ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ქართულ-ევროპული ტრადიციები დეზინფორმაციის ტალღის პასუხად

წინათ თუ სიტყვა „მითი“ ფანტასტიკურ ხალხურ თქმულებებთან, ღმერთებსა და გმირებთან ასოცირდებოდა, ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში მითების ხსენებისას ყველაზე ხშირად მტრული სახელმწიფოების მიერ დაგეგმილი და ტროლ-ბოტების მიერ გავრცელებული მოგონილი, მაგრამ დამაზიანებელი ამბები გვაგონდება.

დღესდღეობით ყალბი ამბების გავრცელებაზე კარგად ორგანიზებული ჯგუფები მუშაობენ და მეტი ეფექტურობისთვის ქსელური და საინფორმაციო ომის თეორიებსაც ქმნიან. ბრძოლის ველი ძალიან ხშირად ვირტუალურ სივრცეშია განფენილი. სოციალური ქსელის მრავალრიცხოვან მომხმარებლებზე კონტროლის მოპოვება მოწინააღმდეგის დამარცხებას უდრის, ამიტომ აქ ხშირად შეხვდებით საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სასაცილო, მაგრამ მეორე ნაწილისთვის შემაშფოთებელ ფრაზებს, მაგალითად: „ქართველობას გვართმევენ“.

ეს ფრაზა თანამედროვე მითოლოგიის კარგი მაგალითია და უკვე დიდი ხანია, რუსული პროპაგანდისტული მანქანის ძრავად იქცა. ეს მანქანა კი ძალას არ იშურებს ჩვენი თანამემამულეების დასარწმუნებლად, რომ ევროპა სინამდვილეში საქართველოს და ქართველობის მტერია.

რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ყველაზე ხშირად ქართულ და ევროპულ ფასეულობათა შეუთავსებლობაზე სვამს აქცენტს და ცდილობს, ევროკავშირი საქართველოს ისტორიისთვის, ტრადიციისა და კულტურისთვის შეუსაბამოდ წარმოაჩინოს. უმეტესწილად, ამისთვის ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე პედალირებს, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა. ამ ხაფანგში ხშირად პედაგოგებიც ებმებიან. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს სკოლაში დასაქმებული ფილოლოგებისა და ისტორიკოსების მაგალითზე ჩანს.

სტატიისთვის სოციალურ ქსელში, პედაგოგებისა და მშობლების დახურულ ჯგუფებში, საგანგებოდ ვიკითხე, რა მითები სმენიათ ევროპის შესახებ. „ქართველობას რომ გვართმევენ“, ამ მითმა პირველი ადგილი დაიკავა, სხვა პასუხებმა კი მოლოდინს გადააჭარბა:

მითი 2. ბავშვებს იტაცებენ და სქესს უცვლიან.

მითი 3. შვილი თუ დატუქსე, სასამართლოში გიჩივლებს და ჯარიმას გადაგახდევინებენ.

მითი 4. მშობლებს ბავშვებს ართმევენ და გეი წყვილებზე აშვილებენ.

მითი 5. აუცილებლად მოითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

მითი 6. „დედისა“ და „მამის“ დაძახება იკრძალება, „მშობელი N1“ და „მშობელი N2“ – ასე მოიხსენიებენ.

მითი 7. შვილი 18 წლის რომ ხდება, სახლიდან აგდებენ, 16 წლის მერე ბავშვი სად წავა, მშობლებს არ აინტერესებთ;

მითი 8. სკოლებში ერთსქესიანთან სექსს ასწავლიან;

მითი 9. ჩაშვებას ასწავლიან ბავშვებს.

მითი 10. იმათ ისე არ უყვართ შვილები, როგორც ქართველ მშობლებს.

მითი 11. რომ იყვირო, მეზობელი არ გამოგხედავს, იმიტომ რომ მეზობლობა რა არის, არ იციან.

მითი 12. ქუჩაში გული რომ წაგივიდეს, კაციშვილი არ მოგეშველება.

მითი 15. ადამიანებს ჩიპებს უდგამენ, საფულე აღარ სჭირდებათ, მაგით იხდიან ფულის ნაცვლად.

მითი 16. მეზობელს რომ დაუკაკუნო, შეიძლება პირად სივრცეში შეჭრად ჩათვალოს და პოლიციაში დარეკოს.

მითი 17. მაგათ ოჯახი, მეგობრობა და თანადგომა არ იციან.

