ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

უბრალოდ ქვა

რად მოევლინები ამ ქვეყანას, არავინ იცის. გახსოვთ ვაჟა? – რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადაო. მართლაც, ზოგი ადამიანი ისეთია, მათ ადგილას ყოფნას ჟუჟუნა წვიმად მოსვლა სჯობია – მოსავლის მოწევაში მაინც დაეხმარები დედაბუნებას. თუმცა ასეთები ჟუჟუნა წვიმად კი არა, თქეშად მოვლენ და ყველაფერს დატბორავენ.

თუნდაც ქვა ავიღოთ – რამდენნაირია… ზოგიერთი ძვირფასია და მათ თითზე წამოცმაზე ან ყურზე დაკონწიალებაზე ისე ოცნებობენ, ზოგჯერ დანაშაულსაც არ ერიდებიან. ზოგი ნახევრად ძვირფასია და სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითად, ქარვას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პრევენციისთვის იყენებენ და ქვის ბაზარზე საკმაოდ ძვირადაც ფასობს.

არსებობს ყალბი ქვები და ისეთი მინერალებიც, რომლებსაც, ჯობია, ახლოს არ გაეკარო, თორემ…

არსენოპირიტი დარიშხნისა და რკინის სულფიდის ნარევია. პირიტის მსგავსი მინერალი. ამ უკანასკნელს სულელების ოქროსაც უწოდებენ, რადგან ძველად განძის მაძიებლებს ოქროში ერეოდათ და ეს ხშირად ტრაგიკულად სრულდებოდა. არსენოპირიტში დარიშხნის მომწამლავი ნაერთებია. თუ მინერალს გაახურებთ, ნივრის უსიამოვნო სუნი დადგება. ასეთი სუნი აქვს დარიშხანს და ტოქსიკურ ნაერთებს.

გამოიყოფა დარიშხნის გოგირდშემცველი არასტაბილური მარილებიც.

მინერალის ამოცნობა მასზე ჩაქუჩის დარტყმით შეიძლება. თუ დაიმსხვრა და ნივრის სუნიც იგრძენით, თქვენ წინაშე არსენოპირიტი ყოფილა.

სინგური (კინოვარი) ვერცხლისწყლის სულფიდია. ამ მინერალისგან ვერცხლისწყალსაც მოიპოვებენ, წინათ კი მისგან საღებავს იღებდნენ. მასზე იმდენჯერ დამიწერია, რომ ამჯერად სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას დავურთავ, რომ ვულკანების ახლომახლო მოიპოვება.

ჰატჩინსონიტი დარიშხნის, ტყვიისა და თალიუმის ნარევია. მისი სამივე კომპონენტი ძალიან მომწამლავია.

აზბესტს მანქანებისა და კოსმოსური ხომალდების წარმოებაში და მშენებლობაში იყენებენ, თუმცა სახიფათოა, რადგან ფილტვებს უტევს. მინერალი სილიციუმის დიოქსიდს, რკინას, ნატრიუმს და ჟანგბადს შეიცავს. აზბესტის კრისტალები მტვრის სახით ადვილად აღწევს ფილტვებში და კანცეროგენულ ეფექტს ახდენს. აღიზიანებს ქსოვილს და მასში ნაწიბურებს აჩენს.

ქალკანციტი ლურჯი კრისტალებია. მის შემადგენლობაში შედის სპილენძის იონები, რომელიც გოგირდსა და სხვა ელემენტებთანაა დაკავშირებული. ერთად თავმოყრილი ეს ნივთიერებები კი სახიფათო ხდება. კრისტალები ბიოლოგიურად აქტიურია, წყალში იოლად იხსნება და სპილენძი შესაძლოა მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმშიც აღმოჩნდეს.

ჰალენიტი ტყვიის მისაღებად საჭირო მინერალია. ისიც საშიშია ფილტვებისთვის, რადგან დამუშავებისას მომწამლავ მტვერს გამოყოფს.

სტიბნიტი სტიბიუმის სულფიდია. ის ვერცხლს გავს და წინათ მისგან თურმე ჭურჭელსაც ამზადებდნენ. შემდეგ მიხვდნენ, რომ მომწამლავი იყო და ამ საქმეზე ხელი აიღეს. სტიბნიტის უბრალო შეხების შემდეგაც კი ჯობია ხელები კარგად დავიბანოთ.

კოლორადოიტი მაგმაში წარმოიქმნება. ტელურისა და მერკურის ნაერთია და, შესაბამისად, ძალიან სახიფათოც. მინერალისგან ტელურს მოიპოვებენ და მასთან მუშაობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ტორბერნიტი მომწვანო პრიზმისებრი კრისტალებია. მის შემადგენლობაში კი ურანი და სპილენძი შედის.

თურმე წყეული ქვებიც არსებობს. ერთი მათგანია „დაწყევლილი მეწამული ამეთვისტო“, რომელიც დელიდან ჩამოიტანეს. დღეს ის ლონდონის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება, დიდი ხნის განმავლობაში ყუთში იდო და გამაფრთხილებელი წერილიც ახლდა, სანამ ქვას შეხედავთ ან შეეხებით, დაფიქრება გიჯობთო. ოცდაათი წლის წინ კი ყუთიდან ამოიღეს და გამოფინეს.

ლეგენდის თანახმად, ამეთვისტო ერთი ინდური ტაძრიდან მოუპარავთ, ლონდონში როგორ აღმოჩნდა, არავინ იცის. მერე კი მწერალ ედუარდ ალენს შეუძენია და აქედან დაწყებულა უსიამოვნებების ჯაჭვი მის ცხოვრებაში. ალენმა რამდენჯერმე ქვის თავიდან მოცილება სცადა, მდინარეშიც კი მოისროლა, მაგრამ ქვა მასვე დაუბრუნდა – სადილად ნაყიდი თევზის მუცელში აღმოჩნდა… ბოლოს მუზეუმს გადასცა, გამაფრთხილებელი წერილიც მიაყოლა და ითხოვა, სანამ ჩემი გარდაცვალებიდან სამი წელი არ გავა, არ გახსნათო.

გჯერათ? რა ვიცი, ალენს სჯეროდა…

ორღობის ქვა-ღორღიც არსებობს, არავინ რომ არაფრად აგდებს.

არსებობს კლდის მედიდური ნატეხებიც, ტაძრის ქვებიც, რომლებსაც აჩუქურთმებენ, რომ მერე პოეტთა მეფემ დაწეროს:

„ხვეულთ დიადება

ვხედავ, რა უხვია,

დრომ მას დიადემა

კრძალვით შეუხვია.

ნეტა ვინ მოჰქარგა,

და როცა მოჰქარგა,

შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა

გრძნება – ნიკორწმინდა…“

ქვა შესაძლოა სხეულშიც გაჩნდეს – ნაღვლის ბუშტში ან თირკმელში – და ადამიანს ტკივილი მიაყენოს. იკვრება ლორწოთი, ქმნის მკვრივ მასას, რომელიც ილექება საშარდე გზებში ან თირკმლის პარენქიმაში, აღიზიანებს ქსოვილს და იწვევს ანთებას. ასეთი დანალექები თანდათან იზრდება, მკვრივდება და კენჭებად იქცევა.

მჟავა ან ტუტე რეაქციის შარდში ილექება სხვადასხვა ბუნების მარილები, რომლებიც იმდენად დამახასიათებელია, რომ შარდის ნალექის მიკროსკოპით შესწავლისას კრისტალების ფორმის საფუძველზე შარდის რეაქციაც კი შეიძლება განისაზღვროს.

ადამიანის შარდს უმეტესად მჟავე რეაქცია აქვს, რაც მასში შარდმჟავას კალიუმის ან ნატრიუმის მარილების (ურატების), კალციუმის ოქსალატის და კალციუმის ერთჩანაცვლებული ფოსფატის არსებობითაა გაპირობებული. ტუტე რეაქციის შარდში გამოილექება ამორფული ფოსფორმჟავა კალციუმი და ფოსფორმჟავა მაგნიუმი, მაგნიუმ-ამონიუმის ფოსფატი, შარდმჟავა ამონიუმი, კაციუმის კარბონატი.

ურატები შარდში დიდი მოცულობის ნალექს აჩენს. მათი ნალექები გათბობისას ქრებიან, გაცივებისას კი კვლავ წარმოიქმნება.

ოქსალატების ნალექს თავისებური ფორმის კრისტალები აქვს. კვადრატული ოქტაედრის ფორმისაა და მიკროსკოპში საფოსტო კონვერტებს მოგვაგონებს. წვეტიანია, ძლიერ აზიანებს საშარდე გზებს და იწვევს სისხლდენას და ტკივილს.

ნაღვლის ქვები, ჩვეულებრივ, შეიცავს ცილოვან ბირთვს, რომელიც შეფერილია ნაღვლის პიგმენტებით. ხშირად კი ქვების ბირთვი გარშემორტყმულია ფენებით, რომლებიც მონაცვლეობით შეიცავს ქოლესტერინს და კალციუმის ბილირუბინატს. ასეთი ქვების შემადგენლობის 80% ქოლესტერინია.

ნაღვლის სადინართა დახშობის დროს მათში წარმოიქმნება ქვები, რომლებიც 90-95%-მდე ქოლესტერინს შეიცავს.

თუ ქვების წარმოქმნისადმი გაქვთ მიდრეკილება, ოქსალატები გეკრძალებათ. ისინი მჟაუნმჟავას მარილებია და მათ წარმოქმნის, მაგალითად, ისპანახი, არაქისი, ზოგჯერ – შოკოლადიც, უფრო ზუსტად, მასში შემავალი თეობრომინი.

საშიშია პურინების შემცველი პროდუქტებიც (პურინები ცილოვანი ნივთიერებებია, რომლებიც უკვე შარდმჟავასგან წარმოქმნის მარილებს). ასეთია, მაგალითად, ღვიძლი, საქონლის ხორცი.

ფოსფატების შემცველი სასმელები, გაზიანი და ტკბილი, ფოსფატურ ქვებს წარმოქმნის.

ჩვეულებრივი სუფრის მარილი ნატრიუმს შეიცავს, ორგანიზმში ნატრიუმის სიჭარბეს კი იქამდე მივყავართ, რომ ორგანიზმიდან კალციუმი გამოიდევნება. არადა, ამ უკანასკნელს დიდი როლი აკისრია ქვების წარმოქმნის შეკავებაში (აქ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ვგულისხმობთ, თორემ უკვე ორგანოებში კენჭებში შემავალი მარილები სწორად კალციუმთან წარმოიქმნება). სხვაგვარად რომ ვთქვათ, კალციუმი ბოჭავს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებში არსებულ სახიფათო ნივთიერებებს და წარმოქმნის მათთან შეუწოვად ნაერთებს, რომლებიც უბრალოდ გარეთ გამოიყოფა. მაშასადამე, ნატრიუმის სიჭარბე კალციუმის ნაკლებობას განაპირობებს და, შესაბამისად, ქვების წარმოქმნის რისკსაც ზრდის.

ქვების წარმოქმნას კი ხელს უშლის ჩვეულებრივი წყალი, რომელიც მექანიკურად გამოიტანს ორგანიზმიდან იმ ნალექს, რომლისგანაც ქვები ყალიბდება.

 

როგორ მოხვალ ამქვეყნად, არავინ იცის. შეიძლება, ქვად მოხვიდე, თუმცა…

„ქვა ქვაა,

მაგრამ ბედისწერა განაგებს ქვასაც.

ზოგი ჩუქურთმით იფარება და ზოგი – ხავსით,

ზოგი იქნება ობელისკი, ზოგი – ბილინგვა,

ზოგი სამსხვერპლო ქვა იქნება, ან ბაზილიკა…

უმრავლესობა მხოლოდ ქვაა,

ქვაა უბრალო…“ (შოთა ნიშნიანიძე)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი