ორშაბათი, სექტემბერი 30, 2024
30 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

ჩემი პირველი კომპლექსური დავალება – ,,თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა“

განათლების რეფორმის მიზანია, სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება. სკოლის სახით ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ახალი სკოლის მოდელის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია იმ ზოგადი უნარებისა და ღირებულებების განვითარება-ჩამოყალიბება, რომლებსაც ყველა საგანში შეძენილი ცოდნა უნდა ემსახურებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობა – როგორ შეძლოს მასწავლებელმა მოსწავლეებამდე მთავარი მიზნის უფრო გასაგებად და საინტერესოდ მიტანა. რეფორმის ორიგინალობა უფრო მიდგომებშია, ვიდრე მიზნებში; როგორ და რა ფორმით შევთავაზოთ მოსწავლეს მასალა ისე, რომ სამუშაო პროცესი გახდეს სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია – პროდუქტიული.

მთავარი ამოსავლია სამი საკითხი: რისთვის, რას და როგორ ვასწავლით?!

ცოდნის სამი კატეგორიის (დეკლარატიულის, პროცედურულის, პირობისეულის) ერთიანობა პასუხობს სამი ტიპის შეკითხვას: რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?

დეკლარატიული ცოდნა – გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. იგი სტატიკური ხასიათისაა და უპასუხებს შეკითხვას: რა ვიცი?

პროცედურული ცოდნა – გულისხმობს ქმედების/ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას ოპერაციების/პროცედურების დონეზე. იგი დინამიკური ხასიათისაა, აღიწერება, როგორც უნარი და უპასუხებს შეკითხვას: როგორ გავაკეთო?/როგორ შევასრულო?

პირობისეული ცოდნა – გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრების, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. იგი დინამიკური ხასიათისაა და უპასუხებს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?

საგნობრივი საკითხები შერჩეული უნდა იქნეს იმგვარად, რომ ცნებების გააზრებას, საკვანძო კითხვებსა და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობას, მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს.

მკვიდრი წარმოდგენები – ეს არის ზოგადი წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მან თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია გაგების აქტების განსახორციელებლად.

კომპლექსური დავალება განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის. დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას. ის შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც.

ჩემი სკოლა ახალი სკოლის მოდელში ჩაერთო მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან. ხაზი უნდა გავუსვა იმ საკითხს, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ კომპლექსური დავალების შესრულებას. უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ახალი ტიპის დავალებამ ხელი შეუწყო ისეთი მოსწავლეების წახალისებას, რომლებიც მანამდე საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად აქტიურობდნენ.

ვფიქრობ, შემოთავაზებული სიახლე დიდად წაადგება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

წარმოგიდგენთ ჩემ პირველ კომპლექსურ დავალებას.

 

მე-7 კლასი.

თემა

 

       „თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა

 

 

სამიზნე ცნება

 

 

        მატერია. მოძრაობა და ცვლილებები . კვლევა

 

 

 

 

მკვიდრი წარმოდგენები

 

 

● თანაბარია მოძრაობა, თუ სხეული მუდმივი სიჩქარით მოძრაობს;

● სხეულის მოძრაობა ან უძრაობა ათვლის სისტემის არჩევაზეა დამოკიდებული;

● ფარდობითია მოძრაობის ტრაექტორია, გავლილი მანძილი და გადაადგილება;

● სხეულის მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მისი სიჩქარეა;

● სხეულის მოძრაობა (სიჩქარე და მიმართულება) სხვადასხვა ათვლის სხეულის მიმართ განსხვავებულია.

● აბსოლუტურად თანაბარი მოძრაობა ბუნებაში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა;

● წრფივი თანაბარი მოძრაობა არის მოძრაობა, რომლის დროსაც სხეული წრფივ ტრაექტორიაზე თანაბრად მოძრაობს;

● თანაბარი მოძრაობის სიჩქარე ფიზიკური სიდიდეა, რომელიც გამოითვლება გავლილი მანძილის შეფარდებით მოძრაობის დროსთან: v = s /t;

● სიჩქარის ერთეული SI სისტემაში არის 1მ/წმ: 1მ/წმ ისეთი თანაბარი მოძრაობის სიჩქარეა, რომლის დროსაც სხეული 1წმ-ში 1მ მანძილს გადის;

● არათანაბარი მოძრაობის დროს სიჩქარე მუდმივი სიდიდე არ არის: სხეულის სიჩქარე ტრაექტორიის სხვადასხვა უბანზე განსხვავებულია;

● არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე ისევე გამოითვლება, როგორც თანაბარი მოძრაობის სიჩქარე: სხეულის მიერ გავლილი მთელი მანძილი უნდა გავყოთ მოძრაობის მთელ დროზე:

vსაშ = sმთ /t;

●  საშუალო სიჩქარე ტრაექტორიის მოცემულ უბანზე გვიჩვენებს, რა სიჩქარით უნდა იაროს სხეულმა თანაბრად, რომ მან იმავე დროში იგივე მანძილი გაიაროს.

 

 

 

 

საკვანძო კითხვები

 

 

სსსმ მოსწავლისთვის:

 

● რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის მოძრაობის დახასიათება?

● რატომ გახდა აუცილებელი ათვლის სხეულის (სისტემის) შემოღება?

● რა გამოყენება აქვს სიჩქარის ცნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

● რა არის მექანიკური მოძრაობა?

● რაზეა დამოკიდებული სხეულის მოძრაობა ან უძრაობა?

● რა არის ტრაექტორია? გავლილი მანძილი?

● რა ერთეულებში იზომება გავლილი მანძილი?

● როგორი მოძრაობაა თანაბარი მოძრაობა? წრფივი თანაბარი მოძრაობა?

● რა არის სიჩქარე? რას გვიჩვენებს ის?

● როგორი სიდიდეა წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე?

● რა არის სიჩქარის ერთეული SI სისტემაში?

● როგორ გამოვსახოთ კმ/სთ მ/წმ-ში და პირიქით?

● როგორ გამოითვლება თანაბარი მოძრაობისას

ა) სიჩქარე;

ბ) გავლილი მანძილი;

გ) მოძრაობის დრო?

● რაში მდგომარეობს მოძრაობის ფარდობითობა?

● რა განსხვავებაა თანაბარსა და არათანაბარ მოძრაობას შორის?

● როგორი სიჩქარით ახასიათებენ არათანაბარ მოძრაობას?

● როგორ გამოითვლება საშუალო სიჩქარე;

● არის თუ არა საშუალო სიჩქარე ტრაექტორიის სხვადასხვა უბანზე სიჩქარეთა საშუალო არითმეტიკული?

● რით განსხვავდება საშუალო სიჩქარე მყისისგან?

● შეიძლება თუ არა მყისი სიჩქარის გამოთვლა ნებისმიერი არათანაბარი მოძრაობისას? რატომ?

● სხეულის ადგილმდებარეობის ზუსტად დასადგენად რომელი სიჩქარე უფრო დაგვეხმარება: საშუალო თუ მყისი?

 

 

 

 

თემის ფარგლებში დასამუშავებელი საკითხები

(სტანდარტთან კავშირი )

 

თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა

 

ქვესაკითხები – უფრო დეტალური, სპეციფიკური და უშუალოდ კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებული (საგნობრივი სტანდარტის მინიმუმიდან):

 

·         მექანიკური მოძრაობა.ათვლის სხეული

·         ნივთიერი წერტილი.მოძრაობის ტრაექტორია

·         წრფივი თანაბარი მოძრაობა

·         მოძრაობის ფარდობითობა

·         არათანაბარი მოძრაობა

·         მოძრაობის გრაფიკული წარმოდგენა

 

   ფიფქია და ერთი ჯუჯა საშობაო ნაძვისხესთან

 

 საშობაო დღეები იდგა. ერთმა ჯუჯამ ფიფქია სასრიალოდ გაყინულ ტბაზე წაიყვანა. ფიფქია და ჯუჯა ლამაზ, დათოვლილ ხესთან იდგნენ. ფიფქიას საოცრად მოეწონა გაყინული ტბა. იფიქრა, მოდი წრფივად გავსრიალდები, თან ირგვლივ ტბის სილამაზესაც დავაკვირდებიო.

მისი საოცარი მოგზაურობა ყინულზე სულ 0,4 წუთს გაგრძელდა. მოულოდნელად ყინული ჩატყდა და გოგონა წყალში აღმოჩნდა.

 ჯუჯამ გაიგონა ფიფქიას სასოწარკვეთილი ხმა, სასწრაფოდ წავიდა მისი საყვარელი ფიფქიას დასახმარებლად, მაგრამ ძალიან გაუჭირდა ყინულზე მოძრაობა. იგი ხან ნელა მიდიოდა, ხან ისვენებდა, ხან მოუჩქარებდა ნაბიჯებს, წაქცეული ეჭიდებოდა ტბიდან ამოშვერილ, გაყინულ მცენარეებს და ასე წვალებით მიაღწია ფიფქიამდე და დაეხმარა მას ამოსულიყო წყლიდან.

 აიყვანა ხელში გათოშილი ფიფქია და სვენებსვენებით ჯუჯების ქოხში წაიყვანა (ამ გზის გავლას ჯუჯამ 1 საათი მოანდომა), სადაც თბილი ბუხარი და სადილი ელოდებოდათ.

 

პატარა ვიდეოს ბმული:

https://drive.google.com/file/d/1IvyaTK_GWURL8RF-Pasn15rSFfLrgnfm/view?usp=sharing

 

 

დავალების შესასრულებლად გამოიყენებთ შემდეგი მონაცემები:

 

1.       მანძილი ნაძვის ხიდან იმ ადგილამდე, სადაც ფიფქია წყალში ჩავარდა არის 100 მეტრი.

 

2.       ჯუჯა მოძრაობის დროს ორჯერ მოეჭიდა წყალმცენარეს.

 

3.       მანძილი ჩატეხილი ყინულიდან ჯუჯების ქოხამდე არის 1,5 კმ.

 

ყურადღებით წაიკითხე დავალების პირობა და პასუხი გაეცი შემდეგ კითხვებს:

 

აღწერეთ ფიფქიასა და ჯუჯას მოძრაობები ნაძვის ხიდან ჩატეხილ ყინულამდე; ყინულიდან ჯუჯების ქოხამდე.

როგორია ფიფქიას მოძრაობა და რისი ტოლია სიჩქარე? (გამოსახეთ სიჩქარე SI სისტემაში).

რომელი ათვლის სისტემის მიმართ განიხილება მიღებული შედეგი?

შეიძლება თუ არა ფიფქიას მოძრაობა ჩაითვალოს თანაბრად? პასუხი დაასაბუთეთ.

ჯუჯას მოძრაობა შეისწავლეთ მოცემული გრაფიკის მიხედვით.

აღწერეთ მისი მოძრაობა;

მანძილის დროზე დამოკიდებულების მიხედვით ააგეთ ჯუჯას სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი (შეისწავლეთ ყველა უბანი ცალცალკე და გამოთვალეთ შესაბამისი სიდიდეები) (იხ.დანართი).

როგორია ჯუჯის მოძრაობა და რომელი ფორმულით შეიძლება გამოვთვალოთ მისი მოძრაობის სიჩქარე?

 (პასუხები გამოსახეთ SI-სისტემაში).

დაფიქრდი და აღწერე, როგორია ჯუჯას მოძრაობა ჩატეხილი ყინულის ადგილიდან ქოხამდე.

გამოთვალეთ ამ მოძრაობის დრო, თუ ჯუჯა მოძრაობდა 7,5 /წმ სიჩქარით.

ამ უბანზე რომელი ათვლის სისტემის მიმართ არის ფიფქია უძრავი?

ააგეთ ყველა აღწერილი მოძრაობის გავლილი მანძილისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები.

გამოთვალე ფიფქიას სიჩქარე ნაძვის ხიდან ჩატეხილ ყინუილამდე მოძრაობისას;

ააგე ამ მოძრაობის მანძილის და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები;

დაახასიათე ჯუჯას და ფიფქიას ქოხამდე მოძრაობა და გამოთვალე ამ მოძრაობის სიჩქარე.

 

 

 

კომპლექსური დავალების მოკლე აღწერა

1.კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, კომპლექსური დავალებისთვის მოსწავლეთა მომზადება.

კლასის დაყოფა ჯგუფებად, სამუშაო გეგმის დასახვა.

 

2. წინარე ცოდნის გააქტიურება: რას ეწოდება ათვლის სხეული? მოძრაობის ტრაექტორია? რას გულისხმობს მოძრაობის ფარდობითობა? რა არის თანაბარი (არათანაბარი) მოძრაობა? შესაბამისი ფორმულების გახსენება.

 

3.თეორიული მასალის გაცნობა (სახელმძღვანელო) ფორმულების დამუშავება.

ე. ბასიაშვილი – მოსწავლის წიგნი; მე-7 კლასი.

 

სასარგებლო ბმულები:

 

https://mastsavlebeli.ge/?p=21721

 

https://mastsavlebeli.ge/?p=21976

 

https://mastsavlebeli.ge/?p=22874

 

სილქნეტის საშინაო სკოლა:

 

https://www.youtube.com/watch?v=XIwJAwjB8Wc

 

https://www.youtube.com/watch?v=gsDwOmLITJ0

 

4.ელეტრონული რესურსები:

 

https://drive.google.com/file/d/1mnRHBNM00gaeWjUX3MGvbqOnLHjBzWKu/view

 

https://www.youtube.com/watch?v=qRR_1Gj6Kzw

 

https://www.radian.com.hk/simulations/index.html?fbclid=IwAR3lW_V2PYPw-HG1cT7D4IRikTZQuWWNZoj7qw4cuDi3OWYlSfNNgcWlTvY#/details/19

 

 

ექსპერიმენტი თანაბარ მოძრაობაზე – დააკვირდით მოცემულ ექსპერიმენტს და თქვენი მოსაზრებები წარმოადგინეთ პრეზენტაციაში:

https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mech_pohyb&l=en

 

 

 დააკვირდით ექსპერიმენტს, განიხილეთ გადაადგილებისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. სათანადო ანალიზის და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე ჩამოაყალიბეთ ექსპერიმენტის ანალიზი და გამოიტანეთ სათანადო დასკვნები.

 

5.მოსწავლის მიერ ინფორმაციის მოგროვება და კვლევის წარმოება. ინფორმაციის ანალიზი.

 

 

 

პრეზენტაცია,

დისკუსია

 

 

  

პრეზენტაცია წარმოადგინეთ წერილობით.

პრეზენტაციის დროს მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში და დაასაბუთეთ საკუთარი პოზიცია.

 

დანართი.

 

 

 

 

სოლო ტაქსონომიით მოსწავლის შეფასება

აბსტრაქტული დონე

 

მოსწავლე არგუმენტირებულად მსჯელობს სკალარულ და ვექტორულ სიდიდეებზე; ასევე- თანაბარ და არათანაბარ მოძრაობაზე. არგუმენტირებულად აკავშირებს სათანადო სიდიდეებს კონკრეტულ მაგალითებთან. სრულყოფილად წარმოადგენს მოძრაობას გრაფიკულად. შეუძლია უკვე აგებული გრაფიკების შინაარსის გააზრება. დამაჯერებლად მსჯელობს მოძრაობის ფარდობითობაზე და ათვლის სხეულის აუცილებლობაზე მოძრაობაზე დაკვირვებისას. მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და ადეკვატურად აფასებს სხეულთა სიჩქარის ცვლილების როლს ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში.
მიმართებითი დონე

 

მოსწავლე მსჯელობს სკალარულ და ვექტორულ სიდიდეებზე; ასახელებს სხეულის თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს და კავშირს მათ შორის, მოჰყავს სათანადო მაგალითები; სხეულების მოძრაობას აღწერს გრაფიკულად; მსჯელობს ფარდობით მოძრაობაზე და ათვლის სხეულის საჭიროებაზე.
მულტისტრუქტურული დონე

 

მოსწავლე ასახელებს და ახასიათებს ვექტორულ და სკალარულ სიდიდეებს, ასახელებს სხეულის თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს, მაგრამ ვერ აკავშირებს ამ სიდიდეებს კონკრეტულ მაგალითებთან ან ეს კავშირი ბუნდოვანია. ბუნდოვანია მოსწავლის მსჯელობა ათვლის სხეულის შემოტანის აუცილებლობაზე.
უნისტრუქტურული დონე

 

მოსწავლე ასახელებს და ახასიათებს ვექტორულ და სკალარულ სიდიდეებს, მაგრამ ვერ ახასიათებს სხეულის თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს და შესაბამის ფორმულებს. უჭირს ათვლის სხეულის შემოტანის აუცილებლობის დასაბუთება.
პრესტრუქტურული დონე

 

მოსწავლე ვერ ასახელებს და ასხვავებს ვექტორულ და სკალარულ სიდიდეებს, ვერ ახასიათებს სხეულის თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის მახასიათებელ სიდიდებს და შესაბამის ფორმულებს. ვერ განმარტავს ათვლის სხეულის მნიშვნელობას. მოსწავლე მართებულად ვერ იგებს კომპლექსური დავალების პირობას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა;

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4168573?publication=0;

ე. ბასიაშვილი მე-7 კლასი. მოსწავლის წიგნი;

ქ.ტატიშვილი მე-7 კლასი. მოსწავლის და მასწავლებლის წიგნები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“