შაბათი, ივლისი 20, 2024
20 ივლისი, შაბათი, 2024

ციხისთავის რებუსი

ის ოთახი განსაკუთრებით მიყვარდა – ჭერამდე თაროებით, იშვიათი წიგნებით, საწერი მაგიდით, რბილი სავარძლებით, დიდი სარკით, ფერადი ხალიჩებითა და მრავალფეროვანი ნუგბარით. გულთბილ მასპინძლებთან საუბრისას საკუთარი ნათქვამიც და დეიდა ჟანას დარიგებებიც სხვანაირად ჩამესმოდა, რადგან ბინის შუაგულში მოქცეულ მრუმე, მაგრამ მყუდრო კაბინეტში ქუჩისა და ეზოს ხმაური ნაკლებად აღწევდა. კედელზე მუქ ფერებში დახატული პორტრეტი ეკიდა, რომელზეც ციხისთავების გადასახლებული პაპა იყო გამოსახული. ეს ამბავი თამუნასგან, ჩემი ბავშვობის მეგობრისგან, მაშინაც ვიცოდი და ამის გამო კაბინეტში ყოფნა თითქოს როგორღაც მერიდებოდა. მერე, როგორც წესი, სხვა ოთახში გადავინაცვლებდით და უფრო გავლაღდებოდით ხოლმე, გიტარის თანხლებითა და ფლირტის ძველი ბარათებით.

ლუკა ციხისთავის ამბავი დაწვრილებით ბევრი წლის მერე გავიგე, როდესაც შვილიშვილებმა – ნანამ, ნინომ და თამარმა – გულაგიდან გამოგზავნილ წერილებს თავი მოუყარეს და წიგნად გამოსცეს, როგორც დოკუმენტური ბრალდება ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესავალ სიტყვაში კი განსაკუთრებული მადლობა იმ უცნობ ადამიანებს გადაუხადეს, რომლებაც სასტიკ დროს გაბედეს და რეპრესირებულთა ქუჩაში ნაპოვნი წერილები საფოსტო ყუთებში ჩაყარეს.

კრებულში ლუკა ციხისთავის ბიოგრაფიაც არის მთხრობილი, რაც კიდევ უფრო ავსებს წერილებში ფრაგმენტულად ამოკითხულ სიუჟეტურ ხაზებს. ყოფილა ასეთი კაცი – ფონ ჰეიკენი, ტყეების მფლობელი თელავის მაზრაში. ამ მიწებს თურმე ლუკას მამა, იოსებ ციხისთავი, პატრონობდა და კუთვნილ ჯამაგირს შვილების განათლებას ახმარდა. ჰეიკენის რჩევით, სემინარიის დამთავრების შემდეგ, ლუკა და მისი და-ძმა გერმანიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ განათლების მისაღებად, მაგრამ ჯერ 1917 წლის რევოლუციამ, შემდეგ კი საქართველოს გასაბჭოებამ მათი ცხოვრების გზა სამუდამოდ შეცვალა.

ლუკამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც მოგვიანებით ისტორიის ფაკულტეტსაც ხელმძღვანელობდა. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ქუთაისში უნივესტიტეტის ფილიალი გაიხსნა,  კოლეგებთან ერთად სამუშაოდ იქ გადავიდა. თუმცა, 1937 წლის 13 ივლისს ლუკა მოულოდნელად დააპატიმრეს… მეუღლემ, ნინა გუჩმაზაშვილმა, ეს ამბავი ბაკურიანში შეიტყო, 5 წლის ლეილა და 9 წლის ირაკლი ბინის მეპატრონეს დაუტოვა და სასწრაფოდ გაემგზავრა ქუთაისში, მაგრამ ვერც ქმარი ნახა და ვერც დაპატიმრების მიზეზი გამოარკვია. ბაკურიანში დაბრუნებულს საშინელი ამბავი დახვდა. ვირუსული მენინგიტით უგონოდ მყოფ ლეილას საავადმყოფოში ძლივს მიუსწრო. როგორც ექიმმა, საკუთარი პასუხისმგებლობით გამოიხსნა და თბილისში წამოიყვანა. მართალია, ლეილამ მას შემდეგ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ თავისი დაღი დაასვა და მარადიულ ბავშვად დარჩა.

ლუკა თბილისში გაასამართლეს, ათი წელი მიუსაჯეს და ურალზე, სოლიკამსკში გადაასახლეს. ბანაკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის კი ათი წელი დაუმატეს. ნინა ორჯერ წავიდა ლუკას სანახავად ციმბირში, სპეციალურად ჩაეწერა მოხალისე ექიმად, ტყვეებისა და ჯარისკაცების ეშელონების გამყოლად, გრძელი და მტანჯველი გზა გაიარა, მაგრამ ქმრის ნახვა ვერცხერთხელ ვერ მოახერხა.

ერთადერთი ხსნა და შვება კვლავ წერილები იყო, რომლის გამოგზავნის უფლებაც პატიმრებს  წელიწადში მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ, ხოლო საპასუხო ბარათები გადასახლებულებთან ძნელად თუ აღწევდა. იმისთვის, რომ დასჯილებს თავი სრულიად მარტო ეგრძნოთ და მეტად გაწამებულიყვნენ, ამანათებიდან ბარათებს იღებდნენ. შესაბამისად, ნინას წერილების უმეტესობამ ლუკამდე ვერც მიაღწია.

სხვა პოლიტიკური პატიმრების მსგავსად, ლუკა ციხისთავიც ძირითადად ხე-ტყის ჭრაზე და მშენებლობებზე მუშაობდა. საბოლოოდ კი ყარაგანდაში ჩაასახლეს და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩენა მიუსაჯეს… საყოველთაო რეაბილიტაციის  გამოცხადების შედეგად, 1956 წელს  ლუკა სამშობლოში დაბრუნდა. კვლევ სამეცნიერო საქმიანობას, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მონოგრაფიაზე მუშაობას, შეუდგა და წარსულს არასოდეს იხსენებდა.

ანკი როგორი გასახსენებელი იყო ის შემზარავი, დამამცირებელი და მტკივნეული ამბები, რაზეც ოცი წლის განმავლობაში დაუღალავად წერდა:

„ასეთია დღეს ჩემი და მრავალი ასიათასი და მილიონის – მონის ცხოვრება… ყოველ წუთს შებორკილი, შელანძღული, ყველას მიერ შეგინებული თუ შეუგინებლად მოძულებული, ტიტველი, მშიერი, მწყურვალი, გაყინული – აი ჩემი ბედის ადამიანის მოკლე მკრთალი სურათი.“

„უმუშევრად ყოფნა არ შეიძლება, ეს განსაკუთრებული ადგილია იშვიათი მხეცებისთვის.“

„ყოველ შემთხვევაში მონა ვარ, მაგრამ მონათმფლობელებს ვერ და არავითარ შემთხვევაში  არ მოუხრი ქედს.“

„ჩემი ცხოვრება ერთფეროვანია, ყოველგვარი შთაბეჭდილებებების გარეშე. დილით სამუშაოზე, საღამოს უკან, გვერდებიდან ხიშტები, ხელები უკან, თავზე. ზურგზე, წინ უშველებელი ნომრები.“

„როცა მიგზავნით, პაპიროსის მაგიერ თუთუნი გამომიგზავნეთ. პაპიროსი უფრო ძვირია, თუთუნი კი მეტი გამძლე. შავი ფანქარი ამაზე უკეთესი, რითაც ვწერ, კონვერტები და ღია ბარათები და თუ ძვირი არა ღირს ნუცუბიძის თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და ახალი რამე საქართველოს ან რუსეთის ისტორიიდან.“

„თითქოს მე ყველაფერს გაუძლებ და უძლებ კიდეც, ხოლო ჩემი მახლობელის უსიამოვნება- უბედურება, საშინლად მოქმედებს ჩემზე – ამიტომაა, რომ თქვენი ამბის კარგად ყოფნის უცოდინარობა ჩემს გაჭირვებათა შორის ყველაზე მეტად მოქმედებს.“

 

„ვერ გავიგე რისთვის, რაზედ, რა დანაშაულისთვის მსჯიან მეოთხედი საუკუნის მანძლზე, ერთხელ მაინც გამომიცხადონ, თუნდაც დამტკიცებულად, რომ ისჯები ამა და ამ საქმისთვის და სხვა.“

„ჩემი საქმე გაურკვეველ რებუსად ჩათვალეთ, თუ გვეღირსა შეხვედრა ამ რებუსს ადვილად გაარკვევთ, თუ არადა მაინც მომავალი იტყვის, შენ თუ არა ირაკლი და მისი შთამომავალი გაიგებს  – იყავი მხნედ, როგორც გჩვევია და სწიე უღელი მანამდე ძალა გაქვს.“

„მოკითხვა ყველას, ვისაც არ ეწყინება და არ შეეშინდება ჩემგან შემოთვლილი მოკითხვა.“

 

პორტრეტის ამბავი კი, რომლის გამოც კაბინეტში ყოფნა მერიდებოდა, ასე ყოფილა:

„ამ წერილთან ერთად გიგზავნით ჩემ სურათს ბანდეროლით. სექტემბერში ჩემდა დაუკითხავად, როდესაც საღამოხანს ეზოში ვიჯექი განმარტოებით, ერთმა ნაცნობმა დამხატა. თითქოს ცუდათ არ გამოუვიდა, ეგ არის ცოტა გასუქებულად გამომიყვანა…“

წლებია, თამუნა ვენაში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღის მისალოცად დავურეკე, ლუკას წერილების კითხვაში დამათენდა შენი დღე და იქნებ მცირე სტატიაც დავწერო-მეთქი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებაო… სიტყვებით არა, ხმით მივხვდი ყველაფერს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“