ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

ამიაკური საგა

 ძველ ალქიმიურ დოქტრინებში სულ ქარაგმებით საუბრობენ.  ქიმიის განვითარების ამ პერიოდით ძალიან დაინტერესებული ვარ და კვლევას სულ ვაგრძელებ. თუმცა, მხოლოდ ადაპტირებული ტექსტებით ვხელმძღვანელობ, რადგან პირველ წყაროებთან მუშაობისთვის ლათინურის ან არაბულის ცოდნაა საჭირო, რაც სამწუხაროდ არ ვიცი.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ადაპტირებულ ტექსტებში პირველადი ქარაგმული ჩანაწერებიც არის და მათი გაშიფრული ვერსიაც. მაგალითად, ვერცხლისწყალი ვერცხლისწყალს აღნიშნავს… აი, „ფილოსოფიური ვერცხლისწყალი“ რა არის თქვენი აზრით? ტყვია ყოფილა, არც მეტი, არც ნაკლები.

„სული“ რაღა არის? ადვილად აქროლადი მძაფრი სუნის მქონე ნაერთები, რომელთა სურნელი დიდ მანძილზე ვრცელდება. „სულების“ რამდენიმე გილდია არსებობდა, პირველი რიგის „სულები“  სწორედ მძაფრსურნელიანი ნივთიერებები იყო. მაგ. სპირტი, ეთერები, აცეტონი, ამიაკი და ა.შ.  მეორე რიგის „სულებში“ აქროლადი უსუნო ან ნაკლებად  სუნიანი  ნივთიერებებია, მაგ. იგივე ვერცხლისწყალი. შემდეგი რიგის „სულები“ რა თვისებებს ფლობენ, არ ვიცი, მაგრამ მაგ. დარიშხანი მეხუთე რიგის სულებს ეკუთვნის.

გამოდის, რომ ნებისმიერი პარფიუმერიის მაღაზია, „სულების“ მაღაზიაა და არა სუნამოების. „სულის“  ყიდვა აფთიაქშიც შეგიძლიათ. წაბრძანდით და ქაფურის სპირტი შეიძინეთ. შემდეგ, ბოთლს კარგად დააკვირდით, რა აწერია ლათინურად-„spiritus camphorus“, რაც ქართულად „ქაფურის სულს“ ნიშნავს.

ასეთი ქარაგმები ალბათ ორ საქმეს ემსახურებოდა: 1) ნაწერი სხვას ვერ გაეგო და დევიზი “Aluminibus et Salibus” გამართლებულიყო. ეს უკანასკნელი ნიშნავს, არაფერი გაამხილოთ და ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთო. 2) შესაძლოა წერის სტილი იყო ასეთი, რას გაუგებ კაცი. აი, ჩვენ როდესაც სამეცნიერო სტატიას ვწერთ, მას თავისი სტრუქტურა და წერის წესები გააჩნია.  ალბათ,  მაშინდელ სტილსაც თავისი კანონები ჰქონდა.

ასეა თუ ისეა, ერთ ჩანაწერში ორი „სული“ მხედრის ბრძოლაა აღწერილი. ერთმანეთთან მიახლოებისას, მათი „სული“ აბჯრიდან გამოდის და შერკინებაც იწყება. ჰაერში  იღვრება თეთრი სისხლი. აბსურდულია არა?

ახლა ერთი ექსპერიმენტი გავაკეთოთ. ავიღოთ ორი ქიმიური ჭიქა. ერთში კონცენტრირებული მარილმჟავა იყოს, მეორეში 25% -იანი ამიაკის წყალხსნარი.

ჭიქები ერთმანეთს მივუახლოვოთ, მათ შორის თეთრი კვამლი წარმოიქმნება. ეს თეთრი კვამლი, სწორედ ის თეთრი სისხლია, რაზეც ალქიმიკოსები წერდნენ.  ქლორწყალბადმჟავაც გახსნილი ქლორია წყალში. რეაქციის ტოლობა ასე ჩაიწერება:

NH3+HCl=NH4Cl

        შესაბამისად, ეს ორი ნივთიერება სხვადასხვა ამწოვში უნდა შევინახოთ, რადგან თუ ერთ სივრცეში მოხვდნენ და  გარეთ „გამოიპარნენ“, იქაურობა ამონიუმის ქლორიდის კრისტალებით დაიფარება. დადექი მერე და წმინდე.

ქიმიკოსები ამიაკის წყალხსნართან მუშაობენ, ამისთვის გაზისებრი ამიაკი უნდა გავხსნათ წყალში. ჩვ. პირობებში 1 მლ წყალს 1 ლ გაზისებრი ამიაკის შთანთქმა შეუძლია. ლაბორატორიაში ამიაკის წყალხსნარის  შემცველი ჭურჭლის წარწერას რამდენიმენაირად ნახავთ-NH4OH ან NH3·H2O, რომელია სწორია?  ადრე ამიაკის წყალხსნარის ფორმულას პირველი ფორმულის მსგავსად წერდნენ, შემდეგ  გაიგეს, რომ ამიაკი წყლის მოლეკულებთან წყალბადურ ბმებს წარმოქმნის, ანუ მეორე ფორმა ამიაკის ჰიდრატია. ეს უკანასკნელი ძალიან არამდგრადი ნაერთია  და საკმაოდ ინტენსიურად ორთქლდება.

მრეწველობაში აზოტის წყალბადნაერთებიდან ამიაკი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას განსაკუთრებულ პირობებში იღებენ. კატალიზატორია Fe+(K2O, Al2O3), t=400-550 ცელსიუსი , P=15-30მპა, აზოტი ურთიერთქმედებს წყალბადთან, რეაქციის ტოლობა ასე ჩაიწერება N(გ)+3H2(გ)=2NH3 (გ). აღნიშნულ პროცესს ჰაბერ -ბოშის ტოლობა ეწოდება. რეაქცია თქვენთვისაც ნაცნობი იქნება, რადგან ჰაბერ-ბოშის პროცესი თითქმის ყოველთვის მაგალითად არის მოყვანილი ქიმიური წონასწორობის მათემატიკური საფუძვლებისა და ლე-შატელიეს პრინციპის სწავლებისას. ჰაბერ-ბოშის რეაქციაზე იმასაც წერდნენ, რომ ის იყო „პური ჰაერიდან“, რადგან სწორედ მიღებული ამიაკიდან ხდებოდა სასუქების წარმოება. ზედმეტი სასუქი, რომ მავნეა, ახლა უკვე ვიცით, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ეს ფრთიანი ფრაზა დაიბადა, სასუქი მართლაც ჰაერიდან მიღებული პურის ტოლფასი იყო, რადგან კაცობრიობას მძიმე წლები ედგა.

ლაბორატორიაში ამიაკის მიღება შეიძლება ამომიუმის ქლორიდზე ჩამქრალი კირის მოქმედებით:

2NH4Cl+Ca(OH)2=2NH3+CaCl2+2H2O

როგორც უკვე დავწერე, წყალში გახსნით ამიაკის წყალხსნარი, იგივე ამონიუმის ჰიდროქსიდი, იგივე  ნიშადურის სპირტი მიიღება.

ამონიუმის ჰიდროქსიდი არამდგრადი ნაერთია, არსებობს მხოლოდ წყალხსნარში და სუსტი ტუტე რეაქციით ხასიათდება, ლაკმუსს ლურჯ შეფერილობას სძენს, ფენოლფთალეინს კი ჟოლოსფერს.

რეაგირებს მჟავებთან და ამონიუმის მარილებს წარმოქმნის. მარილმჟავასთან რეაგირებაზე ზემოთ უკვე დავწერე, გოგირდმჟავასთან კი შემდეგი რეაქციით წარიმართება პროცესი:

2NH3+H2SO4=(NH4)2SO4

ამიაკი ჩვენს ორგანიზმშიც წარმოიქმნება და ეს ამინომჟავების, ბიოგენური ამინების და ნუკლეოტიდების დაშლის შედეგად ხდება. ამიაკი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და მისდამი განსაკუთრებით მგრძნობიარე თავის ტვინია. ამიტომ, ამიაკის კონცენტრაციის მომატება კომის განვითარებას და სიკვდილს იწვევს. ორგანიზმში წარმოქმნილი, თუ დაუდევრობით მოხვედრილი ამიაკის განეიტრალების რამდენიმე გზა არსებობს და ამ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა ღვიძლს და თირკმელებს ენიჭებათ.

ამიაკით სხვადასხვა  ქიმიური ექსპერიმენტები შეიძლება ჩავატაროთ.

ამიაკის მეშვეობით ხელოვნური აბრეშუმის ბოჭკოს მიღება შეგვიძლია.  ამ ექსპერიმენტის მსვლელობას ჩემივე შესრულებით, აგერ ამ მისამართზე უყურეთ

ახლა შემდეგი.

ბოთლში ჩაასხით გარკვეული რაოდენობის სარეცხი სოდის წამოდუღებული ნაჯერი ხსნარი, შემდეგ დაუმატეთ ნიშადურის სპირტი. ბოთლს საცობი გაუკეთეთ დრეკადი აირსადინარი მილით და მისი მეორე ბოლო ჩამოაცვით გადმოპირქვავებულ სინჯარას. შეათბეთ ბოთლი თბილ წყალში. ამიაკის ორთქლი ჰაერზე მსუბუქია და მალე ის შეავსებს გადმოპირქვავებულ სინჯარას.  ეს სინჯარა ჩაუშვით წყლიან ჭიქაში. წყალი მაშინვე მაღლა აიწევს, რადგან ამიაკი წყალში კარგად იხსნება და ათავისუფლებს სინჯარაში მისთვის ადგილს.

ამიაკზე თვისებითი რეაქციაც შეგვიძლია ჩავატაროთ. სინჯარაში ჩაასხით შაბიამნის სუსტი ხსნარი და მასში აირსადინარი მილი ჩაუშვით. თუ მიწოდებული აირი ამიაკია, მაშინ მილის ბოლოსთან სპილენძის სულფატის, ანუ შაბიამნის ხსნარი კრიალა ლურჯი გახდება. სპილენძის სულფატთან ამიაკი წარმოქმნის კაშკაშა შეფერილობის კომპლექსურ ნაერთს [Cu(NH3)4]SO4.

ამიაკი ადვილად იჟანგება კატალიზატორის თანაობისას. კოლბაში, სადაც ამიაკის კონცენტრირებული ხსნარია შევიტანოთ წინასწარ გახურებული ქრომის ოქსიდი, რომლის ნაწილაკები კოლბაში მიმოიფანტება. ამ დროს წარმოიქმნება აზოტის დიოქსიდი. რეაქციის შედეგად ხდება აზოტის დაჟანგვა.

4NH3+5O2=4NO+6H2O

2NO+O2=2NO2

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ალბერ დიდმა თავის „ალქიმიის დიად წიგნში“ თქვა, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ლაბორატორიაში მუშაობისას, უყურადღებობას სიკვდილი მოსდევსო.

დიახ! სულ წამის ამბავია და შემდეგ რამდენიც გინდა იძახე, ნეტავ ასე ყოფილიყო, ნეტავ ისე მოვქცეულიყავი.

ერთხელ, ასპირანტობისას, სწორედ, ზემოთ აღწერილ ქრომის ოქსიდიან ცდას ვაკეთებდი და ის ის იყო კოლბაში ამიაკი ჩავასხი, საცობი მოვარგე, კარგად შევანჯღრიე, რომ აორთქლებაში მივხმარებოდი და კოლბის კედლები „თეთრი რაინდით“ გამეჯერებინა, რომ…. საცობი მოვხსენი თუ არა კოლბას, ამოასხა ამიაკმა და შიგ თვალებში შემესხა. დიახ, არ მოგესმათ, თვალებში შემესხა კონცენტრირებული ამიაკი…

რატომ? სათვალე არ მეკეთა და იმიტომ.

რატომ? კოლბა ამწოვს აქეთ გამოვიტანე და იმიტომ.

რატომ? უყურადღებოდ მოვიქეცი და იმიტომ.

რა გავაკეთე? ვეცი თვალის საშხაპეს და ორივე თვალი საგულდაგულოდ ამოვიბანე. შემდეგ ჩანთიდან ხელოვნური ცრემლის სულ ახალი, გაუხსნელი ფლაკონი ამოვიღე და 100 მლ ცრემლი ორივე თვალში ჩავიცალე.

შემდეგ? ყველაფერი მივატოვე და თვალის ექიმთან გავიქეცი, სადაც ცოცხალი რიგი დამხვდა, მაგრამ ყველას მივაკივლე, ამიაკი შემესხა თვალებში და უნდა რიგი დამითმოთ თქო.

ექიმმა შემაქო, ყოჩაღად მოქცეულხარ, შენს თვალებს ამიაკის არაფერი ეტყობათო. მაინც რაღაცები გამომიწერა და კონტროლზე ორ დღეში დამიბარე. კონტროლის დროსაც იგივე გამიმეორა, რომ ორივე თვალი საღ-სალამათი დარჩა.

თუმცა… ეს უზარმაზარი გაკვეთილი იყო და მას შემდეგ დამცავ სათვალეს არავითარ შემთხვევაში აღარ ვიხსნი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“