მითი 13. იქ რო გარყვნილებააა…

ჩვენი მხრივ მიამიტობა იქნება, ამ ყველაფერზე მხოლოდ გავიცინოთ და გარშემო მყოფ ადამიანებს, ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს არ ავუხსნათ, რომ ყველაფერი ის, რაც ზემოთ წერია, ტყუილია, მაგრამ არა შემთხვევით გამოგონილი – ეს მითები კარგად ორგანიზებული დეზინფორმაცია-პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო, რომელსაც მიზანმიმართულად ავრცელებს მტრულად განწყობილი სახელმწიფო – რუსეთი, რათა ქართველებსა და ევროპელებს შორის გაჩნდეს კულტურული არათავსებადობის უფსკრული, საქართველომ დასავლური კურსიდან გადაუხვიოს და უღალატოს არა ევროპულ ფასეულობებს, არამედ ჭეშმარიტ ქართულს. სინამდვილეში ქართული და ევროპული კულტურა უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე განსხვავდება. ოჯახის კულტი ევროპულ ქვეყნებშიც ძლიერია, ტრადიციების პატივისცემაში კი ბადალი არ ჰყავთ. ის, რასაც ჩვენ ევროპულ ფასეულობებს ვუწოდებთ, სინამდვილეში ქართულიცაა. თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ადამიანის ღირსების პატივისცემა ქართული ისტორიის, რელიგიისა და ტრადიციის ნაწილია. ამაზე მეტყველებს ქართული ლიტერატურა „შუშანიკის წამებიდან“ დღემდე.

ქართულ ლიტერატურას და ისტორიას გადავხედოთ, კრიტიკულად გავიაზროთ და მივხვდებით, რა გვაკავშირებს სინამდვილეში ევროპასთან:

  • საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც ადამიანი დამოუკიდებელი, თვითმოქმედი პერსონაა. ის არ არის არავის მონა, ის თავისუფალია. თავისუფლება კი დღევანდელი განვითარებული მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია.
  • ადამიანი მოაზრებულია როგორც შემოქმედი, მუდმივ განვითარებაში მყოფი არსება, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ მიიწევს, წარსულ გამოცდილებაზე ახალს აშენებს და ვითარდება.
  • ქართველი კლასიკოსების შემოქმედებაშიც ადამიანი შემწყნარებელია, წახალისებულია ინდივიდუალური აზროვნება, განსხვავებულის პატივისცემა, მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა.
  • საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი ქვეყნის მმართველები ყოველთვის მიილტვოდნენ ბიზანტიისკენ; საქართველოსა და რომის ეკლესიას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, ევროპელი მისიონერები აგროვებდნენ ქართულ ლიტერატურულ შედევრებს, გამოსცემდნენ წიგნებს ქართულ ენაზე, ავითარებდნენ დამწერლობას და ა.შ.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი: თავისუფლება, თანასწორობა, მშვიდობა, თანამშრომლობა, – დღეს გაერთიანებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება, ქვეყნის კონსტიტუცია კი მოქალაქეთა ნების ყველაზე ნათელი გამოხატულებაა.

 

———–

მცირე აქტივობა მარტივი ჭეშმარიტების დასადგენად:

დავუსვათ კითხვა ჩვენს თავს, ჩვენს მოსწავლეებს და ჩვენს შვილებს: რა არის ქართველობა? ავიღოთ პატარა წებოვანი ფურცლები და ყველამ თითო სიტყვით აღვწეროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ქართველობა, შემდეგ ეს ფურცლები დაფაზე მივაკრათ და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წავიკითხოთ. ცოტა ვიცინოთ, მაგრამ აღმოვაჩინოთ, რომ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ქართველობა გვგონია: რწმენა, ტრადიციები, კულტურა, ისტორია, – სინამდვილეში ადამიანობაა, ადამიანობა ქართულ-ევროპული გაგებით. ერთნაირად მისაღები ქართველისთვის, იტალიელისთვის, გერმანელისთვის… და მივხვდებით, რომ ევროპა ქართველობას კი არ გვართმევს, ევროპა ახლად შემოტანილი მოდური თემა კი არ არის, ჩვენი ორგანული ნაწილია, იმიტომ რომ საქართველო ოდითგანვე ევროპაა.

 

სტატიაში გამოყენებულია ვიდეორესურსის შინაარსი https://www.facebook.com/watch/?v=1121943341788197

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“