RSA-ს მოკლე ისტორია: RSA (Royal Society for the encouragement of Arts, Manufactures and Commerce) – ხელოვნების, მეწარმეობისა და კომერციის განვითარების სამეფო საზოგადოება – წარმოადგენს ბრიტანულ მრავალდიციპლინურ დამოუკიდებელ ინსტიტუტს და მდებარეობს ლონდონში. საზოგადოების მისია მსოფლიოს სოციალური პრობლემების მოგვარებისა და განვითარებისთვის ინოვაციური პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება და შემუშავებაა.
საზოგადოება 1754 წელს კოვენტ-გარდენში მდებარე ყავახანაში დააარსა სერ უილიამ შიფლიმ, სახელწოდებაში “სამეფოს” გამოყენების უფლება კი მეფე ედუარდ VII-მ მიანიჭა 1908 წელს.
საზოგადოების გამოჩენილი წევრებიდან შეგვიძლია დავასახელოთ ჩარლზ დიკენსი, ადამ სმითი, ბენჯამენ ფრანკლინი, კარლ მარქსი, უილიამ ჰოგარტი, ჯონ დიფენბეიკერი (კანადის პრემიერ-მინისტრი 1957-1963 წ.წ.), სტივენ ჰოკინგი (ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიზიკოს-თეორეტიკოსი) და ტიმ ბერნერს-ლი (მსოფლიო ინტერნეტქსელის შემქმნელი).
დღეს საზოგადოება აერთიანებს 27.000-ზე მეტ გამოჩენილ მეცნიერსა და მოაზროვნეს 70 ქვეყნიდან. მისი საპატიო მედლებით არიან დაჯილდოებულნი ნელსონ მანდელა, სერ ფრენკ უიტლი (ტურბოძრავის შემქმნელი) და პროფესორი სტივენ ჰოკინგი.
საზოგადოება თავისი წევრების (Fellowship – ინგლ. თანამოაზრეთა გაერთიანება) მეშვეობით იკვლევს პრობლემებს და ცდილობს, რაციონალური გადაწყვეტილებები შესთავაზოს თანამედროვე მსოფლიოს. მისი მთავარი მიზანია, შეამციროს უფსკრული დღევანდელ რეალობასა და უკეთესი სამყაროს შესახებ ადამიანთა ოცნებას შორის.
შენიშვნა: ტექსტი წარმოადგენს ლექციის არარედაქტირებულ სტენოგრამას.
მეთიუ ტეილორი (Matthew Taylor), RSA-ს აღმასრულებელი დირექტორი: დღეს წარმოგიდგენთ RSA-ს დამამთავრებელ ლექციას, რომელიც შეეხება განათლების სისტემაში სტანდარტების გაუმჯობესებას. ყველა წინა ლექციამ და დებატებმა განსაზღვრა განათლებაში საჭირო ცვლილების სფეროები. ჩვენი საზოგადოება, RSA, უკვე მრავალი წელია, დგას განათლებაში ცვლილებებისა და ინოვაციების დანერგვის წინა ხაზზე.
ჩვენ ვაგრძელებთ გონების გასხივოსნების (Opening Minds) პროექტს – სკოლებისთვის განკუთვნილ სამწლიან საპილოტე პროგრამას, რომელშიც გამოიყენება კომპეტენციებზე დამყარებული კურიკულუმი, დაფუძნებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე. პროექტის მიზანია, შეცვალოს სკოლებში სწავლების ორგანიზების წესი, რათა უფრო მეტად მიუსადაგოს იგი 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. ვაგრძელებთ ქ. ტიპტონში არსებული უესტ-მიდლენდის აკადემიის სასპონსორო მხარდაჭერას განათლების სისტემისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.
მიგვაჩნია, რომ გონების გასხივოსნების პროგრამის წარმატებას წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ ინგლისის 200-ზე მეტ სკოლაში ეს პროგრამა აღიქმება არა როგორც სამეფო საზოგადოების (RSA-ს) საპილოტე პროექტი, არამედ როგორც ჩარჩო-სქემა, რომელსაც ადგილებზე უკვე თავ-თავისი სახელი ჰქვია და რომელსაც უკვე იყენებენ სკოლები თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებებისთვის.
თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანია ჩვენი შესანიშნავი სპიკერის, სერ კენ რობინსონის წარმოდგენა. სერ რობინსონი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი, რომელიც განათლებასა და ბიზნესში კრეატიულობისა და ინოვაციების დანერგვის სფეროში მუშაობს. 1998 წელს იგი გახლდათ ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე განათლების დარგში. 2003 წელს მას თავისი მიღწევებისა და მოღვაწეობისთვის რაინდის წოდება მიენიჭა. სერ კენი ალბათ გიხილავთ TED-ის კონფერენციაზე, ლექციით კრეატიულობის შესახებ, ან წაგიკითხავთ მისი წიგნი “Out of our Minds: Learning to be Creative’/ გონების გარეთ – ვისწავლოთ ვიყოთ კრეატიულები”. ამ საღამოს სერ რობინსონი განათლების სისტემაში ცვალებადი პარადიგმებისა და განათლებაში ცვლილებების შესახებ ისაუბრებს.
ამავე დროს, დღევანდელი საღამო გამორჩეულია იმითაც, რომ ეს იქნება სამეფო საზოგადოების ბენჯამენ ფრანკლინის სახელობის მედლის ლექციაც. ეს მედალი პირველად 1956 წელს გადაეცა მომხსენებელს ბენჯამენ ფრანკლინის დაბადების 250-ე და სამეფო საზოგადოებაში მისი წევრობის მე-200 წლისთავზე. დღეს ეს მედალი გადაეცემა მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნეებს, მათ, ვინც დაიწყო საჯარო დებატები ინოვაციურ გზებსა და მეთოდებზე, მათ, ვინც თავისი წვლილი შეიტანა კაცობრიობის პროგრესის საჯარო დისკურსის განვითარებაში.
მოხარული ვარ გამცნოთ, რომ 2008 წლის ბენჯამენ ფრანკლინის მედალი გადაეცემა სერ კერ რობინსონს და სიტყვა გადავცე სამეფო საზოგადოების თავმჯდომარეს გერი არჩერს, რომელიც მას საპატიო მედალს გადასცემს. გთხოვთ, გერი.
გერი არჩერი (Gerry Archer), სამეფო საზოგადოების თავმჯდომარე, ცნობილი სააუდიტორო კომპანიის KPMG-ს ბორდის წევრი და უფროსი პარტნიორი: სამეფო საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საქმე ბენჯამენ ფრანკლინის მედლის გადაცემაა და დღეს აღელვებული გახლავართ, რადგან შემიძლია გადმოგცეთ ეს ჯილდო იმ საქმეებისთვის, რომლებიც გააკეთეთ, რომლებსაც, ვიცი, რომ აგრძელებთ და გააგრძელებთ მომავალშიც. თქვენ თქვენი საქმიანობით მიჰყვებით დევიდ პატნამის (ბარონი, ცნობილი ბრიტანელი პროდიუსერი ფილმებისა: “შუაღამის ექსპრესი”, “ცეცხლოვანი ორთვალები”, “ბაგზი მელოუნი”, – ლ.ა.), მარჯორი სკარდინოს (“პირსონ პლს”, ჟურნალ “ეკონომისტის”, “Penguin Books”-ის და “ნოკიას” ყოფილი დირექტორი), ჯონათან აივის (“Apple”-ის დიზაინერი; მისი შექმნილი პროდუქტებია MacBook, iPod, iPad, IPhone და “ეფლის” სხვა აპლიკაციები) ნაკვალევს და ამ ჯილდოს ნამდვილად ღირსეული ლაურეატი ბრძანდებით. გვაქვს პატივი, მოვისმინოთ თქვენი ლექცია, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.
სერ კენ რობინსონი, ბრიტანელი ავტორი და განმანათლებელი, მთავრობების, არამომგებიანი ორგანიზაციების, ხელოვნების სკოლებისა და განათლების დაწესებულებათა მრჩეველი, უორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, “ხელოვნება სკოლებში” პროექტის დირექტორი (1985-1989 წ.წ.): დიდად გმადლობთ. არ გაგიკვირდათ, როდესაც ეს მედალი მე გადმომცეს? მართლა? ალბათ ყველას აინტერესებდა, ვინ მიიღებდა მას წელს. მე მართლაც ქედს ვიხრი თქვენ წინაშე ამ საპატიო ჯილდოსთვის… დიდი პატივია, მიიღო ჯილდო, რომელიც ბენჯამენ ფრანკლინის, ამ გამორჩეული ადამიანის, სახელს ატარებს. იგი აქვე, ახლოს, ქრეივენ სტრიტზე ცხოვრობდა. მისი სახლი რამდენიმე წუთის სავალზეა და გირჩევთ, შეიაროთ და ნახოთ. იგი ახლახან გაიხსნა და გარემონტდა. ეს ემოციურად გვახსენებს ამ დიდი ადამიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ბენჯამენ ფრანკლინი გახლდათ ადამიანი, რომელიც მთელი არსებით იყო ჩართული ინდუსტრიალიზმის განვითარებაში, წარმოადგენდა გასხივოსნების (ან განმანათლებლობის, ინგლ. Enlightenment, – ლ.ა.) ეპოქის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას. იგი იდგა “ახალი მსოფლიოს” სათავეებთან და ჰქონდა დიდი ვნება განათლებისადმი.
ფრანკლინი გახლდათ ადამიანი, დიდად დაინტერესებული მეცნიერებით, ხელოვნებით, ჰუმანიზმითა და პოლიტიკით. იგი იყო ერუდიტი, ვფიქრობ, რენესანსული ფიგურა გასხივოსნების ეპოქის შუაგულში და სამეფო საზოგადოების (RSA) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი. თუ არ იცნობთ ამ საზოგადოებას (RSA-ს, – ლ.ა.), გირჩევთ გაეცნოთ მის ისტორიას. იგი დაარსდა 1753 წელს უილიამ შიფლის (William Shipley) მიერ. მისი სრული სახელია Royal Society for the encouragement of Arts, Manufactures and Commerce. სამეფო საზოგადოებას საჯარო განათლების ხელშეწყობის, ადვოკატირებისა და განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს.
მე დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს სამეფო საზოგადოებასთან. ამ საზოგადოებაში ლექციებს ვკითხულობდი. ალბათ მეთიუსაც (ტეილორს, – ლ.ა.) ახსოვს ეს… 1990 წლის ივლისის შეკრებები… (გამოტოვებულია მეთიუ ტეილორისადმი მიმართვის რამდენიმე დიალოგური ფრაზა, – ლ.ა.)
1990 წელს, როდესაც ვხელმძღვანელობდი პროექტს “ხელოვნება სკოლებში” (National Arts in Schools), გამოვაქვეყნე წიგნი ჩვენს სკოლებში ხელოვნების სწავლების შესახებ. მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა ხელოვნება და სამეფო საზოგადოებაში შეხვედრისას, როდესაც ინგლისის ეროვნულ სასწავლო პროგრამას განვიხილავდით, დავინახე, რომ ამ პროგრამაში განათლებაში ხელოვნების როლი სრულიად არასწორად იყო წარმოდგენილი. მე დავიწყე საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა იქცეს ხელოვნება ზოგადი განათლების ნაწილად. ახლა იმ დროიდან უკვე 17 წელია გასული და მეც სხვაგვარად ვგრძნობ თავს. რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ ამ თემაზე, გიჩვენებთ მოკლე კლიპებს და შემდეგ დავიწყებ თქვენთან საუბარს.
მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რომ დაახლოებით 7 წლის წინ გეტის ცენტრის (ამერიკელი მილიარდერის, პოლ გეტის მიერ დაარსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და კვლევითი ინსტიტუტი ლოს-ანჯელესში) მიწვევით მე ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად.
არ იფიქროთ, რომ მე დიდი ბრიტანეთიდან გავიქეცი. უბრალოდ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს ადგილას. 1990 წლის 3 იანვარს რეკავს ტელეფონი – მაშინ კოვენტრიში ვცხოვრობდით – და მეუბნებიან: “გსურთ, კალიფორნიაში გადმოხვიდეთ საცხოვრებლად?” იმავე დღეს წავედით ამერიკაში. ტელეფონი ჯერ კიდევ კონწიალობდა სამაგრზე…
მე დღესაც ამერიკაში ვცხოვრობ და ეს მომწონს. ყოფილხართ ვინმე ლოს-ანჯელესში? ეს შესანიშნავი ადგილია. ცოტა ხნის წინ მე და ჩემი ცოლი ლას-ვეგასში ვიყავით. ჩვენ უკვე 30 წელია ერთად ვცხოვრობთ და გასულ წელს გადავწყვიტეთ, გვექორწინა. წავედით ლას-ვეგასში, ელვისის ჩეპელში (ელვის პრესლის სახელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქორწინო სახლი აშშ-ში. ლას-ვეგასში ბევრი ამერიკელი ქორწინდება ნევადის შტატის “რბილი” საქორწინო კანონმდებლობის გამო, – ლ.ა.). გირჩევთ, თქვენც იგივე გააკეთოთ… (გამოტოვებულია სიტყვები “საქორწინო პაკეტის” შესახებ, რომლებითაც იგი აუდიტორიას მიმართავს, – ლ.ა.) ლას-ვეგასი იმიტომ ვახსენე, რომ იგი ჩემთვის სიმბოლოა იმისა, რაზეც თქვენთან საუბარი მსურს. არა ლას-ვეგასზე, არამედ იდეაზე, რომლის შედეგადაც გაჩნდა ეს ქალაქი…
თუ, საზოგადოდ, ქალაქებზე ვიფიქრებთ, დავინახავთ, რომ ნებისმიერ ქალაქს აქვს მიზეზი, იქ მდებარეობდეს, სადაც მდებარეობს. როგორც, მაგალითად, ლონდონი, რომელიც ბუნებრივ აუზშია განლაგებული. ეს კარგია ვაჭრობისთვის, მას აქვს ბუნებრივი პორტი ხომალდებისთვის, იგი დაბლობზეა გაშლილი, ანუ კარგია სოფლის მეურნეობისთვის. ზოგი ქალაქი გორაკებზე მდებარეობს, რაც კარგია თავდაცვისათვის. ლას-ვეგასს ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ გააჩნია. არ არსებობს ფიზიკური მიზეზი მისი იქ არსებობისა. ლას-ვეგასის არსებობის ერთადერთი მიზეზია მისი დაარსების იდეა. იდეა, რომელიც ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს, რაც კაცობრიობას აქცევს იმად, რაც ის არის დღეს. ერთადერთი რამ, რაც, ჩემი აზრით, წარმოადგენს უშველებელ ძალას, რომელიც ჩაქსოვილია ყველა ადამიანის ბუნებაში და რაც არ გააჩნიათ სხვა სახეობებს, რამდენადაც ეს შეიძლება ასე შეფასდეს. მე წარმოსახვის ძალაზე ვლაპარაკობ.
ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვუყურებთ. ეს არის უნარი, გონებაში წარმოიდგინო ის, რაც არ არსებობს და ამის საფუძველზე შეძლო ჰიპოთეტირება იმისა, რაც არასოდეს არსებობდა, მაგრამ შესაძლოა გააკეთო.
ვფიქრობ, კაცობრიობის კულტურის ყველა ასპექტი წარმოადგენს ადამიანის ამ უნიკალური შესაძლებლობის შედეგს. სხვა არსებებს მსგავსი არაფერი აქვთ. ეს არსებები მღერიან, მაგრამ ოპერას ვერ წერენ. ეს არსებები ძალიან მოხერხებულნი არიან, მაგრამ ისინი არ ქმნიან ოლიმპიურ კომიტეტებს. ისინი ურთიერთობენ ერთმანეთთან, მაგრამ არ აქვთ ფესტივალები თუ თეატრები. მათ აქვთ სტრუქტურები, მაგრამ არ აგებენ შენობებს და არ მოაწყობენ მათ. ჩვენ უნიკალურები ვართ ამ უნარით. უნარით, რომელიც ქმნის ადამიანთა სრულიად განსხვავებულ კულტურებს, წარმოებას, ქმნის ინოვაციასა და სიახლეს.
დღეს დედამიწაზე 6.000-ზე მეტი სალაპარაკო ენაა და ამ ენებზე უამრავი რამ არის შექმნილი, მათ შორის – ხელოვნების სამეფო აკადემია და მის მიერ გაწეული სამუშაოები, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ჩვენ სისტემატურად ვანადგურებთ ამ უნიკალურ უნარს ჩვენში და ჩვენს ბავშვებში. მე სიტყვებს ყურადღებით ვარჩევ. არა მგონია, ეს განზრახ კეთდებოდეს, მაგრამ ისე ხდება, რომ პროცესი სისტემატურია. ჩვენ ამ განადგურებას რუტინულად, გაუაზრებლად ვეწევით, რაც ყველაზე უარესია, რადგან ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ზოგიერთ მოსაზრებას განათლებაზე, ჩვენს ბავშვებზე, იმაზე, რა უნდა ვასწავლოთ მათ, სოციალურ საჭიროებებსა და განათლების სოციალურ ფუქციაზე, ეკონომიკურ დანიშნულებაზე. ჩვენ ამ იდეებს ჩვეულებრივად ვიღებთ და აღმოჩნდა, რომ ისინი მცდარია.
უამრავი იდეა, რომლებიც კარგად ჟღერს, არასწორია. გასხივოსნება დიადი საქმე იყო, მაგრამ ბევრი იდეა, რომელიც სწორად მიიჩნეოდა, არასწორი ყოფილა. ირონიულად ჟღერს, მაგრამ გასხივოსნების პერიოდის მემკვიდრეობა დღეს ხელს უშლის განათლების სისტემისთვის საჭირო რეფორმებს. ჩვენ გავიზარდეთ საჯარო განათლების სისტემაში, რომელიც ორი მთავარი იდეით ხელმძღვანელობდა. ერთი იყო ეკონომიკური გამოსადეგობა, რაც კარგად ჩანს სასკოლო კურიკულუმიდან. განათლების ეკონომიკური გამოყენების შესაძლებლობა აშკარად ჩანს. ის დედამიწის ყველა სასკოლო სისტემასა და საგნების იერარქიაშია ჩადებული. თქვენ იცით ეს, თქვენ ეს გავლილი გაქვთ. თუ განათლების სისტემიდან ხართ, მაშინ თქვენ ამაზე ხელიც გაქვთ მოწერილი და მის განვითარებაშიც მიგიღიათ მონაწილეობა.
როდესაც ამერიკაში გადავედით, ჩვენი შვილები ჰაი-სქულში შევიყვანეთ (მეორე საფეხურის საშუალო განათლება აშშ-ში, – ლ.ა.) და ეს სისტემა ჩვენთვის ნაცნობი იყო. ნაცნობი იყო სასწავლო გეგმა. მათემატიკა, მეცნიერებები და ინგლისური ენის კურსი, როგორც ყოველთვის, მთავარი საგნები გახლდათ. ამას მოჰყვებოდა ჰუმანიტარული საგნები და ხელოვნება, რომელიც საკმაოდ დაბლა იდგა საგნების იერარქიაში, ხოლო ხელოვნებას, თავის მხრივ, თავისი იერარქია ჰქონდა, სადაც მუსიკა რატომღაც ყოველთვის უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, ვიდრე დრამა და ცეკვა. მაპატიეთ, მაგრამ მე არ ვიცი არც ერთი სკოლა, უფრო სწორად, სასკოლო სისტემა, რომელიც ბავშვებს ცეკვას ყოველდღე ასწავლის, ისევე როგორც, ვთქვათ, მათემატიკას. მე მათემატიკის წინააღმდეგი არ გახლავართ, უბრალოდ, სხვაგვარად ვსვამ კითხვას: რატომ არის სისტემაში ცეკვა ყოველთვის ბოლო ადგილზე?
ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები ცეკვაში ვერ ხედავენ ეკონომიკურ აზრს. გამოდის, რომ სასკოლო კურიკულუმის სტრუქტურაში ეკონომიკური შეფასებაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, თქვენც სკოლაში სწავლისას თქვენივე სურვილით ნაკლებ ყურადღებას უთმობდით იმ საგნებს, რომლებიც გეხერხებოდათ და მეტ ენერგიას ხარჯავდით იმაზე, რომელზეც გეუბნებოდნენ, რომ უფრო გამოგადგებოდათ. გამოდის, რომ ჩვენი სკოლების სასწავლო პროგრამები ორი ტიპის საგნებისგან შედგება: გამოსადეგისა და გამოუსადეგარისგან. დროთა განმავლობაში ერთი ჯგუფი (საგნებისა) ან იკვეცება, ან საერთოდ უჩინარდება პროგრამიდან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფინანსური შესაძლებლობები შემცირდა, რაც ყოველთვის მოსალოდნელია.
ჯორჯ ბუში იყო ქალაქში? არა? მე მხოლოდ მინდოდა, გამეზიარებინა ტკივილი, რომელიც საერთოა. მე ვგრძნობ ტკივილს. პრეზიდენტი ბუში, როგორც მას ვეძახი, იყო პასუხისმგებელი, სხვებთან ერთად, იმ პარტიათაშორისი შეთანხმებით მიღებულ კანონმდებლობაზე, რომელიც საჯარო განათლებას შეეხო ამერიკაში. მე უამრავი საუბარი მქონდა ამის თაობაზე, რადგან ახლა ამერიკაში ვცხოვრობ… (გამოტოვებულია რამდენიმე სახუმარო ფრაზა, – ლ.ა.)
როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, მითხრეს, რომ ამერიკელებს არ ესმით ირონია. ეს არ არის სიმართლე, ეს ბრიტანული ახირებაა. არა უშავს, ამის თაობაზე მშვიდად ვარ, რადგან სხვა ამბავიც მითხრეს. როდესაც აშშ-ში ჩავედით, მოგვცეს გზამკვლევი “როგორ მოვიქცეთ ამერიკაში”. ახლა ამ წიგნს ყველა ამერიკელს ვაჩვენებ და ვეუბნები “დიახ, ასე იქცევით, დიახ, ასე აკეთებთ…”, “მოდი, წესიერად მოვიქცეთ, არა?”
იმ წიგნში, სხვათა შორის, ასეთი რამეც ეწერა: “არ გადაეხვიოთ ადამიანებს ამერიკაში. მათ ეს არ მოსწონთ”. დიახ, ვადასტურებ, მათ ეს არ მოსწონთ. მათ ეს უყვართ. პირადი გამოცდილების საფუძველზე ვიტყვი, რომ ხალხს ძალიან უყვარს, როდესაც მათ ეხვევიან. ჩვენ კი გვეგონა, ასე არ იყო და ამიტომ ხელები მუდამ ტანის გასწვრივ გვეჭირა, რომ ვინმე არ გაგვებრაზებინა… ამას ემატებოდა სტერეოტიპი “ტიპურ” ბრიტანულ საქციელზე ან ჩვენს “რივერდანსულ” სტილზე (იღიმის).
მე მითხრეს, რომ ამერიკელებს არ ესმით ირონია. ამის შემდეგ მე გავეცანი ამერიკულ კანონს, რომელსაც ერქვა No Child Left Behind (“არც ერთი ბავში არ უნდა დარჩეს განათლების გარეშე”, – ლ.ა.) და მივხვდი, რომ ირონია ძალიან კარგად ესმის მას, ვინც კანონს ასე დაარქვა, რადგან ეს კანონი მილიონობით ბავშვს ტოვებს სრულყოფილი განათლების გარეშე. რა თქმა უნდა, “მილიონობით ბავშვი განათლების გარეშე” ვერ არის ყველაზე მიმზიდველი სახელწოდება კანონისთვის, მაგრამ, საიდანაც არ უნდა შეხედო, ეს 1988 წელს მიღებული ამერიკული კანონია.
ეს არის მანიფესტი იმისა, რამაც ქრის ვუდჰედს შთააგონა თავისი საქმიანობა (ბრიტანეთში, – ლ.ა.) ოფსტედში (OFSTED – Office for Standards in Education) ყოფნისას. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს კანონი წარმოადგენს განათლების გაუარესებულ იდეოლოგიას, რაც თავისთავად პრობლემაა.
ამიტომაც მსურს, გესაუბროთ ცვალებად პარადიგმებზე. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ უფრო მეტი, ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ატარებს საჯარო განათლების სისტემას. გამონაკლისი არც კი ვიცი. რა არის ამაში ახალი? ჩვენ გამუდმებით ვცვლით საჯარო განათლების სისტემას, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ სისტემურად და თანდათანობით მის ყველა ასპექტში.
ამ ცვლილებებს ორი მიზეზი აქვს. ერთი ეკონომიკურია. ხალხი ცდილობს, გაარკვიოს შემდეგი: როგორ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რათა მათ შეძლონ 21-ე საუკუნის ეკონომიკურ ცხოვრებაში თავიანთი ადგილის პოვნა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ეკონომიკური მდგომარეობა მომავალი კვირის ბოლოს, მიმდინარე ეკონომურ არეულობების ფონზე. როგორ მოვახერხოთ ეს?
მეორე მიზეზი კულტურულია. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ფიქრობს, როგორი განათლება მისცეს ბავშვებს, რათა მათ ჰქონდეთ კულტურული იდენტობის შეგრძნება და გადაეცეთ ჩვენი თემის (საზოგადოების) კულტურული გენები მაშინ, როდესაც ჩვენ გლობალიზაციის პროცესის ნაწილი ვართ. როგორ შევკრათ ეს წრე?
ქვეყნების უმეტესობა, ასე მგონია, აკეთებს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 1988 წელს. მაშინ ვამბობდით, რომ განათლებას სჭირდება რეფორმები და იგი უნდა გავაუმჯობესოთ, ანუ შევქმნათ, რაც იყო, იმის უკეთესი ვერსია. სხვა სიტყვებით, გამოწვევა არის ის, რომ უკეთ გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, გავაუმჯობესოთ იგი და ავწიოთ სტანდარტები.
რა თქმა უნდა სტანდარტები უნდა ავწიოთ. განა არსებობს არგუმენტი მათი დაწევის სასარგებლოდ? დიახ, უნდა ავწიოთ.
პრობლემა, ჩემი აზრით, ის არის, რომ განათლების დღევანდელი სისტემა შეიქმნა, გააზრებულ და სტრუქტურირებულ იქნა სხვა ეპოქისთვის. იგი მოიფიქრეს გასხივოსნების (განმანათლებლობის, Enlightenment) ეპოქის ინტელექტუალურ კულტურაში და ინდუსტრიული რევოლუციის ეკონომიკური გარემოებების დროს. მე-19 საუკუნის შუა წლებამდე საჯარო განათლების სისტემა საეერთოდ არ არსებობდა. სინამდვილეში ეს ასე იყო: იმ დროს, თუ საკმარისი ფული გქონდა, შეგეძლო, განათლება მიგეღო იეზუიტთა სკოლებში, მაგრამ საჯარო განათლება, დაფინანსებული გადასახადებით, ყველასთვის სავალდებულო და თანაც უფასო, რევოლუციური იდეა გახლდათ. ბევრი ამ სისტემის წინააღმდეგი იყო. ისინი ამბობდნენ: “შეუძლებელია, ქუჩის ბავშვებმა და მსახურთა კლასის შვილებმა სარგებლობა მიიღონ საჯარო განათლებისგან. მათ არ გააჩნიათ წერა-კითხვის სწავლის უნარი. რატომ ვხარჯავთ ამაზე დროს?”
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იმ დროის სოციალური სტრუქტურიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვარაუდები და შეფასებები გახლდათ, მაგრამ ეს სისტემა თავისი მიზნის შესაბამისად დაიგეგმა, ამიტომაც საჯარო განათლების სისტემა განვითარდა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, რის შედეგადაც მივიღეთ ფართო პროფილის ელემენტარული განათლების სასკოლო სისტემა. ამ სკოლებში ყველა დადიოდა. მამაჩემი, ბაბუაჩემი, მისი მამა – ყველა ამ სისტემაში მოხვდა. იმ დროს სკოლას 12 წლის ასაკში ამთავრებდნენ. ამის შემდეგ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, დაიწყო უფრო მაღალი საფეხურის სწავლების შემოღება, რომელსაც დღეს მეორე საფეხურის განათლება (secondary education) ჰქვია და ზოგმა გაიარა ეს საფეხურიც, თუმცა მამაჩემმა სკოლა 14 წლისამ დატოვა.
ამის შემდეგ გაჩნდა მცირე ზომის საუნივერსიტეტო სექტორი განათლების პირამიდის (სისტემის) წვერში. მისი აღქმა ეფუძნებოდა შეხედულებას, რომ ხალხი იმუშავებს, მათი მცირე ნაწილი კი სათავეში მოხვდება და უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. ეს ყველაფერი მოდელირებული იყო ინდუსტრიალიზმის ეკონომიკურ საძირკველზე. ეს საფუძველი გულისხმობდა იმას, რომ საზოგადოებას სჭირდებოდა ხელით მშრომელთა (ე.წ. “ლურჯსაყელოიანთა”) ფართო ბაზა, რომელთაც შეეძლებოდათ ენისა და არითმეტიკის კუთხით განათლების მიღება. მეორე, უფრო მცირე ჯგუფს შეეძლებოდა ადმინისტრაციულ სამუშაოზე მოწყობა – ეს გახლდათ ე.წ. “გრამატიკის სკოლები” (grammar schools), ხოლო კიდევ უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფის ფუნქცია იქნებოდა იმპერიის მართვა, ისინი უნდა გამხდარიყვნენ იურისტები, მოსამართლეები და ექიმები და ამისთვის მათ სწავლა უნივერსიტეტებში უნდა გაეგრძელებინათ.
ახლა სათქმელს ვამარტივებ, მაგრამ, ზოგადად, ეს იყო სქემა, რომლითაც მოეწყო საზოგადოება და რომლის მამოძრავებელ ძალას იმ დროის ეკონომიკური იმპერატივი წარმოადგენდა, მაგრამ მისი განხორციელება გახლდათ გონების ინტელექტუალური მოდელი, რომელიც მნიშვნელოვანწილად გამოხატავდა გასხივოსნების ეპოქისთვის დამახასიათებელ თვალსაზრისს. ეს ინტელექტუალური სქემა მოიცავდა დედუქციური აზროვნების გარკვეულ ტიპს და კლასიკოსების ცოდნას, რომელიც ჩვენ მიერ აღიქმება როგორც აკადემიური კვლევის უნარები.
საჯარო განათლების სამყაროს გენებში ძალიან ღრმად ზის წარმოდგენა ორის ტიპის ადამიანების – აკადემიური განათლების მქონეთა და არააკადემიურთა, გონიერთა და უგუნურთა – შესახებ. შედეგად უამრავ უნიჭიერეს ადამიანს ჰგონია, რომ ის არ არის ასეთი, რადგან მათ გარკვეული თვალსაზრისით აფასებენ.
ასე რომ, გვაქვს ორი სვეტი: ეკონომიკური და ინტელექტუალური, – და, ჩემი აზრით, ამ მოდელმა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ქაოსი წარმოშვა. ზოგიერთისთვის ეს ძალიან ხელსაყრელი იყო და ბევრმა კარგად ისარგებლა ამით, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს საზიანო აღმოჩნდა და ამან მასობრივი ხასიათის პრობლემები გამოიწვია.
რამდენიმეჯერ კონფერენციაზე ვახსენე, რომ… უფრო ზუსტად, ეს TED-ის კონფერენციები იყო, რომლებიც მეთიუმაც ახსენა. ერთ-ერთ კონფერენციაზე მომხსენებელი გახლდათ ალ გორი. ბატონმა ალ გორმა წაიკითხა მოხსენება, რომელიც შემდგომ ფილმ “უხერხულ სიმართლეს” დაედო საფუძვლად. ალ გორის მოსაზრება, რომელიც არ გახლავთ მისი მოსაზრება, – და ამას ყოველთვის ვეტყვი მას, ზოგადად რეიჩელ ლუის კარსონისა და უფრო ადრეული ავტორებისგან მომდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ თემებზე საუბარი მე-18 საუკუნეში, ჯერ კიდევ კარლ ლინეუსისგან დაიწყო. ეს მოსაზრება მოდის ფარანკლინისგან და სამეფო საზოგადოების ნაშრომებისგან. მე-17-18 საუკუნეებში საზოგადოება უკვე მუშაობდა ბუნებრივი სამუშაოების ეკოლოგიაზე და ინდუსტრიალიზმის მდგრადობის საკითხებზე.
მაგრამ ფაქტია, რომ მისმა (ალ გორის) აქტივობამ ეს ძველი თემები ახალ კონტექსტში მოაქცია. მე მიმაჩნია, რომ ალ გორი მართალია და ეს არ არის მხოლოდ მისი თვალსაზრისი. გეოლოგთა ჯგუფმა ახლახან გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ამტკიცებს, რომ დედამიწა ახალ გეოლოგიურ პერიოდში შედის. კლასიკური მოსაზრებისამებრ, ბოლო გამყინვარების ეპოქის (დაახლოებით 12 000 წლის წინ) შემდეგ დედამიწა ჰოლოცენის პერიოდში იმყოფება. მათ კი მიაჩნიათ, რომ ჩვენ ახალ გეოლოგიურ პერიოდში შევედით და გეოლოგთა მომავალი თაობები იპოვიან ამის საბუთს. ისინი დაინახავენ, რომ შეიცვალა დედამიწის გეოლოგიური პერსონალია. მათ ამაზე მიანიშნებთ დედამიწის ქერქში ქვანახშირის დეპოზიტები, ოკეანეების მჟავიანობის მატება, ბიოლოგიურ სახეობათა მასობრივი გადაშენება, დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობის ცვლილება და ასეულობით სხვა ინდიკატორი. ისინი (მეცნიერი გეოლოგები) ამბობენ, რომ ეს ნამდვილად ასეა და ახალი პერიოდი უკვე დადგა. ნობელის ლაურეატთა ნაწილიც ეთანხმება ამ მოსაზრებას. ისინი ამ პერიოდს წინასწარ არა ჰოლოცენს, არამედ ანთროპოცენს უწოდებენ. ეს სახელწოდება გულისხმობს გეოლოგიურ პერიოდს, რომელიც ადამიანის, ანუ ანთროპოიდების, საქმიანობის შედეგად წარმოიშვა. როგორც გეოლოგები აღნიშნავენ, ამის ისტორიული პრეცედენტი არ არსებობს და ეს ის მოსაზრებაა, რომლისკენაც მივდივარ.
ბენჯამენ ფრანკლინი, თომას ჯეფერსონი, უილიამ შიფლი, გასხივოსნების ეპოქის უდიდესი წარმომადგენლები როგორც პოლიტიკასა და მეცნიერებაში, ისე ხელოვნებაში, იმ რევოლუციურ დროში აყალიბებდნენ აშშ-ის საჯარო განათლების, სამოქალაქო სტრუქტურებისა და პოლიტიკის ორგანიზების სქემებს. ეს გახლდათ ფრანგული და ამერიკული რევოლუციების, ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირების და განსაკუთრებული ინტელექტუალური თავგადასავლებისა და ახალი ჰორიზონტების გამოჩენისა და ინოვაციების ეპოქა. ამ ეპოქამ მოიტანა აქამდე უპრეცედენტო ცვლილებები და განახლება, რომელსაც მანამდე არავინ მოსწრებია.
თუმცა, უნდა ითქვას, დღეს ყველფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის, რაც მაშინ ხდებოდა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დღეს ხდება. ვფიქრობ, ცვლილებას, რომელიც დღეს მიმდინარეობს დედამიწაზე, თავისი ხასიათითა და მოსალოდნელი შედეგებით პრეცენდენტი არ გააჩნია. საუკეთესო გამოსავალი იქნება, განვავითაროთ ჩვენი წარმოსახვის უნარი და ვაკეთოთ ეს სიტემატურად, საჯარო განათლების მეშვეობით და ადამიანთა დაკავშირებით მათ ნიჭსა და ტალანტთან. თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენ (კაცობრიობა) უბრალოდ ვეღარ გადავიტანთ მეტ ნგრევასა და ზიანს.
როდესაც ალ გორი ამაზე ლაპარაკობს, მე მჯერა მისი. ასევე, ვფიქრობ, თუ ვინმეს არ სჯერა, რომ დედამიწის გარემო კრიზისშია, ეს უბრალოდ უყურადღებობაა და მე პლანეტის დატოვების ვერსიისკენ გადავიხრები.
ასევე მჯერა, რომ პარალელურად მიმდინარეობს კლიმატის კრიზისიც. შესაძლოა, ერთ-ერთი ეს კრიზისიც საკმარისი იყოს თქვენთვის. შესაძლოა იფიქროთ: “არა, მე კარგად ვარ, ერთიც საკმარისია”, “მეორე აღარ მჭირდება”. მაგრამ მეორე კრიზისიც აშკარაა და ეს სწორედ ის თემაა, რომელზეც ვმუშაობ, რომელიც, მგონია, რომ მრავალ თქვენგანს აწუხებს და რომელზეც მეთიუ (ტეილორი) და სამეფო საზოგადოება ფიქრობენ.
მოდი, ამ ყველაფერს სხვაგვარად გეტყვით:
ვფიქრობ, ჩვენ გლობალური კრიზისი გვაქვს. არა ბუნებრივი რესურსების, არამედ ადამიანური რესურსების კრიზისი. ვფიქრობ, ის სწორედ ბუნების კრიზისის პარალელურად მიმდინარეობს და მისი მოგვარების საფასური კატასტროფული იქნება.
რამდენიმე მოკლე მაგალითს მოვიყვან: კალიფორნიაში შტატის მთავრობამ, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სახელწიფო საუნივერსიტეტო სისტემაზე შარშან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დახარჯა. იმავე მთავრობას შტატის პენიტენციური სისტემა 9 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მე არ მჯერა, რომ ყოველ წელს უფრო მეტი პოტენციური კრიმინალი იბადება, ვიდრე უნივერსიტეტის პოტენციური სტუდენტი. შედეგი ასეთია: ადამიანები ცუდ პირობებში ცუდ გზაზე დგებიან.
მახსოვს, ბერნარდ ლევინი წერდა “ტაიმსში”, რომ ერთ-ერთ მიღებაზე, სადილობისას, მას ჰკითხეს: “ადამიანები ძირითადად კარგები არიან თუ ცუდები?” მან უყოყმანოდ უპასუხა: “ადამიანები ძირითადად კარგები არიან” და გაოცებული დარჩა, რომ უმცირესობაში აღმოჩნდა იმ სუფრასთან, ერთკაციან უმცირესობაში.
ბერნარდ ლევინს სჯეროდა ვიქტორ ფრანკლის, რომელიც “სიკვდილის ბანაკებში” გადაურჩა ნაცისტურ ჰოლოკოსტს. ფრანკლმა ნახა, როგორ დაიხოცნენ მისი დედა, მეუღლე და ძმა, მაგრამ მას სჯეროდა ადამიანის სიკეთის. მეც მიმაჩნია, რომ ადამიანები ფუნდამენტურად კარგები არიან, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდ პირობებსა და გარემოებებში ცხოვრობენ და თუ ადამიანი ასეთ პირობებში ჩააყენე, ის სპეციფიკურად დაიწყებს მოქცევას.
ჩვენ უამრავი დრო დავხარჯეთ დაზიანების სამკურნალოდ. აქ კიდევ ერთი პარალელი მინდა გავავლო: ფარმაცევტული კომპანიები მდიდრდებიან, როგორც “ოქროს ციებ-ცხელების” დროს, სწორედ იმ სტრესის გამო, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება. თუ თვალს გადავავლებთ ანტიდეპრესანტების, რეცეპტით გამოწერილი სტრესის სამკურნალო პრეპარატების, გრძნობების დასამშვიდებელი წამლების გაყიდვების ზრდას, დავინახავთ, რომ ეს “ოქროს საბადოა”, ანუ ფარმაცევტულ კომპანიებს დეპრესიის მკურნალობა კი არა, სწორედ ამის საპირისპირო რამ სურთ.
სხვა მონაცემები, რომლებიც ახლახან ვნახე, მოწმობს, რომ გლობალურად, 1960 წლიდან დღემდე, 15-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებში თვითმკვლელობათა რიცხვი 60%-ით გაიზარდა. ეს ახალგაზრდების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რა ნიშნავს ეს? ადამიანები, რომლებიც გაჩდნენ იმედით და ოპტიმიზმით, გადაწყვეტილებას იღებენ, წავიდნენ, რადგან ვერ შეძლეს ცხოვრებასთან შეგუება.
რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, თითქოს განათლება ამ პროცესის ნაწილი იყოს ან მის გამო პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს, მაგრამ მასაც შეაქვს თავისი წვლილი. ადამიანური რესურსების ამ კრიზისის მოგვარება ძალიან საჩქაროა და ეს კრიზისი უკვე საგრძნობია. ასე რომ, ჩემთვის გამოწვევა არის არა განათლების რეფორმირება, არამედ მისი ტრანსფორმირება და რაღაც სხვა სისტემის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, განსხვავებული მიდგომები და დაშვებები უნდა შემუშავდეს.
ამას შეგნებულად ვამბობ, რადგან ჩემი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში ჩართული ვყოფილვარ სხვადასხვა ტიპის ინიციატივაში. დავიწყე დრამით, მუშაობა გავაგრძელე ხელოვნებისა და სასკოლო პროექტებში. ზოგიერთს ამ აუდიტორიიდან თითქმის მთელი სიცოცხლე ვიცნობ, მათთან ერთად წლობით მიმუშავია და აქაურობასთან დიდ ხნის კავშირი მაქვს.
სამეფო საზოგადოების 80-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივა გახლდათ “განათლება უნარისათვის” (Education for Capability). მასში ძალიან კარგი, გამოსადეგი და პრაქტიკული იდეები დევს და მასზე დიდებული ადამიანები მუშაობდნენ: ჩარლზ ჰენდი, ტაირელ ბერჯესი, კორელი ბარნეტი, პატრიკ ლატჩენსი, ჯონ ტომლინსონი და სხვები (აქ გამოტოვებულია ამ ადამიანების მოკლე დახასიათება, – ლ.ა).
ჩვენ ასეთ საკითხებზე კამათის, ცვლილებებისა და ალტერნატივების განხილვის ხანგრძლივი ტრადიცია გვაქვს, მაგრამ მთავრობები მიდიან და მოდიან და აკეთებენ იმას, რასაც წინათ სხვები აკეთებდნენ. ეს არის, რაც მადარდებს. იმ ოპტიმიზმის შემდეგ, რომელსაც ათი წლის წინ ვგრძნობდი, დღეს ვფიქრობ, რომ ჩვენ გვქონდა ათასობით წესი და განკარგულება, მაგრამ ძალიან ცოტა პრინციპი.
არ ვიცი, რა შედეგი გამოიღო ამ რეგულაციებმა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე ვერც წინათ ვხედავდი შედეგს და ვერც დღეს ვხედავ. ალბათ არიან ქვეყნები, სადაც ეს პროცესები სწორად მიმდინარეობს, მაგრამ არა ჩვენთან, რადგან ჩვენ არ ვცვლით სისტემის საფუძველშივე არსებულ ვარაუდებს გონებრივი უნარის, შესაძლებლობის, ეკონომიკური მიზნისა და ადამიანთა საჭიროებების შესახებ.
ჩვენ ადამიანებს კვლავ “გარედან შიგნით” ტიპის განათლებას ვაძლევთ. ჩვენ ვადგენთ, რა სჭირდება ქვეყანას და შემდეგ ვცდილობთ, ყველაფერი ამას შევუსაბამოთ, ნაცვლად იმისა, რომ შევისწავლოთ, რა არის ხალხის მამოძრავებელი ძალა, ავაგოთ საგანმანათლებლო სისტემა პიროვნული თვისებების მოდელის მიხედვით – ვფიქრობ, ეს არის ის, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ.
თუ შეიძლება, რამდენიმე სლაიდს გაჩვენებთ… რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, მაგრამ რაკი მათ მომზადებაზე ვიწვალე … გულახდილად გეტყვით – მე უბრალოდ მინდა რამდენიმე მაგალითი გიჩვენოთ. სხვათა შორის, ეს საკითხები განხილულია ჩემს წიგნშიც, რომელიც მეთიუმ ახსენა. ეს წიგნი სასწაულია (სიცილი). მის შეძენაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ. ეს ახალი წიგნია და მას იანვარში გამოუშვებს გამომცემლობა Penguin-ი. მეც ძალიან მახარებს მისი გამოცემა. წიგნი ემყარება მოსაზრებას, რომ ადამიანები საუკეთესოდ მუშაობენ, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებენ, როდესაც თავიანთ სტიქიაში არიან.
ლონდონი, RSA-ს შენობა, 2008 წლის 16 ივნისი
(გაგრძელება იქნება)
თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