ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

არასწორი ვალდებულებები გოგონებისთვის

არ არის ლამაზი ასეთი მოკლე კაბებით და ვიწრო შარვლებით სიარული, კი გიხდება, მაგრამ მაინც; გვიანობამდე გარეთ რომ ხარ, რას იფიქრებს ხალხი? ამდენს რომ დადიხარ, ვის აქვს შენი თავი? ძალიან თავდაჯერებული ქალების ეშინიათ კაცებს, სუსტი გოგონები უფრო მოსწონთ; ნუ ტირი ყველაფერზე, არ არის ლამაზი; ნამეტანი არაფერი არ ვარგა, არც სწავლა, მით უმეტეს, გოგო ხარ, ოჯახზეც ხომ უნდა იფიქრო; მაგისტრატურაში ჩააბარე, ხარისხი მაინც მნიშვნელოვანია, რა იცი რაში გამოგადგეს; ორსულად ხომ არ ხარ? კიდევ ორსულად ხარ? ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ უნდა გქონდეს, შეიძლება არ გიყვარს, მაგრამ რა იცი, როდის გამოგადგეს; ნუ იტყვი, რომ წინა სამსახურიდან შენ თვითონ წამოხვედი, არასერიოზულის შთაბეჭდილება არ დაუტოვო პოტენციურ დამსაქმებელს; როდემდე შეიძლება იარო ჯინსით და კედებით, ქალს ხომ უნდა ჰგავდე; როგორ დადიხარ მაღალი ქუსლებით; ამ ბოლოს მოიმატე ხომ? გინდა კარგი დიეტა გასწავლო; ძალიან გახდი, კაცი ძაღლი კი არ არის, ძვლები რომ ღრღნას; დაცხა უკვე, თეთრი ფეხებით სიარული უხერხულია, რუჯი საჭიროა; როგორი შავი ხარ, ამდენიც არ შეიძლება, ოჯახის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება ძნელია. აბა ვის მოწონს ცოლი, რომელიც არასოდეს არ არის სახლში ან თანამშრომელი, რომელიც სულ ბავშვებზე ფიქრობს და ასე დაუსრულებლად…

ალბათ მსოფლიოს ყველა წერტილში ისმენენ გოგონები მსგავს შეგონებებს სხვა გოგონებისგან, დედებისგან, მასწავლებლებისგან, მეზობლებისგან, უბრალო ნაცნობებისგან, ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც სხვის საქმეში ჩარევა არ ეზარება, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ქცევის მართვა მისი საქმეა. როგორც წესი, ამ შეგონებებს მეტი დამარჯერებლობისთვის ერთი საერთო ლაიტმოტივი გასდევს – ასეთი ნუ იქნები, ასეთები კაცებს არ მოწონთ და მსოფლიოს ყველა წერტილში გოგონები იწყებენ ფიქრს იმაზე, როგორები იყვნენ, რომ კაცებს მოეწონოთ. გოგონების უმეტესობა ადვილად ივიწყებს, რომ პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს კომფორტულად საკუთარ თავთან და შემდეგ წამოიწყოს ფლირტი სხვებთან. გოგონების უმეტესობას საკუთარი თავის პატივისცემას ბევრი არავინ ასწავლის. პრინციპში, არც ბიჭებს.

უარყოფას აზრი არ აქვს, მეც მომისმენია რჩევები იმის შესახებ, როგორი უნდა ვიყო, რას ვაკეთებ არასწორად, რა შეიძლება არ მოეწონოს პოტენციურ პარტნიორს და ა.შ. მომისმენია ძალიან ახლობლებისგანაც და უბრალო ნაცნობებისგანაც. მეტიც, სანამ ის ბიჭი შემიყვარდებოდა, რომელიც ახლა ჩემი შვილების მამაა, შეწუხებულს რამდენჯერმე იმაზეც კი მიფიქრია, მართლაც პრობლემური ხომ არ არის ჩემი ესა თუ ის ქცევა, ხომ არ სჯობს, რამე შევცვალო-მეთქი. ახლა ვხვდები როგორი სისულელეა, როგორი შეურაცხყოფაა საკუთარი თავის კორექტირება იმაზე ფიქრით, რომ ვიღაცისთვის სასურველი გახდები და კიდევ უფრო მეტად თანაუგრძნობ გოგონებს, რომლებსაც ასეთი ქცევისკენ მოუწოდებენ. მათი უმეტესობა ხომ ასეთ რჩევებს სულაც არ თვლის მათ საქმეში ჩარევად, შეურაცხყოფად.
ცოტა ხნის წინ ერთი გადასარევი წიგნი წავიკითხე, ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდა”, რომლის მთავარ გმირსაც ცხოვრების განმავლობაში ორი გოგონა უყვარდება, ერთი სტუდენტობისას, ერთი უფრო მოგვიანებით. ეს ორი გოგონა არაფრით არ ჰგავს ერთმანეთს. ერთი სრულიად არაპროგნოზირებადია, ცოტა თავქარიანი, ტვინს ურევს ამ ტიპს, ვერაფერს ვერ იგებო, ეჩიჩინება, ისიც იჯერებს და მაინც, მიუხედავად სირთულეებისა, უყვარს, მთელი არსებით. მეორე მოწესრიგებულია, ყველა დეტალი გათვლილი აქვს, ზუსტად არჩევს სათქმელ სიტყვებს, კარგად იცის, რა უნდა და როგორ და ასე შემდეგ. ესეც მთელი არსებით უყვარს, დაშორების მერეც საუკეთესო მეგობრებად რჩებიან, ყველაზე კარგად ესმით ერთმანეთის, მოკლედ, ამ კარგ წიგნსა და გადასარევ ავტორზე ბევრი სხვა რამის თქმაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ამბავი აუცილებელი საკითხავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც გონია, რომ კაცებისთვის თავის მოსაწონებლად, რაიმენაირი უნდა იყო.

ტონი უებსტერის ნარატივი მხოლოდ გოგონებისთვის არა, ბიჭებისთვისაც საყურადღებოა. მათაც ხომ აიძულებს საზოგადოებრივი წნეხი თავი მაჩოებად წარმოადგინონ, თავდაჯერებული იყვნენ, არაფრის შეეშინდეთ, ცხოვრების განმავლობაში ბევრ გოგონასთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. ეს კიდევ დგას და ყვება, როგორი უძლურები ვართ ადამიანების დროის, სიყვარულის, სიკვდილის, ავადმყოფობის, სასოწარკვეთის განცდის, საკუთარი მეხსიერების წინაშე, როგორი მყიფეა გარემო ჩვენ გარშემო და რა ცოტაა ისეთი რამეები, რასაც შეიძლება დაეყრდნო. იმდენად კარგად არის დაწერილი ამბავი, ისეთი გულწრფელია მთავარი გმირი, ისე კარგად ყვება თავისი სისუსტეების და უერთიერთობების სირთულეების შესახებ. კითხვის პარალელურად იწყებ ფიქრს, როგორ გადარჩე, როგორ გიყვარდეს, როგორი მეგობარი იყო, როგორი ხალხი გჭირდება გარშემო და ხვდები, რომ საკუთარი თავის კორექტირებაზე ფიქრი სისულელეა, იმდენ რამეზე ხარჯავ ადამიანი დროს და რესურსებს, რომ სწორედ შენ უნდა იყო ის, ვისაც ენდობი, ვისაც ესაუბრები, ვისიც გჯერა, რომ გადარჩე.
ამიტომ ალბათ მათ, ვინც საკუთარ თავთან ჰარნომიულად ცხოვრების ფასი დავინახეთ, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ არასწორ ვალდებულებებზე, რასაც გოგონებს (და პრინციპში ბიჭებსაც) ვაკისრებთ ხოლმე, რომ მეტმა ადამიანმა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება, ლაღი ურთიერთობები, მყარად დგომა, დროსთან და საზოგადოებრივ წნეხთან გამკლავება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი