ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

როგორ გავაუმჯობესოთ თანამშრომლობითი საკლასო გარემო ურთიერთშეფასების რეგულარული გამოყენებით

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების ახალი სახით ორგანიზებაში დიდი წვლილი შეაქვს თანამშრომლობითი მეთოდების აქტიურ გამოყენებას. ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ სოციალიზაციისა და კომუნიკაციისთვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარები (საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და დაცვის, სხვისი აზრებისა და შეხედულებების პატივისცემის, საერთო გამოცდილებიდან გამოცდილების შეძენის, კითხვის დასმის, აქტიური მოსმენის, თხრობის, მიღებული ინფორმაციის გადამუშავების, ადეკვატური საპასუხო რეაქციის და სხვ.). ეს ვერ მოხდება მოსწავლეთა ურთიერთშეფასების გარეშე, რადგან თანამშრომლობითი სწავლება და მოსწავლეთა ურთიერთშეფასება ერთი ჯაჭვის სხვადასხვა ბოლოა. მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა, ამიტომ აქტუალურია, შევისწავლოთ, რა გავლენას ახდენს ურთიერთშეფასების რეგულარული გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის დონის ამაღლებაზე და როგორ ეხმარება ის მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში; გამოვკვეთოთ მიდგომები, რომლებზე დაყრდნობითაც მასწავლებელს შეეძლება, განუვითაროს მოსწავლეებს თანამშრომლობისა და ურთიერთშეფასებისთვის (რაც თავის თავში მოიცავს თვითშეფასებსაც) საჭირო უნარები; ვიპოვოთ ის ოპტიმალური გზები და საშუალებები, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი საკლასო გარემოს გაუმჯობესებას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე დაიგეგმა და განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანი იყო იმის შესწავლა, როგორ გააუმჯობესებდა თანამშრომლობით საკლასო გარემოს ურთიერთშეფასების რეგულარული გამოყენება. კვლევაში მონაწილეობდნენ სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის N3 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები (127 მოსწავლე) და მასწავლებლები (მათ შორის – 6 დამრიგებელიც).

კვლევა ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფორმატის დაცვით: წინასწარი დიაგნოსტიკა; ჩაღრმავებული ინტერვიუ დამრიგებლებთან; მასწავლებელთა და მოსწავლეთა ანკეტირება (მასწავლებლების გამოკითხვისთვის დაიგეგმა ანკეტირება მარტივი მეთოდის გამოყენებით – „ამოირჩიეთ მხოლოდ ერთი პასუხი“; მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობის დონის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა სადიაგნოსტიკო ტესტი/კითხვარი „თანამშრომლობის დონე კლასში“, რომელიც მოიცავდა 20 კითხვას თავისი მტკიცებულებებით. კითხვები ძირითადად იყო დახურული, ანონიმური). საზოგადოდ, გამოკვეთილი იყო რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტების გამართულობა.

კვლევის ძირითადმა დასკვნებმა აჩვენა, რომ:

  • მოსწავლეებს შორის ერთი შეხედვით მეგობრული ურთიერთობები იყო, თუმცა მასწავლებელთა მიერ განხორციელებული აქტივობები არ ემსახურებოდა თანამშრომლობით ურთიერთობებზე დამყარებული საკლასო გარემოს ჩამოყალიბებას და ძირითადად მიმართული გახლდათ კონკურენტუნარიანი სასწავლო გარემოს ფორმირებაზე; ურთიერთშეფასებას მასწავლებლები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ სასწავლო პროცესში, თუმცა მიზნობრივად თანამშრომლობითი დონის გაზრდისთვის – არა; მასწავლებლები აღიარებდნენ, რომ თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესება აუცილებელი იყო; მეოთხეკლასელებთან არსებული სიტუაციაც მიუთითებდა, რომ ეს შეიძლებოდა განხორციელებულიყო ურთიერთშეფასების რეგულარული, აქტიური გამოყენებით.

თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესებისთვის დაიგეგმა ინტერვენციები – ურთიერთშეფასება რეგულარულად უნდა ყოფილიყო გამოყენებული სასწავლო პროცესში. გადაწყდა, რომ:

  • ინტერვენციები განხორციელდებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის, „მე და საზოგადოების“, მუსიკის საგნობრივი დისციპლინების მიმართულებით: ინტერვენციების ეტაპზე მოსწავლეები 5 კვირის განმავლობაში რეგულარულად იმუშავებდნენ ურთიერთშეფასებაზე და ამ მიზნით გამოიყენებდნენ კვლევის ჯგუფის მიერ შეთავაზებულ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს – „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომას; ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა ანკეტირების გზით ხელახლა შემოწმდებოდა კლასში თანამშრომლობითი გარემო და მოხდებოდა შედეგების ინტერპრეტაცია.

საზოგადოდ, „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომის გამოყენებისას – განმავითარებელი შეფასების ეს ინსტრუმენტი ადაპტირებულია პროექტის Assessment Tools for new learning environments in higher education institutions /ASSET (Erasmus +) ფარგლებში[1] – მოსწავლეები ქმნიან „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფებს და ჯგუფის წევრებსაც ირჩევენ თავისუფალი არჩევანის პრინციპით. თუ მოსწავლეებს გაუჭირდათ არჩევნის გაკეთება, ჯგუფები შემთხვევითობის პრინციპით ფორმირდება. ისინი შეიძლება იყოს დიდი და საშუალო ზომის (თითოეულში ერთიანდება 4-დან 8 მოსწავლემდე). მათი ფორმირებისთანავე წევრები თანხმდებიან მუშაობის ძირითად პრინციპებზე და დებენ ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებას ისეთი პრინციპების გამოყენების შესახებ, როგორიცაა: ჯანსაღი კრიტიკა, მიმღებლობა, ერთგულება, გულწრფელობა, ვალდებულების აღება, ანონიმურობა, საიმედოობა.

მასწავლებლებთან შეხვედრაზე პრაქტიკის კვლევის ჯგუფმა განიხილა „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომის თეორიული მხარე. შეჯერდნენ მიდგომის მოდიფიცირებულ ვარიანტზე. შემდეგ ეს იდეა წარუდგინეს მოსწავლეებს, რომლებმაც აქტიური მზაობა გამოხატეს „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფების შექმნისა და შეთავაზებული მიდგომის შესაბამისად მუშაობისთვის.

„კრიტიკული მეგობრის“ მიდგომის მოდიფიცირებული ვარიანტი დაწყებითი კლასებისთვის მოიცავდა შემდეგ დეტალებს:

  • მუშაობის დაწყებამდე „შეთანხმების“ გაფორმებას, რომელშიც მითითებული იქნებოდა მუშაობის პრინციპები, წევრების შესახებ ინფორმაცია, შეხვედრების სიხშირე და პრობლემების მოგვარების გზები. შეთანახმებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამით გამოიკვეთა ჯგუფის წევრების მზაობა – რეალურად დახმარებოდნენ პრობლემის მქონე თანაკლასელს და თავიდან აეცილებინათ ისეთი რისკები, როგორიცაა ჯგუფში მუშაობისთვის თავის არიდება და სხვ.
  • შეხვედრების დასრულების შემდეგ „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფის წევრები შეავსებდნენ „შეხვედრის დაკვირვებისა და ურთიერთშეფასების სქემას“, როგორც ურთიერთშეფასების ერთგვარ ფორმას (იხ. დანართი 1).

დანართი 1.

ინტერვენციები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჯგუფებში მუშაობა მიმდინარეობდა „შეთანხმების“ პირობის მიხედვით. „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფის შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა მასწავლებელი.

„კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფების მიერ განხორციელებულ აქტივობათა ნიმუშები:

 

მრავალფეროვანი სამუშაო ჩაატარეს მასწავლებლებმაც/დამრიგებლებმაც.

  • მათ შეიმუშავეს სამუშაო გეგმა მოსწავლეებთან ერთად (მაგალითად, სასვენი ნიშნები მოსწავლეებთან ერთად განათავსეს ფორმატზე და სხვადასხვა ფერის ფლომასტერებით წერდნენ ნიშნებს, აქტივობა უფრო იოლად აღსაქმელი და ხანგძლივად დამახსოვრებაზე გათვლილი რომ ყოფილიყო; დაამზადეს სხვადასხვა ფერის ბარათები ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, რომლებზეც გამოსახეს ნოტებისა და პაუზების სიმბოლოები და ა.შ.); „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფის წევრებთან ერთად არჩევდნენ წინადადებებს სავარჯიშოდ, თვალს ადევნებდნენ მუშაობის პროცესს, შეჰქონდათ შესწორებები, აძლევდნენ მარტივ მითითებებს და აკვირდებოდნენ, ყველა ჩართული იყო თუ არა, რომელი გზა უფრო ეფექტური აღამოჩნდებოდა, აძლევდნენ მიმართულებას; აკვირდებოდნენ, რამდენად მიმღები იყო პრობლემის მქონე მოსწავლე მიმდინარე აქტივობისას, ენდობოდა თუ არა კრიტიკულ მეგობრებს, იზრდებოდა თუ არა მისი ნდობა; ითვალისწინებდნენ პრობლემების მქონე მოსწავლეთა ინტერესებს და ახალისებდნენ ჯგუფის წევრების მონდომებასა და აქტიურობას; ეხმარებოდნენ რესურსების შერჩევაში (მოსწავლის შესაძლებლობის მიხედვით ადაპტირება – პირობის გამარტივება); აწარმოებდნენ აქტიურ მონიტორინგს.

ინტერვიუების დროს გამოიკვეთა, რომ:

  • როგორც წარჩინებული, ისე სუსტი მოსწრების მქონე მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფებში დაგეგმილ აქტივობებში;
  • თითოეულ აქტივობას მოსდევდა „კრიტიკული მეგობრების“ მხრიდან შედეგების შეჯამება, რაც მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების სრულყოფისთვის თვალის გადევნების საშუალებას იძლეოდა.

 

„კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფის აქტიური მუშაობისა და „შეხვედრისა და დაკვირვებისა სქემების“ (როგორც ურთიერთშეფასების ფორმის) გამოყენების შემდეგ კიდევ ერთხელ ჩატარდა მოსწავლეთა ანკეტირება კლასში თანამშრომლობითი დონის დასადგენად. სულ გამოიკითხა 143 მოსწავლე. შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა თანამშრომლობითი დონე კლასში წინა მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული. ამას მოწმობს ანკეტირების შედეგებში თანამშრომლობითი ურთიერთობის ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა:

  • ერთმანეთის მხარდაჭერა – 91.6%;
  • კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ – 60.8%;
  • პრინციპულობა და ერთმანეთის მიმართ მომთხოვნელობა – 66.4%;
  • პასუხისმგებლობების გადანაწილებისთვის მზაობა – 82.5%;
  • თანაგანცდა – 84.6%;
  • ზოგადად, კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან – 64.3%;
  • ერთმანეთის აღიარება და თავისუფალ დროს ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილი – 91.6%;
  • კლასში ერთმანეთთან ურთიერთობით მიღებული კმაყოფილება – 95.8%.

გამოიყო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც – „ქცევის წესების დაცვა“ და „სამართლიანობა“. კვლევის პირველ ეტაპზე ისინი საკმაოდ პრობლემური ჩანდა, რადგან მოსწავლეთა 60-71% მიუთითებდა ამ პრობლემაზე, ანუ რეალური, ჯანსაღი თანამშრომლობითი გარემოს შესაქმნელად ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. ბოლო ანკეტირების მიხედვით კი „ქცევის წესების დაცვა“ პრობლემად მიიჩნია 40.6%-მა, ხოლო სამართლიანობა“ – 18.9%-მა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ:

  • თანამშრომლობითი საკლასო გარემო რეალურად გაუმჯობესდა მოსწავლეთა ურთიერთშეფასების რეგულარული გამოყენებით;
  • „კრიტიკული მეგობრების ჯგუფის“ მიდგომამ რეალურად შეუწყო ხელი მოსწავლეების აქტიურ თანამშრომლობას, ურთიერთშეფასებას და, შესაბამისად, სწორ თვითშეფასებას.

ურთიერთშეფასებების გამოყენებამ:

  • რეალურად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, გააუმჯობესა თანამშრომლობითი გარემო, ჩამოაყალიბა გაცილებით ხალისიანი და სანდო ურთიერთობები; ხელი შეუწყო სწავლის მიზნობრიობას, კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და პრობლემის გადაჭრაში თანამშრომლობითი კომპონენტის უპირატესობის გამოკვეთას;
  • „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფებში მუშაობამ გაზარდა სასკოლო საზოგადოების ინტერესი ურთიერთშეფასების (როგორც განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის) აქტიური გამოყენების მიმართ;
  • ასევე გაიზარდა სსსმ მოსწავლეთა ჩართულობა საკლასო ცხოვრებაში და მათი ინკლუზიურობა;
  • კვლევამ დაადასტურა უნივერსიტეტისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ეფექტიანობა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობა.

ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთშეფასება ბუნებრივი გზაა მასწავლებელზე ორიენტირებული განათლებიდან მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების მოდელისაკენ. ამ გზას მივყავართ მოსწავლეთა ჩართულობისა და პასუხისმგებლობის ზრდისკენ, მეტაკოგნიტიური უნარების გავითარებისკენ. ის ხელს უწყობს სწავლების ეფექტიანობას და წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში.

[1] „განმავითარებელი შეფასების  ინსტრუმენტები – კრიტიკული  მეგობრის მიდგომა“ (ს. ლობჟანიძე, ე. ტყავაშვილი, მ. კირვალიძე, ი. იცკოვიჩი, ა. ვაინბერგერი, ჰ. ჰუბერი, ი. ბარათაშვილი, გ, ჯანოვა. სახელმძღვანელო. 2020).

„განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები – კრიტიკული მეგობრის მიდგომა“ https://bc8d9692-060d-4b80-a21c 2607915fb762.filesusr.com/ugd/c8a426_1302c560d2174cec8cc55886f8f1cc7f.pdf/ )

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“