მსოფლიოს ზოგიერთ უნივერსიტეტში ბოლო რამდენიმე ათწლეულია ახალი სამეცნიერო საგანი ისწავლება, რომელსაც Human-Animal-Studies უწოდებენ. მიმართულება კვლევის ინტერდისციპლინარულ დარგს წარმოადგენს და თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ისტორიისა და ფილოსოფიის თეორიებს. ახალგაზრდა დისციპლინის მიზანია ადამიანსა და ცხოველს შორის არსებული ურთიერთობების შესწავლა. უკანასკნელ ხანებში ადამიანისა და ცხოველის ურთიერთდამოკიდებულების მკვლევართა ყურადღება ნაციონალ-სოციალისტურმა რეჟიმმა მიიპყრო.
როგორ ექცეოდნენ ნაცისტები ცხოველებს?
გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთი შეხედვით, რასისტული იდეოლოგიის მიმდევრებს ცხოველების მიმართ საკმაოდ ლმობიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მათ „ცხოველთა დაცვის კანონი“ მიიღეს და სასტიკად აკრძალეს საქონლის უნებართვო, არასისტემური ხოცვა. ცხადია, ისინი განსაკუთრებით ებრძოდნენ ებრაელთა მიერ ცხოველების რიტუალური მიზნებისათვის მსხვერპლშეწირვის ტრადიციას, ანტისემიტები ხშირად ამტკიცებდნენ, რომ გერმანელი ხალხის უპირატესობა პირუტყვის მიმართ დამოკიდებულებაშიც ვლინდება. მმართველობის შუა წლებიდან მათ დევნილ ჯგუფებს ცხოველების პატრონობის უფლება შეუზღუდეს და სახელმწიფოს მიერ მტრად გამოცხადებულ ოჯახებს უამრავი შინაური ძაღლი და კატა, ასევე სხვა არსებები ჩამოართვეს.
ნაცისტები ცხოველებთან ურთიერთობას დასვენებისა და ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალებად აღიარებდნენ. ელიტური სამუშაო ადგილების მიმდებარედ პარტიის ბრძანებით ეწყობოდა ხოლმე ზოოლოგიური პარკები და ნაკრძალები. ადამიანებს შესვენების დროს დათვებისა და ირმების გამოკვების, მათზე დაკვირვების შესაძლებლობა ეძლეოდათ. შეიძლება მოსახლეობა და ჯარისკაცები შიმშილის ზღვარზე ყოფილიყვნენ, მაგრამ საგანგებოდ ერთად შეყრილ ცხოველებს ნაციონალ-სოციალისტები არაფერს აკლებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ზოოპარკი, არც მეტი და არც ნაკლები, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის შორიახლოს ფუნქციონირებდა.
„მესამე რაიხში“ უყვარდათ, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ პეპლებსაც. თითქმის ყველა სკოლაში ბავშვებს თუთის აბრეშუმხვევიას მოვლას ასწავლიდნენ. სიღარიბის დაძლევის გზაზე შემდგარ და ომის მოლოდინში მცხოვრებ სახელმწიფოს რაც შეიძლება მეტი ძაფი სჭირდებოდა, რათა თავისი რაზმები მშვენივრად შეემოსა და სადესანტო ოპერაციებისათვის აუცილებელი პარაშუტები შეეკერა.
ცხოველების მიმართ სიყვარული ასახული გახლდათ ნაციონალ-სოციალისტურ პროპაგანდაშიც. მაგალითად, მთელმა ევროპამ იცოდა, რომ რაიხის ეკონომიკის მინისტრი და საჰაერო ძალების მთავარსარდალი – ჰერმან გიორინგი შვილებივით ზრდიდა ლომის შვიდ ბოკვერს. გაზეთებში პერიოდულად იბეჭდებოდა ნაცისტი პოლიტიკოსისა და მისი ლომების ურთიერთობის ამსახველი ფოტოები. სავარაუდოდ, გიორინგი ლომების მოვლით ხაზს უსვამდა თავისი ფიგურის მნიშვნელობასა და ძალაუფლებას, შიშის არქონას, რაც კიდევ უფრო დიდ სახელს უხვეჭდა ნაციონალ-სოციალისტურ წრეებში.
ბუნებრივია, 1930-იანი წლების გერმანიაში ცხოველთა ყველაზე დიდ მოყვარულად ადოლფ ჰიტლერი მიიჩნეოდა. ნაცისტური პროპაგანდის მიხედვით, მას არ უყვარდა ნადირობა, იყო ვეგეტარიანელი, არ ეწეოდა სიგარეტს, არ სვამდა და ნამდვილი ასკეტის მსგავსად ემსახურებოდა სამშობლოს. ზოგიერთი ცნობით, ფიურერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ცამეტზე მეტი ძაღლი ჰყავდა, რომელთაც გაჭირვების ჟამს უკანასკნელ ლუკმას უყოფდა. ძაღლები ძირითადად გერმანული ნაგაზის ჯიშის იყვნენ. სისხლიანი დიქტატორი თავის ნაგაზებს, როგორც წესი, ერთსა და იმავე სახელებს – მდედრებს „ბლონდის“, მამრებს კი „ვოლფს“ არქმევდა.
რატომ ირჩევდა ჰიტლერი ყოველთვის ნაგაზს?
მაშინდელ გერმანიაში საყოველთაოდ გავრცელებული რწმენის მიხედვით, ნაგაზი მგელს ენათესავება. მგელი კი ყოველთვის ითვლებოდა ნაცისტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ. 1928 წლის რაიხსტაგის არჩევნების წინ ნაციონალ-სოციალისტები თავიანთი სააგიტაციო მასალებით პირდაპირ ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს: „ჩვენ პარლამენტში შესვლას ვაპირებთ ისე, როგორც მგლები შედიან ცხვრის ფარაში“. აღსანიშნავია, რომ ჰიტლერის რამდენიმე რეზიდენციას „მგლების ხეობა“ ეწოდებოდა. დამკვირვებელთა ნაწილი კიდევ ერთ არგუმენტად საკუთარი სახელის – ადოლფის ეტიმოლოგიასაც იშველიებს, რომელიც “კეთილშობილ მგელს“ ნიშნავს.
ჰიტლერის უკანასკნელი ნაგაზი – „ბლონდი“ ნამდვილი ვარსკვლავი გახლდათ. ის მეთაურს ყველგან თან დაჰყვებოდა – მთის ლაშქრობებშიც და პარტიულ კრებებზეც, მრავალათასიან დემონსტრაციებზეც და ქარხნების მონახულების დროსაც. ფიურერისა და მისი მეგობრის ფოტოები ინტენსიურად იბეჭდებოდა საფოსტო ბარათებზე, გამოიცა ფოტოალბომი „ჰიტლერი, რომელსაც არავინ იცნობს“, ალბომის მთავარი მოტივი დიქტატორისა და „ბლონდის“ ურთიერთობა გახლდათ. ძაღლსა და პოლიტიკოსს პროპაგანდის სამინისტროს მასალებისათვის, ქრონიკებისთვის ხშირად იღებდა ნაცისტთა მთავარი კინოოპერატორი ვალტერ ფრენცი. გარდა იმისა, რომ ჰიტლერისთვის ძაღლთან ურთიერთობა განტვირთვის ნამდვილი საშუალება იყო, მისი წარმოჩენით დიქტატორს სურდა თავისი „ემოციური და ადამიანური მხარის“ წარმოჩენა. სულისშემძვრელი ცინიზმია, როდესაც მილიონობით ადამიანის მკვლელი ოთხფეხა არსებას ელოლიავება და ამით თავის კეთილშობილებას უსვამს ხაზს.
ცხოველთა მიმართ ფიურერის სიყვარულის მითს აცამტვერებს „ბლონდის“ სიკვდილის ამბავი. 1945 წლის 29 აპრილს დიქტატორმა ჰოლოკოსტის მთავარ არქიტექტორს, ჰაინრიხ ჰიმლერს ციანიდის აბების მოტანა უბრძანა, რათა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ნაცისტთა მეთაური აღარავის ენდობოდა, ამიტომ ეჭვი შეიტანა თანაპარტიელის მიერ მოტანილი შხამის ეფექტიანობაში. მთავარ ნაციონალ-სოციალისტს ეშინოდა, რომ თავის გადარჩენის მიზნით კოლეგები დროებით გათიშავდნენ და მის თავს მტერს გადასცემდნენ. დაზღვევის მიზნით ჰიტლერმა ციანიდი ჯერ „ბლონდიზე“ გამოცადა და მხოლოდ ძაღლის უსწრაფესი სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა ჰიმლერის აბების მიღება.
გერმანიისგან განსხვავებით Human-Animal-Studies-ის სფეროში ქართული კვლევები არ მოგვეპოვება. თუმცა, სხვადასხვა წიგნებში მაინც შეგვიძლია მივაკვლიოთ ცნობებს ცხოველთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. მაგალითად, მწერალ ნაირა გელაშვილის რომანში „ჩვენი გრძელი ამბავი“ შეგიძლიათ ამოიკითხოთ იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ერთი ნაკლებად ცნობილი ქადაგების პასაჟები. შესანიშნავი ღვთისმსახური ტაძარში შეკრებილ მრევლს პირდაპირ მოუწოდებს, რომ ხელი არ ახლონ პირუტყვს, არ სცემონ და არ დაამცირონ ისინი. ეპისკოპოსი შთააგონებს გლეხებს, რომ სუსტზე ძალადობა ღვთის გმობა და მის წინააღმდეგ სვლაა. როგორც ჩანს, მეცხრამეტე საუკუნეში მჩაგვრელთა მიერ ფეხქვეშ გათელილი ღარიბი მოქალაქეები ხშირად ჯავრს ცხოველებზე იყრიდნენ. პრობლემა ისეთი სერიოზული იყო, რომ მის შესაჩერებლად გრანდიოზული მნიშვნელობის მოღვაწე, ეპისკოპოსი გაბრიელი ამბიონიდან განიხილავდა საკითხს.
საგულისხმო კორესპონდენციაა გამოქვეყნებული გაზეთ „ერთობის“ 1920 წლის 20 იანვრის ნომერში: „24 ამ თვეს საღამოს, სადგურ ლანჩხუთში დაიკარგა ანდრეიკას დატოვებული ძაღლი, შეიძლება გაყვა ვინმეს მატარებლით. ნიშნები: ერთი წლისაა, საშუალო ტანის, უბრალო ჯიშის, მოწითალო. მამალი, სახელათ ჰქვია სკუკუმ. ვსთხოვ მნახველს მომიყვანოს ლანჩხუთში ან თფილისში, ან მაცნობოს სად არის“. განცხადების ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოე ჟორდანია გახლავთ. მას არც პროპაგანდისთვის და არც საკუთარი ადამიანური ბუნების წარმოჩენისთვის არ სჭირდებოდა ძაღლების სიყვარულის ინსცენირება, იგი თავისი პოლიტიკით ამტკიცებდა ჰუმანისტური ღირებულებებისადმი ერთგულებას. ირკვევა, რომ დემოკრატიული საქართველოს ლიდერს შინ ჩვეულებრივი, დღეს რომ „დვარნიაშკას“ ან „მეტისს“ ვუწოდებთ, ისეთი ოთხფეხა მეგობარი ჰყავდა, რომლის მთავარი დანიშნულება ოჯახის უმცროსი წევრების აღზრდაში, მათთვის პასუხისმგებლობისა და სხვებზე მზრუნველობის უნარის გამომუშავებაში მონაწილეობის მიღება გახლდათ. ყველაზე ამაღელვებელი ამბავი კი ჩემმა მეგობარმა, 1918-21 წლების ეპოქის უბადლო მკვლევარმა – ირაკლი ირემაძემ გამიზიარა: „ლევან, წარმოიდგინე, საწყალი ანდრეიკა, ნოეს 12 წლის ბიჭი იანვრის პირველ ნახევარში დაიღუპა გაციებით თუ რაღაც მსგავსი ავადმყოფობით… გამოდის, რომ ეს განცხადება მგლოვიარე მამის ტექსტია, რომელიც შვილისგან სამახსოვროდ შემორჩენილ უკანასკნელ ცოცხალ არსებას ეძებს.“ სავარაუდოდ, ჟორდანიამ სანუკვარი შინაური ცხოველი ვერ იპოვე, მალე საქართველოს ოკუპაციაც დაიწყო და აღარავის გახსენებია ანდრეიკას დატოვებული მეგობარი.
„სკუკუმისა“ და „ბლონდის“ ამბები შეიძლება დაგეხმაროთ ცხოველთა მიმართ ნამდვილი სიყვარულის ამოცნობაში.