სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ერთი სიცოცხლის გათავება

 მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი კურდღლისა“ და ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით

 

„ერთი სიცოცხლე გავათავე, სანამ პასუხს გავიგებდი…“,  „ერთი სიცოცხლე გავათავე, სანამ არ შევხვდებოდი…“, „ერთი სიცოცხლის გათავება მომიწია, რომ მიზნისთვის მიმეღწია…“, ისე შევშინდი, ერთი სიცოცხლე გავათავე“ და ა. შ.

ხშირად გვსმენია ან თავადვე წარმოგვითქვამს  ასეთი  სიტყვათშეთანხმება. მაინც რას უნდა ნიშნავდეს? რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი, როცა ერთ სიცოცხლეს ათავებს/ასრულებს? მაინც რამდენი სიცოცხლე აქვს ადამიანს? იქნებ ცხრა როგორც, კატას აქვს, მითს თუ დავუჯერებთ? ან იქნებ სამი სიცოცხლე, თუ ქრისტიანულ სიმბოლიკას გავითვალისწინებთ? და თუ ერთი სიცოცხლე აქვს და ისიც თავდება, რა იწყება მის შემდეგ? იქნებ მეორე სიცოცხლე ან საერთოდაც ცხოვრება სიცოცხლის შემდეგ?

ადამიანი, რომლის არსშიც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – თავისუფალი ნება დევს, ყოველდღიურად დგება არჩევნის წინაშე, ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა ლიმინალური საზღვრის გადალახვა. ყოველწამიერად, ყოველწუთიერად ვიმყოფებით იმ ზღვარზე, რომლის ერთ მხარეს ის დგას, რისი გადალახვა/შეცვლაც გვსურს, ხოლო მეორე მხარეს ახალი სამყაროა – თავისი კარგი და ცუდი მხარეებით. როდესაც ადამიანი აი, ამ ზღვარზე დგება, არც აქეთა და არც იქითა მხარეს, სწორედ მაშინ ხდება ის საინტერესო – საკუთარი  შიშებით, გრძნობებით, ვნებებით.  ეს ზღვარი  „გამოკიდებულია  ჰაერში“, თითქოს ამოვარდნილია მატერიისგან, მიღმურია. აქ ხომ არაფერი არ არის – უბრალოდ ხიდია, გადასასვლელია, შემაერთებელია წარსულსა და ახალს მდგომარეობას შორის. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ხიდზე დგომას, ამ ზღვარს ვუწოდებთ ხოლმე იმ კონდიციას, როდესაც „ერთ სიცოცხლეს ვათავებთ“ და ვიწყებთ მეორეს. შემდეგ იმ „მეორე სიცოცხლესაც ვათავებთ“ და ვიწყებთ, მესამეს, მეოთხეს, მეხუთე და ასე შემდეგ, მანამდე სანამ ბოლო სიცოცხლეს უკვე ფიზიკურად არ დავასრულებთ და არ დავივიწყებთ იმას, რაც ბოლო სიცოცხლის „გათავების“ შემდეგ იწყება და რასაც ჩვენ ადამიანები სიკვდილად ან სიცოცხლის შემდგომ მდგომარეობად მოვიხსენიებთ.

დღევანდელ ეპოქაში, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება  ფანტასტიკის ჟანრი (სამეცნიერო, ფენტეზი და სხვ.), ყველგან – კინოში, ლიტერატურაში. თანამედროვე ადამიანი უფრო და უფრო მიელტვის ირეალურს, სხვა სამყაროებს, სხვა განზომილებებს.

იქნებ სწორედაც ამ ლიმინალურ სივრცეში ჩნდება ის სამყაროები, რომლებიც საუკუნეებია ასე იზიდავს კაცობრიობას? რამდენ განზომილებას შექმნის თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ზღვარზე ყოფნა? უამრავს, დაუთვლელს. დრო რომ გავაჩეროთ და შენელებულ კადრებად გავუშვათ ჩვენი ცხოვრება, განსაკუთრებით ის ადგილები, როდესაც „ერთ სიცოცხლეს ვათვებთ“, როდესაც გადაწყვეტილების მიღების მომენტში ვართ, როდესაც არჩევნის წინაშე ვდგავართ, რაღაცას ველოდებით სუნთქვაშეკრული, მოლოდინებით და შიშებით ვართ გარემოცული, როდესაც არც აქეთა მხარეს ვართ და არც იქითა მხარეს, ჩვენს წინ უამრავი განზომილება, უამრავი სამყარო, უამრავი ალტერნატივა გადაიშლება. „იარეს ბევრი, იარეს და ერთ ტრიალ მინდორზე გავიდნენ. გზაგასაყარი ნახეს. ერთი ქვა იდო. ქვაზე ეწერა: აქეთ  წახვალ – უკან დაბრუნდები. იქით წახვალ – უკან დაბრუნდები,  ასე წახვალ – უკან ვეღარ დაბრუნდები. უფროსი ძმა იქით წავიდა, საიდანაც დაბრუნდებოდა, შუათანა  იქით წავიდა, საიდანაც დაბრუნდებოდა,  უმცროსი იქით წავიდა, საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდა“. დიახ, დიახ, თქვენი ასარჩევია საით წახვალთ. თუმცა  რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ის ალტერნატივა, რომელიც გვერდზე გადადეთ და სხვა არჩიეთ, თავისთავად მაინც იარსებებს, თქვენგან დამოუკიდებლად, ისე როგორც სინამდვილის სხვა განზომილება, ან სულაც სარკის მეორე მხარე. და როდესაც ბოლო, ფიზიკურ სიცოცხლეს ვასრულებთ და ვძლევთ მიჯნას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, აქეთ მხარეს, ადამიანების სამყაროში ჩვენი ალტერნატივები, განზომილებები ჩვენგან  დამოუკიდებლად განაგრძობენ არსებობას, ჩვენი წარსული აჩრდილები კი მასში ხეტიალს. თუნდაც ჩვენი შთამომავლობის გონში – რადგანაც ისინი იმ არჩევნის, იმ ალტერნატივის შედეგია, რომელიც ოდესღაც მიჯნაზე მყოფებმა გადავწყვიტეთ. გავთხოვდეთ გიორგიზე და არა ლაშაზე, ცოლად მოვიყვანეთ თამუნა და არა მარინა, ამიტომაც ჩვენს შვილს გიორგის/თამუნას გენი გამოყვა და არა სხვა რომელიმესი, ერთი სიცოცხლე გავათავეთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ასჯერ ვზომოთ და ერთხელ გავჭრათ, აი ეს ასჯერ ზომვის პროცესია – ლიმინალური მიჯნა, ერთი სიცოცხლის გათავება.

მაგრამ რა მოხდებოდა, სხვა გზა რომ ამერჩია? დედაჩემი რომ სხვა ყოფილიყო და პაპაჩემი კიდევ სხვა, მე ვინ ვიქნებოდი? ცხოვრებაც ხომ ფანტასტიკის ჟანრია – და ჩემი არარსებული და ხელნაკრავ-უარყოფილი ალტერნატივები, ჩემი შესაძლებელი „მეები“,  ან უფრო ამ „მეების“ აჩრდილები სადღაც დამოუკიდებლად განაგრძობენ ფორიაქს, სადღაც ვიღაცის გონში, მამაჩემის ცნობიერში თუ უკვე მიცვალებული ბებიაჩემის მიერ აქ დატოვებულ ალტერნატივა/განზომილებებში. რეალური  სამყარო პირთამდე სავსეა სხვა სამყაროებით. ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება და ერთი სიცოცხლის გათავება, თავისთავად ბადებს მინიმუმ სამ ალტერნატივას.

ლიტერატურის წიაღში განსაკუთრებით  ჩნდება ლიმინალური მიჯნები და იქმნება უამრავი ალტერნატივა. ამიტომ ამ „მისტიკური თამაშების” გამოსააშკარავებლად  ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა.

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „თეთრი კურდღელი” სწორედ ამ კუთხით ვითარდება.

მთელი მოთხრობა, სიდონიას ზღურბლზე, ლიმინალურ მიჯნაზე ყოფნის ერთი დიდი ამბავია.

მოთხრობა იწყება სიდონიას ვნებებითა და ტანჯვით. შემდეგ მოცემულია, როგორ მიუახლოვდა გმირი ამ ზღურბლს, დასასრულ კი – როგორ ლახავს სიდონია ლიმინალურ მიჯნას.

როდესაც სიდონია ცდილობს, გააცნობიეროს შვილის სიკვდილი, მის წინ მაშინვე უამრავი ალტერნატივა იკვეთება:

ალტერნატივა 1: დალიოს საწამლავი, რომელიც კომოდის უჯრაში აქვს შენახული და ამით თავი აარიდოს სასტიკ რეალობას;

ალტერნატივა 2: თუ საწამლავის დალევას ვერ გაბედავს, გაიქცეს ვერის ხიდზე, რომელიც მის სახლთან ახლოსაა და იქიდან გადახტეს,

ალტერნატივა 3: თუ ამასაც ვერ გაბედავს მაშინ: „პასუხისგება რკინის მორივით აიკიდოს და სიკვდილამდე ზიდოს – ათი, ოცი, ორმოცი წელიწადი უნდა ატაროს, როგორც აქლემი ატარებს თავის უშნო და ვეებერთელა კუზს”;

და ალტერნატივა 4: რადგან სიდონია თავის მოკვლას ვერ გაბედავს, პასუხისგების, სინდისის ქენჯნისა და შვილის სიკვდილის დაჯერების კი საშინლად ეშინია და გაურბის, ამიტომ რჩება ერთი გზა: სიდონიამ თავი უნდა დააჯეროს, რომ მისი შვილი არ მომკვდარა, ცოცხალია. უნდა გაექცეს სინამდვილეს, რეალურ სამყაროს და თავის ოცნებებში გადასახლდეს.

 

ესეც ალტერნატივაა, მაგრამ ილუზიური, მოჩვენებითი ალტერნატივა. ეს ხელმეორე მიჯნაა, მიჯნიდან ისევ მიჯნაზე გადადის სიდონია. აქ სჭირდება სწორედ შვილმკვდარ დედას ორეული, ის ვინც ემპირიულს მოსწყვეტს და თავისივე გამონაგონ სამყაროში აცხოვრებს. ეს ორეული სწორედ თავად სიდონიაა – როგორც მისი ერთ-ერთი ალტერნატივის გმირი. ასეც ხდება ხოლმე, როდესაც სხვადასხვა განზომილების სამყაროებიდან ერთი და იგივე ადამიანი ხვდება ერთმანეთს. სწორად ამას უწოდებენ ორეულს.

მაშ ასე, აქედან იწყება  სიდონიას „ერთი სიცოცხლის გათავება“, ხიდზე დგომა, მანამდე, სანამ არ აირჩევს, რომელი გზით წავიდეს – იქ, საიდან მობრუნებაც საწყის წერტილამდე ადვილია, თუ საიდანაც ვერ მობრუნდება.

სიდონია თავის ორეულს თვითონვე არქმევს სახელს: სალომეს.

„მაშ ასე: – განაგრძო ფიქრი თავისთვის, მე სიდონი მქვიან, ამას კი – სალომე. და ესეც სატევარიშვილის გვარისა იყოს, ედიშერის ცოლი.

მე ბედნიერი ვარ, რადგან ორივე შვილი ცოცხალი მყავს, შენ კი – საწყალო, უბედურო! – შენ პირმშო ჯუანი მოგიკვდა… აგერ ის, დღეს რომ დამარხე…

საწყალო დედავ!… უბედურო…! საბრალოვ…!”.

გამოსავალი ნაპოვნია, ალტერნატივა, მიუხედავად თავისი ილუზიურობისა არჩეულია. სოდონიას პირმშო ისევ იქ, წაღვერის ბაღში, მცხუნვარე მზის ქვეშ თამაშობს, ზამბახებს რგავს და მუსიკალურ კურდღელს უსმენს (რომ ვერ იშორებს ახლა დედამისი), კურდღელი ვალსს „დილის სიზმარს” უკრავს, მართლაც რომ სიდონიას ცნობიერებაში დილის სიზმარს ემსგავსება თავს დატეხილი უბედურება. ქალი თავს აჯერებს, უმტკიცებს, რომ იქით ოთახში, პატარა თეთრ კუბოში სალომეს ვაჟი წევს, ამიტომაც მიჰყვება ასე უდრეკად და უცრემლოდ შვილმკვდარი დედა შვილის კუბოს.

მოთხრობაში, თავიდანვე კიდევ ერთი გმირია – ექიმი, რომლის მოვალეობაცაა სიდონია იმქვეყნიურიდან ამქვეყნიურში დააბრუნოს, აგრძნობინოს, მიახვედროს არჩეული ალტერნატივის მყიფობა, ილუზიურობა, ლიმინალური მიჯნა გადმოალახვინოს.

შვილის სიკვდილთან ერთად სიდონიას მარწუხებივით, საშინელ მაჯლაჯუნასავით სტანჯავს სინდისი. რომ არ დაეგვიანა იქნებ მისი ბიჭიკო ცოცხალი ყოფილიყო!

ამიტომ იყო, რომ სიტყვა „დაგვიანებული” ნაკვერჩხალივით ხვდებოდა სიდონიას. სწორად ეს სინდისის ხმაა, რომელმაც ქალი ამ ილუზიურ სამყაროში გადმოისროლა.

როდესაც იგი პირისპირ შეეჯახა სასტიკ სამყაროს, შვილის სიკვდილს: „უცებ მოულოდნელად, დედის ტვინსა და გულში რაღაც შეინძრა, გარდაიქმნა, გადატრიალდა, სიდონია გაიჭიმა, აიგრიხა, გაინასკვა – თითქოს ორსულად იყო და შვილის შობისათვის დამწიფდაო”.

დროის ათვლა ხელახლა, თავიდან დაიწყო, დროის მსვლელობის ჩვეული რიტმი დაირღვა.  სიდონიამ თავის წარმოსახვაში ალტერნატივა აირჩია, ხოლო რეალურად ლიმინალურ ზღურბლზე შედგა: ყოველგვარი კანონებისაგან და დროის მარწუხებისგან თავისუფალ მიჯნაზე, ამიტომ იყო რომ სიდონიამ წეს-ჩვეულებები, ტრადიცია უარყო და შვილი არც დაუტირებია (მისი შვილი ხომ ცოცხალი იყო!), და დრო სიდონიას ცნობიერებაში, მის გარშემო გაიყინა, შედგა. სიდონიასთვის დრო გაჩერდა, სიდონიამ დრო უარყო. და სიდონია სხვა განზომილებაში რეალურად გადასახლდა. დაიწყო მისი ერთი სოცოცხლის გათავების ხანგრძლივი, მტანჯველი პროცესი.

ქალი კალენდარს გაურბის, ფანჯრები ფარდებით ჩამობურა, რეალურმა დრომ რომ არ მოსჭრას თვალი: სიდონია ხომ ზაფხულში ცხოვრობს, რეალურად კი ზამთარია და გარეთ თოვლი მოდის. სიდონია ამიტომაც არ იხდის ზაფხულის თეთრ კაბას და გამუდმებით სცხელა.

მშობიარობის ინსცენირებას ბიჭის დაბადება მოჰყვა, სიდონიამ ჯუანშერი დაარქვა და ასე დაიწყო მისი ახალი „თეთრი” ცხოვრება. იგი ისევ ბედნიერია, ისევ ზაფხულია, მისი შვილი ისევ წაღვერის ბაღში თამაშობს და ლურსმანივით ჩაისო თავში: „არ მომკვდარა!”, „არ მომკვდარა!”

ალტერნატივა არჩეულია. სიდონიას შეუძლია ამ განზომილებაში ცხოვრება, მაგრამ გარემო მას ამის უფლებას არ აძლევს, მისთვის სხვა განზომილება არსებობს, იქნებ ეს ბედისწერაა? იქნებ ავტორის ნებაც და პოზიციაც.

ექიმი (იგივე ავტორი) სიდონიას სხვა, მყარი და რეალური ალტერნატივისკენ უბიძგებს: „ამ ქვეყანას დაბრუნდი, ღრუბლებში ცხოვრება ძალიან სახიფათოა. ჩამოვარდები და დაიმსხვრევი”.

ზოგ მომენტში სიდონია ცნობიერებითაც გადადის ოცნებების სამყაროში, ამ სამყაროსთან სიდონიას თეთრი კურდღელი აკავშირებს.

სიდონიასთვის დრო მოკვდა და გაიყინა.

„სიდონია ახლაც წარსულშია, ან წარსულია სიდონიას სულში – ეს ხომ სულ ერთია! – სიდონიას სულსა და გულში – სამივე დრო შეიკრა და შედუღდა: წარსული, აწყმო და მყოფადიც“.

ეს ყველაფერი ხომ ლიმინალური ფაზისთვის, კონდიციისთვის არის დამახასიათებელი. სიდონიას ცხოვრების ამ ეტაპზე დრო სარკალური გახდა.

ეს ქვეყანა მისთვის მეტისმეტად ცხადი,  სინამდვილე კი მკაცრი აღმოჩნდა. ამქვეყნად ჯუანშერი მოკვდა, ხოლო იქ გაღმეულში კი ჯუანშერი ისევ ცოცხალია და ამიტომ სიდონიასთვის იქ ყოფნა უფრო საამური, სასურველი და მისაღებია.

ექიმი სიდონიას მყარ, რეალურ ალტერნატივას სთავაზობს:

„დედას რომ შვილი მოუკვდება, დამარხავს, იტირებს, იგლოვებს  და შემდეგ ისევ თავის გზით წავა… მოვალეობა წინაშე ქმრისა, მშობლებისა და დანარჩენ შვილებისა”.

და ეს მოვალეობებია ზუსტად გადაწყვეტილებებს რომ გვაღებინებს, იმ სამყაროს გვარჩევინებს, რომელშიც „უნდა“ ვიცხოვროთ და არა „გვინდა“ ვიცხოვროთ.

ავტორი სიდონიას ილუზიურ ალტერნატივას ისევ ზღურბლად გარდაქმნის და ექიმის აქტიური ჩარევით ცდილობს ის რეალურ, მყარ მდგომარეობაში გადაიყვანოს.

საინტერესოა ალტერნატივებში მოგზაურობაც, როდესაც ერთი არჩევნიდან უცებ მეორეში გადავდივართ და პირველს ხიდად ვაქცევთ, თუმცა ესეც დროებითია, ერთში უნდა დავმკვიდრდეთ ბოლოს აუცილებლად. ასეთია წესი, წესი – ერთი სიცოცხლის გათავებისა.

ექიმი დაჟინებით აბამს ერთმანეთს შეცნობისა და ქვეშეცნობის სამყაროებს და ლამობს გაღმელი ისევ გამოღმა გამოიყვანოს.

ამ ჭიდილის შემდეგ, სიდონია ირეალურ და რეალურ სამყაროებს შორის არსებული მიჯნიდან აბიჯებს, სინამდვილეს მთელი თავისი სისასტიკით იღებს და:

„თითქოს მიწის გულიდან შადრევანივით ამოხეთქა ოთხი თვის დაგუბებულმა ნაღველმა და ვაებამ, გმინვამ და ცრემლმა, ურვამ და ხარხარმა”.

სათამაშო თეთრ კურდღელს ექიმი უხევს სიდონიას, კურდღელთან ერთად ექიმის ხელით იხევა მისი თეთრი, ოცნებების სამყაროც. ნივთებს საკუთარი მისტიკა აქვთ, საკუთარი ისტორია, დანიშნულება – შეგვახსენოს, დაგვაკავშიროს სხვა განზომილებებთან.

სალომეს ნაცვლად, სარკეში ადგილს ისევ ნამდვილი, რეალური სიდონია იკავებს. ორეულის საჭიროება აღარ არსებობს,  ორეული დაბრუნებულია იმ ალტერნატივაში, რომელიც როგორც იქნა უარყო სიდონიამ. თუმცა სალომე იარსებებს, სადღაც სიდონიას რომელიღაც განზომილებაში.

სიდონია თეთრ კაბას იხდის, ნიშნად იმისა, რომ ერთი სიცოცხლე უკვე გათავებულია. შავ კაბას იცვამს – ახალი რეალობის სიმბოლოს, თან მეორე შვილს ეალერსება.

სიდონია დიდი მოგზაურობიდან დაბრუნდა. დაბრუნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც უნდა ეცხოვრა, რაც მიღებულია, რაც განსაზღვრა მისმა წინაპრების ალტერნატივამ/არჩევნებმა. – არა, სიდონია, არ შეიშლება, ფსიქიკური გადახრები მის გენში არ დევს, მისი ყველა წინაპარი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო, ის ნორმალურია – რა უნდა ოცნებებში.

ექიმიც ადასტურებს სიდონიას არჩეული ალტერნატივის ჭეშმარიტებას:

„მარტო მიწაზეა ჭირიც და ლხინიც, ჭმუნვაც და სიხარულიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც. იქ კი – შენთან, მოგონილ ცაში არც ერთია, არც მეორე. იქ არაფერია, სრულებით არაფერი – გარდა ისევ შენგანვე შეთითხნილი სიცრუისა“.

თუმცა, თავისთვის სადღაც მაინც განაგრძობს არსებობას სალომე, განაგრძობს არსებობას შეშლილი სიდონიაც და თეთრი კურდღელიც. ალტერნატივის განადგურება შეუძლებელია.

„ერთი სიცოცხლის გათავების“ ფენომენი ძალიან კარგად ჩანს ქართულ ხალხურ ზღაპრებშიც, სადაც იგი ინიციაციასთან არის გაიგივებული.

ინიციაციას  კი გმირის უმეტესწილად  ქვესკნელში ჩასვლით იღებს.

ინიციაცია იგივე  „გადასვლის რიტუალი” ძველად თან ახლდა ადამიანის მეტ-ნაკლებად ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს: დაბადება, მოწიფულობა, ქორწინება, სიკვდილი და ა.შ.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში გმირი ჩადის რაიმეს ან ვინმეს მოსაპოვებლად, ხშირად საცოლის ან უკვდავების. ქვესკნელში გმირს უამრავი თავგადასავალი გადახდება უამრავ მავნე სულს (მაგალითად დევებს, ეშმაკებს) შეებრძოლება და ზესკნელში გამარჯვებული, გამოცდილებით აღჭურვილი ამოდის. ზოგჯერ ფიზიკურადაც ესპობა სიცოცხლე და მას მეორე სიცოცხლე ეძლევა, ან ნახევრად მკვდარი ხდება  („დღისით მკვდარი“),  იმის გამო რომ მზეს თვალი დაუბნელა, ასეთ მდგომარეობაში – ღამით გაცოცხლებული და დღისით მკვდარი, იწყებს ცხოვრებას – მიჯნაზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ასე ვერ გაგრძელდება, ვერავინ ვერ გაძლებს დიდხანს „სიცოცხლის გათავების“ მტანჯველ პროცესში. დიახ, ლიმინალურ ზღვარზე ყოფნა მოკვდავთათვის მეტად მტკივნეულია. და, რა თქმა უნდა, მკვდრის გაცოცხლება და ერთი სიკვდილის შემდეგ მეორეს დაწყება, სწორადაც რომ სიყვარულს უკავშირდება, რადგან ეს გრძნობაა, რომელიც მოვალეობებთან ერთად ან ამ გრძნობისგან გამოწვეული მოვალეობები გვაიძულებს ნაბიჯის გადადგმას ზღურბლზე, ალტერნატივის შეცვლას, და ახალი სიცოცხლის დაწყებას.

ამიტომაა, რომ მხოლოდ ქვესკნელიდან ამოსვლის შემდეგ ირთავს ვაჟი ცოლს ან ქალი თხოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდა ჩაბარებულია, ყმაწვილობიდან მოწიფულობაში გადასვლის ეტაპი და დაწყვილების დროა მოსული. ერთი სიცოცხლეც უკვე გათავებულია, მიჯნა დაძლეულია.

სიყვარულის დროა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“