვის ქცევის მართვასაც აადვილებს.
რიტუალები
ლექსების კითხვის რიტუალები თავად გამოიგონეთ. მე ბაღისკენ მიმავალ გზაზე და ძილის წინ ვუკითხავ. ის, რაც მუდმივად მეორდება, ბავშვებს სიმშვიდისა და სიმყარის განცდას უღვივებს. თან ეს პატარ-პატარა რიტუალები განსაკუთრებულ ურთიერთობას აყალიბებს.
პირველი ამბები
ლექსებით ბავშვები პატარა ამბებს ეცნობიან. მათი ნებისყოფა ჯერ მზად არ არის ვრცელი ამბის მოსასმენად, ამიტომ პირველი ლექსები დიდი ამბებისკენ გადებული ხიდია.
საუბრის დასაწყისი
ლექსის კითხვისას ხმამაღლა წარმოვთქვამთ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ბავშვის გონებაში ილექება. ადრეულ ასაკში მოსმენილი ლექსები ბავშვს ამეტყველებაში ეხმარება.
სოციალური უნარების განვითარება
საბავშვო ლექსებზე თაობები იზრდებიან. ყველა ქვეყანას თავისი საბავშვო ლექსები აქვს, რომლებიც დროს უძლებს და სამყაროში მომხდარი ცვლილებების ფონზეც კი ცოცხლობს. როცა ბავშვებს მშობლები ერთსა და იმავე ლექსებს უკითხავენ, სადღაც აუცილებლად იკვეთება ეს ცოდნა და ბავშვს სოციუმში დამკვიდრებაში ეხმარება. ერთი და იმავე ლექსების ცოდნა ერთიანობის განცდას ბადებს.
გზა წიგნის სიყვარულისკენ
ბავშვებმა ამოჩემება იციან – ითხოვენ ერთი და იმავე ზღაპრის მოყოლას ან ერთი და იმავე წიგნის წაკითხვას. ეს ბუნებრივი პროცესია. ამგვარად სამყაროს რიტმულობას ეცნობიან და ყოველდღიურად რწმუნდებიან, რომ მზად ვართ, მათ დრო დავუთმოთ. ჩემი გოგონა ერთი წლის განმავლობაში ყოველღამ მთხოვდა, მისთვის კორნეი ჩუკოვსკის „ბუზანკალი“ წამეკითხა. ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვამჩნევდით, ვხარობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით. ერთხელაც აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ვრცელი ლექსი ზეპირად დაუმახსოვრებია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო: ჩვენი მიზანი ლექსების ზეპირად დასწავლა არ უნდა იყოს. 2-3 წლის ბავშვების მეხსიერება ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს და მალევე ავიწყდება. ლექსების ხმამაღლა კითხვას თავისთავად მოჰყვება დამახსოვრება. ზოგი ბავშვი სიტყვებს ცვლის, თავისებურად აღიქვამს და წარმოთქვამს და ამაზე დაკვირვებაც ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს შემოქმედებითი უნარების ადრეული გამოხატვის ფორმაა.
„ბუზანკალის“ შემდეგ ჩემმა პატარა მსმენელმა თავად დაიწყო წასაკითხი წიგნების შერჩევა. უბნის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი „მიყვარხარ, დედიკო“, „პიერი და მთვარე“, „რწყილი და ჭიანჭველა“, თუთა ჯგუშიას ლექსების კრებული „კარგად ყოფნის წესები“ – ეს იმ საბავშვო ლექსების კრებულთა ნუსხაა, რომლებიც ჩვენს პირად ურთიერთობას გასდევს. ასე რომ, საბავშვო ლექსების კითხვამ წიგნის სიყვარულს ნამდვილად გაუღო კარი.
სიტყვათა მარაგი
საბავშვო ლექსების კითხვისას ბავშვის გონებაში ილექება სიტყვები, სიტყვათა მრავალგვარი დაბოლოებები. მდიდრდება ლექსიკური მარაგი, ვითარდება გონებრივი შესაძლებლობები, რაც კითხვის სწავლას და საუბრისას აზრის გამოხატვას აადვილებს.
წერა-კითხვის საფუძველი
ლექსების კითხვა წერა-კითხვის სწავლების საძირკველია. ბგერებს, რომლებიც ლექსების კითხვისას ესმით, ანბანის შესწავლისას ბავშვები ადვილად აიგივებენ ასოებთან. ნაცნობი სიტყვები ამოკითხვასა და გამთლიანებას უწყობს ხელს, სიტყვათა მარაგი აზრების წერილობით ჩამოყალიბებას აადვილებს.
წარმოსახვა
ყველაფერი ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვებით იწყება. ბავშვები იზრდებიან, თანდათან ეცნობიან სამყაროს და პატარაობისას მოსმენილი ლექსები ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ილუსტრირებული ლექსების წიგნი ბავშვს წარმოსახვას უვითარებს. კითხვის პროცესში შევჩერდეთ, ყურადღება გავამახვილოთ ილუსტრაციაზე, პერსონაჟის ჩაცმულობაზე, გამომეტყველებაზე. თანდათან ბავშვიც შემოგვიერთდება და ახლა თავად გაგვიწევს მეგზურობას ახალ-ახალი დეტალების აღმოჩენისას.
შემოქმედებითი უნარები
საბავშვო ლექსების კითხვის სიკეთე აისბერგს ჰგავს – ზედაპირზე მისი მხოლოდ ნაწილი ჩანს, ბავშვის ზრდასთან ერთად კი კიდევ ბევრი დადებითი მხარე იჩენს თავს, მაგალითად, შემოქმედებითი უნარები. ჩემს პატარა გოგონას კარგად გამოსდის ხატვა, წარმოსახვითი თამაშები და დარწმუნებული ვარ, ყოველივე ამას საბავშვო ლექსების ყოველდღიურმა კითხვამ, მიზნობრივმა პაუზებმა, დასმულმა კითხვებმა შეუწყო ხელი.
ცოდნა და ღირებულებები
აქლემი, ჟირაფი, რწყილი, ლამბაქი – კიდევ ბევრი სიტყვის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ჩემმა გოგონამ საბავშვო ლექსებიდან ისწავლა და რეალურ ცხოვრებაში გადაიტანა ან სხვა წიგნებს დაუკავშირა. გარდა ამისა, ბავშვი უფროსის ჩარევით თანდათან ლექსის მთავარ გზავნილზეც იწყებს ფიქრს. მაგალითად, იმაზე, რა თავდადებული მეგობარია რწყილი ან იმაზე, რომ გრძელი თმა ბიჭსაც შეიძლება ჰქონდეს (თუთა ჯგუშიას ლექსიდან), როგორ შემოივლის პიერი მთელ ქვეყანას დედისთვის მთვარის საუკეთესო ნაჭრის მისართმევად, როგორ ეხმარებიან ექიმ ვაივიშს არწივები და დელფინები აფრიკაში ჩასვლაში და როგორ არ ზოგავს თავს თავად ექიმი ცხოველების გამოსაჯანმრთელებლად.
იუმორი და ემოციური ინტელექტი
საბავშვო ლექსების კითხვა გართობის საუკეთესო გზაა. ჩემი გოგონა მეოთხე წელშია და სწორედ ხმამაღლა კითხვისას ერთად გატარებული დრო იქცა ჩვენი ურთიერთობის ვარსკვლავურ სამყაროდ. უკვე ბევრი მოგონება დაგვიგროვდა, ხმამაღალი კითხვისას ერთნაირ რაღაცებზე გვეცინება. ვაკვირდებით პერსონაჟების ემოციებს, სახის გამომეტყველებას და ერთმანეთს ვუზიარებთ. ყოველივე ეს ბავშვს ემოციურ ინტელექტს უვითარებს და სხვისი განცდების ამოცნობასაც უადვილებს.
ლექსების კითხვა ჩვილობიდან დაიწყეთ, ისწავლეთ ზეპირად და ყოველდღიური საქმიანობისას გართობის საშუალებად აქციეთ, მაგალითად, სადილის მზადებისას თუ ჭურჭლის რეცხვისას ხმამაღლა იკითხეთ ლექსები, გახალისდით, თავადაც ისიამოვნეთ და თქვენი განწყობა ბავშვსაც გადასდეთ. წადით წიგნის მაღაზიაში და თავად შეარჩიეთ ლექსები ბავშვისთვის, შექმენით თქვენი პირადი ურთიერთობის ამსახველი ბიბლიოთეკა. აქციეთ ლექსების კითხვა ყოველდღიურ რუტინად, სიამოვნებად და ჯილდოდ თქვენი შვილის განვითარებულ გონებას, სიმშვიდეს, ფიზიკურ და მენტალურ სიმტკიცეს მიიღებთ.
გამოყენებული რესურსები:
https://nurseryrhymecentral.com/eleven-brilliant-ways-nursery-rhymes-are-educational-heres-the-research/