სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჰიპერმზრუნველობა: გამომწვევი მიზეზები, შედეგები და რეკომენდაციები მის დასაძლევად

საზოგადოება ხშირად კიცხავს, განიკითხავს, საყვედურობს მშობელს, რომელიც სათანადო ყურადღებას არ იჩენს შვილის მიმართ. ასეთი მშობლის ქცევა არცთუ იშვიათად საყოველთაო განხილვის საგნადაც იქცევა ხოლმე. თუმცა თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის, მისი განვითარებისთვის, პიროვნების ფორმირებისთვის ჰიპერმზრუნველობა – ჭარბი ყურადღება, ზღვარგადასული მეურვეობა. არადა, ჰიპერმზრუნველობის შედეგები არანაკლებ საზიანოა, ვიდრე უყურადღებობისა.

ჰიპერმზრუნველი მშობლის ამოცნობა და სხვა ტიპის მშობლებისგან მისი გამორჩევა გარეშე თვალისთვის საკმაოდ ადვილია:

  • ასეთი მშობელი შვილს ადრეული ბავშვობიდანვე ართმევს არჩევანის თავისუფლებას, ყველაფერს, ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს თავად;
  • ჰიპერმზრუნველი მშობელი მუდმივად ცდილობს, ბავშვი გვერდიდან არ მოიცილოს, რადგან თვლის, რომ ასე უფრო ადვილად მოახერხებს მის დაცვას ნებისმიერი საფრთხისგან;
  • ასეთი მშობელი დაჟინებით მოითხოვს ბავშვისგან, აკეთოს მხოლოდ ის, რასაც დედა ჩათვლის საჭიროდ, აკეთოს ისე, როგორც მიუთითებს, დამოუკიდებლობის უმცირესი გამოვლენის გარეშე. მის ლექსიკონში ჭარბობს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „არა, ჩვენ იქ არ წავალთ, შენ ეს გჭირდება“, „ხელი მომკიდე და ისე იარე, დაეცემი“, „ხელს ნუ მიშლი, მე თვითონ ჩაგაცმევ, შენ ჯერ კიდევ ვერ გაართმევ ამას თავს“ და ა. შ. ბავშვი გათავისუფლებულია პრობლემების მოგვარების აუცილებლობისგან, რადგან გადაწყვეტილებები ან მზა სახით მიეწოდება, ან მიიღწევა მისი მონაწილეობის გარეშე;
  • ჰიპერმზრუნველი მშობელი შვილზე საუბრისას, როგორც წესი, იყენებს ნაცვალსახელს „ჩვენ“. ამით ის ქვეცნობიერად ხაზს უსვამს საკუთარ როლს შვილის ცხოვრებაში, იმას, რომ მის გარეშე ბავშვი ვერ მოახერხებს პრობლემის დაძლევას და სირთულის გადალახვას.

რა შეიძლება მოიტანოს ჰიპერმზრუნველობის გარემოში ბავშვის აღზრდამ, რით შეიძლება იყოს ის საზიანო?

* ასე აღზრდილი ბავშვი, როგორც წესი, ავლენს სირთულეების გადალახვის, მათი საღად შეფასების უუნარობას. ის კარგავს რთულ სიტუაციებში თავისი ენერგიის მობილიზაციის შესაძლებლობას და ელოდება დახმარებას უფროსებისგან, უპირველეს ყოვლისა, მშობლებისგან. მისთვის ნებისმიერი დაბრკოლება გადაულახავი ხდება და მომავალშიც მუდმივად სხვების დახმარების მოლოდინშია;

  • აკლია თავდაჯერება, დაქვეითებული აქვს თვითშეფასება. იზრდება მხდალ, უსუსურ, ინფანტილურ ადამიანად. უჭირს საკუთარი პოზიციის, საკუთარი აზრის დაცვა. არაადეკვატურად აღიქვამს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარე სამყაროს;
  • შეიძლება შეფერხდეს მისი განვითარება, ბავშვმა ვერ მოახერხოს სრულფასოვნად თვითრეალიზება, საკუთარი თავის პოვნა ცხოვრებაში და ძალიან უბედურად იგრძნოს თავი, გახდეს დეპრესიული;
  • არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვს უჭირს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. ან საერთოდ ვერ ახერხებს სოციალიზაციას, ან ეს პროცესი მიმდინარეოს ნელა და მტკივნეულად. გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მთლიანად ანაცვლებენ მშობლები. ასეთი დამოკიდებულების პირობებში შფოთვის ხარისხი იმატებს და ბავშვი შეიძლება ისტერიულიც გახდეს;
  • განვითარების რთულ, კრიტიკულ პერიოდებში, გარდამავალ ასაკში, როცა, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვისთვის მიუღებელი ხდება ჰიპერმზრუნველობა, იწყება ამბოხება უფროსების წინააღმდეგ და კონფლიქტებიც გარდაუვალია. ასეთ დროს მოზარდი ან სახლიდან გარბის და ხვდება ცუდ წრეში, ან უბრალოდ იკეტება საკუთარ თავში და უარს ამბობს მშობლებთან ურთიერთობაზე, რაც აღმზრდელებს სერიოზულ თავსატეხს უჩენს;
  • ჰიპერმზრუნველობა, როგორც წესი, აფერხებს თვითმომსახურების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბავშვი დამოუკიდებლად არაფრის გაკეთებას არ ცდილობს, რადგან დარწმუნებულია, რომ მის ნაცვლად ყველაფერს სხვები გააკეთებენ;
  • ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის უნარის განუვითარებლობა. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ქცევის კონტროლი, რადგან მიეჩვივნენ, რომ მათ მაგივრად ამას ყოველთვის მშობლები აკეთებენ;
  • გამოირჩევიან ნებელობის განვითარების დაბალი დონით, მათთვის წარმოუდგენლად ძნელია ამა თუ იმ საქმის დაწყება და მისი ბოლომდე მიყვანა;
  • ჰიპერმზრუნველობის გარემოში მყოფი ბავშვისთვის ასევე დამახასიათებელია უზომო ეგოცენტრიზმი. ის საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად აღიქვამს და თვლის, რომ გარშემო მყოფი ყველა ადამიანი რაღაცით ვალდებულია მის წინაშე;
  • ჰიპერმზრუნველობას მივყავართ პათოლოგიურ მდგომარეობამდე – მშობლებს არ შეუძლიათ ბავშვის „გაშვება“, ბავშვს კი არ შესწევს უნარი, გათავისუფლდეს მშობლების მეურვეობისგან, მოჭარბებული ყურადღებისა და მზრუნველობისგან და დამოუკიდებლად დაიწყოს საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ მოქმედებაზე თავად აიღოს პასუხისმგებლობა, მოახერხოს თვითრეალიზება;
  • საინტერესოა, რომ როცა შვილი მშობლების ხელში ხდება თოჯინა, მათი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება, ის დგება არჩევანის წინაშე – ან შეეგუოს მდგომარეობას და ამით დაკარგოს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, ან ამბოხება მოუწყოს მშობლებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი ამბოხება ნაკლებსახიფათოა, ვიდრე უსიტყვო მორჩილება და სიტუაციასთან შეგუება.

 

ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდება:

  • პირველი შვილი;
  • დედისერთა;
  • დიდი ხნის ნანატრი შვილი;
  • ნაბოლარა;
  • ბავშვი, რომელსაც ერთი მშობელი ზრდის ან რომელსაც გარდაეცვალა უფროსი და ან ძმა;
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი.

ჰიპერმზრუნველობის ინიციატორი და განმხორციელებელი უმეტესად დედაა.

  • ჰიპერმზრუნველობის მიზეზად ხშირად იქცევა მშობლების ზღვარგადასული შფოთვა ბავშვის გამო. „ათასი უბედურება ხდება ამქვეყნად, უმჯობესია, მუდამ გვერდით მყავდეს, ასე უფრო დაცული იქნება და მეც უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს“, – ასეთი აზრები ჰიპერმზრუნველი მშობლისთვის ტიპურია;
  • საკუთარი სურვილების, ინტერესების, მისწრაფებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მშობლები შვილს პროექტად, ცხოვრების აზრად აქცევენ, თავს მთლიანად მას უძღვნიან, ბავშვის მოთხოვნილებებს, ინტერესებს უგულებელყოფენ და ცდილობენ, მისი საშუალებით მოახდინონ იმის რეალიზება, რაც თავად არ გამოუვიდათ. ასეთ დროს ბავშვი იძულებულია, იცხოვროს იმ ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობდნენ მშობლები – სწავლობს მუსიკას, ცეკვას, ირჩევს არასასურველ პროფესიას მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს მშობელს. ჰიპერმზრუნველობა ასეთი მშობლისთვის ერთგვარი შურისძიებაა პირადი წარუმატებლობის გამო ან მიაჩნია, რომ მას აქვს ბედნიერებისა და წარმატების უნიკალური რეცეპტი და ამიტომ შვილი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და ასრულებდეს მის მითითებებს;
  • ჰიპერმზრუნველობას შეიძლება საფუძვლად ედოს მშობლის პირადი გამოცდილება და ტრადიციები. თავად ასეთივე გარემოში იზრდებოდა და ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება, შვილი სხვაგვარად აღზარდოს.

 

რეკომენდაციები

სანამ ბავშვი პატარაა, მასზე უწყვეტ ზრუნვას არ შეიძლება ვუწოდოთ ჰიპერმზრუნველობა. სავსებით ნორმალურია, მშობლებს უნდოდეთ პატარას დაცვა გარემომცველი სამყაროს საფრთხეებისგან და მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მაგრამ თუ ბავშვის, მისი ნებისმიერი მოქმედების მუდმივ კონტროლს მშობელი მაშინაც აგრძელებს, როცა ის უკვე მოზრდილია და შეუძლია, დამოუკიდებლად გადალახოს სირთულეები, საქმე გვაქვს ჰიპერმზრუნველობასთან. ბალანსის დაცვა ჰიპერმზრუნველობასა და უყურადღებობას შორის არცთუ ისე ადვილია. ნებისმიერ მშობელს სურს, მისი შვილი მყარად იდგეს ფეხზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მივცეთ.

  • როცა პატარა რამის გასაკეთებლად სერიოზულ ძალისხმევას ამჟღავნებს, ნუ ეცდებით საქმის მის მაგივრად გაკეთებას, მით უმეტეს, თუ ის დახმარებას არც გთხოვთ. საერთოდ, მშობლისთვის უფრო ადვილია, თავად გააკეთოს ყველაფერი, ვიდრე დაელოდოს, სანამ ამას ბავშვი იზამს. ეს უფროსების ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ბავშვი ან მეტისმეტად ნელა ირჯება, ან „ისე არ აკეთებს“, როგორც საჭიროა, მშობელს კი უნდა, ყველაფერი სწრაფად, ხარისხიანად, სწორად გაკეთდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე საჩქაროა. ასეთ დროს ბავშვს ვუკარგავთ შესაძლებლობას, შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ამგვარად მას სხვებზე დამოკიდებულ პიროვნებად ვზრდით.
  • ნუ ვეცდებით ნებისმიერი სირთულისგან ბავშვის დაცვას. ერიდეთ მის მიმართ სიბრალულის გამომჟღავნებას, როცა რამე არ გამოსდის. ბავშვისთვის აუცილებელია, განიცადოს სირთულეები, რომლებსაც ეჯახება. სირთულეების გადალახვის გარეშე ძლიერი პიროვნება ვერ ჩამოყალიბდება, ვერ ისწავლის ცხოვრებას და პრობლემებისთვის თავის გართმევას.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების უფლება. შეიძლება, ჩვენთვის არასასურველი ნიშანიც მიიღოს – ეს სრულიადაც არ არის ტრაგედია. უმჯობესია, ბავშვმა შეცდომა დაუშვას და ცუდი ნიშანი მიიღოს, ვიდრე ჩვენ შევასრულოთ მისი დავალება. მივცეთ ბავშვს საშუალება, დაუშვას შეცდომები და იპოვოს გზები მათ გამოსასწორებლად. ის სწორედ მაშინ სწავლობს ცხოვრებას, როცა თავად გადალახავს დაბრკოლებებს.
  • ნუ შეგაშინებთ ის, რომ ბავშვი შეიძლება განაწყენდეს, გაბრაზდეს. ხშირად პატარა უარს ამბობს ისეთი რამის გაკეთებაზე, რაც კმაყოფილებას არ ანიჭებს და ამ საქმეს გასაკეთებლად მშობლებს გადასცემს. თუ დედა ნებდება შვილის პროტესტს და თავად აკეთებს ყველაფერს მის ნაცვლად, ბავშვი მომავალშიც იმავეს გაიმეორებს და უნებისყოფო, სუსტ, სხვაზე დამოკიდებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება. დავეხმაროთ მას რთული დავალებების შესრულებაში, მაგრამ ნურაფერს გავაკეთებთ მის ნაცვლად. ასეთი დამოკიდებულების პირობებში ბავშვი სრულფასოვნად მოსინჯავს საკუთარ ძალებს, უფრო სწრაფად გახდება დამოუკიდებელი და გაუჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა. შვილის სიყვარული მის ნაცვლად ცხოვრებას არ ნიშნავს.
  • უფრო მეტად ვენდოთ ბავშვს, თუნდაც პატარა და უსუსური გვეჩვენებოდეს. ვეცადოთ, საღად შევაფასოთ მისი ძალები, გვჯეროდეს, რომ ის თავს გაართმევს დავალებას.
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება. დაე, თავად შეარჩიოს მეგობრები, თავად იფიქროს, რა ჩაიცვას დღეს, რა ჭამოს. თუ გვეშინია, რომ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, პატივისცემით მიწოდებული რჩევაც საკმარისი იქნება. ამ გზით ის ისწავლის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ვეცადოთ, მოვუსმინოთ და გავუგოთ ბავშვს, პატივი ვცეთ მის სურვილებს. თუ ის ამბობს, რომ რაღაც არ უნდა, ნუ ვაიძულებთ ამის გაკეთებას სიტყვებით „დედამ უკეთესად იცის, რა გინდა!“

 

დიახ, დამოუკიდებელი, ძლიერი პიროვნების აღზრდა გაცილებით ძნელია, ვიდრე დედიკოს ბიჭისა ან დედიკოს გოგოსი, რომელიც მთელი ცხოვრება დედის კალთას იქნება მიწებებული. სამაგიეროდ, დამოუკიდებელი ბავშვი მომავალში გაცილებით წარმატებული და ბედნიერი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“