კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

პოსტმოდერნისტული ნიშნების ანალიზი ჟოზე სარამაგუს რომან „იესოს სახარებაში“

კრიტიკულ-ანალიტიკური ესეის მიზანია, გამოკვეთოს რამდენიმე პოსტმოდერნისტული მახასიათებელი ჟოზე სარამაგუს რომანში „იესოს სახარება“. უფრო კონკრეტულად, ძირითადად სამი ნიშანი იქნება განხილული. ეს ნიშნებია: ირონიზება-პაროდირება, ინტერტექსტუალობა, სიმულაკრა. აქვე აღვნიშნავ, რომ აქ საუბარი არ არის იმ რომანზე, რომელიც პოსტმოდერნისტული თეორიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს (როგორც, ვთქვათ, იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ ან თუნდაც პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“). შევეცდები, ამ რომანის ინტერპრეტაციას ხორცი შევასხა პოსტმოდერნისტული თეორიის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. ამის უფლებას თავს იმიტომ ვაძლევ, რომ წიგნი პოსტმოდერნისტულ კონტექსტში, 1991 წელს გამოიცა – პოსტმოდერნისტული ხელოვნების აყვავების პერიოდში, და შეუძლებელია, მასში (მიუხედავად იმისა, რომ პირველი საუკუნის მოვლენებია აღწერილი) არ ასახულიყო პოსტმოდერნული ეპოქის სულისკვეთება და პოსტმოდერნისტული ხელოვნების გავლენა. სწორედ ამ გარემოებამ მიბიძგა, რომანი განმეხილა პოსტმოდერნისტული თეორიის მიხედვით, თორემ ცალკეულ შემთხვევებში პოსტმოდერნისტული ელემენტების ამოკითხვა ანტიკური ეპოქის ტექსტებშიც კი შეიძლება (მაგ., ლუკიანოსის „ქებათა ქება ბუზს“ ან ფსევდო-ლონგინეს „ამაღლებულისათვის“).

რომანში თავიდანვე ვლინდება პოსტმოდერნისტული ტექსტისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი. თხრობა იწყება ბოლოდან, გოლგოთის სცენიდან, და წიგნი ამავე სცენით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ თხრობა დინამიკურია (რაც სარამაგუს სტილისთვის არის დამახასიათებელი), დასაწყისში ჯვარცმის სცენა სტატიკურად არის გამოხატული. ყველა პერსონაჟი (ჯვარცმული ქრისტე, იოსებ არიმათიელი, მზე ადამიანის სახით, მარიამი იესოს დედა და კიდევ სამი მარიამი) გაშეშებულია. გამოყენებულია თხრობის ფრესკული მეთოდი. წარმოვიდგინოთ რენესანსის ეპოქის რომელიმე იტალიელი ოსტატის გრავიურა, საიდანაც ავტორი პირდაპირ „იხატავს“ სცენას, მკითხველს კი ზედხედიდან აღაქმევინებს და აახლოებს გოლგოთის მისტერიას. სიტყვების ოსტატური გამოყენებით მიღწეულია გოლგოთის სცენის შთამბეჭდავი ვიზუალიზაცია. შემდეგ პერსონაჟები ნელ-ნელა ამოძრავდებიან.

თხრობის დასაწყისშივე გვხვდება ასეთი ფრაზა: „ყველაფერი, რასაც აღვწერთ, სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ წინაშე მხოლოდ ფურცელი და საღებავია“. ეს წინადადება წიგნში აღწერილი მოვლენების პირობითობაში გვარწმუნებს და საეჭვოს ხდის ორიგინალის (სახარებებში აღწერილი ამბების, რაც, წესით, ამ წიგნის პირველწყარო უნდა იყოს) ავთენტურობას. წარმოვიდგინოთ ცარიელი ქაღალდი და საღებავი, ჩვენ ვიღებთ საწერკალამს (ან ფუნჯს) და ვიწყებთ ფურცლის შევსებას აღმნიშვნელებით, ესე იგი, აღმნიშვნელებით ვქმნით აღსანიშნებს, ანუ ასლების წარმოებით ვქმნით ორიგინალს. აქ უნდა გავიხსენოთ ჟაკ დერიდას ცნობილი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „ორიგინალის იდეა ასლების მეშვეობით წარმოიქმნება“. ამ აზრის კომენტირებისას ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე ჯონათან ქალერი აღნიშნავს: „ტექსტები შეიძლება იმას ამტკიცებდნენ, რომ რეალობა აღმნიშვნელის მიმართ პირველადია, მაგრამ სინამდვილეში ადასტურებენ დერიდას ცნობილი თეზისის ჭეშმარიტებას: Il n’y a pas de hors-texte (არაფერი არსებობს ტექსტის მიღმა)“. ტექსტის კითხვის განმავლობაში მკითხველს არ ტოვებს განცდა, რომ ორიგინალი გაურბის, ვერ იხელთებს, ვერასოდეს სწვდება მას.

რომანში თავიდანვე იჭრება ირონიულ-პაროდიული თხრობის მძლავრი ნაკადი და ეს სტილი რომანს ძირითად ხაზად გასდევს. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველა სახარებისეული პასაჟი ამოტრიალებული და ტრაგიკულად ირონიზებულია. მკითხველს გაახსენდება გენიალური ფიზიკოსის ნილს ბორის ცნობილი გამონათქვამი: „ზოგი რამ იმდენად სერიოზულია, მასზე მხოლოდ ხუმრობით შეიძლება ლაპარაკი“. მოკლედ განვსაზღვროთ რას გულისხმობს ირონიულ-პაროდიული სტილი პოსტმოდერნიზმში. თანამედროვე ქართველი ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია თავის სტატიაში „პოსტმოდერნიზმი“ ამბობს: „ირონია წარმოადგენს პოსტმოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთ ძირითად ემოციურ ფონს. აქ არაფერი მიეწოდება რეციპიენტს პირდაპირი ფორმით, ანუ არაფერი იქმნება შინაარსთან პირდაპირ შესაბამისობაში“. იჰაბ ჰასანი კი აღნიშნავს: „როცა სამყარო აუტანელი ხდება, გონებას შეუძლია მიმართოს რადიკალურ ირონიას, რათა წარმოაჩინოს ხელოვნება მის უკიდურეს ზღვარზე.“ პოსტმოდერნიზმის კიდევ ერთი არსებითი მახასიათებელი პაროდირებაა. პაროდია, კლასიკური განსაზღვრებით, ბაძვის საგნის დამახინჯებული იმიტაციაა მისი დამცირების მიზნით. ამგვარ სატირულ იმიტაციას პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსებმა შინაარსი ოდნავ შეუცვალეს და უწოდეს „პასტიში“ (იტალ. Pasticcio. სხვა ნაწარმოებების ნაწყვეტებისგან შემდგარი ოპერა). ეს არის სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ირონიული გაერთიანება ერთ ტექსტში. ფრედრიკ ჯეიმსონი პასტიშს განსაზღვრავს როგორც „ცარიელ ირონიას“ ან „ცარიელ პაროდიას“, სადაც არ არსებობს არანაირი პირველადობა, იერარქიულობა და ა. შ. „იესოს სახარება“ დასაწყისიდანვე მიჰყვება ამ თეორიული წანამძღვრების ხაზს. მეორე გვერდიდან თხრობაში შემოდიან მარიამები. ავტორი სტილური და ჟანრული თამაშებით დიდი ოსტატობით ახასიათებს ამ ოთხეულს. ერთი მარიამი იესოს დედაა, ეს გასაგებია, მაგრამ დანარჩენი სამი ვიღაა? მეორე მარიამის ვინაობასაც გვიმხელს ავტორი: „ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ელემენტარულ ცხოვრებისეულ საკითხებში, ისედაც ერთი შეხედვით ამოიცნობს ამ ქალში სახელგანთქმულ მაგდალელს, რამეთუ მისებრ ბობოქარი წარსულის მქონე უნდა იყო, ამ ტრაგიკულ წუთებში ასე ღრმად გულამოღებული კაბითა და ვიწრო ლიფით გამოცხადდე…“ მეორე მარიამის ვინაობა გავარკვიეთ. ვინ არის დანარჩენი ორი მარიამი? პირველი თავის ბოლოს დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ ის ორი მარიამიც მარიამ მაგდალელია. ესე იგი ავტორმა დაახასიათა სამი მარიამი, რომელიც სინამდვილეში ერთი მარიამ მაგდალელია. რაში დასჭირდა ეს? რისი ირონიზება სცადა ამით? ვინც ერკვევა შუა საუკუნეების თეოლოგიურ დავებში, ეცოდინება, რომ არსებობდა სამი მაგდალელის პარადოქსი. შუა საუკუნეებში გაცხარებული დავა მიმდინარეობდა ამ საკითხზე. სწორედ ამ და ასეთი უსაზრისო (მაგ.: ჰქონდა თუ არა ადამს ჭიპი ან რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე და ა. შ) სქოლასტიკური დავების ირონიზება-პაროდირება იყო ავტორის მიზანი.

რომანში ასახული სახარებისეული მოვლენების პაროდირების კიდევ სამ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას. „ახალი აღთქმიდან“ ვიცით, რომ იესომ ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა. სარამაგუ ამ მოვლენას ასე გადმოგვცემს: როდესაც იესო და მარიამ მაგდალელი სასიყვარულო ურთიერთობის (ამ მოვლენას ქვემოთ დავუბრუნდები) შემდეგ იუდეის ბეთანიაში დაბრუნდებიან, იქ დახვდებათ მაგდალელის და-ძმა – მართა და ლაზარე (სარამაგუს მიხედვით, ლაზარეს და მარიამი და მარიამ მაგდალელი ერთი და იგივე პიროვნებაა). ლაზარე ცუდადაა, სული ეხუთება. იესო მას განკურნავს და აქ შემოდის ირონიულ-პაროდიული ელემენტი. იესოს მიერ განკურნებული ლაზარე ძალიან მალე იღუპება. იესო მიდის მის აღსადგენად და როდესაც უნდა ეთქვა: „აღსდექ, ლაზარე!“ – და ლაზარეც წამოდგებოდა, რამეთუ ღმერთი ისურვებდა, სულ ბოლო წამს მარიამ მაგდალელმა მხარზე ხელი დაადო და უთხრა: არავინაა ამქვეყნად ისე ცოდვილი, რომ ორჯერ მოკვდეს“. ფაქტობრივად, მარიამმა არ დაანება იესოს თავისი ძმის გაცოცხლება, ვერ გაიმეტა ის მეორედ სიკვდილისთვის – აკი ცოტა ხნის წინ განკურნებული ლაზარე მალევე მოკვდა. ავტორმაც და პერსონაჟმაც ამით ირონიულად მიანიშნეს, რომ იესოს სასწაულები სიმულაციურია.

პაროდირების მესამე შემთხვევა გვხვდება მაშინ, როდესაც ღმერთი და ეშმაკი იესოს ნისლით დაბურულ ზღვაში იბარებენ. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი უკავშირდება ფიოდორ დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვებს“, კერძოდ, თავს „ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე“. „დიდ ინკვიზიტორში“ ორიგინალური და ღრმა ფილოსოფიური მსჯელობაა თავისუფლებაზე, მონობაზე, საიდუმლოზე, სასწაულზე, ავტორიტეტზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, სარამაგუსთან კი ეს ყველაფერი შეგნებულად გაბანალურებული და გაშარჟებულია. როდესაც ეშმა სთხოვს ღმერთს, მაპატიე რაც აქამდე შემიცოდავს, ზეცაში დამაბრუნე და ბოროტებაც ამით დასრულდებაო (აქაც პარალელია „ძმები კარამაზოვების“ თავთან, რომელსაც ჰქვია „ივანის საუბარი ეშმასთან“. ეშმა ამბობს, რომ იესოს დანახვისას ჰქონდა ძლიერი სურვილი, სხვა ანგელოზების მსგავსად შეეძახა „ოსანა!“, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს), ღმერთი უპასუხებს: „შენ ბოროტება უნდა იყო, რომ მე სიკეთედ დავრჩე, თუ სატანა სატანურად არ ცხოვრობს, მაშინ ღმერთი ღმერთი აღარაა, ერთის სიკვდილი მეორის სიკვდილს მოასწავებს“. „ასეთ ბანალურობასა და პრიმიტიულობას ვერაფერი გადაფარავდა, რომ არა სარამაგუს როგორც პროზაიკოსის გასაოცარი უნარი, ეპიზოდი ისე აღწეროს, რომ სიტუაცია იყოს იმ ზღვასავით ღრმა, სადაც შეხვედრა ხდება და იმ ნისლივით ბუნდოვანი, რომელიც შეხვედრის ადგილს აკრავს“, – ამბობს თეიმურაზ თათარიშვილი.

დაბოლოს, პაროდირების მეოთხე ეპიზოდს ვხვდებით წიგნის დასასრულს. მარტოობისა და გაურკვევლობის აპოთეოზია ჯვარცმა: „იესო კვდება, ილევა, სიცოცხლე იწყებს მისი სხეულიდან გამოსვლას, რომ ზუსტად თავს ზემოთ ზეცა ორად იხლიჩება და გამოჩნდება ღმერთი… იტყვის: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვყავ. მაშინ მიხვდა იესო, ის აქ მოიყვანეს მოტყუებით, როგორც ტარიგი სამსხვერპლოსთან… როცა წარმოიდგინა, სისხლისა და ტანჯვის მდინარე, რომელიც სათავეს მისგან იღებდა, მთელ ქვეყანას მოედებოდა და წარღვნიდა, მზერა მიაპყრო ზეცის ნაპრალს, საიდანაც ღმერთი უღიმოდა და დაიყვირა: ადამიანებო, მიუტევეთ, რადგან არ იცის, რასა იქმს!“. აქ მთლიანად ამოტრიალებულია სახარებისეული ეპიზოდი, სადაც იესო ღმერთს ხალხზე (მის მტანჯველებზე) მიანიშნებს და ამბობს: „მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკა 23, 34).

ახლა ვისაუბროთ ინტერტექსტუალობაზე. ზემოთ ნახსენებ სტატიაში „პოსტმოდერნიზმი“ წერია: „ტექსტი არ არის ზოგადი, მრავალსაუკუნოვანი სივრცისგან გამოცალკევებული, ჰერმეტული სივრცე… ის იქმნება, იკითხება, მოქმედებს ვრცელ, მრავალშრიან კულტურულ არეალში, ტექსტთა ერთიან ინტერტექსტუალურ სივრცეში… ურთიერთშორის საუბრობენ მხოლოდ ტექსტები, და თითოეული ტექსტი იწერება სხვა ტექსტების მიერ“. როლან ბარტი კი გვეუბნება: „თითოეული ტექსტი არის ინტერტექსტი. სხვა ტექსტები მონაწილეობენ მასში მეტ-ნაკლებად ამოცნობადი ფორმით – ესაა წინამორბედი კულტურისა და გარემომცველი კულტურის ტექსტები. ყოველი ტექსტი წარმოადგენს ძველი ციტატებისგან მოქსოვილ ახალ ქსოვილს“. პოსტმოდერნიზმის მთავარი მომენტი უარყოფა კი არა (როგორც ეს მაღალ მოდერნიზმსა და განსაკუთრებით ავანგარდიზმს ახასიათებდა), ტექსტების ურთიერთმიმართების, დიალოგურობის შენარჩუნებაა. რა მიმართება აქვს „იესოს სახარებას“ წინამორბედ ტექსტებთან? გასაკვირია, რომ ამ წიგნის მიზანი არ არის სახარებაში გადმოცემული ამბების უარყოფა. რომანში ვკითხულობთ: „ხოლო რამდენადაც იესო ჩვენი სახარების აშკარა პროტაგონისტია, ხოლო ჩვენს სახარებას არასოდეს დაუსახავს მიზნად, უ ა რ ე ყ ო სხვათა მიერ უფრო ადრე დაწერილი სახარებები, განეცხადებინა, თითქოს არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა…“ მაშინ რა არის წიგნის მიზანი? დიალოგურობა და ინტერპრეტაციის თავისუფლება (დაუსრულებლობა), რაც ასე დამახასიათებელია პოსტმოდერნისტული ლიტერატურისთვის. რომელ ტექსტებს მიემართება უფრო მეტად “იესოს სახარება“? მგონია, რომ ეს არ არის კანონიკური სახარებები (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, თუმცა მათაც მიემართება), არამედ ეს ტექსტებია ე. წ. არაკანონიკური აპოკრიფული სახარებები. იესოს ცხოვრების აღწერა „ახალ აღთქმაში“ ძირითადად 30 წლიდან იწყება, იქ აღწერილია მისი მოღვაწეობის სამწელიწადნახევრიანი პერიოდი. თორმეტიდან ოცდაათ წლამდე სად იყო და რას აკეთებდა, ამის შესახებ კანონიკური სახარებები დუმან. მისი ცხოვრების „გამოტოვებული“ წლების შესავსებად იწერებოდა აპოკრიფული ტექსტები. ვიცით, რომ კანონიკურ სახარებათა მესამედი ეძღვნება ჯვარცმას და მხოლოდ ნაჩქარევად თუ არის მოთხრობილი იესოს ბავშვობის შესახებ. ამავე გზას მიჰყვება სახარების თემაზე სარამაგუს რომანამდე დაწერილი ტექსტების უმეტესობა, სარამაგუმ შეცვალა სქემა და რომანის ოთხი მეხუთედი დაუთმო სწორედ იმ პერიოდს, სანამ იესო ქადაგებას დაიწყებდა. ამ თვალსაზრისით სტრუქტურულად მისი ტექსტი ჰგავს ზოგ აპოკრიფულ სახარებას. უფრო რომ დავაკონკრეტო, მივუთითებ ორ გნოსტიკურ ტექსტზე, რომლებთანაც, ამ რომანს კავშირი აქვს. ესენია „სახარება მარიამ მაგდალელისა“ და „სახარება იუდა ისკარიოტელისა“. ზემოთ გაკვრით ვახსენე რომანში ასახული სასიყვარულო ურთიერთობა იესოსა და მარიამ მაგდალელს შორის. ეს საკითხი სარამაგუს გარდა ბევრ თანამედროვე მწერალს აღელვებს. საიდან იღებს დასაბამს ეს იდეა? სწორედ გნოსტიკური სახარებიდან, სადაც ასეთი ადგილი გვხვდება: „უთხრა მარიამს პეტრემ: „ვუწყით, რომ, დაო, უყვარდი მაცხოვარს ყველა დედაკაცზე მეტად.“ მარიამი ეუბნება მოციქულებს: „ცხადვყოფ იმას, რაიც დაგმანულ არს თქვენგან.“ ესე იგი, ის, რაც მოციქულებს არ გაანდო იესომ, გაანდო მარიამს. შემდეგ მოციქულები (განსაკუთრებით პეტრე) ეჭვიანობენ მარიამზე, სურთ მისი დასჯა და კიცხავენ. მარიამს ლევი გამოექომაგება ამ სიტყვებით: „გეტყვით, ჭეშმარიტად, კარგად იცნობდა მაცხოვარი მას! აი რად უყვარდა მარიამი მას ჩვენზე მეტად!“ სარამაგუ და სხვა მწერლები ამ პასაჟებში მარიამისა და იესოს განსაკუთრებულ ურთიერთობას ხედავენ. რამდენად სანდოა გნოსტიკური სახარებები, სხვა თემაა. მეორე მომენტი ეხება იუდას დამოკიდებულებას იესოს მიმართ. სარამაგუსთან, ისევე როგორც გნოსტიკურ სახარებაში, გვხვდება იუდას აპოლოგია (აქვე მივუთითებ რუსი მწერლის ლეონიდ ანდრეევის ნაწარმოებზე „იუდა ისკარიოტელი“ და ქართველი პოეტის მიხეილ ქვლივიძის ლექსზე: „იუდას მონოლოგი“, სადაც იუდა თავის გადაწყვეტილებას ასე ამართლებს: „უნდა გავწირო კაცი – იესო, ქრისტე – ღმერთი რომ გადავარჩინო!“). რომანის ბოლოს იესო მიმართავს მოწაფეებს: „მინდა გთხოვოთ, რომ რომელიმე თქვენგანი დაუყოვნებლივ წავიდეს ტაძარში და იქ განაცხადოს, რომ ის კაცი მე ვარ“. გაოგნებულ მოწაფეებს ენა გადაეყლაპათ. შემდეგ შესძახეს: „შენთან პური გამიტეხია, როგორღა გაგცემ?!“ ეს აყალმაყალი უცებ იუდა ისკარიოტელის მჟღერმა ხმამ და გარკვევით ნათქვამმა გადაფარა: „თუ მართლა ასე გნებავს, ტაძარში მე წავალ“. იესო „წამოდგა, იუდას გადაეხვია, ორივე ღაწვზე აკოცა და უთხრა: თუ აკეთებ, დროზე გააკეთე“. სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი გნოსტიკური „სახარება იუდა ისკარიოტელისა“, რომელიც ჯერ კიდევ II საუკუნის ქრისტიანი აპოლოგეტის ირინეოს ლიონელის ნაშრომებიდან არის ცნობილი. ამ აპოკრიფული სახარების მიხედვით, იესო სთხოვს იუდას, გასცეს იგი და გაიმეტოს თავი მარადიული გმობისა და წყევლა-კრულვისთვის: „იქნები კრული, მერმე მიიღებ მეუფებას მათზე“; „შენ მათზე (სხვა მოციქულებზე – ო. ჯ.) მეტს იზამ, კაცს გაიღებ მსხვერპლად; კაცს, რომლითაც შემოსილი ვარ…“ სამაგიეროდ კი სხვა მოციქულებზე დიდ ჯილდოს ჰპირდება ცათა სასუფეველში. იუდა დგას იესოს წინაშე, ყველაზე უკეთ მან შეიცნო იგი, მიხვდება, რა უნდა გააკეთოს, წავა და გასცემს. ამ რომანში კიდევ ბევრი ინტერტექსტუალობა, ალუზია, რემინისცენცია, ასოციაცია, ფრაგმენტი და ციტატა გვხვდება, მაგალითად, აშკარაა კავშირი ნიკოს კაზანძაკისის რომანთან „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, სადაც, სარამაგუს რომანის მსგავსად, აღწერილია, თუ როგორ აღმოაჩენს კაცი იესო თავის თავში ღმერთს და ამ გზაზე მას უამრავი ცდუნება ხვდება. მთლიანობაში ამ რომანში ხორცშესხმული პაროდირება-ირონიზებისა და ინტერტექსტუალურობის პოსტმოდერნისტული ანალიზი შეგვიძლია უმბერტო ეკოს ამ სიტყვებით შევაჯამოთ: „პოსტმოდერნიზმი პასუხობს თანამედროვეობის აღიარებას: თუკი წარსულის განადგურება შეუძლებელია, რადგან ამას მდუმარებამდე მივყავართ, მაშინ კვლავ შეიძლება ვეწვიოთ წარსულს, მაგრამ ირონიით, და არა უმანკოდ“.

გადავიდეთ ბოლო საკითხზე. გვხვდება თუ არა „იესოს სახარებაში“ სიმულაკრა? რა არის სიმულაკრა? „ასლი ორიგინალის გარეშე არის სიმულაკრა“. „უარსო მოვლენების განუწყვეტელ კვლავწარმოებას“ არანაირი კავშირი აღარ აქვს „სიღრმისეულ რეალობასთან“, რომელშიც ჟან ბოდრიარი გულისხმობს ღმერთს. „სიმულაკრისა და სიმულაციის ერაში აღარ არის ღმერთი საკუთარი თავის გასაცხადებლად, არც უკანასკნელი სამსჯავრო განყოფად ჭეშმარიტისა ყალბისაგან, ნამდვილისა მისი ხელოვნური აღდგინებისაგან, რადგან ყველაფერი უკვე მკვდარია და წინასწარ აღდგენილი“, – ამბობს ბოდრიარი და კითხულობს: „ხომ არ იყო ღმერთი მისი არსებობის ნიშნების უბრალო სიმულაცია?“ ამ კითხვას შეიძლება მივაბათ ჩვენი კითხვა: როგორი ღმერთია გამოყვანილი „იესოს სახარებაში“? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ღმერთს არაფერი აქვს საერთო იმ ღმერთთან, რომლის შესახებაც ბიბლიაშია საუბარი, არც იმ ღმერთთან, რომელთან მიმართებაც აქვს სარწმუნოებრივ ხელოვნებას. სარამაგუს ღმერთი არის სიმულაკრა, პირობითი ნიშნების უბრალო ერთობლიობა. საიდან ჩანს ეს? ზემოთ უკვე ვახსენეთ, თუ როგორ დაიბარეს ღმერთმა და ეშმაკმა იესო ნისლით დაბურულ ზღვაში. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ სცენას, დავრწმუნდებით, რომ „ეს შეხვედრა ჰგავს რომელიღაც მაფიოზური ჯგუფის (ვთქვათ, კოზა ნოსტრას) ან მასონთა ლოჟის საიდუმლო სხდომას, სადაც ორგანიზაციის ბოსი ძალიან პრიმიტიულად გეგმავს მომავალში ჩასადენ დანაშაულებს“ (თეიმურაზ თათარიშვილი). საინტერესოა, რომ ამ შეხვედრის დროს აშკარაა ეშმაკის სიმულაციურობაც; იგი თითქოს გაერთიანებულია ღმერთის ნიშნებთან, ერთი მედლის მეორე მხარეა. მთლიანად ათქვეფილია ერთმანეთში სიკეთე და ბოროტება და ყველა მორალური და იმორალური ცნება თუ კატეგორია. შეხვედრა იმდენად ფამილიარული და პრიმიტიულია (ოდნავ კომიკურიც), რომ მთლიანად იკარგება სიღრმისეულ რეალობასთან კავშირი. აქ უნდა მოვიტანო რომანის ერთ-ერთი საკვანძო ფრაზა: „ადამიანი ღმერთის ხელში სათამაშოა მხოლოდ და მხოლოდ, იმის საქმნელად განწირული, რაც უფალს ნებავს, მაშინაც, როცა ფიქრობს, ახლა ღმერთს ვემორჩილებიო და მაშინაც, როცა დარწმუნებულია, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევიო“. ამ ამონარიდმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, თითქოს სარამაგუს ღმერთი სწამს.  სინამდვილეში მასში გამოვლენილია ის, რასაც ეწოდება „პოსტმოდერნისტული მგრძნობიარობა“. ეს მსოფლშეგრძნების საგანგებო ფორმაა, რომელიც გამოწვეულია სამყაროს ქაოსურობის აღქმით, სამყაროსი, სადაც დისკრედიტებულია ისეთი ავტორიტეტული ცნებები, როგორიცაა ღმერთი, მეფე, ადამიანი, გონება, ისტორია, სახელმწიფო, ენა და ა. შ. დარღვეულია იერარქიულობა და წესრიგს ენაცვლება ქაოსი, რადგან აღმოჩნდა, რომ სამყაროში არ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირები. აქედან არ ჩანს გამოსავალი. ამის გამო რომანში სინამდვილის გამოსახატავად აშკარა უპირატესობა ენიჭება თხრობის პოეტურობას, ესე იგი პოეტურ ენას, პოეტურ (ინტუიციურ, ხატოვან, მეტაფორულ) აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ რომანში ზოგჯერ (განსაკუთრებით – დასასრულისკენ) ავტორისა და ღმერთის ხმები ერთმანეთში გადადის (ირევა). რომანში ღმერთი ხშირად ლაპარაკობს პორტუგალიელი პოეტის ფერნანდო პესოას პოეტური გამონათქვამებით. ღმერთის, ეშმაკისა და იესოს შეხვედრის დროს ნახსენებიც კია ეს პოეტი: „პესოა, უპასუხა პირველმა ხმამ და სიტყვა, ნისლისგან სახეცვლილი, ისე გაისმა, როგორც პერსონა“. ცნობილია, რომ ფერნანდო პესოამ შექმნა რამდენიმე სხვადასხვანაირი ორეული – ჰეტერონიმები, რომლებიც ავტორის ნებისაგან დამოუკიდებლად არსებობენ და ქმნიან. პორტუგალიურად სიტყვა „Pessoa“ ნიშნავს „პიროვნებას, პერსონას, არსებას“, აგრეთვე „ადამიანს“. შესაძლოა, პესოასა და მისი სტრიქონების მოხმობით სარამაგუს იმის თქმა სურდა, რომ ღმერთს პოეტური წარმოსახვა ქმნის.

„იესოს სახარებაში“ ღმერთზე მსჯელობა შეიძლებოდა დაგვესრულებინა ბოდრიარის მიერ სახის განვითარების მეოთხე ეტაპზე მითითებით. რომანში გამოყვანილ ღმერთს „არანაირი კავშირი არა აქვს არანაირ რეალობასთან: ის საკუთარი თავის წმინდა სიმულაციაა“. ერთადერთი მეტ-ნაკლებად მყარი პერსონაჟი, რომელიც ნაწარმოებში გვხვდება, სწორედ იესო ქრისტეა, თუმცა აქაც არ არსებობს არსებითი კავშირი სახარებისეულ ქრისტესთან, იგი გამოყვანილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ძე კაცისა (ამ ასპექტში აშკარად იგრძნობა „იესოს სახარებაზე“ ერნესტ რენანის ცნობილი წიგნის – „ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა“ – გავლენა, რომლის გამოსვლაც სულიერების საყოველთაო დაცემის ნიშნად აღიქვა ვატიკანმა და რომის პაპმა სამდღიანი მარხვა გამოაცხადა კათოლიკურ სამყაროში). აკი მისი ჩასახვაც, სარამაგუს მიხედვით, იოსებსა და მარიამს შორის ჩვეულებრივი სქესობრივი აქტის შედეგია. თუმცა, ღმერთისაგან განსხვავებით, ქრისტეს მიმართ ავტორი აშკარად კეთილგანწყობილია და მკითხველსაც აღუძრავს ამ პერსონაჟის მიმართ სიმპათიას. ალბათ ამიტომ თქვა ლისაბონის კარდინალმა (მაშინ, როდესაც ვატიკანი წიგნს სასტიკად გმობდა): „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჟოზე სარამაგუ, „იესოს სახარება“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015
  2. იტალო კალვინო, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018
  3. უბერტო ეკო, „ვარდის სახელი“, გამომცემლობა „დიოგენე“, 2011; თანდართული „ბოლოთქმა „ვარდის სახელისთვის“
  4. პატრიკ ზიუსკინდი, „სუნამო“, გამომცემლობა „დიოგენე“, 2006
  5. ლუკიანოსი, ანტიკური მწერლობა, „რჩეული თხზულებანი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014
  6. ფსევდო-ლონგინე, ანტიკური მწერლობა, „ამაღლებულისათვის“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014
  7. ბაჩანა ბრეგვაძე, „ახალი თარგმანები“, ტ. 2, დიდი მეცნიერების გამონათქვამები, 2006
  8. თეიმურაზ თათარიშვილი, „იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში“ (გვ.75-83), თბ. 2012
  9. ლიტერატურის თეორია, მე-20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები, 2008. „პოსტმოდერნიზმი“, ბელა წიფურია.
    10. ახალი აღთქუმაი, სახარება ლუკასი, რედაქცია გიორგი მთაწმინდელისა
  10. გნოსტიკური სახარება, ახალი ეონის ბიბლიოთეკა, 2019
  11. ირინეოს ლიონელი, „მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა“
  12. მიხეილ ქვლივიძე, ლექსი „იუდას მონოლოგი“
  13. ნიკოს კაზანძაკისი, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2018
  14. ერნესტ რენანი, „ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა“, გამომცემლობა „მერანი“, 1990
  15. Jacques Derrida, Of Grammatology, trans., Gayatri Spivak, Baltimore: The Johns Hopkins University Press, 1974
  16. Jonathan Culler, LITERARY THEORY A Very Short Introduction Oxford University Press, 1997
  17. Ihab Hassan, The Postmodern Turn: Essays in Postmodern Theory and Culture, 1987
  18. Fredric Jameson, Postmodernism and Consumer Society, 1982. https://art.ucsc.edu/sites/default/files/Jameson_Postmodernism_and_Consumer_Society.pdf
  19. 20. Roland Barthes, Writing Degree Zero, 1967 by Jonathan Cape Ltd. Prefece copyright
    Jean Baudrillard, Simulacra and Simulation, Ann Arbor: The University of Michigan Press, 1994
  20. 22. Фёдор Достоевский, „Братья Карамазовы“, АСТ Москва, 2007
  21. Леонид Андреев, Иуда Искариот: АСТ Москва; 2010

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“