ორშაბათი, მარტი 4, 2024
4 მარტი, ორშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება „გააგრძელე ლექსი“

როგორი დავალებები მოსწონთ ბავშვებს?

ძირითადად ისეთი, რომელიც სახალისოა. განსაკუთრებით კი ის მოსწონთ, როცა თვითონ აღმოჩნდებიან მწერლების, პოეტების, მხატვრების, დიზაინერების როლში.

სწორედ ამგვარი კომპლექსური დავალების ნიმუშს გთავაზობთ, რომელიც შექმნილია ბავშვების უსაყვარლესი პოეტის მარიამ წიკლაურის ლექს „მეგობრობის“ საფუძველზე და მოსწავლეებს სთავაზობს, თავად გახდნენ პოეტები და გააგრძელონ ლექსი.

ერთი შეხედვით, არ არის ადვილი, III-IV კლასის მოსწავლეებმა თავი გაართვან ამ ტიპის დავალებას, მაგრამ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევისა და კურიკულუმის ნიმუშის დახმარებით (შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების თამარ ჯაყელისა და თინათინ ცერაძის მიერ) მასწავლებელს შეუძლია, სწორად გაწეროს კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები, ნაბიჯები, დაგეგმოს ატივობები, შეარჩიოს რესურსები.

 

მარიამ წიკლაური

მეგობრობა

 

უსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს!

კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს!

მაგიდა რომ მაგიდაა, ვინ იპოვა? – სკამი!

ზღვასაც მეგობრები უყვარს – დელფინი და ქარი!

აი, თეფშის მეგობარი – ჩანგალი და დანა!

აი, მიწის მეგობარი – ბაღი, სახლი, ყანა!

აი, ღრუბლის მეგობარი – მზე, ვარსკვლავი, მთვარე,

ძილის მეგობარი არის – ვინც მილულავს თვალებს!

აი, ტახტის მეგობარი – ბალიში და პლედი,

მულტფილმების მეგობარი? ჰო, დისნეილენდი!

ესეც ჩანთის მეგობარი – რვეული და წიგნი,

ეს ჯამბაზის მეგობარი – სიცილი და ცირკი!

და ტრანსპორტის მეგობარი? – ბენზინი და მგზავრი.

მუზეუმის მეგობარი? – ჩონჩხი დინოზავრის!

აი, პურის მეგობარი – კარაქი და თაფლი,

შემოდგომის მეგობარი? – ყურძენი და წაბლი!

აი, პალტოს მეგობარი – ღილი, კაშნე, ქუდი.

საჩუქარის მეგობარი – მოხატული ყუთი.

სათამაშოს მეგობარი – ყველა ბავშვი ერთად,

ბალახები მეგობრობენ სოკოსთან და ტყესთან.

ეს მდინარის მეგობრები – ხეები და მთები,

და ამ ლექსს რომ ბოლო არ აქვს,

მგონი უკვე ვხვდებით.

რამდენი რამ ჩამოვთვალე და რამდენიც არ ვთქვი,

დაგიტოვებთ მე ამ ლექსში თავისუფალ ადგილს.

 

გადაავლეთ თვალი ირგვლივ ყველაფერს და იტყვით,

უმეგობროდ არაფერი „რსებობს“, ერთი სიტყვით!

 

თემა: მეგობრობა

ძირითადი რესურსი: მარიამ წიკლაურის „მეგობრობა“

სამიზნე ცნება: ტექსტი/ლექსი

ქვეცნება: სტროფი, სალექსო სტრიქონი, სარითმო სიტყვა

საკითხი: ოთხსტრიქონიანი სტროფის შეთხზვა მეგობრობის თემაზე, მ. წიკლაურის ლექს „მეგობრობის“ საფუძველზე

 

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შევთხზა სტროფი მეგობრობის თემაზე?
  • როგორ გამოვიყენო სტროფში სარითმო სიტყვები?
  • რა სტრატეგიები გამოიყენე ლექსის გასაგებად?
  • რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას?

 

დავალების პირობა

პოეტმა მარიამ წიკლაურმა ლექსში „მეგობრობა“ თავისუფალიდაგიტოვა ადგილი მის გასაგრძელებლად. მოიფიქრე მეგობრული წყვილები და შექმენი მათ შესახებ ოთხსტრიქონიანი სტროფი. გააფორმე ნახატებით.

 

ეს არის დავალების ქუდი, სადაც ჩანს, რა პროდუქტი უნდა შექმნას მოსწავლემ.

სტროფში:

  • წარმოაჩინე მეგობრული წყვილები;
  • გამოიყენე ორი სარითმო სიტყვა მაინც.

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

 

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ლექსის გაგრძელებაა (ლექ.1, 2, 3);
  • რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება ლექსის მთავარ სათქმელს (ტ. 1);
  • რა მინიშნებები გამოიყენე ლექსის გასაგრძელებლად (ტ. 2).

 

დავალების 1-ლი კომპონენტია დავალების პირობა .

მე-2 კომპონენტი არის კონკრეტული ინსტრუქცია, „სტროფში…“

დავალების მე-3 კომპონენტია კრიტერიუმები, „დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე…“

დავალების კრიტერიუმები წარმოადგენს შუალედურ მიზნებს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია გრძელვადიან მიზნებთან, ამ შემთხვევაში – სამიზნე ცნება ტექსტის მკვიდრ წარმოდგენებთან. მკვიდრი წარმოდგენები არის ის განზოგადებული ცოდნა, რომელიც უნდა გააცნობიეროს მოსწავლემ დაწყებითი საფეხურის ბოლოს.

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები, აქტივობები, რესურსები:

 

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა,

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

 

  • რაზე მიგვანიშნებს ლექსის სათაური, რაზე იქნება ეს ლექსი?
  • თქვენი აზრით, ყველას ჰყავს მეგობარი? რატომ ფიქრობთ ასე?
  • გყავთ ან გყოლიათ თუ არა „უსულო მეგობარი“? მაგალითად, რაიმე სათამაშო, ნივთი, წიგნი?
  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება.
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი 2. დავალების შესრულება

 

თითოეული ნაბიჯის განხორციელებამდე მასწავლებელმა უნდა ჩამოაყალიბოს სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული შეკითხვები, რათა მოსწავლის ცოდნა მხოლოდ ფაქტებისა და თეორიული მასალის დასწავლით არ შემოიფარგლოს. ამის შემდეგ ის დაგეგმავს აქტივობებს და შეარჩევს საჭირო რესურსებს.

 

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)

) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად? ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად? გ) რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში გასაწაფავად? რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება ლექსის მთავარ სათქმელს (ტ. 1);

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება: კითხვის სტრატეგიები.

პირველი სტროფის წაკითხვის შემდეგ პაუზა:

  • თქვენ შეგიძლიათ უმეგობროდ გაძლება? (აქტ, 1)
  • რა აღმოჩნდება, ლექსის მიხედვით, თეფშის მეგობარი?
  • რა შეიძლება იყოს მიწის/ღრუბლის/ძილის მეგობარი?
  • გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდები?

 

მე-3 და მე-4 სტროფების წაკითხვის შემდეგ პაუზა:

  • რა აღმოჩნდება პალტოს მეგობარი?
  • საჩუქრის/სათამაშოს/ბალახების მეგობარი?
  • გამართლდა თქვენი მოლოდინი?
  • ეთანხმებით თუ არა ავტორს, რომ უმეგობროდ ვერავინ და ვერაფერი ძლებს?(აქტ. 2)
  • რის საფუძველზე დაამეგობრა ავტორმა ერთმანეთთან:
    • ზღვა, დელფინი და ქარი?
    • მიწა, ბაღი, სახლი და ყანა?
    • თეფში, ჩანგალიდადანა?
    • ღრუბელი, მზე, ვარსკვლავი და მთვარე?
    • ბავშვები და სათამაშოები?
    • პალტო, ღილი, კაშნე და ქუდი?
    • ბალახი, სოკო და ტყე?
    • მდინარე, ხეები და მთები?
  • ვის მიმართავს ავტორი სიტყვებით: „დაგიტოვებთმეამლექსშითავისუფალადგილს“?
  • როგორ გესმით „მილულავს თვალებს“? რომელ სიტყვას უკავშირდება? სხვანაირად როგორ იტყოდით „მილულავს თვალებს“? სხვანაირად როგორ იტყოდით: „ფეხაკრეფით“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? მოიყვანეთ მაგალითები.
  • შეადგინეთ ამ შესიტყვებით წინადადებები. (აქტ. 3)
  • რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? რისი თქმა უნდა მას ამ ლექსით?
  • რით უკავშირდება ლექსის მთავარი სათქმელი შენს ცხოვრებას? (აქტ. 6)
  • რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ პირადი ცხოვრებიდან/წიგნიდან/მულტფილმიდან?
  • რატომ გვინდა მეგობრების ყოლა? რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი მეგობრები ვიყოთ?
  • რა გვსიამოვნებს მეგობრისაგან, რა გვწყინს?

 

რესურსები და აქტივობები:

რესურსი 1. მ. წიკლაური ლექსი „მეგობრობა“

აქტივობა 1. პაუზებით კითხვა (კითხულობს მასწავლებელი), ვარაუდების გამოთქმა

აქტივობა 2. ლექსზე ინტერაქცია

აქტივობა 3. ლექსიკაზე მუშაობა

აქტივობა 4. ლექსის წაკითხვა ექოდ – ჯერ მასწავლებელი, შემდეგ მოსწავლეები; გუნდურად – პირველი ჯგუფი კითხულობს ტაეპის პირველ ნაწილს, მეორე ჯგუფი – მეორე ნაწილს, რიტმისა და ინტონაციის დაცვით;

აქტივობა 5. ლექსის დაზეპირება

აქტივობა 6. მსჯელობა ლექსის მთავარ სათქმელზე

 

ნაბიჯი 2. რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ლექსის გაგრძელებაა (ლექ. 1, 2, 3)? რა მინიშნებები გამოიყენე ლექსის გასაგრძელებლად (ტ. 2)?

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება: სტროფი, სტრიქონი, სარითმო სიტყვა.

  • ვინ მოიფიქრებს, ვინ შეიძლება იყვნენ „ეზოს“ მეგობრები? (აქტ. 1)
  • ვინ მოიფიქრებს, ვინ შეიძლება იყვნენ ზაფხულის მეგობრები? ზამთრის მეგობრები? ფანჯრის მეგობრები? წიგნის მეგობრები? ბურთის მეგობრები? ნაყინის მეგობრები? ტორტის მეგობრები? ხის მეგობრები? ბუხრის მეგობრები? – და ა.შ.
  • რამდენი სტროფისგან შედგება ეს ლექსი? რომელია პირველი სტროფი? სად იწყება? სად მთავრდება? (აქტ.3)
  • რამდენი სალექსო სტრიქონისგან შედგება მეორე სტროფი? სად იწყება და სად მთავრდება მეორე სტროფის პირველი/ბოლო სტრიქონი? პირველი სტროფის მესამე სტრიქონი? ბოლო სტროფის მეოთხე სტრიქონი?
  • რომელია სარითმო სიტყვები პირველ სტრიქონში? მეორეში? მესამეში?
  • თქვენ რამდენი სტროფი უნდა დაწეროთ? რამდენი სტრიქონი იქნება თქვენ მიერ შექმნილ სტროფში? როგორ მოიფიქრებთ სარითმო სიტყვებს?

 

 

რესურსები და აქტივობები

 

რესურსი 1. მოსწავლეთა მიერ მოფიქრებული ახალი სამეგობრო წრეები (დაწერილი გამოკრულ თაბახის ფურცელზე)

აქტივობა 1. მეგობრობის ჯაჭვი – მეგობრების ახალი ჯგუფების/ახალი სამეგობრო წრეების შექმნა (ყველა იდეა გამოკრულ თაბახის ფურცელზე იწერება)

აქტივობა 2. „კაფიაობა“- ერთი გუნდი ლექსის სტილში ასახელებს მეგობარს, მოწინააღმდეგე გუნდმა ყოყმანის გარეშე უნდა მოაყოლოს დასახელებულის „წყვილი მეგობარი“.

ქტივობა 3. სტროფის, სალექსო სტრიქონის, სარითმო სიტყვების პოვნა და მითითება/შემოხაზვა დაფაზე გამოკრულ ლექსში.

აქტივობა 4. რითმობანა – სიტყვების ჩამონათვალში სარითმო სიტყვების აღმოჩენა, ახლის მოფიქრება.

აქტივობა 5. სტროფის შექმნა და ნახატებით გაფორმება.

აქტივობა 6. ნამუშევრების გამოფენა და წარდგენა.

 

დავალების შესრულების პროცესში, მისი წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი შეკითხვების ბანკი (საჭიროებისამებრ შეირჩევა):

  • რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება ლექსის მთავარ სათქმელს ?
  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ლექსის გაგრძელებაა?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით.
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობისას? როგორ გადალახე? რატომ ვერ გადალახე? როგორ მოიქცევი მომავალში მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად? რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
  • მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი და კურიკულუმის ნიმუში (შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების თამარ ჯაყელისა და თინათინ ცერაძის მიერ)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი