ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლალამიაში მოხვედრილები- საკლასო აქტივობა დისტანციური სწავლებისას

 თავიდან (ვიდრე დისტანციურ სწავლებას წინასწარი შემზადების გარეშე ავიტაცებდით) მეგონა, პანდემიის გამო სახლში ყოფნა ყველაზე მეტად მასწავლებლებს გვიჭირდა.  ჩვენ ხომ ასეთი ჩვევა გვაქვს: ბევრს ვწუწუნებთ საკუთარი  პროფესიის სირთულეებზე, როგორი დამღლელია ჩვენი შრომა, თანაც საზოგადოებისგან არასაკმარისად გაგებულ-მხარდაჭერილი, მაგრამ საკმარისია სკოლას, ბავშვებს რამდენიმე დღით მოვწყდეთ, მაშინვე სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, ისევ ბავშვების ჟრიამული გვენატრება.  სცენის მტვრის ეფექტივითაა,- გადაყლაპავ სკოლის მტვერს, დაინახავ სიყვარულით მომზირალ თვალებს  და … თუ გულით  მასწავლებელი ხარ, შენ უკვე ამ თვალებს  ეკუთვნი. ზოგს ეს პათეტიკურ ნათქვამად  მოეჩვენება, მაგრამ  ყველას ნამდვილად არა. ასეთებს პანდემიის დროს აკვიატებული სიზმრებიც გაახსენდებათ, სიზმრად ჩატარებული გაკვეთილები…

მაგრამ ბავშვებიც ხომ იძულებული არიან სახლში იყონ, არადა, ვინ იცის, იმათაც როგორ ენატრებათ სკოლის დერეფნებში  განავარდება! როგორი ერთგული ყოფილან, როგორი უღალატოები! ამას  დისტანციურ სწავლებაზე დაკვირვებაც  მიდასტურებს: მიკროფონები წარამარა გვეთიშება, ზოგჯერ ყურში ერთდროულად რამდენიმე ხმა  ჩაგვესმის, სადღაც  რაღაც ზრიალებს, რაღაც წკრიალებს, ვიღაც ცელქობს და ვიღაცას „გაგდებობანას“ ეთამაშება, (ზოგჯერ მეტისმეტი მოსდის და ჩვენც კი „გვაგდებს“), საშინაო დავალებებს ზოგი „ჩათში“ აგდებს, ზოგი ფაილებში, ზოგი სრულიად წარმოუდგენელ ადგილას,  საპრეზენტაციო სლაიდი ზევით-ქვევით დაოთხილი დარბის…სადღაც ძაღლები ყეფენ, ჩვილები ტირიან, ჯამ-ჭურჭელი წკრიალებს და მაინც… ყოველ დღე ეკრანთან სხდებიან და აციმციმებული თვალებით გვიყურებენ, ახლა დამშვიდობება ნახეთ! ხელებს  პაწაწინა ალმებივით აფრიალებენ… დიდხანს… დიდხანს…

გარეთ გვინდა ყოფნა… უფრო სწორად, ერთად ყოფნა გვენატრება… არადა, სასწავლო წელი დასასრულისკენ მიიჩქარის…რომც მოესწროს ჩვენი შეხვედრა, მაინც დისტანცირებას გვირჩევენ… ეს კი იმდენ მკაცრ წესს  გულისხმობს… რას ვიზამთ, ჩვენი გადარჩენისთვის წესების დაცვა  აუცილებელია!..

ახალი შეხვედრებისთვის ალბათ ახალ  სასწავლო წელს უნდა დაველოდო, მანამ კი სახლში გამომწყვდეული ბოლთას ვცემ და ვფიქრობ, როგორ მოვახერხო, რომ ახლავე შევხვდეთ ერთმანეთს, თუნდაც ზღაპრულ სამყაროში, – ლამაზში, მიმზიდველში…ზღაპრულში  და ამავე დროს ადამიანურშიც თავისი ავ-კარგით.

რა გაახალისებს ჩემს მოსწავლეებს, რა იქნება ისეთი, რაც მათ ძალდაუტანებლად მიიზიდავს, ძველს  გაახსენებს,  ახალს ასწავლის, რაღაცასთან ან ვიღაცასთან მიმართებით საკუთარ თავს გამოაცნობინებს. ასეთი ხომ ზღაპარია! ეს ჟანრი უმცროსკლასელებს ძალიან უყვართ. კარგი აზრია,  იქნებ ზღაპარში სამოგზაუროდ გავეშუროთ!

მაშ ასე, ვიწყებთ: იყო და არა იყო რა…. არა, ასეთი დასაწყისი ამჟამად არ მაწყობს. ჩვენ ნამდვილად ვარსებობთ  და ეს მოგზაურობაც ნამდვილად გაიმართება. თუკი ჩვენს ავატარებს ფეხდაფეხ გავყვებით და ერთობლივ თავგადასავალში თავდავიწყებით გადავეშვებით, ვითომ რატომ არ იქნება   „ნამდვილი ზღაპარი“?  ამბის პერსონაჟები ხომ თვითონვე  ვიქნებით.

მას ასე, გადაწყდა, ჩვენ – მთელი კლასი ლალამიაში გავემგზავრებით, ყვავილებისა და მუსიკალური ბგერების, ანუ სილამაზისა და სიხარულის სამფლობელოში. მაგრამ სილამაზესა და სიხარულს ბოროტება ხშირად ეპოტინება. არა უშავს, მას  ერთად შევებრძოლებით,  ერთობით ყველაფერს დავძლევთ.

ყველაზე ძნელი დაწყებაა. როგორ დაიწყება ჩვენი თავგადასავალი? მას ვინ დაიწყებს? – ერთმანეთს ვეკითხებით. (ონლაინ გაკვეთილის შემდეგ კომპიუტერს ამაზე მოსათათბირებლად შემოვრჩით,-ოთხს ვუყურებთ, დანარჩენს სიის მიღმა ვვარაუდობთ).  მძიმე სიჩუმეა!

-მას, ნახეთ, დედამ რა ლამაზი სახატავი ფანქრები გამომიწერა!- ვერ ითმენს ჩვენი ხატვისმოყვარული  მარიამი და პაუზას უცებ ავსებს.

ეს ნიშანი იყო, გადაწყდა! ზღაპარს მარიამი დაიწყებს!

          ჩვენი ერთობლივი თავგადასავალიც იწყება: მარიამი სკოლისაკენ მიიჩქარის(ისევ სკოლის ნოსტალგია),  ხელში სახატავი ალბომი უჭირავს და ერთი სული აქვს,  თავისი ნახატები თანაკლასელებსა და მასწავლებელს მალე უჩვენოს. გზად მიმავალს ალბომი ხელიდან გაუვარდება და ფურცლები დაეფანტება.  შემთხვევითი გამვლელი,- უცნობი ქალი დაეხმარება, ამასობაში  მარიამის ნახატებს დაათვალიერებს.  ქალი  უცებ გადაწყვეტს, რომ გოგონას ჯადოსნური ნივთი აჩუქოს, ოღონდ ერთი პირობით, მარიამმა და მისმა მეგობრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა  ჰოპი გააცოცხლონ.   ეს ჯადოსნური ფანქარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ ზღაპარ-ამბავში.

          მოკლედ, ამბის გაგრძელება პროვოცირებულია, ნამდვილი მარიამი ძალიან კმაყოფილი,  ბავშვები საოცრად მოტივირებული:

-ნეტავ, ჰოპი ვინ არის?

-ნეტავ, როგორია?

– არც ის ვიცით,  ახლა სად არის!

-ვინ იცის, იმ უცნობ ქალს რა გაუჭირდა! მარი, შემთხვევით,  ჰოპი მისი შვილი ხომ არაა?

ჰმ, ზღაპარში მეც შევდივარ, თავიდან თითქოს მორიდებით, მერე თანდათან ვთამამდებდი.   დახეთ, მთელი ჩემი კლასი აქაა! გაკვეთილს ვიწყებ, მაგრამ … ნურას უკაცრავად, როგორ გინდა, დანთებული ცეცხლი ასე უცებ გაანელო… მარიამი გაკვეთილს უგულისყუროდ უსმენს, ბავშვებიც უგულისყუროდ გამოიყურებიან… ჰოპიზე ფიქრი არ ასვენებთ, რა დროს გაკვეთილია!

თავს ვარაუდების სეტყვა დამატყდა (ზღაპარშიც და სინამდვილეშიც). ერთადერთი რამ უტყუარია: ჰოპი ძალიან, ძალიან უცნაური ვინმე იქნება.

ზღაპარს ხვალ გავაგრძელებთ, ბავშვები კი მარტივ და სახალისო დავალებას შეასრულებენ,-ჰოპიზე იფიქრებენ და უპასუხებენ კითხვას: როგორი? ჩვენ ყოველი ახალი თავის წაკითხვისას ახალ სახალისო დავალებას შევასრულებთ, ეს კი გასაღები იქნება მომდევნო თავის დასაწერად.

ერთმანეთს ხელების ენერგიული ფრიალით ვემშვიდობებით: ჰმ, ყველა როგორ ჩაგვითრია! ეს ჰოპი რა ყოფილა!  მაინც ვინაა ასეთი!

მარიამის ფანქარმა თავისი ჯადოსნური ვალი შეასრულა, ჰოპი დახატა. ხატვა სხვა ბავშვებსაც ძალიან უყვართ  და ფანქარი მათ პაწია ხელებსაც კი  ადვილად ემორჩილება. ჰოპი ულამაზესი ელფი აღმოჩნდა, მაგრამ ის ახლა ქაღალდშია გამომწყვდეული, იქიდან როგორ უნდა გამოვიხსნათ…  დაგვეხმარე მასწავლებელო! ახლა თქვენ  მოიფიქრეთ რამე!

ჰოპის შეკითხვებს  ვწერთ, ვუგზავნით,  კითხვითი წინადადებების შედგენასაც ვსწავლობთ. საბრალო ჰოპი! თვითონაც არ იცის, რა შეემთხვა. იგი ლალამიას პრინცესა ყოფილა. ერთხელაც გაიღვიძა და მოულოდნელად სიცარიელეში აღმოჩნდა. საბრალო ელფი! ბავშვებსა და მასწავლებელს მუდარით უყურებს,- აქედან დამიხსენითო. ჩვენს ჰოპის სიცოცხლე სწყურია და არა ერთ ადგილას ყურყუტი.

ჰოპის ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩდა, რომ ანის სიზმარში მოსმენილი ლექსი გახსენებოდა, უფრო სწორად ლექსში ლექსი. ეს ჯადოსნური ლექსია, უკუღმა შეტრიალებული სიტყვებით, ყოველი დასაწყისი სიტყვა კი გასაღებია.

          ვაშაა! ლექსი-გასაღები წავიკითხეთ! საიდუმლო გამოვიცანით, ჰოპიც დავიხსენით და უცებ მასთან ერთად ლალამიაში აღმოვჩნდით, სილამაზის, მუსიკისა და სიხარულის სამეფოში.

ლალამიას ჰოპის და მართავს -პრინცესა ელა. ეს უმშვენიერესი სახელმწიფოა,- იქ მობინადრე ულამაზესი ელფებით. რა ბედნიერებაა! სახლში ყოფნით გულგაწყალებულები უცებ ნაყინის ფესტივალზე მოვხვდით,   ნაყინის  რეცეპტიც შევადგინეთ და კიდევაც მოვამზადეთ. სახელად „ტასიკოს ნაყინი“ ვუწოდეთ, რადგან ჩვენი ტასოს რეცეპტით ვხელმძღვანელობდით. თავი ვისახელეთ, შოკოფოიერვერკებით მოვიხიბლეთ, ამის შემდეგ კი წითელი მინიბუსით, რომელსაც სახელად დოდი ჰქვია, ლალამია კიდითკიდე შემოვიარეთ. ვინ არ გავიცანით: კომპოზიტორი დორემი, სახელგანთქმული მომღერალი ჩიორელა, შვიდი დობილი ყვავილი-ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა… მერე  ქეთის მომზადებულ „შოკოლადის ძეხვს“ გავუსინჯეთ გემო და ადვილად მოსამზადებელი ტკბილეულის რეცეპტებიც შევადგინეთ. შაბათ-კვირა მოდის, ახლა ტკბილეულის მომზადებას სახლში მოვსინჯავთ, ცივად მოსამზადებელია, – უბრალოა, მაგრამ გემრიელი…ზღაპარში კი…დაღლილ-დაქანცულები საგანგებოდ ჩვენთვის მომზადებულ „ცაფირუზა კოტეჯებში“ დავბინავდით.

ყველაფერი ერთმანეთს გადაეჯაჭვა: საკუთარ თავგადასავალს ვკითხულობთ, ვხატავთ, ვწერთ და ვხალისობთ…

როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არც ლალამიას ცხოვრება ყოფილა  უზადო.  ელა პრინცესაა, მაგრამ ძალაუფლება დებზე და მათ სამეფოზე  ხელთ მათ დეიდას, ქალბატონ ფამიას უპყრია,- პრინცესების აკადემიაში მანერების მასწავლებელს. საქმე იმაშია, რომ ელას სხვა მრჩეველი არ ჰყავს, დედამისი უგზოუკვლოდ დაიკარგა, პრინცესა კი ცოტათი დაბნეულია, – დეიდასთვის წინააღმდეგობის გაწევა უჭირს. ელას გმირი სისოლი უყვარს, მაგრამ სისოლი ღარიბი ელფია,  ფამიას კი მასზე არაფრის გაგონება არ სურს. ესეც არ იყოს, ელას და მასთან ერთად მთელი ლალამიას დაპატრონება მინორე ფონეგოს უნდა-მეზობელი სახელმწიფოს მმართველს. ფამია მდიდარი და ქედმაღალი ელფის მხარესაა, (მეტიც, მისი თანამზრახველია). ჩვენ-ზღაპრის სტუმრები თავიდან საფრთხეს თითქოს  არაფრად ვაგდებთ, მხიარულ სეკვენციასაც კი ვთხზავთ, მაგრამ არა… საქმე არც ისე ადვილადაა…

          ახლა რა მოხდება? გარეთ მხიარული თავგადასავლისთვის  გამოვედით, იქნებ მთელი ეს დრო სეირნობისთვის და  და გართობისთვის მიგვეძღვნა, ლალამიას პრობლემები რა ჩვენი საქმეა!   სულაც არა! ყველანი გავერთიანდით, რომ სილამაზისა და სიხარულის ზღაპრულ სამეფოს  უკეთესი  მომავალი შევუქმნათ. მეგობრებს მხარში უნდა ამოვუდგეთ!  სისოლი და ელა ბედნიერი უნდა იყონ, მაშინ ჩვენი პატარა ჰოპიც ბედნიერი იქნება.

რა გამოწვევა არ მივიღეთ და გავიმარჯვეთ: პრინცების აკადემიის ზედმეტად თავდაჯერებულ ფეხბურთელებს ჩვენი ანდრიას კაპიტნობით ფეხბურთის მატჩი დიდი ანგარიშით მოვუგეთ,  გაბღენძილ პრინცებს  ვასწავლეთ, როგორ უნდა დაიწეროს წერილი თავაზიანი სიტყვებით, მართლწერის მნიშვნელოვანი წესებიც ავუხსენით,  ჯადოსნურ ლაბირინთსა  და ფონეგოს ჯღუნებს  ჩვენი ბავშვების  საზრიანობით თავი დავაღწიეთ… არც ამას დავჯერდით, პრინცესების აკადემიაში გამართული სიმღერის კონკურსში გავიმარჯვეთ, თუმცა ამის გამო პრინცესა სისი -ფონეგოს და მტრად გადაგვეკიდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქალბატონ ფამიას მანერების გაკვეთილი დიდი  სისულელეა და რომ სწავლების მეთოდები აკადემიაში სრულიად  უნდა შეიცვალოს.

კვანძი სულ უფრო და უფრო იკვრება, კულმინაცია ახლოვდება: დომირეთში წასული სისოლი გზიდან მოიტაცეს, ქვეყანაში მინორ ფონეგოს ჯარი შემოიჭრა, ფამიას მზაკვრობა გამოაშკარავდა- თურმე ელასა და ჰოპის დედა  მან შეიტყუა არაფერში, ჰოპის შემთხვევაც მისგან მოდიოდა. გგონიათ,  ფონეგოსთან შეთქმული ფამია ამას  უმიზნოდ აკეთებდა? მას დიდი მადაც ჰქონდა და  თავისი აზრით, „დიადი“ მიზნებიც…

განა ფეხმორთხმით ჯდომის დროა, ბავშვებო, ბრძოლის სტრატეგიაა შესადგენი!  ამაში წერის „რაფთ-მეთოდი“ დაგვეხმარება, ის იქნება ჩვენი საყრდენი. გავყვებით შერჩეულ ჩარჩოს და ბრძოლის გეგმასაც შევადგენთ.

აი, კიდევ რა  გამახსენდა! მარიამ, შენ ხომ ჯადოსნური ფანქარი გაჩუქეს, თანაც იცი, ის უცნობი ქალი როგორ გამოიყურებოდა. დახატე, გთხოვ, დახატე, ჩვენც  დაგეხმარებით!

ჯადოსნური ფანქარი-მთავარი ატრიბუტი ჩვენი ზღაპრისა ისევ საქმეს შეუდგა, დიდი წარმატება  გვეწვია, არაფრიდან დედოფალიც გამოვიხსენით, ახლად დატყვევებული სისოლიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, წლების უკან გადაკარგული მინორეს ბიძაც-მაჟორე ფონ ეგო. გგონიათ, ამას დავჯერდით?  ბრძოლის წინა ღამეს მთელი დრო ლეგორობების დამზადებას  მოვანდომეთ-უზარმაზარი არმია შევქმენით.

ჩვენს კეთილსა და მამაც სისოლს ტყუილად ეგონა, რომ ამ ბრძოლას მარტო მიიღებდა, ჩვენ გვიფრთხილდებოდა. ოჰ, არა, ძვირფასო სისოლ! ამ საოცარ ბრძოლას- ლეგორობებით ნამდვილად არ დავაკლდებოდით.

-რა მამაცი ხარ, სისოლ! როგორი თავგანწირული!- გოგონებს მასზე უცებ შეუვარდათ გული. ვგონებ,  ბიჭებს შურის შეტევა ეწყებათ, თუმცა მსუბუქი. თვალები მაინც სიხარულით  უციმციმებთ…

-ბავშვებო, არ გინდათ, სისოლი წარმოსახვით ინტერვიუზე დაპატიჟოთ?-ვაპარებ.

-გვინდა, მას, როგორ არ გვინდა!-წიოკობენ გოგონები.

-თუ ასეა, ჩვენ ინტერვიუზე პრინცესა ელასა და ჰოპის მოვიწვევთ,- ვითომ  ბრაზობენ ბიჭები.

მოსახდენი მოხდა. კვანძი გაიხსნა. ბოროტება ჯერ ჩვენს ქმნილებას -ლეგოკედელს შეასკდა.  მტერმა ძალების მოკრება შეძლო, მაგრამ წინ ამასაც მედგრად აღვუდექით, მინორეს ჯარს გოლიათი ლეგორობებითა და ლეგომანქანებით შევუტიეთ. ბრძოლის სასწორი მაინც ლეგოგამაცივებლებმა და სისოლის სიმამაცესთან შერწყმულმა გონიერებამ გადაწონა.

რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ! მონორე ფონეგო თავისი ქვეყნის  საზღვრამდე ისე ვარბენინეთ, ქუსლებს ლამის კეფაზე ირტყამდა. როცა ფონეგოელებმა მინორეს ბოროტ საქმეებზე გაიგეს და ჩვენ მიერ დახატული ბრძოლის ეპიზოდები დაათვალიერეს, გადაწყვიტეს, რომ სიკეთეს ალტერნატივა არა აქვს. (ოღონდ არა ამ სიტყვებით). ფონეგოს მმართველად მაჟორე მოიწვიეს და ქვეყანას სახელიც კი გადაარქვეს, მირემისია უწოდეს-მუსიკალური ბგერების სახელი.

რა თქმა უნდა, მთავარი პრიზი  ყოველთვის გამარჯვებულს ერგება!  სისოლმა და ელამ დიდებული ქორწილი გადაიხადეს, ამ ქორწილში ჩვენც იმდენი ვიმხიარულეთ! ჰოპის სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა!

შინ -რეალურ სამყაროში დაბრუნების დროც მოვიდა. რა მოგვცა ამ მოგზაურობამ?

-ბავშვებო, ახლა მთავარი აზრი გამოკვეთეთ, რას დავაკვირდით,  რა ვისწავლეთ მნიშვნელოვანი?

– ის, რომ მეგობრობასა და ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება, ერთობის  ძალით ყველა განსაცდელი დაიძლევა, ყველა ტკივილი დაცხრება, წუხილი გაყუჩდება,  ყველგან სიყვარული და სიხარული გაბატონდება…

-არასოდეს მოარიდოთ თვალი  და გული სხვის გასაჭირს, სხვის ტკივილს  სასწრაფოდ უწამლეთ, გზადაკარგულს წინამძღოლად  გაუძეხით, სამშვიდობოს გაიყვანეთ…- ვეუბნებ დიდურად, როგორც მასწავლებელი.

-შეცდომები რომ დავუშვათ?

-შეცდომები უნდა გავიაზროთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ. შეცდომა გამოცდილებას გვმატებს, ის ხშირად ცხოვრების მასწავლებელია, ჩემო პატარებო!

ესეც ასე, ფანტაზიაში მოგზაურობაც დამთავრდა და ჩვენი ზღაპარიც.  როგორც ცხოვრების წესია, ყველაფერი, რაც კი უსიამოვნოა და ხელისშემშლელი, სიკეთის ხელით იცვლება, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.

ბოლო წერტილიც დავსვით, თუმცა ის საკმაოდ მსხვილი აღმოჩნდა, – მთელი  სახუმარო ლექსი. არა უშავს, მთავარი ისაა, რომ „მსხვილად“  მიგვანიშნოს, – არაფერი ხდება ტყუილად! ყველაფერი ჭკუის სასწავლებელია!  სისოლს ელა შეხვდება, მინორს კი მელა (ფამიას მელასაც ეძახდნენ).  ჩვენს  სილამაზეს, სიხარულსა  და სილაღეს ბოროტება ვერ მოიხელთებს,   სიკეთის გამარჯვებას ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენი ერთობით  ყველგან გავიმარჯვებთ – რეალურშიც და არარეალურშიც…ბავშვები?  ისინი  ამ რთულ საკითხზე ბავშვურად ჟღურტულებენ:

„ჩვენი ფონეგო რადგან გაურჩდა,

სისოლის მუშტებს ვერ გადაურჩა.

ვინც სხვებს ატირებს, ბოლოს ის ტირის,

ვინც სხვებს აყვირებს, ბოლოს ის ყვირის,

არ შეხვდა  ტახტი მინორ ბრექიას,

წიხლი ამოსცხეს ომიქექიას,

ბიჭი-ფონეგო ახტა და დახტა,

და თავის გათხრილ ორმოში ჩახტა,

სად არის ახლა, სად დაჭრაჭუნებს?

ბოღმისგან  კბილებს სად აკრაჭუნებს?

ალბათ შურისგან ისე გასივდა,

მისი შემყურე მზეც კი გაცივდა.

სისოლს ელა და მინორს  მელაო,-

ტრაბახას  ერგო ძველისძველაო,

ჰეი, ფონეგო, ხომ არის ფაქტი,

რომ სისოლს შეხვდა სამეფო ტახტი!

შენ კი მტკივან ცხვირს მიხედე კარგად,

სისოლის მუშტი რომ მოგხვდა მაგრად.

იქ  არსაითში,  სადღაც წარსულში,

დარჩა  ბოროტი, დარჩა ავსული,

ჩვენ კი ცხოვრება გვერგო  კეთილი,

აჰა, დავუსვით ბოლო წერტილი.

ერთ-ერთ ჩვეულებრივ საკლასო აქტივობაზე ამბის მოყოლით იქნებ სულაც თავი შეგაწყინეთ, მაგრამ ვერ შევძელი  პანდემიის მიწურულს  თქვენთან საუბრის სიამოვნებაზე უარი მეთქვა. თუ მოისურვებთ, რომ ჩვენს ირეალურ მოგზაურობას თვალი გადაავლოთ, ეს ბმული დაგეხმარებათ. თუ მოგეწონებათ, გამიხარდება.

საოცარი მოგზაურობა ლალამიაში

https://drive.google.com/file/d/1nDBKohwvT-e5iTwC-EVZZlTGmxLVJkCf/view?usp=sharing

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი