ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ისევ აურზაურიან სალხინეთზე

(ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“)

ერის წყლულის დაჩენაა საქართველოში მწერლობა. თუ ამ პირობას ვერ აკმაყოფილებ, მისიონერად ანუ მწერლად არ მიგიღებს ქვეყანა. ამიტომ ეს საქმე „მსხვერპლია და არა სეირი“ ჩვენში. ქართულ ტკივილებზე იმედიანი ნაღვლით მოსაუბრე მწერალია ნინია სადღობელაშვილიც და მისი „დაბადების დღე“ მშობელი ქვეყნის წყლულების კიდევ ერთხელ მოხილვა-დაამების მცდელობაა.

სათქმელს, რაც უნდა დიდი იყოს ის, ფორმაც თუ სათანადო არ შეურჩიე, კნინდება, პატარავდება, უფერულდება. ამ რომანის სიუჟეტური ფორმატი საინტერესო კრიმინალურ ქრონიკას ჰგავს, რომელიც 15 წლის ტყუპი, საკუთარ ქვეყანაშივე ლტოლვილი ძმის გაუჩინარების საქმეს მიჰყვება. ჩვენც ვხვდებით, რომ ამ ბავშვებთან ერთად მათი ქვეყანაც დავიწყებული, უარყოფილი და საპოვნელია მავანთათვის.

ხდება ისეც, რომ დროის ლოკალი თუ ბედისწერა გართმევს ბავშვობის ყველაზე ტკბილსა და ნეტარ ზღაპარს, რომელსაც მაშინღა იპოვი, როცა ამ დროის სიმძიმისგან გათავისუფლდები, ამავე დროში ან სულაც მარადისობაში. „იცით, ეგ ბავშვები ჩვენი სოფლიდან როგორ გამოვაქციეთ? მანქანის საბარგულში ჩავტენეთ, ძველი „ოპელი“ ჰყავდა ჩემ ქმარს, თივა ჩაუფინა ძირში და გვერდებში, რომ არ დაჭეჭყილიყვნენ. ბომბების წვიმა ისე გამოვიარეთ, ერთხელაც ვერსად გააჩერა, რომ ბავშვები გვენახა. არ ვიცოდით, ცოცხლები იყვნენ თუ არა, ან სიცხემ ხომ არ გაგუდა რომელიმე, ან რამე ხომ არ დაეცათ თავზე. რო ახადა ჩემმა ქმარმა საბარგულს, ერთი თავის გულისნარევში იწვა და მეორე თავზე ეფერებოდა, ლაპარაკი ჯერ არცერთმა არ იცოდა“ (11). – ამას ჰყვება ტყუპის დედა, რომელსაც ნერვული აშლილობა აქვს და ძირითად დეტალებს ძნელად იხსენებს. სანჩო ალეზე 17 წუთით უფროსია და ისინი გადაწყვეტენ, საკუთარი დაბადების დღე დაიბრუნონ, ალბათ თავიანთი თავებიც, გაცრუებული იმედებიც, რომლებიც თითქოს ქარში დაკარგულ, მოწყვეტილ ფრანებს წაჰყოლია.

ჩიტებს არ აქვთ საზღვრები, ამიტომ მათი თავისუფლება არ არის ისეთი ფიქტიური, როგორიც ადამიანებისა. ვერც მთებს მოიკიდებ ზურგზე და წაიღებ, ვერც ნახატივით გადახაზ-გადმოხაზაც შენსა თუ სხვისას: „აი, პაპაჩემის ნაოჭებს რო მივადგე და დავხაზო შავი ფლომასტერით – საზღვარს აქეთ არ გადმოხვიდეო, იმის ცხვირს რომ ვუთხრა ან წარბი გადავხაზო – შენი არ არი-მეთქი, ხო მიმაგინებს ერთი ხოშიანად“ (14). იმედია, მრუდე გლობალისტობას არ დამწამებთ და მიხვდებით, რომ ვიცი, შესაქმის პრინციპი სწორედ დასაზღვრაა. მაგრამ არის რაღაცები, რაც ისე საკრალურად შენია, რომ, ალეს პაპასავით, ცხვირი პირისგან არ გაიყოფა, – არც სამშობლო, „დედის ძუძუჲ“… ეს, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მარადიული მოცემულობაა და ბავშვმაც კი იცის. მაგრამ რაღაცა ყოველთვის ებრძვის ამ მარადიულსა და ამაღლებულს და „ჩიტი რომ გადაგიფრენს, იმანაც პასპორტი უნდა დააძროს საზღვარზე“, თორემ სხვისის მისაკუთრების ხარბ მსურველთა ტყვიას ვერც ის გადაურჩება.

ვიბადებით საკუთარი ქვეყნის ხატებით სულში, რომელიც მთელი ცხოვრება მოუშუშებელ ჭრილობად იქცევა ხოლმე. „სამი ათას წელზე მეტი გვიმღერია როგორც ერსა, ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსააა!..“ – უმღერის უცხოელ ტურისტებს მარშრუტკაში ალე, რომელსაც დიდად არ ეპიტნავება სიმღერა, ამიტომ რეპერტუარიც მწირი აქვს. ეს სიმღერა ჰგავს მის იმ თავგანწირულობას, სკვერში თავზე წამომდგარ მუტრუკებს ტყავის ზოლიან ბურთს რომ არ დაუთმობს და თავისი ბურთიანად ჰაერში ატაცებული, თვალდახუჭული ამღერდება. ასეა, „მრავალჟამიერის“ მღერა ვიცით ქართველებმა, დიდიან-პატარიანად, ამ მწუხარე ოპტიმიზმის თანდაყოლილ ფილოსოფიას ვერავინ წაგვართმევს.

ოპერატორად იმუშაოს, ფული მოაგროვოს და სახლი ააშენოს, – ეს არის ალეს ოცნება, რომელიც ასეთი არაბავშვური ფიქრებისთვის გაწირა სოციუმმა თუ საქვეყნო განაჩენმა (რომლის მთავარი ადრესანტი არასდროსაა ცნობილი, ფარსის „ფარდის“ მიღმაა). „იქა, ხეობაში, ჯერ ჩვენი სახლები ჩაფლეს მიწაში და ზედ ბეტეერები გადაატარეს, სალოცავები დაგვიხვრიტეს, როგორც ობოლი ბავშვები. ჩვენი ბიჭების ცხედრები მზეზე ზეზეურად აამძაღეს და ჩვენ აქ ინტერვიუებს ვიძლეოდით და ქვეყნიერებას ვეტრაბახებოდით რო რა მაგრები ვართ, თურმე ეს ყველაფერი იმად ღირდა, რო ბოლობოლო ყველას გაეგო, მტერი ვინ არი. ნახირი ვართ, აბა რა ვართ!“ (51) – ეს პერმანენტულმა ძნელბედობამ იცის, სიფხიზლის, აზრის სისაღის მოდუნება, და ამიტომ არა მარტო ტყუპი ძმის უბანში, ლამის მთელ საქართველოში დაიკარგა ბედნიერება, რეალობის განცდა. „ხანდახან კუდ ყოფნა რო მოგინდება, უფრო სწორად, ისეთი გამძლე და სანდო ბაკანი ზურგზე“ – კუებს კი ვგავართ აზრისა თუ განვითარების დინამიკით, „ბაკანი“ კი მხოლოდ განკერძოება, თვითჩაღრმავება იქნება თავისა და ერთმანეთის საპოვნელად, შემდგომი გაერთიანებისთვის…

ნაწარმოები სასაუბრო ენითაა ნაწერი უარყოფილი წესრიგის, რეალობის მარგინალურობის წარმოსაჩენად. „ჰოდა, რა ილია და რა აკაკი, თქვენი ჭირიმე, ფასადური გახდა ყველაფერი, ზედაპირზე ამოტივტივებული… ფასადური და ყალბი! კომუნისტებს დასცინიან და ამაზე მეტი კომუნიზმი რა გინდათ?“(61) – ეს არის ამბავი სამშობლოს ფასადის, ანფასისა თუ პროფილის ვეღარ ცნობისა, მასთან გაუცხოებისა. ადამიანებმა დაკარგეს უნარი, გაიგონ და გამოხატონ, რა აწუხებთ და ვეღარც მათ ხედავენ (როგორც ქრისტე ვერ იცნეს), ვინც გურამ რჩეულიშვილის გმირივით გუმბათიდან შემოუძახებს („მალე ლაპარაკსაც გადავეჩვევით ალბათ, დავრჩებით ტელეფონებისა და პლანშეტების ამარა და იქ ალბათ ადვილია, არ ვიცი…“). რომანის მთავრი პერსონაჟებიც ამ მძიმე სინამდვილის (საქვეყნოსი თუ უფრო მასშტაბურის) შვილები არიან („სიბრაზე ისე მერევა, როგორც მამაჩემს – ნელის ჯიხურში ნაყიდი ბანძი არაყი“). ისინი 15 წლის წინ დაიბადნენ („გაგანია ზამთარში ამ დედამიწაზე გავადინეთ ზღართანი და მერე ამ გაუთვალისწინებელი ფაქტის აღნიშვნა მოვინდომეთ“) და მათთვისაც არავის უკითხავს, უნდოდათ თუ არა, სუსტი მხრებით ეზიდათ რეალობის სიმძიმე. ეს უკანასკნელი იქნებ იმიტომაც არის ასეთი რთული, რომ თეთრის შავისგან გარჩევა ვისწავლოთ? – „ერთხელ ლილიკოს მისცეს დავალება – ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა დახატეო. ლილიკომ დახატა დიდი ლურჯი ცა და ზედ ბევრი, ბევრი მაწანწალა ძაღლი, რომლებიც ვარსკვლავებს ლოკავდნენ“ (72) – და ვარკვლავივით გაბრწყინება თუ ვერა, სხვისი სინათლის დანახვა მაინც შევძლოთ.

ხომ იცით, ძნელბედობისას ინტუიციური სიბრძნე უბრალო ადამიანებს რომ „მიაგნებს“ ხოლმე? აი, ასეთი პერსონაჟია დარაჯი „სიყვარულოვიჩი“ (მწერალი მას სახელს არ არქმევს, იმდენად ზოგადი და ტიპური სახეა კაცთა მოდგმისა, ცხოვრების გერებისა და მათი მიწაზე მყარად მიჯაჭვულობისა აუხდენელი ნატვრების გამო  – „ალალ იყოს ის ცრემლები ყველა აუხდენელი ნატვრისთვის!“) თავისი დილის ხუთი საათის ფილოსოფიით, კაცი, რომლის სახით დიდი მსახიობი დაიკარგა. თუმცა ის ხომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო, სპონტანურ და დაუგეგმავ სცენაზე დგას. სიბრძნის საძებნელად დერვიშებივით მოხეტიალე ძმებისთვის (იქნებ ეს გზის, მოგაზურობის პარადიგმაა) მისგან მიწვდილ არყის ჭიქაში ჩავარდნილი ქინქლა გაჭირვებით მიცურავს ნაპირისკენ და ბოლოს კედელს აეკვრება. ამ ქინქლას ვგავართ ალბათ, საბედისწერო ბანგივით თავისუფლების მბორგავ წიაღში დაკარგულები…

„- ყველანი ერთ ადგილას არ ვართ გაკვეხებულები, ჟრიამულა? არ მათქმევინო მაგ ადგილის სახელი.

– აიტ, სიყვარულოვიჩ! ამბობენ, დაერხა მაგ ერთ ადგილსაცო, უფრო დიდი ერთი ადგილი მოიწევს ჩვენკენ!

– აბა, გვიხალისია, ჟრიამულა…“(74)

ასე სულ აურზაურია „სალხინეთში“, სადაც მარადი და განუხორციელებელი ოცნებაა „ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ამიტომ ზოგი რაში ეძებს ხსნას, ზოგი – რაში, 5-6 წლის ნიაკოსავით, რომელსაც, როგორც თანამედროვე ბავშვს, აქვს არა მარტო პრაქტიკული გონება, არამედ პრაგმატული ოცნებაც, რომლის მატერიალიზაციას ესწრაფვის. მას უნდა, შექმნას ფისიქოლოგის აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც ყველას შეეძლება. ამ უკანასკნელს ერქმევა „პირადი ბალიში“ და ეს იქნება ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი – ზედგამოჭრილი აურზაურიანი სალხინეთისთვის.

დაბადების დღე უნდა დაიბრუნონ ძმებმა, როგორც დაკარგული ჩრდილი, რომელიც მაშინ გამუქდა უფსკრულივით, როცა სწორედ ამ დღეს მათი და ლილიკო, ქალაქში რომ ცხოვრობდა და მოცეკვავე იყო, კლუბში ნარკოტიკით მოიწამლა და გარდაიცვალა (ძმებს გულითო, უთხრეს, მაგრამ ბავშვის მოტყუება ასე ადვილი როდია)… ამ გზა-სიმბოლიკაში მათ თავგადასავლები ელით, რასაკვირველია, და, ასე და ამგვარად, მოხუცთა სახლში მოხვდებიან, რომელსაც „შემოდგომის ყვავილები“ ჰქვია (უფრო – მიწისკენ მოფარფატე ყვითელი ფოთლები). ჩემს გარდაცვლილ მეგობარს ერთი იდეა-ოცნება ჰქონდა: მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა გაერთიანებული სახლის დაარსება, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, როგორც ყველა მაღალი იდეა ამ დროითა და ამაოებით დასაზღვრულ წუთისოფელში, ესეც უტოპისტურია. ეს სიბრძნე ნინია სადღობელაშვილმაც იცის. მით უმეტეს, განუხორციელებელია ეს ისეთ „კაცი-სამინისტროების“ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია. პირველი, რაც ბიჭებს ამ მოვლილ და მოწესრიგებულ სახლში ცხვირში ეცემათ, მძაღე სუნია სიკვდილთან სიახლოვისა. სანჩოს აინტერესებს, რომელ ბლოკნოტში იწერს „თავისნათქვამა“ ღმერთი კაცთა ცხოვრების ნიუანსებსა თუ ლაფსუსებს („ხო, ხო, შენ, ცალი თვალით მაინც ჩამოგვხედე და ნახე, რას დაემსგავსა ეს შენი მოწყობილი სამყარო“). ეს ბავშვური პროტესტია სოციუმის აგრესიაზე, დაღად დასმულზე ჩვენი დღევანდელობისთვის, რომლის ბასრი სინამდვილე თითქმის ყველა თანამედროვე ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია.

მოხუცთა თავშესაფარში ბავშვები ეცნობიან აკაკი წერეთელს, რომელიც თურმე ილია ჭავჭავაძესაც იცნობს („მარა რაღაც არ გამოგვივიდა მეგობრობა, ვერ დავდექით პირველი სკოლის წინ პადრუჩკით“). თქვენს ასაკში დავით აღმაშენებელი მეფე გახდაო, კეთილად დასცინის ის ტყუპების ასაკს და ისიც მშვენივრად იცის, რომ დროის პაროდიის, სახელებით „ჟონგლიორობის“ მსხვერპლია თვითონაც. მაგრამ მომდევნო ციტატა უკვე გროტესკი თუ ბედის ბოროტი ირონიაა, რადგან ის ადამიანის მსგავს არსებას ეკუთვნის, რომელიც თავისნაირებისგან აშკარად გაუცხოებულია. აი, როგორია ამ კაეშნის აღმძვრელი პერსონის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ომი და მშვიდობის“ წევრის, ფსევდოიმედები (ასეთებიც არსებულა ჩვენს ბედკრულ სინამდვილეში): „ზუსტად უახლოეს დღეებში ვაპირებთ დიდი პროექტის განხორციელებას – „დევნილები დევნილებისთვის“ და აქაური ბავშვების ჩაცმულობით გვინდა გავაკეთოთ უპრეცედენტო ონლაინ-პლატფორმა მსოფლიოს სხვადასხა კუთხიდან დევნილი ბავშვების რეაბილიტაციისა და გართობის მიზნით. წარმოიდგინეთ – ყველა ბავშვი ერთად: ქართველი, პალესტინელი, სირიელი, ჩეჩენი, აფრიკელი და ა.შ. – ერთ ონლაინ სივრცეში ეცნობიან ერთმანეთს, უზიარებენ შთაბეჭდილებებს. საუბრობენ საკუთარ გამოცდილებებზე, იდენტობაზე, ტრადიციებზე!..“ (110) – ეს შავი ხვრელისთვის განწირული „იმედებია“.

ალე და სანჩო (ანუ ალექსანდრე, ერთად შეერთებული, პაპის სახელია) ბავშვი-რეალისტები არიან. ზუსტად ისეთები, ანდერსენის ზღაპრის ბოროტმა დედოფალმა რომ მოაჯადოვა, თვალში სინამდვილის მჭრელი ნამსხვრევებით. და ამ ბავშვებმა მშვენივრად, საკუთარი ასაკისთვის შეუფერებელი, უკვე ოცნებების უარყოფისა თუ მათი განხორციელების დაუჯერებლობის სიჯიუტით იციან, რომ ეს მოხუცთა ანუ უკვე წუთებადღა ნაქცევი ცხოვრების თავშესაფარია. აქ სულ ამ წუთებიდან გასვლის მოლოდინია, საკუთარი თავისთვის გამოგონილი მხიარულებისა და ახალდაქორწინებულთა მსუყე სუფრის მიღმა რომ გიყურებს მარად მშიერი თვალებით. ამიტომ ამ მოხუცებთან ყოფნა იქნება სიკვდილისა და სიცოცხლის, როგორც წყლისა და ცეცხლის მათთვის უინტერესო თამაში.

თუმცა როცა ბავშვი ხარ, რაღაცა ყოველთვისაა ძალიან საინტერესო. თუნდაც დავითგარეჯელ ბერებთან დამეგობრებული გველი აფროდიტე, ჩვილივით რომ ინაბება მოფერებისას. თუნდაც პატარა ლიზა, რომელიც გოგოსთვის შესაშური ოსტატობით მალავს, რომ გველებისა არ ეშინია. თუნდაც ის ნაღდი გრძნობა, რომელიც ორივე ძმას ამ გოგოსთან აკავშირებს: „ეს გოგო მუცელში მტკიოდა, ჭიპთან, სადაც, ჩემი წარმოდგენით, თავს იყრის ყველა სისხლძარღვი ერთად, ანუ არის სისხლის გენშტაბი, მთავარი ბაზა, იმიტომ ქვია ჭიპი – ანუ ყველაზე შუაში, ცენტრში, და ზუსტად იქ მტკიოდა ლიზა და ეს სირცხვილი რომ დამემალა, ამიტომ გადავწყვიტე, მტრად მოვკიდებოდი. და მე ეს ლიზა ახლაც მტკივა. ყელამდე“(123).

დამაჯერებელია თხრობა მაშინაც, როცა გვიყვება თანამედროვე და, ცოტა არ იყოს, სკეპტიკოსი ბავშვი და მაშინაც, როცა გვიყვება ნაწვალებცხოვრებაგამოვლილი მოხუცი. ამ მოხუცთა თავგადასავლები ცალკე, მინიმალისტური, მაგრამ სრულფასოვანი ნოველებია რომანში – ყველა ჩვენგანის აბსოლუტურად განსხვავებულად გავლილი საწუთროს ისტორიები. სანჩო ეუბნება ალეს: „შენ ძაან დაუძმაკაცდი ამათ… ჯერ ადრე ხო არაა შენი აქ დარჩენა, გაფუჭდები, ბიჭო“(139). მან იცის, რომ ბევრი ოცნებაა განუხორციელებელი და სიმბოლური, როგორც თუნდაც მოხუცი პალიკოსა და ვიქტორიას დაქორწინება – სასურველი, მაგრამ მტკივნეული ადამიანური აბსტრაქცია.

ნაწარმოებს ერთი მნიშვნელოვანი მთავარი გმირიც ჰყავს – ზღვა, რომელიც ბავშვებს არ უნახავთ, ისევე როგორც შეუბღალავი, პირველქმნილი სინამდვილე („მის ხმასაც კი ფერი აქვს“). ამიტომ მიისწრაფვიან მისკენ, რადგან ტრავმული ფსიქიკა აქვთ, „გამძაფრებული აღქმებით“, და ეს მათი „ყველაზე მშვენიერი ახირებაა“, პირველი დიდი თავგადასავალი, აკაკი წერეთლის აზრით. მაგიური მომენტებიც არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, ასეთი მომენტი დგება ტყუპისთვისაც სწორედ მათ დაბადების დღეს: „ეს აქოშინებული მონსტრი ჩემ წინ ისეთი მაგარი რამეა, ისე მიზიდავს, რო ტანსაცმლიანად შევრბივარ და ვყვირი თან რაც ძალი და ღონე მაქვს, ვღრიალებ მთელ ხმაზე და ვურტყამ წიხლებს ამ შავ ტალღებს და ისიც მებუღრავება, მეჯმუჯნება, გეგონება მარტოობისგან მოწყენილმა უცებ ვინმე გამრთობი ნახა და გამოცოცხლდა“(162) – ღამეა, ისევ გათენება და ისევ დაბადებაა, ღამის დამარცხება, მწერლის მინიშნებით, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

„- სიყვარულის მერე კიდევ რამეა, ლილიკო?..“

ეს ალე ეკითხება გარდაცვლილი დის ღამეულ ჩვენებას.

პასუხი ყველამ ვიცით ამ რიტორიკულ კითხვაზე: ეს ის ჰორიზონტია, რომლიდანაც „უცხო სამოთხეები“ გადაგვეშლება თვალწინ, რადგან სიყვარულია „ანიც“ და „ჰოეც“ ჩვენი ტკივილიანი არსებობისა.

ციტატები წიგნიდან – ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“, 2020, „ინტელექტი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  სერბული დღიური

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“