კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

 თანამედროვე ქართული კონვენციური ლექსი

 თანამედროვე ქართველი პოეტების სრული უმეტესობა თავისუფალ ლექსს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, არიან პოეტები, რომლებიც ძირითადად კონვენციურ ლექსებს წერენ და შიგადაშიგ ვერლიბრებსაც გაურევენ ხოლმე. ასევე არიან პოეტები, რომლებიც თანაბრად იყენებენ ორივე ფორმას, თუმცა, იშვიათია პოეტი, რომელიც ორივე ფორმას ერთნაირი სიძლიერით ფლობს.

 

ოციანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ორმოცდაათიანი წლების ბოლომდე, კომუნისტების მხრიდან,  ნებისმიერი სახის ფორმალისტური თუ პროსოდიული ძიების, კაპიტალისტური სამყაროს მიერ მოწყობილ, კულტურულ დივერსიად გამოცხადებამ, ქართული ლექსის კონსერვაცია გამოიწვია. ვერლიბრის დასამკვიდრებლად სამოციან წლებში დაწყებული წარმატებული ბრძოლა, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა თავისუფალი ლექსის სრული ლიტერატურული ლეგიტიმაციისთვის, რადგან ინტერნეტ სივრცეში დღესაც შეხვდებით კინკლაობას კონვენციური ლექსის და ვერლიბრის აპოლოგეტებს შორის. ეს, ცხადია, ღრმა პროვინციალიზმია, მაგრამ მოცემულობაა.

 

კონვენციური ლექსის მოძულეთა დისკურსში ყოველთვის საცნაურია ქვეტექსტი მოწინააღმდეგე მხარის განუვითარებლობის, რეტროგრადობის, გოიმობის შესახებ.

თავისუფალი ლექსის მოძულენი კი ავითარებენ ნარატივს, თითქოს ვერლიბრი ადვილია, “მასე ყველა დაწერს”, “უნიჭოთა თავშესაფარია”, “აბა რითმაში და დარდიმანდის ლხინში გნახო ვინა ხარ, ეს ლექსი კი არა, ჩანახატია” და მისთ. ორივე მოსაზრება, ცხადია, მცდარია.

 

თუ კონვენციურ ლექს ვერ წერ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კონვენციური ლექსი მოძველდა. ფორმა ნაკლებად ძველდება, ძველდება მხოლოდ პოეტური აზროვნება, პოეტიკა. ფორმები მოძველებულად გამოიყურებიან მოკრძალებული ნიჭის მქონე პოეტის ხელში, თორემ დიდი პოეტი ძველ ფორმას ახალი ინტონაციით ააჟღერებს ხოლმე. ამის დასტურია ოთარ ჭილაძე, რომელმაც ყველაზე გაცვეთილი შავთელური ათმარცვლიანი სრულიად ახლებურად აახმოვანა და მისი ეპიგონების არმია დღესაც მრავალრიცხოვანია. ავიღოთ, თუნდაც, გალაკტიონი, “არსტიტულ ყვავილებში” შესული ლექსებიდან, უხეში გაანგარიშებით, ოთხმოცდათექვსმეტი პროცენტი უკვე არსებული სალექსო საზომებით დაწერილი ლექსებია.

ამავე დროს, ბევრს ჰგონია, რახან რითმავს, კარგ კონვენციურ ლექსებს წერს, მაგრამ ეს ასე როდია. მაღალი ხარისხის კონვენციური ლექსის წერას სულ სხვა ნიჭი და პროფესიონალიზმი სჭირდება. ცოცხლებში სულ შვიდიოდე (არც მეტი, არც ნაკლები) პოეტი მეგულება, ვინც კლასიკურ ფორმებს მაღალ დონეზე ფლობს, აქედან ორის პოეზია ჩვეულებრივი პოეტური ეკვილიბრისტიკაა, გამართული ტექნიკით, მაგრამ პოეზიისგან სრულიად დაცლილი, ხელოვნური ტექსტებით. დარჩენილი ხუთიდან სამი ბრწყინვალე პოეტია, ორი კი – დიდი პოეტი.

თანამედროვე ქართული კონვენციური ლექსების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ათიანი-ოციანი წლების მოდერნისტული ქართული პოეზიის ან “სამოციანელების” გაუცნობიერებელი მიბაძვაა, გადავსებული – არქაიზმებით, გაცვეთილი პოეტიზმებით, ასევე გაცვეთილი ტროპული აზროვნებით, ევფუისტური პასაჟებით და სხვა პოეტური რუდიმენტებით, რომელთა ადგილი თანამედროვე ლექსში არ არის. ყველაზე ნიშანდობლივი გახლავთ დაქტილურ, ჰიპერდაქტილურ და ჰიპერ-ჰიპერდაქტილურ სარითმო წყვილთა ძიებისკენ დაუოკებელი სწრაფვა, რატომღაც გრძელი და შედგენილი რითმები პროფესიონალიზმის უმაღლეს გამოხატულებად ითვლება. სინამდვილეში რითმა უბრალო დამხმარე ინსტრუმენტია, მას სხვა დანიშნულება არ გააჩნია. დიდი პოეტის ხელში გაცვეთილი რითმაც შეუცვლელი იარაღია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისთვის მთავარი არის კონცეპტი, სათქმელი, ამ სათქმელის გადმოსაცემად კი, იქ და იმ წუთას, შეიძლება მხოლოდ ის გაცვეთილი რითმა გამოდგეს, რადგან დიდი პოეტი ყოველთვის სათქმელის პრევალირებას ახდენს და არა – ლექსის გარეგანი სამკაულების. ამიტომ დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როცა აურაცხელი რაოდენობის ლექსიკური ერთეულია გარითმული სხვათა და სხვათა მიერ, კომიკურია ზოგიერთების მხრიდან თითქოს მათ მიერ მოგონილი, “ორიგინალური” სარითმო წყვილების ლამის ნოტარიულად გადაფორმების მცდელობა და პრეტენზია ექსკლუზიურ უფლებაზე. იგივე შეიძლება ითქვას გაცვეთილ მეტაფორებზე, რომელთა გამოც მიდის ხოლმე ერთი გაწამაწია და, რომლებიც მანამდე რამდენიმე ასეულჯერ მაინც იქნებიან გამოყენებულნი სხვათა და სხვათა მიერ. სამმარცვლიანი, ოთხმარცვლიანი, ხუთმარცვლიანი და ა. შ. სარითმო წყვილების მოფიქრებას არაფერი არ უნდა, მთავარია სტროფში მათი ერთმანეთთან კონცეპტუალური, აზრობრივი შეკავშირება, რაც, როგორც წესი, იშვიათად ხერხდება ხოლმე და ვიღებთ სრულიად კომიკურ, “მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” დონის პოეტურ ტექსტებს.

დასასრულს კი, ერთი ჭკვიანი კაცის ჭკვიანური ნათქვამის ვარირება რომ მოვახდინოთ: ჭურჭელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია შიგ უმაღლესი ხარისხის ღვინო ჩავასხათ. თუმცა, ასეთი ღვინის დაყენება ყველას როდი შეუძლია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი