კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ვაჟა-ფშაველა სატირისა და იუმორის შესახებ

ვაჟა-ფშაველას სამყარო ჰეროიკულია. მასში იშვიათად შეხვდებით მოცინარ, მხიარულ პერსონაჟებს, რადგან მწერალი, ძველ ბერძენ ტრაგიკოსთა მსგავსად, ერიდება კომედიურ ტიპაჟებს და თუ მაინც იშველიებს მათ, ისევ ტრაგიკული პათოსისგან მკითხველის შესასვენებლად, როგორც თუნდაც შექსპირი.

ასე რომ, ვაჟას სატირა და იუმორი სპეციფიკურია და უფრო მის პუბლიცისტურ ფელეტონებში გვხვდება, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებებში. დავით კლდიაშვილისა არ იყოს, ვაჟას სიცილიც ცრემლიანია. ის ამგვარად ეთხოვება წარსულს, რომელიც ვეღარ ინარჩუნებს ძველ შინაარსს აწმყოს მიერ შეთავაზებულ ახალ ფორმაში. სწორედ ეს დარღვეული ჰარმონია აღძრავს სიცილს. აი, მაგალითად, ვაჟას აზრით, ფშაური პოეზია ორ ნაწილად იყოფა – ძველი და ახალი დროისად. ძველი ლექსები ვაჟკაცობას, ზნეობრივ სიმაღლეს, ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური სილამაზის ჰარმონიას ასხამს ხოტბას, მასში იდეალური ტიპებია გამოყვანილი, ისეთები, როგორიც უნდა იყოს ადამიანი, ახალი კი რეალისტურია და მათში „ჰკვნესის სატირული ნაღველი“. ამ ლექსების გმირები ისეთები არიან, როგორიცაა ადამიანი სინამდვილეში. აქ წუხილია (რომელიც „ცინიკობამდე მიდის“) ადამიანის დაკარგულ ბუნებაზე, იმაზე, რომ ხალხურ თქმულებებში გაქრნენ დიადი ადამიანები და მათი ადგილი უფრო დაჩიავებულმა, სატირის ობიექტმა დაიკავა. ვაჟა წერს, რომ სატირას ბადებს ცხოვრების ცვლილება, ერთი წყობიდან მეორეში გადასვლა, ისეთში, როგორიც იყო მისი თანადროულობა. ამ ეპოქის ხალხური ლექსებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი იდეალიზმის შერწყმა უკიდურეს რეალიზმთან.

ვაჟა პირველი შეეხო სატირისა და იუმორის მნიშვნელობასა და ადგილს ფშაურ ხალხურ პოეზიაში. მან ჩაწერა და განიხილა ამ ჟანრის შესანიშნავი ნიმუშები. სატირისა და იუმორის გამოვლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ ამ მხრივ განსხვავებაა საერთოქართული და ადგილობრივი, ცალკეული კუთხეების ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს შორის. ფშავ-ხევსურული პოეზიის ენა სპეციფიკურს ხდის ამ ნიმუშებს. ამიტომაა, რომ ისინი საქართველოს სხვა კუთხეებში არ გავრცელებულა. ფშავსა და ხევსურეთს არ გაუვლია საზოგადოებრივი განვითარების ის საფეხურები, რომლებიც საქართველოს სხვა კუთხეებმა გაიარა. სატირისა და იუმორის განვითარების თვალსაზრისით პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ კუთხის პოეზიის ნიმუშებს და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ვითარდებოდა აღნიშნული ჟანრი საზოგადოების განვითარებასთან ერთად. როგორც ვაჟა გადმოგვცემს, მელექსეები ერთმანეთს აყვედრიდნენ პირად ნაკლოვანებებს, ყველგან ცნობილსა და გამოაშკარავებულს. თუ პირადი აუგი არ იყო, მოპირდაპირე მხარე ეძებდა მიზეზს საგვარეულოში; თუ საგვარეულოშიც არ იყო – თემში; თუ თემშიც არ იყო – სოფელში. ვაჟა გვაცნობებს, რომ ფშავში განთქმული მელექსე იყო მისივე ღვიძლი ბიძა პარასკევა, მრავალი სატირული ლექსის ავტორი. პარასკევამ წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ მისი ნაწერები წერილობით არ შემონახულა, თუმცა ეს ლექსები დღემდე ცოცხლობს და ცნობილია ხალასი იუმორით. პარასკევა არ ყოფილა ამ განსხვავებული კილოს, რიტმის ლექსების პირველშექმნელი. ვაჟა ასევე ახსენებს ორ ფშაველ მელექსეს: მერცხალას (გამიხარდის) და ჯაბანს. ის საგანგებოდ ჩერდება მერცხალას რეპერტუარზე, რომლის ძირითად თემატიკას ახალი ცხოვრება და კლასობრივი ჩაგვრა წარმოადგენდა. ფშავში განსაკუთრებით გავრცელებული იყო მერცხალას სატირული ლექსები მამასახლისზე. ლექსებს მათი გმირის ყურამდეც მიუღწევია, შეხვედრიან კიდეც ერთმანეთს მერცხალა და მამასახლისი და მერცხალაც „წაკაფიავებია“.

ვაჟას ფელეტონებში, რომლებშიც გამხატვრულების მიზნით ავტორი ხან ერთი ფესვდონიმით გამოდის, ხან – მეორით, საზოგადოდ ქართული ლიტერატურისთვის და კერძოდ თერგდალეულებისთვის დამახასიათებელი „მართლის თქმის“ პრინციპია წამყვანი. „ასეა თუ ისე, ჩვენ სიმართლეს მაინც ნუ ვუღალატებთ, სიმართლეც ვთქვათ, ცილს მოვერიდოთ, გადაჭარბებას, ჭირი გამოვააშკარაოთ, რადგან დაფარული, დამალული ჭირი უფრო მავნებელია, ვიდრე ნათქვამი და გამოცხდებული“ („თიანური ფელეტონი“) – ესეც ილიასეულია და ეს მჭრელი ირონიაც: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“. ქართველმა მეფელეტონემ და კორესპონდენტმა ეს ანდაზა კარგად უნდა დაიხსომოს, ღრმად ჩაიჭდიოს, ჩაინერგოს გულში, თორემ გაჭირდა საქმე: თუ სადმე რამ ნაკლი ჰნახე სოფლად, დაბად, ან ავი ხმა გესმა, უნდა თვალი მოარიდო და ყურიც მოიყრუო; უნდა ხმა-კრინტი არ დასძრა. იტყვი და – ვაი შენი ბრალი მაშინ!.. ვისაც უფრო ბუბმბულიანი ცხვირი აქვს, უწინარეს ყოველთა და ყოვლისა, ის გაატანს წყალსა და ღვარს შენს ნათქვამ-ნაწერს. რით და როგორ? დაგაბრალებს პირადობას, მორჩა და გათავდა. შეიძლება გულუბრყვილო მკითხველი კიდევაც დაითანხმოს, ჩაითრიოს“.

ვაჟა დიდი რეალისტია, კარგად ხედავს, როგორ ირღვევა ადამიანის ზნეობრივი იდეალები, ამიტომ მისი სატირის ობიექტიც სწორედ ცივილიზაციით შენიღბული სულიერი დეგრადაციაა. ვაჟა დიდი ჰუმანისტია და ის არასდროს იქნება ღვარძლიანი, დამცინავი მოვლენასა თუ ადამიანთან მიმართებით. ის წუხს, რომ გარკვეულ გარემოებებში სასაცილო ხდება ბუნების საუკეთესო ქმნილება -ადამიანი. ამიტომ ვაჟას სიცილი, სატირა თუ იუმორი ნაღველთან წილნაყარია, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს ტრადიციული გაგებით ეს ტანდემი. აქ შემამსუბუქებელი მისი პუბლიცისტიკის მხატვრულობაცაა, რომელიც არაფრით უშლის ხელს მის რეალისტურობას. წერილში „ბიუროკრატის ჩივილი“ მწერალი სტატსკი სოვეტნიკის პირით გადმოგვცემს მისივე აზრებს,  ბიუროკრატიისადმი მის „ტრფობას“, ოღონდ ირონიის მიღმა შეფარულად, მაგრამ აშკარად ჩანს მწერლის პოზიცია.

ვაჟას აზრით, იუმორის გაგებას თავისებური ნიჭი და უნარი სჭირდბა, მისი აღქმის უნარი ყველას არ აქვს ან შეგნება არ ჰყოფნის. იუმორის სირთულეშიცაა საქმე, რადგან ის მკითხველისგან მოითხოვს შინაგანი კულტურის გარკვეულ დონეს. სატირა უფრო უმოწყალოა ცხოვრების მახინჯი მოვლენების მიმართ, ვაჟა კი ლმობიერია, მის სატირას ტრადიციული სიმძაფრე აკლია. შესაძლოა, მისი სატირა არცაა სატირა – კრიტიკის უკიდურესი ფორმა; უფრო იუმორია და გონებამახვილური მხატვრულობა. აქვე უნდა ითქვას, რომ ვაჟა სხვაგვარად ამხელს ნაკლს მხატვრულ ნაწარმოებებში და სხვაგვარად – პუბლიცისტურ წერილებში. ეს უკანასკნელნი უფრო მახვილი და მძაფრია. მაგალითად, წერილში „ხმა მთიდამ“ მგელა ხინკალჭამიაშვილი, რომელსაც „გაბერტყვით“ ემუქრება ერთი მოხელე და რომელიც მანდილოსნების ქოქოლასა და რისხვას იმსახურებს, თავად ვაჟა-ფშაველაა. მწერალი, რომელიც ყველაფერს დიდი ჰუმანისტის თვალით უყურებს, იუმორშიც ფაზიქია, სიცილშიც ეძებს ესთეტიკას. მისთვის უცხოა ქირდვა და შეურაცხყოფა, ვისიც არ უნდა იყოს, თუმცა დაუფარავად ამხელს ნაკლს. მისი გულისწყრომა კეთილშობილურია: „ღმერთმა დალოცოს თიანური ინტელიგენტი მაშინ, როდესაც „რეჩს“ ამბობს. „რეჩები“ და „რეჩები“, მერე რა „რეჩები“. ყველაფერზე „რეჩებს“ ამბობენ ესენი… თითქმის კალმახსაც არ სტოვებენ ისე, რომ ქება-დიდება არ მიუძღვნან. სადილზე თითო პირი ათჯერ სიტყვას ამბობს და ნეტავი ერთს საქმეს მაინც აკეთებდეს“ („სოფელი თიანეთი“).

ვაჟა-ფშაველა იმხელა მოვლენაა, რომ ცალკეა საკვლევი მისი შემოქმედების სხვადასხვა მხარე. ჩვენ აქ განხილული მეტად სპეციფიკური და საინტერესო საკითხის მხოლოდ ზოგიერთი ნიუანსი წარმოვაჩინეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი