შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

როგორ გავხდე კარგი მშობელი

დოქტორ თომას გორდონის პროგრამას “როგორ გავხდე კარგი მშობელი” (Parent Effectiveness Training – PET) საფუძველი 1962 წელს ჩაეყარა. ის მშობლებს ასწავლის, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები. სწორედ ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების წიგნი.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი შვილი სკოლამდელი ასაკისაა თუ გარდატეხის პერიოდი უდგას – მშობლობა ხშირად ძალიან რთული და დამთრგუნველი გვეჩვენება. სამწუხაროდ, არ არსებობს ბავშვების აღზრდის მზამზარეული რეცეპტები. შვილის ყოლა სულაც არ გულისხმობს, რომ ჩვენ ინსტინქტურად ვიცით, როგორ მოვიქცეთ.

თომას გორდონის წიგნის 30 ენაზე თარგმნილი 4 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში. ის მშობლის ერთგვარი გზამკვლევია, ბევრისთვის საყვარელი კლასიკა, რომელიც აღიარებულია და დადასტურებულია პრაქტიკით. წიგნი მშობლებსა და შვილებს და, საზოგადოდ, ადამიანებს ჯანსაღი, მდიდარი ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებაში ეხმარება.

ამჯერად გთავაზობთ ამ წიგნის რამდენიმე თავს სრულად და დანარჩენი თავების მოკლე მიმოხილვას იმ იმედით, რომ რომელიმე გამომცემლობა მისი ქართული ვერსიის გამოცემით დაინტერესდება.
I თავი – მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან
მშობლებს ბრალად სდებენ როგორც თავად ახალგაზრდობის ყველა პრობლემას, ისე იმ პრობლემებსაც, რომლებსაც ისინი საზოგადოებას უჩენენ. ბრალმდებლებად გამოდიან:

. ფსიქიატრები (შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე) იმ ბავშვებისა და მოზარდების სწრაფად მზარდი რიცხვის გამო, რომლებსაც მერყევი ან დამახინჯებული ფსიქიკა აქვთ, რომლებიც ნარკოტიკების ან სუიციდის მსხვერპლნი ხდებიან;

. პოლიტიკური ლიდერები და სამართალდამცავები საზოგადოების მეამბოხე წევრების, მკვლელი მოზარდების, მოძალადე სტუდენტებისა და კრიმინალების აღზრდის გამო;

. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა წარუმატებლობისა და უიმედო ყოფაქცევის გამო.
კეთილი, მაგრამ ვინ ეხმარება მშობლებს? თუ გაკეთებულა რამე საიმისოდ, რომ მათთვის უფრო ეფექტიანი აღზრდა გვესწავლებინა? სად ისწავლოს მშობელმა, რა შეეშალა და როგორ გამოასწოროს შეცდომა?

ყოველწლიურად მილიონობით დედა და მამა იღებს თავის თავზე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტვირთს – პასუხისმგებლობას სრულიად უმწეო ჩვილის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე, საზოგადოების სრულფასოვანი წევრის აღზრდაზე. რა უნდა იყოს ამაზე უფრო რთული და საპასუხისმგებლო საქმე? რამდენი მშობელია მზად ამისთვის? ამჟამად – გაცილებით მეტი, ვიდრე 1962 წელს, როცა კალიფორნიის შტატ პასადენაში მშობელთა წვრთნის პროგრამის შექმნა გადავწყვიტე. ჩემს პირველ ჯგუფში მხოლოდ ჩვიდმეტი მშობელი იყო, ძირითადად ისეთები, რომელთაც შვილებთან უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა მილიონ-ნახევარზე მეტ მშობელს ვასწავლეთ, დავრწმუნდით, რომ კურსს, რომლის სახელწოდებაა “როგორ გავხდე კარგი მშობელი” ან უბრალოდ PET-ი (Parent Effectiveness Training), შეუძლია, მშობლებს შვილების აღზრდის ეფექტიანი უნარები გამოუმუშაოს.

პროგრამამ დაგვარწმუნა, რომ წვრთნის შედეგად ბევრი მშობელი გაცილებით უკეთესი აღმზრდელი ხდება. ისინი ითვისებენ იმ ძალზე სპეციფიკურ უნარებს, რომლებიც მშობელი-შვილის ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, სწავლობენ ოჯახური კონფლიქტის მოგვარების ახალ გზებს, რაც მათი ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს და არა შესუსტებას. ჩვენ გვჯერა, რომ მშობლებსა და შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ორმხრივ სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული თბილი და ინტიმური ურთიერთობა. პროგრამამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ გაუცხოება და ბზარი ოჯახში სულაც არ არის გარდაუვალი.

როცა პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვიყავი, მშობელთა უმრავლესობის მსგავსად დარწმუნებული გახლდით, ამბოხის პერიოდი გარდატეხის ასაკში გარდაუვალი მოვლენა იყო – მოზარდის დამოუკიდებლობისა და მშობელთა წინააღმდეგ ჯანყის უნივერსალური სურვილის შედეგი. დარწმუნებული ვიყავი, რომ, როგორც კვლევები აჩვენებდა, მოზარდობის პერიოდს ოჯახში აუცილებლად ქარტეხილებსა და სტრესში უნდა ჩაეევლო. PET პროგრამით მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ვცდებოდით. ამ პროგრამით სწავლების შემდეგ მშობლები გახარებულები გვიდასტურებდნენ, რომ მათ ოჯახებში სიმშვიდემ დაისადგურა.

მოზარდები მშობლების წინააღმდეგ აბოხს არ აწყობენ, ისინი მხოლოდ აღზრდის იმ დესტრუქციულ მეთოდებს უჯანყდებიან, მშობელთა უმრავლესობა რომ იყენებს. მას შემდეგ, რაც მშობლები კონფლიქტების მოგვარების ახალ მეთოდს შეისწავლიან, უთანხმოება მათ ოჯახებში არა წესად, არამედ გამონაკლისად იქცევა.

პროგრამამ ახლებურად დაგვანახვა დასჯის როლი ბავშვთა აღზრდაში. შესაძლებელია, იგი სრულებით გამოვრიცხოთ აღზრდის სისტემიდან (ვგულისხმობ ყოველგვარ დასჯას და არა მარტო ფიზიკურს). შესაძლებელია, ბავშვში აღვზარდოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თვითდისციპლინა და თანამშრომლობის უნარი ისეთი იარაღის გამოუყენებლად, როგორიცაა შიში; მშობლებს შეუძლიათ ისწავლონ შვილებზე იმგვარი ზემოქმედება, რომ ისინი დასჯის ან რაიმე პრივილეგიის მოსპობის შიშით კი არ იქცეოდნენ კარგად, არამედ მშობლების ინტერესთა პატივისცემით.

იტყვით, ასე არ ხდებაო? შესაძლოა. მეც ასე მეგონა, სანამ პირადად არ დავიწყე მშობლების სწავლება. მრავალი პროფესიონალის მსგავსად, არც მე ვაფასებდი მათ შესაძლებლობებს. მშობლებმა მასწავლეს, რომ თუ სწავლის საშუალება მიეცათ, შეიცვლებიან. დავრწმუნდი, რომ მათ შეუძლიათ ახლებური ცოდნისა და უნარების შეძენა, ოღონდ საამისოდ ახალი მეთოდის ქმედითობაში უნდა დარწმუნდნენ.

თავდაპირველად პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო, მშობლებისთვის ზოგიერთი ის უნარი გამოგვემუშავებინა, რომლებსაც პროფესიონალი კონსულტანტები და თერაპევტები იყენებენ ბავშვთა ემოციური და ადაპტაციური პრობლემების დასაძლევად. შესაძლოა უცნაურობად და ზედმეტ თავდაჯერებადაც კი მოგეჩვენოთ ამგვარი მისწრაფება. ზოგიერთმა მშობელმა (და საკმაოდ ბევრმა პროფესიონალმა) ის შესაძლოა აბსურდულადაც კი მიიჩნიოს, მაგრამ ვიცით, რომ იმ მშობლებსაც კი, რომლებსაც ფსიქოლოგიის შესავალი კურსი არ გაუვლიათ, შესაძლებელია ვასწავლოთ ჩვენ მიერ ნაცადი უნარები და მათი გამოყენება შვილების დასახმარებლად.

უნდა გვეღიარებინა რეალობა, რომელიც, მართალია, ზოგჯერ ფარ-ხმალს დაგვაყრევინებდა ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად აგვანთებდა: თანამედროვე მშობლები აღზრდისა და ოჯახური პრობლემების მოგვარების პრაქტიკულად იმავე მეთოდებს იყენებენ, რომლებსაც იყენებდნენ მათი მშობლები, ბებიები და პაპები, დიდი ბებიები და პაპები. სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისგან განსხვავებით, მშობელი-შვილის ურთიერთობა არსებითად უცვლელი რჩება. მშობლები შვილებს ორი ათასი წლის წინანდელი მეთოდებით ზრდიან!

საქმე ის არ არის, რომ კაცობრიობას ახალი არაფერი უსწავლია ადამიანური ურთიერთობების შესახებ. პირიქით, ფსიქოლოგიამ, ასაკობრივმა ფსიქოლოგიამ და ქცევის შემსწავლელმა სხვა მეცნიერებებმა მრავალი ახალი კვლევა ჩაატარა ბავშვების, მშობლების, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების შესახებ, იმის შესახებ, როგორ შევუწყოთ ხელი პიროვნების ნორმალურ განვითარებას, ერთმანეთისთვის ფსიქოლოგიურად ჯანსაღი კლიმატის შექმნას. უამრავი რამ არის ცნობილი ეფექტიანი პიროვნებათაშორისი ურთიერთობების, ადამიანურ ურთიერთობებზე ძალის გავლენის, კონფლიქტის კონსტრუქციული მოგვარებისა და სხვათა შესახებ.

ამ წიგნში განვიხილავთ, როგორ უნდა დავამყაროთ და შევინარჩუნოთ ნებისმიერ ვითარებაში ურთიერთობა შვილთან. მშობლებს შეუძლიათ ისწავლონ არა მარტო მეთოდები და უნარები, არამედ ისიც, როდის, რატომ და რა მიზნით გამოიყენონ ისინი. მშობლებს შეუძლიათ გახდნენ ექსპერტები იმ გარდაუვალი პრობლემების მოგვარების საკითხში, რომლებიც თან ახლავს მშობელი-შვილის ნებისმიერ ურთიერთობას.

წიგნი პოპულარული ენით არის დაწერილი. ზოგიერთი მშობელი თავდაპირველად შესაძლოა არ დაეთანხმოს ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ გაგებით უმრავლესობა გაიგებს.

მშობლები ისწავლიან, როგორ უნდა წაახალისონ შვილები, რომ მათ არსებულ პრობლემებათა მოგვარების გზების ძიების პასუხისმგებლობა იკისრონ. მშობლები, რომლებიც ამ მეთოდს (მას აქტიურ მოსმენას ვუწოდებთ) აითვისებენ, ალბათ, გაიზიარებენ PET-ით მომზადებული მშობლების აზრს:
“ისეთი შვებაა, არ დარდობდე, რომ შვილების ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვს”.
“მივხვდი, რომ ჩემს შვილებს საკუთარი პრობლემების მოგვარების გაცილებით დიდი უნარი აქვთ, ვიდრე მეგონა”.
“გაოცებული ვიყავი აქტიური მოსმენის მეთოდის შედეგით. ბავშვები ხშირად პრობლემის მოგვარების გაცილებით უკეთეს გზას პოულობენ, ვიდრე მე ვთავაზობ”.

“მივხვდი, რომ თავს ყოველთვის ძალიან უხერხულად ვგრძნობდი ღმერთის როლში – უნდა მცოდნოდა, როგორ მოქცეულიყვნენ ჩემი შვილები პრობლემების პირისპირ”.

დღეს ათასობით მოზარდმა “დაითხოვა” მშობლები, რაც კარგიც არის, რადგან მოზარდები თვითონვე ცდილობენ საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას.

“დედაჩემს ჩემი ასაკის ბავშვებისა არ ესმის”.
“მეჯავრება სახლში მისვლა და ყოველღამე ლექციის მოსმენა”.
“მშობლებს არასოდეს არაფერს ვუყვები; რომც მოვუყვე, მაინც ვერ გაიგებენ”.
“მინდა, მამაჩემი დამეხსნას”.
“როგორც კი მოვახერხებ, სახლიდან წავალ – ვეღარ ვიტან ყველაფერზე მათ გამუდმებულ ჩიჩინს”.
ამ ბავშვების მშობლებმა კარგად იციან, რომ “სამუშაო დაკარგეს”, რასაც მათი სიტყვებიც მოწმობს:
“არავითარი გავლენა აღარ მაქვს ჩემს თექვსმეტი წლის ვაჟზე”.
“ჩვენ დავნებდით და ანაზე ხელი ავიღეთ”.
“რიკი ჩვენთან ერთად აღარ სადილობს, თითქმის აღარაფერს გვეუბნება. სურს, ავტოფარეხში ჰქონდეს ოთახი”.
“მარკი თითქმის არ არის სახლში. არასდროს მეუბნება, სად მიდის ან რას აკეთებს. თუ ვკითხე, მპასუხობს, შენი საქმე არ არისო”.

ჩემთვის ტრაგედიაა, რომ პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და სიხარულის მომტანი ურთიერთობა ცხოვრებაში ხშირად უსიამოვნებისა და ჩხუბის მიზეზად იქცევა. რატომ ხედავს ბევრი მოზარდი მშობელში მტერს? რატომ არის ამგვარი ბზარი მშობლებსა და შვილებს შორის? რატომ ომობენ მამები და შვილები ჩვენს საზოგადოებაში?

ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო თავებში ვიპოვით.

მშობლები, რომლებმაც გრძნობათა გამომჟღავნების ახალი (ჩვენეული) გზები ისწავლეს, ალბათ, ვერ გაზრდიან თექვსმეტი წლის ისეთ ვაჟს, ჩემს ოფისში მჯდომმა პირდაპირ და შეუვალი სახით რომ გამომიცხადა: “ვალდებული არა ვარ, სახლში რაიმე ვაკეთო. რატომ უნდა ვაკეთო?! ჩემი მშობლების ვალია ჩემზე ზრუნვა. მათ ეს ოფიციალურად მოეთხოვებათ. მე არ მითხოვია გაჩენა, ასე არ არის?”

როცა ამ, ალბათ, საკუთარ თავში დარწმუნებული ახალგაზრდა კაცის ნათქვამი მოვისმინე, ამის გაფიქრებაღა შევძელი: “როგორ ადამიანებს ვზრდით, თუ შვილებს უფლებას ვაძლევთ იფიქრონ, თითქოს მთელი სამყარო ვალშია მათთან, მიუხედავად იმისა, რომ თავად მათ მისხალი არ გაუღიათ სამყაროსათვის? როგორ მოქალაქეებს უზრდიან მშობლები ქვეყანას? როგორ საზოგადოებას ააშენებენ ეს თავკერძა არსებები?”

უკლებლივ ყველა მშობელი უხეშად შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ – “გამარჯვებულებად”, “დამარცხებულებად” და “მერყევებად”. პირველი ჯგუფის მშობლები მკაცრად იცავენ და დამაჯერებლად ამართლებენ ბავშვთან ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამოყენებას. მათ სჯერათ აკრძალვების, შეზღუდვების, მოთხოვნის, ბრძანებისა და მორჩილების. ისინი იყენებენ დასჯის მუქარას შვილის დასამორჩილებლად და თუ ბავშვი არ შეეპუა, სისრულეში მოჰყავთ იგი. მშობლისა და შვილის მოთხოვნათა კონფლიქტს ისინი “მშობელი იგებს და ბავშვი აგებს” პრინციპით აგვარებენ. ეს მშობლები თავიანთ “გამარჯვებებს”, ჩვეულებრივ, ამართლებენ სტერეოტიპული მოსაზრებით: “სწორედ ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, ცუდი გამოვედი თუ რა?”; “ამას მისივე სასიკეთოდ ვაკეთებ”, “ბავშვებს სჭირდებათ მშობლის ძალაუფლება”, – ან იმ გაურკვეველი მოსაზრებით, რომ “მშობლის ვალია, გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება შვილის სასიკეთოდ, რადგან იცის, რა არის კარგი და რა – ცუდი”.

მშობელთა მეორე ჯგუფი, გაცილებით მცირერიცხოვანი, ვიდრე “გამარჯვებულები”, შვილებს ზედმეტ თავისუფლებას აძლევს. ისინი შეგნებულად არიდებენ თავს შეზღუდვებს და ამაყად აცხადებენ, რომ ავტორიტარულ მეთოდებს ვერ ურიგდებიან. შესაბამისად, მშობლისა და შვილის მოთხოვნათა კონფლიქტს მეტწილად ბავშვი იგებს და მშობელი აგებს, რადგან ამ უკანასკნელს ჰგონია, რომ ბავშვისთვის მტკივნეულია იმედგაცრუება.

ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფში ერთიანდებიან ის მშობლები, რომლებიც შეუძლებლად მიიჩნევენ, ერთმნიშვნელოვნად მისდიონ პირველ ან მეორე გზას. “ოქროს შუალედის” ძებნისას ისინი მერყეობენ სიმკაცრესა და მიმტევებლობას, შეუვალობასა და სირბილეს, აკრძალვებსა და დათმობებს, გამარჯვებებსა და დამარცხებებს შორის. ერთმა დედამ ეს ასე გამოხატა: “ვცდილობ, დავუთმო შვილებს მანამდე, სანამ ისე ცუდად არ მოიქცევიან, რომ მოთმინების ძაფი მიწყდება. მერე ვხვდები, რომ უნდა შევიცვალო და ვიყენებ ძალაუფლებას მანამდე, სანამ საკუთარი სიმკაცრის ატანა შემიძლია”.

ამ მშობლებს, ალბათ, ყველაზე მეტად ახასიათებთ დაბნეულობა და საკუთარი თავისადმი უნდობლობა და, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ხშირად ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ შვილებთან ურთიერთობისას.

დღევანდელი მშობლების მთავარი დილემა ის არის, რომ ისინი გარდაუვალი ოჯახური კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ ორ გზას აღიარებენ, ბავშვის აღზრდის ორ ალტერნატივას ხედავენ. ზოგი ირჩევს “მე ვიგებ – შენ აგებ” მიდგომას, ზოგი – “შენ იგებ – მე ვაგებ”, დანარჩენებს კი, როგორც ჩანს, ვერ გაუკეთებიათ არჩევანი ამ ორ გზას შორის.

მაგრამ არსებობს “გამარჯვება-დამარცხების” ორი მეთოდის ალტერნატივა. ჩვენ მას კონფლიქტის მოგვარების უდანაკარგო (no lose) მეთოდს ვუწოდებთ და მისი ეფექტიანი გამოყენების სწავლება წიგნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს დიდი ხანია იყენებენ ოჯახგარე კონფლიქტების მოგვარებისას, ოჯახში მის გამოყენებაზე ცოტას თუ უფიქრია.

ბევრი ცოლ-ქმარი კონფლიქტებს ერთობლივი განსჯით წყვეტს. ასევე იქცევიან ბიზნესპარტნიორები. პროფკავშირები და ხელმძღვანელობა ხელშეკრულებებს დებენ, რომლებიც ორივე მხარისთვის სავალდებულოა. გაყრის დროს საკუთრების გაყოფის საკითხები ხშირად ასევე ერთობლივი გადაწყვეტილებით გვარდება. ხშირად ბავშვებიც კი თავიანთ კონფლიქტებს ორმხრივი შეთანხმებით ან ორივე მხარისთვის მისაღები არაფორმალური მოლაპარაკებით (“შენ თუ ამას გააკეთებ, მე თანახმა ვარ, ეს გავაკეთო”) აგვარებენ. დღეს სულ უფრო მეტი კორპორაცია ასწავლის საკუთარ თანამშრომლებს კონფლიქტების მოგვარებისას ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას.

“უდანაკარგო მეთოდი” ეფექტიანი მშობლობის არც სასწაულმოქმედი და არც სწრაფი გზაა. ის მშობლებისგან შვილებისადმი დამოკიდებულების საფუძვლიან შეცვლას მოითხოვს. მის შესასწავლად გარკვეული დროა საჭირო. უპირველესად, მშობლებმა უნდა ისწავლონ არაშეფასებითი მოსმენა და საკუთარი გრძნობების გულახდილად გამოხატვა. ამის გამო უდანაკარგო მეთოდი წიგნის ბოლო თავებშია აღწერილი.

უნდა ითქვას, რომ უდანაკარგო მეთოდის პოზიცია ამ წიგნში არ ასახავს მის რეალურ მნიშვნელობას ბავშვთა აღზრდის ჩვენეულ მიდგომაში. კონფლიქტების ეფექტიანი მართვის გზით ოჯახში წესრიგის დამყარების ეს ახალი მეთოდი, ფაქტობრივად, ჩვენი ფილოსოფიის არსია. ის მშობლების წარმატების საწინდარია. მშობლები, რომლებიც დროს არ ზოგავენ ამ მეთოდის როგორც “გამარჯვება-დამარცხების” ორი მეთოდის ალტერნატივის გასაგებად და მერე ოჯახში კეთილსინდისიერად გამოსაყენებლად, ჩვეულებრივ, იმაზე უხვ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოელოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი