კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

პერიოდულობის ცხრილი და რუსული ოკუპაცია

რუსეთი ოკუპანტია! – ბოლო რამდენიმე საუკუნეს ამაზე ყვირილით ვიწყებთ.

1800-იანებში ხმა ზუსტად იქამდე მივაწვდინეთ, სადამდეც ჩვენმა სახმო იოგებმა მოგვცა საშუალება. შესაბამისად, ქომაგიც არავინ გამოჩნდა.

1900-იანების დასაწყისში მთლად იოგების ანაბარა არ დავრჩენილვართ – უკვე ტელეგრაფი არსებობდა, მაგრამ ის ოხერი მავთული არ აღმოჩნდა საკმარისად გრძელი… ბევრი არავინ მოსულა ჩვენს ძახილზე; ვინც მოვიდა, იმათაც დაგვხედეს და უკანვე გაბრუნდნენ…

2000-იანი წლების დასაწყისში ინტერნეტმა და ციფრული კომუნიკაციის საშუალებებმა გვიშველა. ისეთი „ელექტრონული“ ბუკი და ნაღარა შემოვკარით, რომ უცებ მთელმა მსოფლიომ ჩვენკენ გამოიხედა. იყვნენ ისეთებიც, რუკაზე რომ პირველად აღმოგვაჩინეს… მაგრამ რად გინდა, ჩვენი ქომაგი მხოლოდ ის აღმოჩნდა, ვინც ჩვენსავით პატარა იყო და დროდადრო ჩვენსავით უწევდა „რუსეთი ოკუპანტიას“ ძახილი. უფრო დიდები და ძლიერები აღშფოთდნენ, ბევრი ივიშვიშეს, მომხდური დაამშვიდეს, ჩვენ კი გვითაქეს – ამხელა დათვს რომ აღვიძებდით, რა გეგონათო…

მონღოლეთი, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი იმპერიაც კი არ ყოფილა ისეთი სასტიკი და მაოხრებელი, როგორიც რუსეთია. დიახ, მონღოლები სასტიკად უსწორდებოდნენ ურჩებს, მაგრამ იმპერიის საზღვრებში მოქცევის შემდეგ გაცილებით ლმობიერად ექცეოდნენ დაპყრობილ ერებს, ვიდრე ჩვენი ერთმორწმუნენი. ცნობილია, რომ ჩინგიზ ყაენი ხელუხლებელს ტოვებდა დაპყრობილი ხალხისთვის ყველაზე წმინდას – რელიგიას. პირველი რუსული ოკუპაციის შემდეგ კი საქართველოში ყველა ეკლესია-მონასტერი გადაიღება, მეორე ოკუპაციის შემდეგ – გაპარტახდა და გაიძარცვა…

აი, ასეთია ამ დამპყრობელთა ხელწერა. მიტაცებულ მიწებს და ხარკს არასოდეს სჯერდებოდნენ – იპყრობდნენ ენას, ისტორიას, კულტურას… ვერც ეროვნული მეცნიერება და განათლება გადარჩა.

ამის ერთ-ერთი მაგალითი მენდელეევის პერიოდული სისტემაა. მინდა, ამთავითვე აღვნიშნო, რომ ელემენტთა პერიოდულობის კანონის მიგნებაში დიმიტრი მენდელეევის დამსახურება უდავოდ დიდია. ნებისმიერი ერის, მით უფრო – მრავალმილიონიანის, წიაღში ყოველთვის იბადებიან ცალკეული „საერთაშორისო“ დონის მეცნიერები. ერთი მათგანია მენდელეევი. დიახ, მან ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა ელემენტების პერიოდულობის კანონი და მისი ჩაწერის ყველაზე მოხერხებული ფორმა.

მსოფლიო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ზარ-ზეიმით აღნიშნა ამ კანონის აღმოჩენაც და პერიოდულობის ცხრილის შექმნაც, რითაც კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი დიმიტრი მენდელეევის ღვაწლს.

მაგრამ პერიოდულობის კანონის აღმოჩენიდან საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცოდნაშიც, კანონის ფორმულირებაშიც და მისი ჩაწერის ფორმაშიც.

რა განსხვავდება მენდელეევისეულ და თანამედროვე პერიოდულობის ცხრილებს შორის?

მენდელეევის პერიოდულობის ცხრილი:

  • დაფუძნებულია ატომურ მასებზე;
  • მოიცავს (მოიცავდა) 66 ელემენტს;
  • არ ცნობს იზოტოპებს;
  • მასში განთავსებულ ელემენტებს შორის იყო „თავისუფალი უჯრები“ – შეუვსებელი ადგილები;
  • არ მოიცავდა კეთილშობილ აირებს (იმ დროისთვის ისინი არ იყო აღმოჩენილი);
  • გარდამავალი ელემენტები განთავსებული იყო სხვა ელემენტებთან ერთად.

 

თანამედროვე პერიოდულობის ცხრილი:

  • ეფუძნება ატომურ ნომერს;
  • ელემენტის ადგილს განაპირობებს ატომის ელექტრონული კონფიგურაცია;
  • ელემენტების თვისებების მსგავსება-განსხვავება აიხსნება ელექტრონული კონფიგურაციით და ნათლად აჩვენებს თვისებების ცვლილებას გრძელი პერიოდის გასწვრივ;
  • მოიცავს კეთილშობილ აირებს, რომლებსაც მთლიანად აქვს შევსებული ელექტრონული გარსი;
  • „აღიარებს“ იზოტოპების არსებობას;
  • ელემენტები თვალსაჩინოდ არის დაყოფილი s-, p-, d- და f- ბლოკებად;
  • მკაფიოდ არის გამოკვეთილი სხვადასხვა ჯგუფის (ტუტე მეტალები, ტუტემიწა მეტალები, გარდამავალი მეტალები, არამეტალები, მეტალოიდები, კეთილშობილი გაზები, ლანთანიდები და აქტინიდები) ელემენტები;
  • ადვილია ელემენტების მდებარეობის დამახსოვრება.

 

პერიოდულობის ცხრილთან დაკავშირებული კიდევ ერთი და, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო დეტალი. მას მთელ მსოფლიოში, გარდა რუსული სკოლისა და მისი მიმდევრებისა, „ცხრილს“ უწოდებენ და არა „სისტემას“. უფრო მეტი: ვერსად შეხვდებით ჩვენთვის ლამის მშობლიურად ქცეულ ე.წ. „მოკლეპერიოდიან“ პერიოდულობის ცხრილს. მენდელეევამდეც, მის დროსაც და მას შემდეგაც კიდევ არაერთმა მეცნიერმა სცადა ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის ალტერნატიული ვარიანტის შექმნა. მცდელობები დღესაც გრძელდება, რადგან არც თანამედროვე პერიოდულობის ცხრილია სრულყოფილი. ამ ვარიანტებს იოლად იპოვით ინტერნეტში. მაგრამ ვერსად ნახავთ „მოკლეპერიოდიანებს“, ცხადია, გარდა რუსული წყაროებისა.

გრძელპერიოდიანი პერიოდულობის ცხრილი ახალი არ არის. მისი უპირატესობა მე-19 საუკუნის დასაწყისშივე გამოიკვეთა. შესაბამისად, წითლად შეღებილი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მას უკვე დიდი ხანია იყენებდნენ. მოკლეპერიოდიანი ცხრილი მხოლოდ რუსული სკოლის მოდელში დარჩა. ამას მენდელეევისადმი პატივისცემით ნიღბავდნენ, სინამდვილეში პოლიტიკის ნაწილი უფრო იყო, რადგან მენდელეევის ორიგინალურ და გათანამედროვეებულ მოკლეპერიოდიან ცხრილებს შორისაც დიდი სხვაობაა.

დღეისთვის უკვე დრომოჭმულია არა მარტო მოკლეპერიოდიანი ცხრილები, არამედ ჯგუფების რომაული ციფრებით სახელდებაც. ეს უკანასკნელი შედარებით მეტხანს შემორჩა საერთაშორისო მასშტაბით. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამერიკის კონტინენტზე გრძელპერიოდიანი ცხრილის ჯგუფების ნუმერაცია კარგა ხანს ისევ რომაული ციფრებით წარმოებდა. რატომ? ეს ალბათ მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ამ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა ტემპერატურას ისევ ფარენჰეიტებში ზომავს, ხოლო მოცულობას -გალონებში.

IUPAC-მა, რომელიც ქიმიკოსებისთვის უფრო გავლენიანი ორგანიზაციაა, ვიდრე გაერო -მსოფლიოს ქვეყნებისთვის, დაადგინა, რომ პერიოდულობის ცხრილი უნდა იყოს გრძელპერიოდიანი და ჯგუფები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით 1-დან 18-მდე.

რატომ არის ეს საკითხი ასეთი არსებითი? მრავალი მიზეზის გამო, პრაგმატულით დაწყებული, პოლიტიკურით დამთავრებული.

წარმოიდგინეთ, რომ ერთოთახიანი „ხრუშოვკიდან“, სადაც მრავალი წელი გაატარეთ, ევროსტანდარტის ოთახიან ბინაში გადახვედით საცხოვრებლად. პირველ დღეებში თავისუფლების განცდასთან ერთად გექნებათ დიდი უხერხულობა – ნივთების უმეტესობას ვერ მიაგნებთ. იგივე განცდა გვეუფლება მოკლეპერიოდიანი ცხრილიდან თანამედროვეზე გადასვლისას. და დროა უკვე, ეს „უხერხულობა“ დამთავრდეს. თაობას, რომელიც ახლა სწავლობს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხვალ სწავლა თანამედროვე გარემოში გააგრძელოს.

მავანი იტყვის, გახუნებულ-გაყვითლებული, დაძენძილ-დამტვერილი მოკლეპერიოდიანი „პერიოდული სისტემებითაც“, რომლებითაც ჯერ კიდევ სავსეა ჩვენი აუდიტორიები და საკლასო ოთახები, ხომ შეიძლება ქიმიის სწავლაო. დიახ, შეიძლება. ისევე, როგორც ერთოთახიან „ხრუშოვკაში“ ცხოვრების გაგრძელება.

ჩემთვის ასეთი პერიოდულობის ცხრილი დიდად არ განსხვავდება იმ რუსული T-72-საგან, რომელიც იქოქება, დახრიგინებს, ისვრის კიდეც, მაგრამ მისი ნასროლი მიზანს ვერ აღწევს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი