ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სანამ გარეთ პანდემია მძვინვარებს… Rorochan_1999

რაც პანდემია დაგვატყდა თავს, მერვე სართულზე გამოვიკეტეთ: მე და ბავშვები. დღეები რუტინად იქცა, ხედი გაიყინა, ნაცრისფერი კორპუსები მიშენებული აივნებითა და ჭრელა-ჭრულა, გასაშრობად გამოკიდებული, ქარისგან მოფრიალე კაბებითა და ზეწრებით ღამღამობით ინთებიან და სიმშვიდე მოაქვთ. ჰაერს აივანზე ვსუნთქავთ, რიგრიგობით გავდივართ: მე, ჩემი შვილები, მეუღლე და კატა. ყველა რომ ერთად გავიდეთ, არც ადგილი გვეყოფა და არც ჰაერი.

ჰოდა ასე გამოკიდებული ცასა და მიწას შორის ვეწაფებით განათლებასა და სამსახურებს, რა თქმა უნდა, დისტანციურად, აბა სხვანაირად როგორ. დისტანციური, ზუმი, თიმსი, ჩართვა, გამორთვა, მითინგი – რაღაცნაირი ბასრი სიტყვები შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში და თბილად მოკალათდნენ ყოველდღიურ ლექსიკაში. ეს სიტყვებიც კორონას ვირუსს ჰგვანან,  აგრესიული არიან, არჩევანს არ გვიტოვებენ, ჩვენთან ცხოვრებას იწყებენ, ისე, რომ მოპატიჟებას არ უცდიან.

შიში და შფოთვა ჩვეულებრივი, ყოველდღიური გრძნობები გახდა ჩემს ცხოვრებაში. საკუთარ თავზე მეტად, ახლობელ ადამიანებზე მედარდება, ისინი იყვნენ მშვიდად.

არჩევნის თავისუფლება, მგონია, რომ წარსულს ჩაჰბარდა, ისე გვიწევს ტექნოლოგიების გამოყენება, არც კი ვფიქრობთ, გვინდა თუ არა, გვაქვს თუ არა გაჯეტების განწყობა, ონლაინჩართვისთვის მზაობა. ასე მგონია, რომ სერიალ „შავი სარკის“ ახალი სეზონის რომელიღაცა სერიის მონაწილე ვართ, სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩემს სამსახურეობრივ შეხვედრაზე დაბნეული მსმენელები ახალ შეხვედრას იწყებენ და ვერ მპოულობენ, ან რომელიმე გზააბნეული მსმენელი შემოეხეტება და იტყვის, უკაცრავად მე სხვა შეხვედრას დავეძებდიო. ჰოდა ასე დავიკარგეთ ინტერნეტის ქსელის მოლურჯო მოიისფერო ნათებაში, ვირუსისგან შეშინებულმა, ოცდამეერთე საუკუნის კაცობრიობამ ტკბილი სახლები თავშესაფრებად ვაქციეთ, სპირტებით, ნიღბებით აღვიჭურვეთ, ჩავიკეტეთ, განვმარტოვდით და ჩვენი ვნებების, სურვილების, საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ვირტუალურ სამყაროს მივაწყდით, ის დაგვრჩა ერთადერთ ნუგეშად, სადაც კოვიდი ვერ გავრცელდება.

ჩავიკეტეთ და ჩავკეტეთ ბავშვებიც, თინეიჯერებიც, ჩვილებიც. ასეა საჭირო, პირველ რიგში მათი უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით თინეიჯერებს გაუჭირდათ, ლამაზ-ლამაზი, ფერად-ფერადი ტანსაცმელი მიავიწყდათ, ჩანთები მიყარეს, მოკალათდნენ სავარძლებში და ისინიც შვებისთვის ინტერნეტს მიაწყდნენ, ინტერნეტს, რომელიც ისედაც ჭარბად იყო მათ ცხოვრებაში.

კორონამ მოიტანა, რომ აღმოჩენები გავაკეთე – თინეიჯერები, იმაზე მეტს იღებენ ინტერნეტისგან და გაჯეტებისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ფაქტობრივად, ის მათ ხელში ისეთივე ინსტრუმენტი და იარაღია, როგორიც ოდესღაც პირველი წიგნი იყო ადამიანის ხელში. ეს თაობა ძალიან განსხვავდება ჩვენი თაობისგან,  უზარმაზარ ინფორმაციაზე მოუწვდებათ ხელი – გვინდა, არგვინდა. ეს კი ცვლის ადამიანს, შესაძლოა უფრო სკეპტიკური და პრაქტიკული გახადოს, შესაძლოა უფრო ფრთხილიცა და ცოტათი მშიშარაც.

ინტერნეტი შესაძლოა მათ ხელში საშიშ იარაღად იქცეს და საკუთარ თავს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ. მაგრამ თუ ამ დროს დამნაშავის ძიებას დავიწყებთ, აუცილებლად მშობელთან მივალთ.

იმიტომ, რომ თუკი მოზარდი გულნატკენი და ნაწყენია, გაბრაზებულია სამყაროზე, ის აუცილებლად ინტერნეტის ქსელებში დაიწყებს ნუგეშის ძიებას, ბრაზს მაინც გამოხატავს სხვა თუ არაფერი და ეს ბრაზი შესაძლოა სტიქიად იქცეს. სტიქიებმა კი როგორი მოვარდნები იციან და რა შედეგები მოჰყვებათ ხოლმე – გვეცოდინება.

ჩემი შვილი, თეკლა მიჰყვება ერთ პატარა გოგონაზე როროჩანზე. როროჩანი იაპონელი, 14 წლის თინეიჯერი  ყოფილა, სოციალურ ქსელში სახელით – Rorochan_1999.

მოზარდებში ძალიან პოპულარული როროჩანი შემოქმედი იყო, შესანიშნავად უკრავდა პიანინოზე. თუმცა… და აქ იწყება მისი ისტორიის გასაოცარი და იდუმალი ნაწილი: ის სულ წერდა მშობლების სიმკაცრეზე, მათ მიერ ფიზიკურ ძალადობაზე, მარტოობაზე, სევდაზე, სიკვდილზე.

ტელეფონით იღებდა ვიდეოებს, თუ როგორ დაჰქროდა მაღალი სახლების სახურავებზე, მაღალი სისწრაფით მოძრავი მანქანებიან ტრასებზე. ამ ყველაფერს კი სოციალურ ქსელში აზიარებდა და მისი ეს სწრაფვა – საკუთარი თავის განადგურებისა, სხვა მოზარდებში მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევდა.

როროჩანის ცხოვრების ბნელ მხარეზე ბევრს საუბრობდნენ. არავის უნახავს ის როგორ გამოიყურებოდა – მხოლოდ მისი ავატარი იციან, საყვარელი ანიმეს გმირი პერსონაჟი, არ იცოდნენ მისი ნამდვილი სახელი და გვარი.

როროჩანმა საბოლოოდ გადაწყვიტა თავი მოეკლა. პირდაპირი ჩართვა მაღალი კორპუსის სახურავიდან, გოგონას ტელეფონით. ვარდება როროჩანი და მისი განადგურების ვირტუალური დამსწრეები სხვა მოზარდები არიან.

აი, ასე გოგონა განადგურდა. უნდოდა, ლეგენდად ქცეულიყოო. მასზე სიმღერა დაწერეს და კლიპიც გადაიღეს. ბევრი ისაუბრეს, თეორიებიც შექმნეს.

მოზარდები როროჩანზე ბევრს ფიქრობენ, გულში მოსწონთ კიდეც.

მე ეს მაღელვებს, ძალიან მაღელვებს.

თეკლა მიხსნის, რომ ფანები ჰყავს. რომ ყველაფერში დამნაშავე მისი მშობლები არიან, სულ ცოტა ყურადღება, სულ ცოტა სიყვარული – იქნებ ასე არ მომხდარიყო.

მე მის ფანებზეც ვფიქრობ და მათზეც, რომლებმაც ეს მძიმე ამბავი საკუთარი თვალით იხილეს. როგორ დააზიანებდა ეს მათ ფსიქიკას, როგორ შეუცვლიდა  ხედვას, ცხოვრებასაც, შესაძლოა.

ერთი კითხვა არ მასვენებს, რატომ არ აღმოჩნდა როროჩანის გვერდით არავინ, ვინც მას შეაჩერებდა, ვისაც ამ სევდიან სტატუსებზე რეაგირება ექნებოდა და ეტყოდა, კარგი რაა შეწყვიტე, ან ფსიქოლოგს შეახვედრებდა, ან მშობლებს დაელაპარაკებოდა ან, ან….

სოციალურ ქსელებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მეგობრობაზეც უნდა ვთქვა. ამ მხრივ ორი აზრია: რატომ უნდა იმეგობრონ, ან არ იმეგობრონ. ფიქრობენ, რომ ერთმანეთის პირადი სივრცე არ უნდა დაარღვიონ, რომ მასწავლებლის მიერ გაზიარებულმა ინფორმაციამ ან ნებისმიერმა რამ შესაძლოა მისი ავტორიტეტი შეარყიოს ან მკვეთრად გამოხატულმა პოლიტიკურმა სიმპათიებმა ნდობა დაუკარგოს, ან რელიგიურმა განცხადებებმა გამოიწვიოს გაუგებრობა და ასე შემდეგ.

თუმცა როროჩანს რომ მეგობრებში მასწავლებელი ჰყოლოდა, ის აუცილებლად შეამჩნევდა გოგონას  განწყობებს და იქნებ დახმარებოდა.

ეს, რა თქმა უნდა, ილუზია და ოცნებაა.

მაგრამ, მაინც – ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის მე ვიმატებ, რადგან, იქნებ ოდესმე დავჭირდე.

ჰოდა, ახლა, როცა ჩვენი თინეიჯერი შვილები კიდევ უფრო ჩაყურყმელავდნენ ინტერნეტის ქსელის უძირო ჭაში, სადაც ბნელი კუნჭულებიდან სხვადასხვა ცდუნება და საფრთხე იმზირება, რაც შეიძლება ბევრი, მომაბეზრებლადაც ბევრი ესაუბრეთ მათ, გაეხსენით რომ გაგეხსნან ისინი, რომ თავად გაუჩნდეთ სურვილი მოგიყვნენ რას უყურებენ და კითხულობენ, რას გრძნობენ და განიცდიან, ვინ ჰყავთ მეგობრები და ვის აღმერთებენ. თუკი ისინი გეტყვიან რომ არ სცალიათ, არ აქვთ სათქმელი, კარსაც თუ მოგიკეტავენ, არ დანებდეთ, იყავით მომაბეზრებელი, მაგრამ მშვიდი, მეგობრული და ხანდახან სასაცილოც. რომ ერთხელაც თქვან: კარგი ჰო, გეტყვი და დაიწყონ.

ასე დაიწყო თეკლამაც როროჩანზე მოყოლა. მართალი გითხრათ შევშინდი, შევშფოთდი, მაგრამ ამიხსნა და დამამშვიდა, მისთვის სუიციდი მიუღებელია. ეს გოგონა მასზე შექმნილი სიმღერის წყალობით აღმოუჩენია  და გულთან მიუტანია მთელი ეს ისტორია.

მოკლედ, სანამ გარეთ პანდემია მძვინვარებს, ჩვენ სახლში, ჩვენი შვილების ყველაზე ახლო მეგობრებად უნდა ვიქცეთ, სხვა გზა არ არის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი