ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

ვინ გინდა გამოხვიდე?

ბავშვებისთვის დასმულ სტერეოტიპულ, გაცვეთილ კითხვათა სიაში ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი შეკითხვაცაა: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – რომელიც ხშირად ხუმრობის, სიცილისა თუ ირონიული დამოკიდებულების მიზეზი ხდება, რადგან პატარები სამომავლო პროფესიათა შორის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულებს ასახელებენ ხოლმე. მაგალითად, მათ უნდათ, ერთდროულად იყვნენ მეხანძრეებიცა და პროფესორებიც, დამლაგებლებიცა და მფრინავებიც, მოცეკვავეებიცა და ექიმებიც. ეს კი უფროსთა ქირქილსა და ხარხარს იწვევს, რაც სრულიად გაუგებარია ბავშვებისთვის. ისინი თავისუფალნი არიან საზოგადოებრივ შეხედულებათა წნეხისაგან და ამიტომ დარწმუნებულნი არიან, რომ ის უნდა გააკეთონ, რაც მოსწონთ და ახარებთ. რა თქმა უნდა, როცა იზრდებიან, მათი წარმოდგენებიც იცვლება. პროფესიებთან დაკავშირებულ არჩევანსაც ხშირად არა თავიანთი ნებით, არამედ სხვათა (დედ-მამის, ბებია-ბაბუის, და-ძმის, ახლობლისა და მეგობრის) კეთილი რჩევითა თუ გაუცნობიერებელი მიბაძვით აკეთებენ.

ყველა ადამიანის არჩევანი უნიკალური და, შესაბამისად, განსხვავებულია. ზოგს ბავშვობიდანვე იტაცებს რომელიმე პროფესია და მერე მართლაც იმას აკეთებს, რაც გულით უნდოდა. ზოგს კი არ უმართლებს. ცნობილი მსახიობი ჰყვება, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა თეატრის ან კინოს არტისტობაზე, ზოგი დანანებით ამბობს, რომ ექიმობა უნდოდა, მაგრამ მასწავლებელი გახდა და ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება რომ ჰქონდეს, აუცილებლად აირჩევდა სხვა პროფესიას. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მრავალმხრივი ინტერესები აქვთ.

პატარებში რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო გატაცების გამოვლენა ხანდახან უფროსების არაერთგვარ რეაქციას იწვევს. ისინი ცდილობენ, ბავშვი „სწორ გზაზე“ დააყენონ, როგორც წესი, რომელიმე გატაცებას უფრო სერიოზულად მიიჩნევენ მისი სამომავლო კარიერისა თუ კეთილდღეობისთვის, ამიტომ აქტიურად და ხანდახან უხეშადაც ცდილობენ, ხელი ააღებინონ ამა თუ იმ მათთვის მიუღებელ სურვილზე. ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რომელსაც ერთი პროფესია კი არ ხიბლავს, არამედ ერთდროულად რამდენიმე.

თუ საზოგადოება ბავშვისგან ასე თუ ისე იტანს მრავალ ინტერესს, დიდისგან ეს უკვე მიუღებლად მიაჩნია. ამან შეიძლება ზოგიერთს სამსახურის პოვნაშიც კი შეუშალოს ხელი, არადა, ადამიანი საყვარელ საქმეს თუ არ აკეთებს, იტანჯება, უბედურია, რაც შეიძლება დეპრესიისა თუ ნევროზის წყაროდ იქცეს. უფრო საფრთხილო და გასათვალისწინებელი ისაა, რომ გარედან უხეში ჩარევის შედეგად მულტიპოტენციურ ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ მომავლის შიში, დაკარგონ თავდაჯერება, ეჭვი შეეპაროთ საკუთარ მრავალმხრივ პროფესიულ და შემოქმედებით უნარებში.

სწორედ ამ თემას განიხილავს ემილი ვაპნიკი წერილში „რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია უპასუხო კითხვას: ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“ მისი აზრით, ცნობისმოყვარეობით გამორჩეული მოსწავლეები ერთდროულად რამდენიმე საქმით ინტერესდებიან. ასეთებს ემილი ვაპნიკი „მულტიპოტენციურ“ ადამიანებს უწოდებს. ისინი ამგვარები იბადებიან და, როგორც იტყვიან, სხვაგვარად „არ ძალუძთ“. ემილი ვაპნიკმა თავი მოუყარა პრობლემებს, რომლებსაც მულტიპოტენციური ადამიანები ეჯახებიან, დაახარისხა ისინი და მათი გადაჭრის სტრატეგიებიც შეიმუშავა.

პრობლემა (გამოწვევა) 1 – დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნება;

პრობლემა 2 – დამწყების როლში ხშირად ყოფნა;

პრობლემა 3 – შიში, რომ ვერ გახდები საუკეთესო;

პრობლემა 4 – თვითმარქვიას სინდრომი;

პრობლემა 5 – საზოგადოების კრიტიკა.

კრიტიკულად მაყურებელ თუ შემფასებელ საზოგადოებას შეიძლება წარმოადგენდეს თანაკლასელი, მშობელი, ნათესავი, მასწავლებელი. მათ არ ესმით, როგორ შეიძლება მიატოვო ის, რაც აქამდე გიყვარდა და დაიწყო რაღაც ახალი, შეიცვალო დასახული მიზანი, რომლისკენ სვლაშიც ამდენი ძალა და ენერგია დახარჯე. სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ რადიკალურად შეცვალე სამომავლო გეგმები – რეალურად არც არაფერი მიგიტოვებია, უბრალოდ, სხვა რამემ გაგიტაცა. ემილი ვაპნიკმა წიგნიც გამოსცა ასეთი უცნაური, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდებით: „როგორ ავირჩიო ყველაფერი“ („გზამკვლევი მათთვის, ვინც არ იცის, ვინ უნდა გამოვიდეს“, 2017 წ.). ემილი არის მწერალი, სპიკერი, ბლოგერი, სამოქალაქო ლიდერი და ეხმარება მათ, ვისაც მრავალმხრივი ინტერესები აქვს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი პასაჟი ნაირა გელაშვილის რომანიდან „სარკის ნატეხები“. მთავარი გმირი მსუბუქი იუმორით ჰყვება სკოლაში გატარებული პირველი დღის შესახებ, დეტალურად აღწერს შთაბეჭდილებებს. ყურადღებას იქცევს ფსიქოლოგიური ნიუანსები, რომელთა საშუალებითაც გამოიკვეთება, რა ტრავმულ მოგონებად იქცა ბავშვისთვის დღე, როცა სკოლაში პირველად მივიდა: „დამრიგებელმა“ პასუხის გაცემა მოგვთხოვა კითხვაზე: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ და მთელი უბედურება ის იყო, რომ მე არავინ არ მინდოდა გავმხდარიყავი, ისედაც კარგად ვგრძნობდი თავს (ოღონდ სკოლის გარეთ) და აქამდე სულაც არ მქონდა განცდა, რომ ჯერ არავინ ვიყავი. და ამჯერადაც შინაგანად მომბუზა საკუთარი ნაკლულოვნების შეგრძნებამ, როცა დავინახე, როგორ დგებოდნენ სხვები და სხარტად პასუხობდნენ: „მასწავლებელი!“, „ექიმი!“, „მფრინავი!“ ალბათ, სინამდვილეში არც ამათ უნდოდათ ვინმედ გახდომა, რაკიღა ისედაც იყვნენ და მხოლოდ უფროსებისგან ჰქონდათ თავში ჩაჭედილი მომავალი პროფესიები, მაგრამ ამას რა შეღავათის მოტანა შეეძლო ჩემთვის, როცა უკვე მიახლოვდებოდა პასუხის გაცემის ჯერი“.

როგორც ცნობილია, ამ ასაკში ბავშვები უამრავ უცნაურ შეკითხვას სვამენ და პასუხებს დიდებისგან მოელიან, რომლებიც ხშირად დუმილს არჩევენ, რადგან ან არ იციან, რა უპასუხონ, ან წარმოსახვა ღალატობთ, ამიტომ ეს შეკითხვები აბსურდული ეჩვენებათ. ცხოვრებისეული გამოცდილება ადასტურებს, რომ ზრდასთან ერთად უცნაური შეკითხვებიც იკლებს. ბავშვები კი სხვადასხვა მოვლენას შორის ისეთ აუხსნელ კავშირებს ხედავენ, რომლებიც დიდებს არც დაესიზმრებათ. როგორც ჰამლეტი ეუბნება ჰორაციოს:

„ბევრი რამ ჰხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად,

რაც ფილოსოფთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ“.

ნაირა გელაშვილის გმირიც ასე წარმოიდგენდა მომავალს: „რაც ამ ასაკისთვის ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მქონდა გარკვეული, ეს იყო: დარწმუნებული ვიყავი, დიდი რომ გავხდებოდი, აუცილებლად ვიმოგზაურებდი (თანაც სისტემატურად) წყალქვეშა ნავით, რადგან ვგიჟდებოდი, ისე მაინტერესებდა ზღვის ფსკერი. წყალქვეშეთის გარეშე მიწის ზემოთ ცხოვრება აუტანელი და დაუშვებელი მეჩვენებოდა. და მეორე: აუცილებლად უნდა გამეგო, რა ხდებოდა ცაზე, კერძოდ, ვარსკვლავებზე და საერთოდ, ეს ვარსკვლავები რას წარმოადგენდნენ, რადგან მრავალი საღამოსა და ღამის მანძილზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის უასაკო, შეუიარაღებელი თვალით ჩხრეკამ ჩემი მუდმივი მონუსხულობა ვერანაირი ცოდნით ვერ გაამდიდრა. ასე რომ, ვარსკვლავებიანი ცის ცოდნის გარეშე მიწაზე ცხოვრება ისევე უაზროდ და შეუძლებლად მიმაჩნდა, როგორც უზღვისფსკეროდ“.

ასეთი მეოცნებე, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იქნებოდა რაციონალური, ერთმნიშვნელოვანი შეკითხვა. ამიტომ დაიბნა: „რაღაც მანქანებით ყური მქონდა მოკრული, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცის ამბები იციან, „ასტრონომები“ ჰქვიათ… და აი, შეკითხვა: „ვინ გინდა გახდე?“ – უკვე მე მეხებოდა. მეც ავდექი და, ჩემდა საუბედუროდ, ვუპასუხე: „ასტრონომი“. კლასში სიჩუმე ჩამოწვა და მერე მასწავლებელმა შემისწორა: „აა, აგრონომი, ხომ?“ ეს რაღას ნიშნავდა, არ ვიცოდი, მაგრამ ცასთან არანაირ კავშირში რომ არ იყო, ამაზე თუნდაც დამრიგებლის ფამილარული ინტონაცია მეტყველებდა, რომელიც რაღაც ძალიან გასაგებსა და ჩვეულებრივს გულისხმობდა. „არა, ასტრონომი“ – გავიმეორე მე… და პირველი ხითხითიც გაისმა. „გასტრონომი!“ „გასტრონომი!“ – დაიძახა ვიღაცამ და მერე ყველა აჰყვა, და მთელი კლასი დამრიგებლიანად სიცილსა და მხიარულებას მიეცა“. დამრიგებელს ცოტა მეტი გულისხმიერება და განათლება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, კლასის ხარხარს სხვა მდინარებას მისცემდა და ბავშვის ფაქიზ სულს უხეშად არ შეურაცხყოფდა.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია შექმნა და რვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ყოველ მათგანს კი სწავლის შესაბამისი სტილი მიუსადაგა. ადამიანები გარკვეული ნიჭით, მიდრეკილებით იბადებიან. მათ შეიძლება ჰქონდეთ ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური, ნატურალისტური ინტელექტი. სწორედ ამ ინტელექტის შესაბამისად შეიცნობენ საკუთარ თავსა და სამყაროს, პროფესიებსაც ამის შესაბამისად ირჩევენ. არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება რამდენიმე ტიპის ინტელექტი ჰქონდეთ. უამრავი ისტორიაა, როდესაც ცნობილ ფიზიკოსს, მათემატიკოსს, მუსიკოსსა თუ მწერალს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ის პროფესია აერჩია, რომლისკენაც გული მიუწევდა. ამ გზაზე კი სხვადასხვა საქმეს მიმართა, სანამ მიხვდებოდა, რომ გარემოებათა მიზეზით არასწორ არჩევანს აკეთებდა. სასკოლო პერიოდი და სივრცე კი ძიების სულისკვეთებით უნდა იყოს სავსე და ამას, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა უწყობდეს ხელს.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ამ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბრისას ცნობილ ადამიანთა ცხოვრებისეულ მაგალითებს მოიხმობს. აინშტაინი ბავშვობაში ძნელად ითვისებდა სხვადასხვა საგანს, დედამისს კი სურდა, მუსიკოსი გამოსულიყო და ვიოლინოზე დაკვრას აიძულებდა. ჰაინრიხ შლიმანი ჯერ ვაჭრობით გამდიდრდა, მერე კი თავის საოცნებო საქმეს, არქეოლოგობას მიჰყო ხელი და ლეგენდარული ტროა აღმოაჩინა. მიხეილ ჯავახიშვილი თავის წერილში „როგორ ვმუშაობ“ საინტერესოდ აღწერს პროფესიათა ძიების პროცესს: „მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: „თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ, სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. როგორ მოგწონთ? მშვენიერი საქმეა“. მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც „მშვენიერი საქმე“ მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელ აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი“. ასეთივე საინტერესო მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას ზიგზაგებით სავსე არჩევანი: „ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918- 19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ – ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო – რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წ. ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში, და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი. მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა… სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ცხენს“.

ამგვარი მაგალითებით მოსწავლე კარგად გაიაზრებს, რომ არ არის ტრაგედია, თუ ცხოვრების გზაზე რამდენჯერმე შეიცვლის არჩევანს, ან ექიმიც იქნება და მწერალიც ფრანსუა რაბლესა თუ მიხაილ ბულგაკოვივით. მასწავლებელს დაფიქრება და დიდი სიფრთხილე მართებს, როცა კითხვაზე: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – მოულოდნელ, უცნაურ თუ აბსურდულ პასუხს მიიღებს. მან უნდა იცოდეს მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და მულტიპოტენციურ მოსწავლეებს ხელი არ შეუშალოს, ენთუზიაზმი არ ჩაუხშოს, ტკივილი არ მიაყენოს. მოსწავლეს თავისი მრავალინტერესიანობა თუ გატაცება ტრავმულ მოგონებად არ უნდა ექცეს. მასწავლებელმა ის ნაკლად არ უნდა მიიჩნიოს, პირიქით, ბიძგი უნდა მისცეს მოსწავლეს, რომ მან ლაღად იმოგზაუროს წარმოსახულ მიზანთა მშვენიერ სამყაროში, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს შემოქმედებითად დამუხტული, თავისუფალი, უჩვეულო, არასტანდარტული სურვილებისა თუ ოცნებების დაბადებაში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“