შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საშინაო სკოლა: დისტანციური დავალებების შესახებ

21-ე საუკუნეში დისტანციური ფორმატით სწავლა-სწავლება თითქოს პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა ონლაინლექციების თუ სესიების ჩანაწერების გამოყენება საუნივერსიტეტო სწავლების ორგანული ნაწილი უფროა, ვიდრე – ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის. ამის მიუხედავად, შინ სწავლის მსურველები დღესაც მრავლად არიან (გავიხსენოთ, ე.წ. ჰოუმსქულინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში). ბოლო მონაცემებით საშინაო სკოლაში დაახლოებით მოსწავლეთა 3% იღებს განათლებას. ამ შემთხვევაში მშობელს თავად უწევს შვილის სწავლის პროცესის ორგანიზება, რაც უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს, ან დამხმარე მასწავლებლის აყვანა ხდება საჭირო. დღეს კი, ვიწრო სპეციალიზაციის ეპოქაში, არცთუ ისე ბევრი „სიბრძნის მასწავლებელი“ მოიძებნება, რამდენიმე დისციპლინის სწავლება ერთნაირად ხარისხიანად რომ შეძლოს.

საქართველოში დისტანციური განათლების პლატფორმა განვითარების პროცესშია. შესაქმნელია დიდი რაოდენობის რესურსი, რომელიც აღნიშნული საგანმანათლებლო მიდგომის ეფექტურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. ამას კი საკმაო დრო, ფინანსები და პროფესიონალიზმი სჭირდება. პირადად მე  შინ სწავლის ზოგიერთი ელემენტი პირველად საკუთარ თავზე სამი წლის წინ გამოვცადე, როდესაც ცამეტი წლის შემდეგ ხელმეორედ აღმოვჩნდი უნივერსიტეტში მაგისტრატურის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძირითადად სალექციო ფორმატში მიმდინარეობდა, ვიდეოლექციების, ონლაინსივრცეში უკუკავშირით სწავლების, დრაივის, მუდლის თუ სხვა სიკეთეების შესახებ სწორედ ამ პერიოდში შევიტყვე. ჩემი აზრით, სასწავლო პროცესის სტანდარტულ მოდელს არაფერი სჯობს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არაერთ ტექნიკურად განვითარებულ ქვეყანაში დისტანციური პლატფორმა განათლების მიღების ერთ-ერთ ეფექტურ გზას წარმოადგენს.

ქართული სკოლების ტექნიკური მზაობის ფონზე ალბათ დისტანციურ განათლებაზე საუბარი რთულია. გარკვეული პროცესები (სპეციალური სატელევიზიო გადაცემები, უფასო ონლაინ ბიბლიოთეკები და სხვ.) უკვე მიმდინარეობს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით გვტოვებს დისკუსიის  ფაზაში, რაც, არსებული ემოციური დაძაბულობის ფონზე, ხელს უშლის გამოსავლის დროულად მოძიებას.

მე და ჩემს კოლეგებს საშინაო სკოლის წარმართვის გამოცდილება აქამდე არ გვქონია, თუმცა დროის უქმად დაკარგვას მოქმედება ვარჩიეთ და რიგგარეშე ოთხკვირიანი არდადეგების სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობით დატვირთვა გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველები არ ვართ, ვინც საქართველოში „საშინაო სკოლის“ მიმართულებით იფიქრა. ინტერნეტში არაერთ ვიდეოგაკვეთილს ნახავს, რომელიც სხვადასხვა საკითხის დისტანციურად სწავლის პროცესს გაგიადვილებთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ვიდეოგაკვეთილების მომზადება და არასრულწლოვანი ადამიანებით დაკომპლექტებულ ჯგუფებთან პირდაპირი ჩართვების წარმართვა.

პირველ რიგში, ასეთ ექსტრემალურ პირობებში ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა რთულია (დიდ დროს და ტექნიკურ რესურსს მოითხოვს). კამერასთან ურთიერთობა ყველას არ შეუძლია, რადგან ვიდეოჩანაწერის ტექნიკურად გამართვა და „საკუთარ თავთან“ ყველასათვის გასაგებ ენაზე საუბარი სულაც არ გახლავთ ადვილი. კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს მსმენელის ჩართულობა. ძნელია, ივარაუდო, რამდენად კარგად გაიგო და აითვისა მოსწავლემ შენ მიერ ახსნილი მასალა. ვიდეოგაკვეთილების დადებით მხარედ კი ჩანაწერების მაქსიმალურად დახვეწის და  მისი მრავალჯერ ნახვის საშუალება შეგვიძლია დავასახელოთ.

თუ ონლაინგაკვეთილის ფორმატს გამოვიყენებთ, აქ ჩნდება ერთსა და იმავე დროს ინტერნეტსივრცეში მთელი კლასის თავმოყრისა და სასწავლო პროცესის მართვის სირთულეები, თუმცა სინქრონული სწავლების ფორმატში გაკვეთილის ჩატარების შედეგად იხსნება უკუკავშირის პრობლემა და ვიღებთ ჩვეული საგაკვეთილო პროცესის დისტანციურ ვარიანტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვიდეოგაკვეთილების ჩაწერისა და ონლაინსესიების წარმართვისთვის ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე და მისი მომხმარებელი (მოსწავლე, მშობელი) ჯერ მზად არ არის. ამიტომ ჩემმა სკოლამ ჯერ გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა სიხშირით შეეძლოთ ოჯახის წევრებს ბავშვების დახმარება და რა ტიპის ტექნიკური მხარდაჭერის (კომპიუტერთან წვდომა, ქსეროასლების გაკეთება და ა.შ.) იმედი უნდა გვქონოდა. სასკოლო გამოკითხვის შემდეგ შევქმენით ერთგვარი საოჯახო თამაშები/პროექტები ძირითად სასწავლო დისციპლინებში. სკოლის მთავარი გამოწვევა გახლდათ მოსწავლეთა მოტივაცია, რომელიც დისტანციურად უნდა გაგვეღვივებინა მოსწავლეებში. ამ მიზნით ჩავწერეთ საკმაოდ მოზრდილი ვიდეომიმართვები, სადაც შევეცადეთ საშინაო სკოლის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების „გაცოცხლებას“. ვიდეოგზავნილებს, დავალებათა განმარტების გარდა, გეზის მიცემისა და მოტივირების ფუნქციაც ეკისრებოდა. ვიდეოსთან ერთად მიწოდებული წერილობით, ნაბიჯებად და დროში მკაფიოდ გაწერილი ინსტრუქციები შესასრულებელი სამუშაოს სწორად გადანაწილებას უზრუნველყოფდა. ასე შევეცადეთ ხანგრძლივი არდადეგების თანმდევი უსიამოვნო ფენომენის – აკადემიური უნარების „დაბლაგვების“ თავიდან აცილებას. რაც შეეხება უკუკავშირს, ამ შემთხვევაში სკოლის ელექტრონულ ჟურნალს ვიყენებთ მოსწავლეთა კითხვებზე პასუხის გასაცემად და ეტაპობრივად მიღებულ დავალებებზე უკუკავშირის გასაგზავნად. დავალებების გაგზავნის შემდეგ არაერთი დადებითი კომენტარი მივიღეთ მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოტივაციაზე ზემოაღნიშნულმა ვიდეოგზავნილებმა ძალიან კარგად იმოქმედა. რაც შეეხება არდადეგებამდე მიღწეული აკადემიური შედეგების შენარჩუნებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას, ამას განახლებული სასწავლო პროცესი გვაჩვენებს. ამ წერილს კი ჩემი მესამეკლასელების პირველი კვირის დისტანციური დავალების ნიმუშით დავასრულებ.

გამარჯობა! შენთვის წერილია!

როგორც უკვე იცი, არდადეგები გაგვიგრძელდა და სახლში რომ არ მოიწყინო, გიგზავნი რამდენიმე საინტერესო დავალებას.

 

პირველი ნაბიჯი –  აირჩიე წიგნი

  • აირჩიე და წაიკითხე ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან ერთ-ერთი;
  • კითხვას დაუთმე დღეში მინიმუმ 30 წუთი (შენს განკარგულებაშია მომდევნო ერთი კვირა);
  • წაიკითხე რჩეული წიგნის მინიმუმ 3 თავი, თუმცა შეიძლება ისე დაინტერესდე, არდადეგების დასრულებამდე მთლიანად შემოგეკითხოს J
  1. სალამურას თავგადასავალი (არჩილ სულაკაური)
  2. პეპი გრძელიწინდა (ასტრიდ ლინდგრენი)
  3. პატარა უფლისწული (ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი)

 

მეორე ნაბიჯი – აირჩიე დავალების შესრულების გზა

  • კითხვის პროცესში ან საკითხავი მასალის დასრულების შემდეგ შექმენი შთაბეჭდილების დღიური;
  • შეგიძლია დღიური აწარმოო წერილობით ან ჩაწერო ვიდეობლოგების სახით.
  • თუ ვიდეოს ჩაწერას გადაწყვეტ, ალბათ დაგჭირდება რომელიმე ოჯახის წევრის დახმარება. დავალების შესრულებისთვის საკმარისია 1 დღის გამოყოფა.
  • თუ წერილობით ფორმატს აირჩევთ, სასურველია 2 დღეზე გადაანაწილო (დაახლოებით 30 -30 წუთი დღეში) შესასრულებელი სამუშაო.

 

მესამე ნაბიჯი –  აირჩიე ორი დავალება

იდეა #1 შეეკითხე ავტორს/პერსონაჟს – კითხვის პროცესში სულ მიჩნდება შეკითხვები ავტორთან ან პერსონაჟთან, მაგალითად, რატომ დაარქვა პერსონაჟებს ასეთი სახელები, ან რომელიმე მათგანს პროტოტიპი თუ ჰყავს?! პერსონაჟებს ალბათ ვკითხავდი, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ან რას გრძნობდნენ რთულ სიტუაციებში?! თუ შენც გიჩნდება მსგავსი კითხვები, მაშინ ეს დავალება შენთვისაა.

იდეა #2 გააგრძელე ამბავი – ეპიზოდების თუ წიგნების გაგრძელება საკლასო ოთახში უკვე მრავალჯერ გვიცდია და ვიცი, რომ გიყვართ. ვფიქრობ, ეს დავალება „შთაბეჭდილების დღიურსაც“ მოუხდება.

იდეა #3 გაყიდე წიგნი – ჩვენ არაერთხელ მოგვიწყვია იმიტირებული წიგნის პრეზენტაციები და დაგვიმზადებია სარეკლამო ბუკლეტები. თუ ამ დავალებას აირჩევ, შეეცადე რამდგრძელწენიმე წინადადებაში ჩაატიო წიგნის მთავარი ღირსებები, რომლებსაც სარეკლამო ბუკლეტის, ან ვიდეომიმართვის სახით წარმოადგენ.

იდეა #4  მოამზადე რეპორტაჟი – მაგალითად, წარმოიდგინე, რომ თოკით მოსიარულეთა ქალაქში სალამურას მიერ შესრულებული ოთხმაგი სალტო საკუთარი თვალით ნახე. მოგვიყევი პირველ პირში ეს ამბავი და თან საკუთარი დამოკიდებულების, ემოციის გადმოცემაც არ დაგავიწყდეს.

 

მეოთხე ნაბიჯი – გაიგე მეტი, დააჭირე ბმულს

შეგიძლია გაეცნო ბმულებს, რომლებიც დაგეხმარება შენი რჩეული წიგნის უკეთ გაცნობაში:

სალამურას თავგადასავალი

მულტფილმი https://www.youtube.com/watch?v=vg2jZdAqdKg

წიგნის ელექტრონული ვერსია https://www.bu.org.ge/x678?lang=geo

პეპი გრძელიწინდა

ფილმი   https://www.youtube.com/watch?v=dar3xhQWVvg

აუდიოწიგნი  https://www.youtube.com/watch?v=mTDZTOpgeLk

პატარა უფლისწული

ფილმი https://www.adjaranet.com/movies/10225/The-Little-Prince?lang=GEO&quality=HD

აუდიოწიგნი https://www.youtube.com/watch?v=v0DISv22-3g

წიგნის ელექტრონული ვერსია https://geolit.ge/targmanebi/ekziuperi/uplistsuli/patara_uplistsuli1.htm

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი