შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კორონადღიურები 2

არაფერი ისე არ აშინებს ადამიანს, როგორც სავარაუდო სიკვდილის მოახლოებული საფრთხე. მით უფრო თუ ამ საფრთხეზე მეგაფონში ჩაყვირიან. ჩვენი, ეროვნული საქმე არ გეგონოთ და თავზე ნაცარს ნუ წაიყრით, ყველგან ასეა და ყოველთვის. 1938 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უელსის ცნობილი რადიოდადგმის შემდეგ, უცხოპლანეტელების შემოსევის შესახებ, ხალხი ქუჩაში გამოცვივდა და ზოგს თვეობით ვეღარ აჯერებდნენ საწინააღმდეგოს. ახლაც, არაერთ დასავლურ ქალაქში, მომეტებული წვიმის პროგნოზირებისასაც კი, რომელსაც აპლიკაცია გამცნობთ, დიდი შფოთვა იწყება. და რა გასაკვირია, რომ ჯერაც დაუმარცხებელი ვირუსი შიშს იწვევდეს. აქაც და იქაც.

არაფერი ამშვენებს ისე ადამიანს, როგორც შიშის დამორჩილება. დამარაცხება არა. დამარცხებით შიში ვერ მარცხდება. შიში და ადამიანი ერთი და იგივეა. ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა” – იმას კი არ გვეუბნება, სიკვდილის არ გვეშინოდეს და ცეცხლში თავი შერგეთო. არა, მეგობრებო, არა! უბრალოდ, შიშით სიკვდილის ვერ აირიდებო. ამიტომ, ეს შიში, შენსავე იარაღად უნა აქციო და სიკვდილი სხვანაირად გადაავადო.
დღეს ამისთვის ხელები უნდა დაიბანო ხშირად, თუ ვთქვათ, ჩემი საყვარელი იტალიიდან ჩამოხვედი და მეორე დღეს დაბადების დღე გვაქვს, ათასკაციანი ღრეობა არ მოაწყო, თუ სიცხე გაქვს და სუნთქვა გიჭირს, შარშანწინაც ასე რომ იყავი და ცალ ფეხზე გეკიდა, ეს არ თქვა და მეზობლის ბავშვებს ფეხბურთი არ ეთამაშო. ეგ ყველაზე დიდი შიშია. სიკვდილის შიშისგან გაქცევის შიში. ვითომ გაქცევის და ისე საკუთარი თავის და სხვების მის ხახასთან მირეკვის შიში.
იყავით მშიშრები, იქ სადაც შიში გარდაუვალი და აუცილებელია. გეშინოდეთ სხვის ნაცვლად და გახსოვდეთ, რომ ასეთი შიში ყველაზე დიდი სიმამაცეა.

 

ჰოდა, ამ ერთმანეთის გამხნევების ჟამს, თუნდაც ასე, სიმბოლურად, ნუ დაგვავიწყდება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, იტალიაში რომ ცხოვრობს და წლებია გვარჩენს. დიახ, გვარჩენს. დიდი წვალებით, მოთმინებით და გაუსაძლისი მონატრებით. ასე მოხდა, რომ აქამდე ექვს იტალიურ ქალაქში მოვაწყვეთ პატარა სამკითხველო. და ცოტა რამ უფრო ახლოს, უფრო შიგნიდან დავინახე. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: რაღაც გაუგებარი და უცნაური სიყვარულით გვიყვარს ჩვენ ეს ხალხი. უცნაურად გვიყვარს და უცნაურადვე გვახსოვს: პირველი – ,,ევროპაშია, მაგრად არის” მეორე – ცოტა ზიზღნარევია ან ყალბშეცოდებანრევი, ცოტა მორალის მარილითაც – ,,იქ მომვლელებად და მრეცხავებად მუშაობენ, აბა, აქ შესთავაზოს ვინმე მაგდაგვარი სამუშაო. ისედაც, უმეტესობა იპარავს, კაცო!’’ და მესამე ყალბთანგრძნობანარევი, ცოტა გამორჩენის სურვილით ნაკარნახევი – ,,ეს მელოდია ჯულიარდ ჯიქანაძისგან ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს’’. საზღვარსგამცდარი ქართველი ბევრია, Youtube – ზე ნახვებიც – შესაბამისი. ეს არის და ეს. გვარიანი სიუცხოვე ან უგვანო სიმღერები.
ერთმა კარგმა ნაცნობმა, ალაგ–ალაგ არცთუ ცუდმა კაცმა, განათლებულმა და დავარცხნილმა, მითხრა: ,,უფ, ეს ემიგრანტი ქართველები განსაკუთრებული ბნელები არიან, წუხელ დავყევი და ყველა წავშალე Facebook-დან’’. ჯერ ერთი, რომ ასე განზოგადება ყველა ემიგრანტზე ცოტა კომიკურია და მეორე – ცხადია, ნება მისია, საიდანაც უნდა, იქიდან წაშლის და აღადგენს, გინდ ქსელიდან და გინდ გონებიდანაც, მაგრამ ეგებ ერთხელ მაინც გვეკითხა ვინმესთვის, ვინც ბნელად მივიჩნიეთ, მხოლოდ მავნებლები ხომ არ ელაპარაკებიან, მხოლოდ მათსას ხომ კითხულობენ და ისმენენ? ჩვენ, ინტელექტუალური იერით ერთმანეთს ვუჩურჩულებთ, ეს ჩურჩული უვიწროეს წრეში იტრიალებს, ორას მოწონებას მოაგროვებს და მერე, თქვენი მოწონებული, ისე დავიძინებთ. ის სამყარო, დანარჩენი, ჩვენ მიღმა არსებობს და არ ვიმჩნევთ. და იოლად ვჩემპიონდებით ტრადიციულ, ეროვნულ სპორტში, ილია რომ ებრძოდა და ,,სპორტსმენებმა’’ მორიგი ,,გარბენისას’’ გადაქელეს. ერთმანეთთან სათქმელის არმიტანაა ეს სპორტი. ხელოვნური კასტურობა და ვერგატანა.
დიახ, ქართველი ემიგრანტები კრიმინალებიც არიან. და ასე ხუთი–ექვსი კულტურის ვარსკვლავი. ვიცით ეს. მაგრამ მგონი მარტო ეს ვიცით. არადა, ქართველი ემიგრანტები არიან სტუდენტები, დღეგამოშვებით რომ პატიოსნად მუშაობენ. არიან ძალიან, ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც უკვე ბევრს მიაღწიეს, მაგრამ ამ ფარდიდან ძნელად მოჩანს, არიან მომვლელები და მრეცხავები, შაბათობით პატარებს ქართულს და მათემატიკას რომ ასწავლიან საკვირაო სკოლაში. დიდები და პატარები. ეს ხალხი ღონისძიებაზე კატორღული სამსახურიდან ერთი საათით შემოირბენს და ამაოდ მალავს დიდ დაღლას და სევდას. არ იმჩნევს და არ გამჩნევინებს. ,,გავიქეცი ახლა ჩემს ბებოსთან მოსავლელად’’ – ნაძალადევი მხიარულებით მითხრა ერთხელ ერთმა ქალმა ქალაქ ბარიში და მძიმე ნაბიჯებით წავიდა. ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ქალებმა გადაარჩინეს საქართველო ფიზიკურად და ახლაც როდი აქვთ მცირე წვლილი. დანარჩენი ჩატეხილი ხიდის ამბავია.
26 მაისს, რომის მთავარ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხის გახსნა იგეგმებოდა. არ ვიცი, მოხერხდება თუ არ. იმედი მაქვს რომ კი. ჩემი სოლიდარობა იტალიელ ხალხს და რა გასაკვირია, რომ განსაკუთრებით, იქ მცხოვრებ, ჩვენგან მივიწყებულ ქართველებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი