შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სწავლის მოშინაურება

მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. 1-4 კლასელ ადამიანებთან ვურთიერთობ და მუდმივად იმის ფიქრში ვარ, როგორ დავაჭერინო ამ პატარა ასაკის ადამიანებს   „სწავლის ხიბლი“.

დისტანციური სწავლება რომ შედგეს, საჭიროა მასწავლებლები მარტონი არ დავრჩეთ ეკრანის წინ. ახლა როგორც არასდროს, მინდობილნი ვართ ოჯახებზე და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე, რომ შემოგვიერთდნენ და სასწავლო პროცესი არ ჩავარდეს.

აქტიურად მეფიქრება ბავშვების განწყობაზე, მოტივაციაზე, ემოციებზე და ასევე, ოჯახის, მშობლების ემოციურ მდგომარეობაზე, შვილისადმი თანაგრძნობისა და გაგების გამოხატვასა და მიდგომებზე.

 

ამჟამად პირველკლასელ ადამიანებთან და მათ ოჯახებთან ვთანამშრომლობ და ასევე, აქტიური ურთიერთობა მაქვს მე-3 და მე-4 კლასელებთან.

მინდა, ჩემი წარმატებული გამოცდილება და მიდგომები გაგიზიაროთ, რამაც დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა განწყობასა და სასწავლო მოტივაციის შექმნაზე და შესაბამისად, პოზიტიური და შემართებული გახდა მათი ოჯახების განწყობაც.

სწავლება, რომელიც ახარებს მოსწავლეებს!”

მუდმივად თავში მიტრიალებს ეს წინადადება, თავისი არსით, მიზნით, შემდეგ ფიქრებში რომ წარმოვიდგენ ბედნიერღიმილიან მოსწავლეებს, უფრო მეტად მომწონს!

ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როდესაც, გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გახარებას, გაღიმებას შეძლებ!

ამას კი შევძლებთ მაშინ, როცა არა საკუთარ, არამედ მოსწავლის ინტერესებზე ვიფიქრებთ!

ამ „ჩაქუფრულ” სამყაროში მასწავლებლის ყველაზე დიდ მიღწევად მისი ქმედებებითა და დამოკიდებულებებით გახარებული მოსწავლეების სიმრავლე მიმაჩნია!

მოვიშველიებ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, შალვა ამონაშვილის სიტყვებს:

„ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ?  არა!  ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულსა და გულშია“.

სინამდვილეში, უფრო მარტივი მგონია გულწრფელ, ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი!

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამად, პირველი კლასის მასწავლებელი ვარ. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ნაშრომებს ვეცნობი, გული და სული ამაღლებული განწყობით მევსება: პატარა ხელებით, მრავალფეროვანი, დაუსაზღვრავი აზროვნებითა და ფიქრებით, ყოველდღე რაღაც მნიშვნელოვანს რომ ამატებენ საკუთარ შესაძლებლობებს. პატარა ხელებით შექმნილი ნაშრომები მუდმივად მახსენებს, რომ

„1+0″-ითა და ,,აი ია”-თი დაწყებული მნიშვნელოვანი წარწერების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ გულგრილად  დაწერილი „საშინაო დავალება”.

ყველა ჩვენგანი ხომ სწორედ აქედან მოვდივართ. ასე ვიწყებთ და შემდეგ გრძელდება…

ამიტომ:

პირველი და უმთავრესი, პოზიტიური ურთიერთობისთვის არის ის, რომ არ დავივიწყოთ, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით მოსწავლეები, ჩვენც ვცდილობდით, ჩვენთვისაც იყო ბევრი სირთულე, დაბრკოლება, ნუ დავივიწყებთ იმდროინდელ ემოციებსა და ფიქრებს და თანაგრძნობა და გაგებაც თავისთავად მოვა!

დღევანდელი სამყაროს „ჩამუქებულობა” თანმდევი უსიამოვნო, დაუნდობელი, უიმედო, გულსატკენი, იმედგამაცრუებელი ფაქტორებით, უფრო მეტად უნდა გვიბიძგებდეს მასწავლებლებს, გავხდეთ ჩვენი მოსწავლეების საყრდენი, თანამგრძნობი, გამზიარებელი.   შევცვალოთ, შევამსუბუქოთ, გავალამაზოთ, გავამარტივოთ, ძვირფასი გავხადოთ ყველაფერი ის, რაც სიმძიმის, დამთრგუნველობის მატარებელია.

მეორე უმთავრესი რამ აღმოვაჩინე:

ჩემი აზრით, ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა გავაცნობიერებინოთ საკუთარი დანიშნულების, მიზნების, გეგმების აღქმა. დაე, ისმენდნენ ჩვენგან გამამხნევებელ შეძახილებს, რომ „მათაც აქვთ საქმე, რასაც აუცილებლად გაუმკლავდებიან, შეძლებენ!”  პატარაობიდანვე იცოდნენ, რომ „ჰაერიდან“ არაფერი ცვივა, დაუმსახურებლად არაფერი გვეძლევა!

ყველა ასაკს აქვს თავისი შესაფერისი საქმე და ეს ფაქტი სულაც არ არის ცუდი და მოსაწყენი.

პირიქით!

მახსოვს, როცა ტერმინი „საშინაო დავალება” „სახლის საქმით” შევცვალე, რამდენიმე მშობლისგან პირად შეტყობინებაში შექება მივიღე. ამან მოწონება დაიმსახურა, რადგან დავალება უფრო მძაფრად ჟღერს და აბა, რომელ პატარას უხარია დავალებების მიღება. „სახლის საქმე“ კი ყველა ოჯახის წევრს აქვს. პატარებს კი მუდმივად აქვთ მოთხოვნილება, „დიდური ამბები” მათაც შეეხოთ.

ჩემი აზრით, მასწავლებლები და ოჯახები ძლიერი ვიქნებით მაშინ, როდესაც შევძლებთ, რომ  ჩვენმა ბავშვებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ სწავლით! დიახ, ისიამოვნონ იმ მომენტებით, როცა საკუთარი თავით იამაყებენ – „ეს მე გამომივიდა!”, „ეს მე შევძელი”, „ნახე, რა მაგარი ვარ!” გაბედნიერდებიან ჩვენგან მიღებული შექებით, სიურპრიზითა და ჯილდოთი!

და ამ ყველაფერთან ერთად თანდათან აღიჭურვებიან განათლებით!

სწავლა რაში გამომადგება? –

როცა გავიზრდები, კარგი სამსახური რომ მქონდეს! – პასუხობენ ხოლმე ბავშვები. და ეს პასუხი გაუცნობიერებლად და უგულოდ ჟღერს ამ პატარა ადამიანების ბაგეებიდან, უმრავლესობას სულაც არ უფიქრია ამაზე. რა სამსახური, რა მომავალი, მათთვის ხომ ეს სრულიად აბსტრაქტული და რთულად წარმოსადგენი რამეა. აბა წარმოიდგინეთ, როგორ მიუდგება ადამიანი საქმეს, როცა იცის, რომ ამას აკეთებს რაღაც გაუცნობიერებლისთვის, რომელზე ფიქრიც მისთვის რთულია. უბრალოდ, ასე ესმის უფროსებისგან და ამ პასუხმაც მყარად გაიდგა ფესვები მის გონებაში და ყოველ ჯერზე, კითხვაზე: „რატომ სწავლობ? – ინსტიქტურად პასუხობს, „კარგი სამსახური რომ მქონდეს…“, ან მსგავსი შინაარსის პასუხს სცემს, რომელიც უმეტესად სამომავლო გეგმებითაა დატვირთული. გეგმებით, რომლებიც ისევ უფროსებმა შეუდგინეს…

ბავშვებს „სწავლა უნდა მოვაშინაურებინოთ“. გავაცნობიერებინოთ, დავანახოთ, რომ სწავლა ახლაც ადგებათ ბევრ რამეში, მეტიც, ყველა ბედნიერი წამის, მხიარული და მშვიდი მომენტის მომტანი სწორედ რომ სწავლაა!.. ამ აბზაცის დასაწყისში ჩამოთვლილი არასრული ფაქტორების დაფასება ვასწავლოთ და გავაცნობიერებინოთ, რომ ყველა ის მომენტი, როცა საკუთარი თავით ამაყობ და შენით ხარობენ შენი საყვარელი ადამიანები, ეს  სწავლისგან მიღებული ამჟამინდელი სარგებელია! და რომ ეს შესანიშნავია!

 

 

ბავშვებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა, თანაგრძნობა, გაგება!

რთულია მათთვის დღევანდელი სასწავლო რეალობა. საუბარი მაქვს, განსაკუთრებით, პირველკლასელ ადამიანებზე, რომლებმაც ჯერ ვერც კი გააცნობიერეს, რა ხდება მათ თავს, სახლში არიან და თან სკოლის მოსწავლეები ჰქვიათ. სახლიდან გაუსვლელად აღმოჩნდებიან ხოლმე დილაობით „ვირტუალურ სკოლაში”. მათი თავისუფალი დრო შემცირდა და ეს საქმეებმა დაიკავეს.

უფროსებმა მიდგომები უნდა შევცვალოთ. წახალისებით ყველაფერი გამოვა!

მშობლებო, თქვენ უკეთ იცით შვილის ხასიათი, ჩაეჭიდეთ ძლიერსა და პოზიტიურს, რაც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ, თუნდაც ამისთვის დაგჭირდეს ჯილდოების, სიურპრიზების გაკეთება, ჯერ ასეა საჭირო. შემდეგ კი შრომა ბავშვებს ჩვევაში გადაუვათ, პასუხისმგებლობაც გაეზრდებათ.

ახლა, როგორც არასდროს, სკოლას ისე სჭირდება ოჯახის თანადგომა!

ბავშვი დღეს თითქმის მთელ დროს ოჯახში ატარებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრების დამოკიდებულებები და მიდგომები:

  • გაამხნევეთ, გვერდში დაუდექით. შეგეშალა? არაუშავს, კიდევ სცადე, მეც მეშლება.
  • როგორი რთულია და შენ რა ადვილად დაწერე!
  • როგორ მიხარია, ასეთი შრომისმოყვარე რომ ხარ!
  • ყოველ ჯერზე უკეთესად გამოგდის!
  • ვიცი, რომ ძალიან მოინდომე!
  • შენ ეს გამოგივიდა!

და მსგავსი შექებები აბედნიერებთ ბავშვებს. მუდამ ვუმეოროთ ასეთი რამეები, რომ დაილექოს და ღრმად გაუჯდეთ!

„შეძახილმა ხე გაახარა” – შევცვალე ცნობილი გამონათქვამი, რადგან ღრმად მჯერა, რომ თუ გახმობა შეუძლია, გახარებასაც შეძლებს.

მოუყვანეთ თქვენი მაგალითი. ხომ მუშაობთ? მანაც უნდა იშრომოს და შრომით მიიღოს ის ყველფერი, რაც მას აბედნიერებს. აქედანვე დავაფიქროთ და ჩავუნერგოთ, რომ მცირე სასიკეთო ქმედებაც დაუფასდება. თუ დროს სწორად გაანაწილებს, ნახავს, რომ თამაშის დროც დარჩება და ამის შემდეგ კი ოჯახის წევრების გახარებასაც შეძლებს, შექებას დაიმსახურებს, მისით იამაყებენ. ჯილდოებსა და სიურპრიზებსაც ნუ მოაკლებთ, ეს უფროსებსაც გვიყვარს და გვახარებს და პატარებს ხომ საერთოდ.

მოგიწოდებთ თქვენც და საკუთარ თავსაც:  მოსწავლეებს გავაცნობირებინოთ, რომ სწავლა არ არის მათგან განცალკევებული რამ, რომ დაძალებით, ინერციით ან ვიღაცების ხათრით კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ბედნიერებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად.  ჯერ გაურკვეველი მომავლისთვის კი არა, ახლანდელი დროისთვისაც კარგი და საჭიროა, რათა მიიღო ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და საკუთარი თავი მეტად შეიყვარო!

ხშირად შევახსენოთ შვილებსა და მოსწავლეებს იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ისინი ყოველდღიურად სასწავლო პროცესში ჩართულობით იღებენ, ნათლად დავანახოთ მათ განათლების საჭიროება, „მოვაშინაურებინოთ სწავლა”, და განწყობაც ამაღლდება!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი