ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

მარადიული თემა

მშვენიერი საღამო გვქონდა გუშინ – დიდი, დიდი ხნის უნახავი კლასელები შევხვდით ერთმანეთს ჩვენთან, ჩემი და ზაზას მყუდრო სახლში პატარა, მეგობრული და მონატრებული ვახშამი გავმართეთ.

შემოდგომის წვიმიან საღამოს ძალიან მოუხდა აირღუმელიდან გამომავალი კომშის სურნელი, ქლიავსა და კომშთან ერთად შემწვარი კარტოფილიც გემრიელი იყო, სულგუნიანი ყაბაყის ნავებიც, ქლიავის ნამცხვარიც და შოკოლადის კექსიც. ვისხედით და სკოლას, ბავშვობას, ერთმანეთის გარეშე გატარებულ წლებს ვიხსენებდით. ჩვენს ასრულებულ თუ დავიწყებულ ოცნებებზე, შეცვლილ პროფესიებზე, სამსახურზე, შეყვარებულებზე, ქმრებზე, შვილებზე, წიგნებზე და მუსიკაზე ვლაპარაკობდით. მაგრამ ეს თავიდან, მერე, თავადაც ვერ მივხვდით, როგორ, საუბარმა ერთი მიმართულება მიიღო და ჩვენ, ყველანი სკოლაში დავბრუნდით…

– გახსოვს, იმ მასწავლებელს როგორი მწარე ხელი ჰქონდა? გახსოვს, დასვენებაზე მაგრად რომ ვიჩხუბეთ და ლამის ყურები ავახიეთ ერთმანეთს? გახსოვს, ჩვენი კორპუსის უკან რომ ვურტყით ერთმანეთს? გახსოვს, ის რომ მაგრად დაგცინოდა? გახსოვს, იმას რომ ძალიან დასცინოდი? გახსოვს, რაღაც უცნაური სახელი რომ შეგარქვეს და ძალიან გწყინდა? გახსოვს, ერთხელ რომ წაიქეცი და სიცილი დაგაყარეს? ის ჩვენი კლასელი გახსოვს, თმის უცნაური ფერის გამო რომ დასცინოდნენ? ის თუ გახსოვს, ერთი მასწავლებელი უცნაურ მეტსახელებს რომ გვეძახდა? ის გოგო არ გახსოვს, ფერადი და უცნაური სამოსი რომ ეცვა და ბიჭები დასცინოდნენ? გახსოვს, ნიუტონას რომ გეძახდნენ? გაკვეთილზე ხელის აწევის რომ გეშინოდა?  გახსოვს? გახსოვს? გახსოვს?

რამდენი მეტსახელი გავიხსენეთ, რამდენი დამცინავი თუ შეურაცხმყოფელი მიმართვა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების მერე 17 წელი გავიდა და ჩვენი მეხსიერება უამრავი სხვა მოვლენითა და თუ ფაქტით, გრძნობითა და შეგრძნებით შეივსო, სკოლის მოგონება მაინც უცვლელი დარჩა. დღემდე მახსოვს მარჯვენა ხელისგულის ოდნავი დაბუჟების შეგრძნება, როცა ერთ ბიჭს, რომელმაც „ძაღლიშვილი” მიწოდა, სილა გავაწანი. დღემდე მახსოვს, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ გარდაცვლილი მამაჩემი ასე არავის უხსენებია და მეორე იმიტომ, რომ იმ ბიჭს ლოყა მაგრად გაუწითლდა და რამდენიმე დღე ჩემი ხელის ანაბეჭდი ეტყობოდა.

ისიც მახსოვს, ვიღაცას თმის ფერის გამო რომ დასცინოდნენ, ვიღაცას მათემატიკის სიყვარულის, ვიღაცას მეტყველების დეფექტის ან სულაც იმის გამო, რომ ლექსებს სხვების მსგავსად ვერ იზეპირებდა…

17 წელია სკოლა დავამთავრე და მალე თორმეტი წელი გავა მას მერე, რაც ჩემი პირველი გაკვეთილი ჩავატარე. ყოველ სკოლაში, სადაც მიმუშავია, ყველა კლასში, რომელშიც შევსულვარ, პირველი და ყველაზე მტკივნეული იმის აღმოჩენა იყო, რომ აქაც ჩაგრავენ, აქაც დასცინიან და აქაც აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა.

რასაკვირველია, ყველა სკოლა, კლასი, შემთხვევა, მასწავლებელი, ბავშვი განსხვავებულია და ალბათ, ძნელია ისეთი გამოსავალი იპოვო, რომელიც ყველას მოერგება, მაგრამ მაინც, მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც ერთ-ერთი კონკრეტული მასწავლებლის გამოცდილება, აქტივობათა თანამიმდევრობა ბულინგთან ბრძოლის რთულ პროცესში.

მოკლედ, როგორ ვიქცევი მე, როდესაც საკლასო ბულინგის შემთხვევას ვაწყდები:

1.სულ თავიდან, აუცილებლად ვადგენ ჩემი მოქმედების გეგმას;

2.პირველ რიგში, ისე რომ მოსწავლეების ყურადღება არ მივიპყრო, ვცდილობ მაქსიმალურად მეტი გავარკვიო ძალადობის კონკრეტული შემთხვევის შესახებ, გავიგო მოძალადისა და მსხვერპლის, ძალადობის მიზეზის, მასში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეუმჩნევლად იმოქმედოთ, რომ არ დააფრთხოთ მოსწავლეები თქვენი აქტივობით და დანაშაულის დაფარვისკენ არ უბიძგოთ, მათ შეიძლება დროებით შეწყვიტონ მოქმედება, შეცვალონ მოქმედების ადგილი ანდა განსაკუთრებით სასტიკად დააშინონ მსხვერპლი;

3.როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ბავშვების ვინაობას ვიგებ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ვიწყებ მუშაობას მათთან სხვადასხვა საშუალებით:

ა. ინდივიდუალური საუბარი – მოძალადესა და მსხვერპლთან, სასურველი, მეტიც, აუცილებელია სკოლის ფსიქოლოგის ჩართვა პროცესში;

ბ. საუბარი კლასში, საგაკვეთილო პროცესში ძალადობის შესახებ მასალის ჩართვა;

გ. სხვადასხვა შემთხვევის განხილვა, დისკუსია;

დ. ფილმებისა და წიგნების შერჩევა არასაკლასო მუშაობისთვის;

4.მუშაობა მსხვერპლთან – ვმუშაობ მისი თვითშეფასების ამაღლებაზე, თავდაჯერებაზე, ვუფიქრებ ისეთ როლსა და აქტივობას, რომელიც განსაკუთრებით გაზრდის კლასში მის მიმართ პატივისცემას;

5.ვგეგმავ ექსკურსიებს, კინოსა თუ თეატრში, ან უბრალოდ პარკსა თუ კაფეში კლასის ერთად გასვლას. ვქმნი მაქსიმალურად ბუნებრივ, საინტერესო სიტუაციას, რომლის დროსაც უკეთ ვაკვირდები მოსწავლეების ქცევას.

6.მუშაობა მოძალადესთან – დიახ, არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა, მასაც სჭირდება დახმარება, ხშირად მოძალადე თავადაც მსხვერპლია, მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოექცეთ;

7.ყოველთვის, როდესაც ბულინგის შემთხვევას ვაწყდები, ერთგვარად ბეწვის ხიდზე დავდივარ, ჯერ ერთი, უნდა ვიმოქმედო ისე, რომ ბავშვები არ დავაფრთხო, მეორე – არ უნდა დავივიწყო სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების როლი, ოღონდაც განსაკუთრებით ფრთხილად, რადგან სიტუაცია მეტად ფაქიზია.  მათ მაშინ მივმართავ, როდესაც საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდები სიტუაციას, ოღონდ ისეც უნდა განვსაზღვრო, რომ დროში ძალიან არ გაიწელოს.
საუკეთესო მეთოდი ძალადობის პრევენციაა, რომელსაც ყველა მასწავლებელი წინასწარ უნდა გეგმავდეს აქტივობების მთელი ციკლის სახით, რომელშიც შევა კითხვის საათი, დისკუსია, ფილმის ჩვენება, თუნდაც სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა, სტუმრების მოწვევა და კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი, ყოველთვის ფხიზლად იყავით – თუ რომელიმე მოსწავლე მიზეზების გარეშე ცდილობს სკოლა გააცდინოს, სკოლაში არ მოუხარია, თუ კი რომელიმე მოსწავლე დანარჩენებს თვალს არ უსწორებს, ცდილობს უჩინარი იყოს, თუ კი არის ბავშვი, რომელსაც დასცინიან, თუკი არის ბავშვი – რომელიც დასცინის…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“