ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

არდადეგები და წიგნების ძველი კარადა

არდადეგები დიდსაც და პატარასაც ერთნაირად უყვარს. ეს ნიშნავს ბევრ თავისუფალ დროს, რომელსაც სინდისის ქენჯნის გარეშე ფლანგავ. მეტ დროს ატარებ საყვარელ ადამიანებთან, მოგზაურობ ან სადღესასწაულო განწყობის მომგვრელი ფილმების ცქერით ერთობი. პირადად მე ძალიან მიყვარს საშობაო არდადეგები, რადგან სადღესასწაულო ფუსფუსი და სიურპრიზების მოლოდინი ნანატრ თავისუფლებას უფრო სასურველს ხდის და ჯადოსნურ ელფერს სძენს.

ბავშვობაში ზამთრის არდადეგებს გურიაში ვატარებდი. ახლაც მახსოვს წიწვების სურნელი  მისაღებ ოთახში და საბჭოთა კავშირის დროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების მუყაოს ყუთი, რომლიდანაც ფრთხილად ვიღებდი გახუნებულ ბურთებს, უცნაური ფორმის ფიგურებს, ცხოველებს, ანიმაციური პერსონაჟების გამოსახულებებს და ტოტებზე ვანაწილებდი. ბოლოს მორთულ ნაძვს ვერცხლისფერ წვიმას მივაყრიდი, ძირში „ძედ მაროზს“ და „სნეგურაჩკას“ მივუსკუპებდი და სადღესასწაულო კუთხეც მზად იყო. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავდიოდი სტუმრად ჩემი მეზობლის ნაძვის ხესთან, უფრო სწორად, მის მანათობელ მოწყობილობასთან. ფარნის ფორმის ფერად ფიგურებში მოთავსებული ნათურები ნაირფერად ბრჭყვიალებდნენ და საოცარი სიმყუდროვის შეგრძნებას მიჩენდნენ. შეიძლება ჩემს ხეზეც ცხოვრობდნენ „ციცინათელები“, თუმცა მათი ნათება მეხსიერებას არ შემორჩა.

 

არდადეგები ჩემთვის აღმოჩენების გაკეთების დროა. არსად გეჩქარება, ყველაფერს აკვირდები და აქამდე შეუმჩნეველი დეტალების დანახვას ახერხებ. წინაპართა ძველ სახლში სტუმრობა კი შეგიძლია ნამდვილ თავგადასავლად აქციო – გადმოქექო კარადის უჯრები წარსულის ფრაგმენტების შესაგროვებლად, შეისწავლო საოჯახო ალბომები და მიმოწერა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ტელეფონის შემოჭრამდე დისტანციური კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა ან გადმოალაგო ძველი წიგნების კარადა და რომელიმე წიგნის ერთგვარი მემატიანე გახდე.

როგორ ვარჩევთ წიგნებს?! – ვკითხულობთ ანოტაციას, ვათვალიერებთ ილუსტრაციებს, შეიძლება შესავალსაც გადავავლოთ თვალი… ახალი გამოცემებისაგან განსხვავებით, ძველი წიგნები გაცილებით მეტს ჰყვებიან საკუთარ თავზე, რადგან მკითხველებს უყვართ წიგნებში თავიანთი კვალის დატოვება, მათი შესწავლა კი წიგნის კითხვაზე არანაკლებ საინტერესოა. ბავშვობის სახლში დაბრუნებისას აუცილებლად ვიტოვებ დროს ძველი წიგნების გადასაქექად, სხვადასხვა მკითხველის მიერ მონიშნული ადგილებისა და მინაწერების მოსაძებნად, მათი შთაბეჭდილების გასაცოცხლებლად. ერთხელაც გადავწყვიტე, ბავშვობის ჩვევა სასწავლო აქტივობად, უფრო ზუსტად კი – საარდადეგებო დავალების ერთ-ერთ ვარიანტად მექცია და ახალბედა მკითხველები თავიანთი წინაპრების წარსულში სამოგზაუროდ გამეგზავნა.

თუ რომელიმე მოსწავლე ვერ მოახერხებდა ბებია-ბაბუასთან სტუმრობას ან კარადაში ძველ გამოცემებს ვერ აღმოაჩენდა, მაშინ იგი პირველი მკითხველი ხდებოდა, ანუ ახალი წიგნის ყდაზე სამახსოვრო ჩანაწერს ტოვებდა, კითხვის პროცესში მოწონებულ ფრაზებს ნიშნავდა და ა.შ. არდადეგების დასრულების შემდეგ კი ზემოაღნიშნული წიგნის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებდა.

რაც შეეხება „წინაპრების წარსულში მოგზაურობას“, იგი რამდენიმე ნაბიჯისგან შედგებოდა:

პირველი ნაბიჯი:წიგნების ძველი კარადა“

როგორც წესი, ბებია-ბაბუები წარსულის მემატიანეები არიან. მათ კარადაში აუცილებლად აღმოაჩენთ ყდაგაცრეცილ და ფურცლებშეყვითლებულ წიგნებს. მოსწავლეებს მათთან სტუმრობის დროს უნდა დაეთვალიერებინათ ძველი გამოცემები და დავალების შესაფერისი წიგნი შეერჩიათ.

მეორე ნაბიჯი: „ინტერვიუ“

წიგნის შერჩევის შემდეგ, მოსწავლეს უნდა მოეძებნა მისი მყიდველი ან/და პირველი მკითხველი და მასთან ინტერვიუ ჩაეწერა. რესპონდენტს უნდა გაეხსენებინა, სად და როდის შეიძინა ეს წიგნი, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი და რა შთაბეჭდილება დარჩა პირველი წაკითხვის შემდეგ.

მესამე ნაბიჯი: „ლუპა“

ამ დავალების შესრულებას დაკვირვებული თვალი და ერთი შეხედვით უინტერესო დეტალების შესწავლის სურვილი სჭირდებოდა. ძველი წიგნები ხომ სავსეა უცნაური მინაწერებითა და მონიშვნებით. მოსწავლეებს უნდა დაეთვალიერებინათ წიგნის თითოეული გვერდი და ზემოაღნიშნული ჩანაწერები შეეგროვებინათ (მათთვის ფოტოები გადაეღოთ ან ფურცლებზე ამოეწერათ). მათ ამ დავალების შესრულების პროცესში რესპონდენტთა ჩართვის და გაურკვეველი დეტალების დაზუსტების უფლება ჰქონდათ.

მეოთხე ნაბიჯი: „კითხვა“.

თქვენ უკვე იცით რჩეული წიგნის თქვენს სახლში მოხვედრის ისტორია. ისიც, თუ რატომ შეარჩიეს ეს წიგნი თქვენმა მშობლებმა თუ ბებია-ბაბუმ და რა შთაბეჭდილება დარჩათ მისი პირველად წაკითხვის შემდეგ. ახლა კი დროა, ახალი მოგონება შექმნათ და მის ფურცლებზე კიდევ ერთი კვალი დატოვოთ!

კითხვის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს ყდაზე რაიმე მინაწერი უნდა დაეტოვებინათ (წაკითხვის თარიღი, კომენტარი, ციტატა და ა.შ.) და წიგნის ბიოგრაფიისთვის საჭირო მასალაც (ინტერვიუ, ძველი მინაწერები, ახალი შთაბეჭდილება) მზად იყო. სკოლაში დაბრუნებულებს თავიანთი ნამუშევრები პოსტერის ან PowerPoint-ში აწყობილ პრეზენტაციის სახით უნდა წარმოედგინათ.

პრეზენტაციების დღეს ბავშვებთან ერთად მეც მოუთმენლად ველოდი. იმ დღეს ჩემს მოსწავლეებს ერთი ვეებერთელა გამოცემის შესახებ მოვუყევი, პატარა გოგომ თაროდან ძლივს რომ გადმოაცოცა, გადაშალა და საოცარ თავგადასავალში გაუჩინარდა.

„ბულკის“ ფულით ნაყიდი წიგნი

ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი დედაჩემის მიერ შეძენილ წიგნებს უჭირავს. მათ შორისაა ჩემი საყვარელი საბავშვო ავტორის – რადიარდ კიპლინგის „მაუგლის“ 1961 წლის გამოცემა (გამომცემლობა „ნაკადული“).

 

თავად წიგნის შესახებ აღარ ვისაუბრებ (მოსწავლეთა უმეტესობა ამ წიგნს კარგად იცნობს), მხოლოდ მისი შეძენის ისტორიას მოგიყვებით და ყდებზე აღმოჩენილ მინაწერებს დაგათვალიერებინებთ.

ჩემი მშობლების ბავშვობაში არც თუ ისე ბევრი წიგნი გამოიცემოდა. მათი დიდი ნაწილი ე.წ. ტალონების დახმარებით იყიდებოდა. მაგრამ ხანდახან ისეც ხდებოდა, 1 მანეთად და 27 კაპიკად ჯუნგლებში სამოგზაურო ბილეთს ყიდულობდი. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ფუნთუშაზე თქვა დედამ უარი, თუმცა ე.წ. ჯიბის ფულის შეგროვება და წიგნების ყიდვა მის ერთგვარ ჰობად იქცა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მკითხველები არ იყვნენ განებივრებულნი მრავალფეროვანი გამოცემებით, ამიტომაც ახალი თავგადასავლის ძიებაში წიგნის მოყვარული მეგობრების ბიბლიოთეკებს აკითხავდნენ. ისეც ხდებოდა, ზოგიერთ მათგანს  პატრონისთვის წიგნის დაბრუნება „ავიწყდებოდა“. ქვემოთ მოცემული მინაწერი სწორედ პოტენციური „ქურდის“ შესაშინებელად შეიქმნა და ერთგვარ მოარულ სიუჟეტად იქცა (არაერთი წიგნის პირველ გვერდს ამშვენებს). ამავე გვერდზე  მითითებულია წიგნის შეძენის თარიღი და მფლობელის სახელი და გვარი, რაც საკუთრების დამადასტურებელ ერთგვარ დოკუმენტს წარმოადგენდა.

დედა იხსენებს, რომ ტექსტის მონიშვნა ან ე.წ. მინდვრებზე (ტექსტის გარშემო დატოვებული თეთრი გვერდები) მინაწერების გაკეთება მის ბავშვობაში არასასურველ ქმედებად ითვლებოდა (მელნისა და საშრობის ეპოქაში ჩანაწერები იდღაბნებოდა და წიგნის გვერდებს აჭუჭყიანებდა). ამიტომ საყვარელ გამონათქვამებს რვეულში იწერდნენ. გამონაკლისი გახლდათ ყდებზე მინაწერების (კვალის) დატოვება, რაც ერთგვარ ტრადიციად ითვლებოდა. წარმოგიდგენთ კიდევ ერთ მინაწერს, რომელიც დედაჩემის ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა სტუმარმა „მაუგლის“ უკანა ყდაზე, სავარაუდოდ, კითხვის დასრულების შემდეგ დატოვა:

დარწმუნებული ვარ, უცნობმა მკითხველმა ზემოაღნიშნული მოსაზრება ისე გალექსა, სიტყვა „რეფლექსია“ არც კი გაეგონა. თუმცა კარგად იცოდა, რომ სიტყვა „ფარშივი“ (პირფერი) ერთგულის ანტონიმი იყო და მეგობრული კავშირისთვის შეუფერებელ ქმედებას წარმოადგენდა. აღნიშნული ბწკარედით მკითხველი წიგნის მთავარ სათქმელს გამოეხმაურა და წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა.

იმედი მაქვს, ბავშვები ამ არდადეგებს არაერთი სასიამოვნო მოგონებით დაიმახსოვრებენ. თუმცა ძალიან მიხარია, რომ მათ შორის ჩემი ბავშვობის საყვარელი თამაშიც დაიდებს ბინას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი