სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჩემი მასწავლებელი – ზურაბ სარჯველაძე – 80

ქართული სამეცნიერო (და არა მხოლოდ) სივრცე კარგად იცნობს აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, პროფესორ ზურაბ სარჯველაძეს და მის ნაშრომებს. წელს მას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ეს იუბილე ალბათ იმსახურებდა ფართო აღნიშვნას, მაგრამ თანამედროვე კონტექსტიდან გამომდინარე, ღირებულებები ისე გადაფარულია, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს!

ზურაბ სარჯველაძე ჩემთან ბოლო ინტერვიუში, 2001 წელს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ,  გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ  „ჩვენთან არცერთ მეცნიერებას არა აქვს პრიორიტეტი და, საერთოდ, მეცნიერება იმ ზღვარზეა, რომ მალე სულს დაღაფავს, თუ ასე გაგრძელდა. არ ვიცი, რა ხდება სხვა დარგებში, მაგრამ ჰუმანიტარულ სფეროში ძალიან ცოტა დარჩა თავისი საქმის ფანატიკოსი და ისინიც რომ აღარ იქნებიან, უმძიმეს დღეში აღმოჩნდება მეცნიერება“.

ამ ინტერვიუს შემდეგ 18 წელი გავიდა… თავისი საქმის ფანატიკოსი ადამიანების უმეტესობა მართლაც წავიდა… ასეთი ფანატიკოსი გახლდათ თავად ზურაბ სარჯველაძე. ჰუმანიტარული მეცნიერებები (და არა მარტო ) კი დღეს რა მდგომარეობაშია, ყველას კარგად მოეხსენება.

ბატონი ზურაბი ჩემი ლექტორიც იყო და იმ პირველი ლექციიდან მოყოლებული, ვიდრე გარდაცვალებამდე, მე არ მინახავს მისი სხვა მდგომარეობა: სულ შრომობდა თავაუღებლად. ეს მეტაფორა არ არის, მართლა ასე იყო. კაბინეტში თუ ვინმე შევიდოდა, თავის კომპიუტერთან მჯდომი ტექსტებს რომ ჩაჰკირკიტებდა, შემოსულს ისე გასცემდა პასუხს, თავს მაღლა არ სწევდა. თითქოს ასე – ორ განზომილებაში ერთად იყო. თან ბეჭდავდა, თან არედაქტირებდა, თან გამოსაცემად ამზადებდა, თან კონფერენციას გეგმავდა, თან ლექციებს ატარებდა… კათედრის გამგე იყო… პრორექტორიც სამეცნიერო დარგში… გამომცემელი… სულ ჩქარობდა და შიშობდა, რომ საქმეს ვერ მოასწრებდა. ერთი ადამიანი იმდენს  აკეთებდა, მთელი ინსტიტუტები რომ ვერ აკეთებდნენ.

ჰო და, წავიდა ეს თაობა… და სად ვართ დღეს? როგორები ვართ დღეს? რას ვაშენებთ, რას ვიკვლევთ, საით მივდივართ საერთოდ: ან მეცნიერებაში, ან – კულტურაში, ან – სხვა ნებისმიერ დარგში?

გამიჭირდება ამ კითხვებზე პასუხი და უფრო მეტად მიჭირს, ვისაუბრო ადამიანზე, რომელიც ჩემი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის ცენტრი იყო და სტუდენტობიდან გარდაცვალებამდე ჩემი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული.

ამიტომ შემოგთავაზებთ მის ბოლო ინტერვიუს, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ ნამდვილი მეცნიერის ნამდვილი შრომა და მოღვაწეობა როგორი იყო!

ძალიან ცოტა დარჩა ფანატიკოსი

ბატონო ზურაბ, თქვენ, როგორც ძველი და თანამედროვე ქართული ენის მკვლევარი, როგორ შეაფასებდით ქართული ენის განვითარებას ახალი ეპოქის მიჯნაზე?

– ახალი ეპოქის მიჯნაზე ქართული ენის განვითარება თავის ბუნებრივ პროცესშია. ერთხელ სტუდენტებმა მკითხეს, რას ნიშნავს ენის განვითარება, იქნებ ძველ დროში უფრო განვითარებული იყო ენა, ვიდრე ახლაო? რთული კითხვაა, ძნელია შეფასება. ენა მაინც მიჰყვება საზოგადოებას, თუმცა განვითარებას აქვს თავისი მხარეები, რაღაც შეიძლება მოგწონდეს, რაღაც – არა…

მოწონებაარმოწონება მაინც სუბიექტური ხასიათისაა, შეიძლება განსხვავებული იყოს მეცნიერული თვალსაზრისი, რომელიც მეტნაკლებად ობიექტურ რეალობას გულისხმობს; რაკი ძნელია შეფასება, იქნებ შევძლოთ თვალი გადავავლოთ ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიას

– უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები IV-V საუკუნეებით თარიღდება. ჩვენამდე მოღწეულია მრავალი ხელნაწერი, წარწერა, საისტორიო და იურიდიული ხასიათის დოკუმენტი, რომლებიც შეიცავენ უძვირფასეს მასალას ჩვენი ქვეყნისა და მისი ისტორიისათვის. საფიქრებელია, რომ ქართული სამწერლობო ენა გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა, მაგრამ ჟამთა სიავის გამო ადრინდელმა ტექსტებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

ძველ ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად დაედო იბერიის დედაქალაქის, მცხეთის, მეტყველება. საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა ქართული ტომის წარმომადგენელთა ურთიერთობის შედეგად მცხეთაში ჩამოყალიბდა ზედიალექტური მეტყველება („მცხეთური კოინე“). ბუნებრივია ამ მეტყველების სიახლოვე ქართლურ დიალექტთან.

ქართული ენის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ VIII საუკუნიდან ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გახდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, კერძოდ, ამ არეალის უდიდესი ქალაქები: არტანუჯი და ქუთაისი. IX-XI საუკუნეთა მრავალ ძეგლში გამოვლინდა სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს მეტყველებისათვის დამახასიათებელი მოვლენები.

უნდა აღინიშნოს, რომ ძველ ქართულ სალიტერატურო ენაზე ძალიან ძლიერი იყო უცხოური ენების, პირველ რიგში კი, ბერძნულის, ზეგავლენა, რადგან ძველი სალიტერატურო ენა იმ ძეგლების მიხედვით, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული, დაფუძნებულია, უპირველეს ყოვლისა, ბიბლიური წიგნების თარგმანებზე, და ეს თარგმანები კი ძირითადად ბერძნული ენიდან სრულდებოდა. გავლენა აისახებოდა როგორც ლექსიკაში, ასევე ფრაზეოლოგიაში, სინტაქსში.

მაგალითად, „შუშანიკის წამება“ იწყებოდა ასე: „და აწ დამტკიცებულად გითხრა თქვენ“. „და“ კავშირით წინადადების დაწყება ბერძნულისთვის არის დამახასიათებელი, ქართულში ეს მოვლენა სწორედ ბერძნულის ზეგავლენა გახლავთ. წინადადებათა ამგვარი კონსტრუქციები: „ამოიღე და განაგდე შენგან“, „მოიკლავს თავსა თვისსა“ – აგრეთვე ბერძნულის გავლენაა, რადგან ქართულისთვის სრულიად ზედმეტია „თვისსა“.

ბერძნულიდან არის შეთვისებული ქართულში ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებულ ტერმინთა დიდი ნაწილი: ქრისტე, ანტიქრისტე, დიაკონი, ეპისკოპოსი, კათალიკოსი, ანგელოზი, პატრიარქი, ეკლესია, ლავრა, მონაზონი, მონასტერი, ემბაზი, ლიტანია, აღაპი და მრავალი სხვა. აგრეთვე მწიგნობრობასთან დაკავშირებული არაერთი ტერმინი: კალამი, მელანი, ქარტა, ტომარი, წიგნი, ბიბლია, ევანგელე და სხვა.

ძველ ქართულ ნათარგმნ და ორიგინალურ ძეგლებში გვხვდება კომპოზიტები, რომლებიც ბერძნულის მოდელის მიხედვით არის შედგენილი.

დიდია, აგრეთვე, აღმოსავლურის გავლენის კვალიც ქართულ ენაზე.

როგორც ვიით, სალიტერატურო ენა, ძველი იქნება თუ ახალი, ყოველთვის ნორმირებულია, წესებსა და კანონებს ემორჩილება, ამას გარკვეული სტანდარტებისკენ მიჰყავს ენა. ცოცხალი სასაუბრო მეტყველება კი თითქოს უფრო ბუნებრივ კალაპოტში ვითარდება. შესაძლებელია თუ არა, ძველი სალიტერატურო ენით ძველი ცოცხალი სასაუბრო მეტყველების აღდგენა, დანახვა? რა დამოკიდებულებაა სალიტერატურო ენასა და ცოცხალ მეტყველებას შორის?

– ძველი სალიტერატურო ენა, რა თქმა უნდა, ნორმირებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის, ვინც წერს, მეტყველიცაა, ამდენად, მისი მეტყველება სალიტერატურო ენას გარკვეულწილად „უპირისპირდება“. გარკვეული მეთოდოლოგიაა იმისთვის საჭირო, რომ გაიმიჯნოს სალიტერატურო ენისა და ცოცხალი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ნორმები. არის თვალსაზრისი, რომ ძველად ქართველები ზუსტად ისე წერდნენ, როგორც მეტყველებდნენ, რაც სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს კარგად ჩანს იმ შეცდომათა ანალიზიდან, რომელთაც უშვებდნენ გადამწერები. საინტერესოა ამ მხრივ „ანდერძები“ და „მინაწერები“, სადაც უპირატესად ჩვენ ვხვდებით საინტერესო ენობრივ ფორმებს. შესაძლოა, მთელ ხელნაწერში გადამწერი მკაცრად იცავდეს ნორმირებული  წერის წესს, მაგრამ სადაც ანდერძია ან მინაწერი, იქ გადამწერი შედარებით თავისუფალია და წერს ისე, როგორც მეტყველებს.

ძველ ქართველ მწერალთა და მთარგმნელთა უმეტესი ნაწილი სავსებით შეგნებულად ცდილობდა, სალიტერატურო ენა მეტისმეტად  არ დაშორებოდა ცოცხალ მეტყველებას. ისინი, რასაკვირველია, ითვალისწინებდნენ ენის განვითარების ტენდენციებს. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ძველი ქართული ენა ინარჩუნებდა ნორმატიულ ხასიათს, მაგრამ, ამავე დროს, ასახავდა ენაში (ცოცხალ მეტყველებაში) მომხდარსა თუ მიმდინარე მოვლენებსაც.

მე-9 საუკუნიდან „სინურ მრავალთავში“, შემდგომ უკვე სხვა ხელნაწერებში, გვაქვს უკვე მყარი წესების მოშლის შემთხვევები (მაგალითად, დიფთონგთა ხმარებასთან დაკავშირებით). ცოცხალი მეტყველების გავლენაა სამწერლობო ენაში „ესრეთი“ ფორმის ნაცლად „ესეთი“ ფორმის მოხშირება და თანდათანობით ამ უკანასკნელის დამკვიდრება და ნორმად ქცევა.

იაკობ ხუცესის, იოვანე საბანისძის, გიორგი მერჩულის, „მოქცევაი ქართლისაის“ ანონიმი ავტორისა და სხვათა თხზულებანი გამოირჩევიან სტილის სისადავით, ცოცხალ მეტყველებასთან სიახლოვით. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იჩენს თავს ექთვიმე მთაწმინდელის, გიორგი მთაწმინდელის, გიორგი მცირის, თეოფილე ხუცეს-მონაზვნის და სხვათა თხზულებებში, მათ მოახდინეს ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა, მჭიდროდ დაუახლოვეს ცოცხალ მეტყველებას, რითაც შეამზადეს საფუძველი საშუალი ქართულის ჩამოყალიბებისთვის. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ XI საუკუნის სალიტერატურო ენა გარდამავალ საფეხურად ძველიდან საშუალისკენ. უნდა აღინიშნოს, ეს რეფორმა მოხდა ფაქტობრივად ისე, რომ ძველი ქართულის ნორმათა მთლიანობა საფუძვლიანად არ შელახულა.

ამასთან უნდა ითქვას ისიც, რომ XI საუკუნეში თავი იჩინა საპირისპირო ტენდენციამაც: სალიტერატურო ენისა და ცოცხალი მეტყველების უკიდურესმა დაპირისპირებამ. ეს მოვლენა ახასიათებთ ე.წ. ელინური სკოლის წარმომადგენლებს: ეფრემ მცირეს, იოანე პეტრიწს, არსენ იყალთოელს და სხვებს. თარგმანის დროს ბერძნული ენის გრამატიკული კონსტრუქციების, სიტყვათწარმოების, ფრაზეოლოგიის კალკირებამ მეტისმეტად დაამძიმა მათი ენა. ამ სკოლის წარმომადგენელთა მცდელობა, აეცდინათ სალიტერატურო ენა ბუნებრივი განვითარების ხაზიდან, განწირული აღმოჩნდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ უდიდესი როლი შეასრულეს ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის  შექმნასა და ჩამოყალიბებაში.

ელინოფილური სკოლის ენობრივი პოზიცია ფაქტობრივად უკუაგდო საშუალი ქართულის ჩამოყალიბებამ. საშუალი ქართული დაემყარა ექვთიმე მთაწმინდელის, გიორგი მთაწმინდელისა და მათ მიმდევართა ენობრივ მემკვიდრეობას, მათ პრინციპებს და არა ელინოფილთა თეორიულსა თუ პრაქტიკულ ნამოღვაწევს.

რა გავლენა მოახდინა ანტონ კათალიკოსმა და მისმა სამი სტილის თეორიამ ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაზე?

– თვითონ ანტონ კათალიკოსის სტილი იყო ფსევდო-ძველი ქართული, ის არ იყო ნამდვილი ძველი ქართული, რადგან მას ძველი ქართულის ცოდნის დონე ამის საშუალებას არ აძლევდა. ერთი მხრივ, ანტონ კათალიკოსმა აიღო ორიენტაცია იოანე პეტრიწზე და, მეორე მხრივ, მის ნაწერებში შეერია საშუალი ქართულიც, დიალექტურიც და, საბოლოოდ, გამოვიდა, ჩემი აზრით, საკმაოდ ცუდი ქართული, რადგან ის, რაც მივიღეთ ანტონის ენისაგან, არ იყო არც ძველი ქართული, არც საშუალი ქართული და არც ის მეტყველება იყო, რომელზედაც ხალხი მეტყველებდა.

რასაკვირველია, ანტონი უდიდესი მეცნიერი იყო, მშვენიერი გრამატიკა დაწერა, დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, საერთოდ, ქართული აზროვნების განვითარებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ენა გავაფეტიშოთ. შემდგომ მას გამოუჩნდნენ მიმბაძველები. რა თქმა უნდა, მიმბაძველები ყოველთვის უფრო უნიჭოები არიან, ვიდრე ის შემოქმედები, ვისაც ისინი ბაძავდნენ. ეს მიმბაძველები, ფაქტობრივად, XIX საუკუნის I ნახევრამდე პარპაშობენ კიდეც სამოღვაწეო ასპარეზზე, ვიდრე არ გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც სათანადო ადგილი მიუჩინა მათ.

ილია ჭავჭავაძის გამოჩენამ მთლიანად გარდაქმნა და შეცვალა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება

– ფაქტობრივად, ილიამ მაშინ გადაარჩინა არა მარტო ქართული ენა, არამედ – ქართველი ხალხი. რა დახვდა ილიას, როცა ის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა? – ქართული მწერლობა, რომელიც იმჟამად წარმოდგენილი იყო რომანტიკოსთა სახით, ვერ ახდენდა ზეგავლენას ერის კულტურულ ცხოვრებაზე, რადგან არ არსებობდა ბეჭდვითი სიტყვა. ესეც რომ ყოფილიყო, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ფაქტობრივად, მწერლობა იყო სალონური. „ტფილისის უწყებანი“, რომელიც მაშინ გამოდიოდა, რუსული, ამავე სახელწოდების გაზეთის, თარგმანი გახლდათ. ვისაც იმ გაზეთში ჩაუხედავს, დამერწმუნება, რომ იქ ასოების მეტი ქართული არაფერია.

ილიამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემა, – ეს პროგრესული ნაბიჯი იყო; თეატრიც იყო, მაგრამ ერთ ოთახში არსებობდა, რამდენი კაცი შეიძლება დასწრებოდა იქ სპექტაკლს?

რა ახდენდა გავლენას იმდროინდელ საზოგადოებაზე? – არც თეატრი არც მწერლობა

– არაფერი არ ახდენდა, გარდა იმისა, რომ იყო შინამასწავლებელთა ინსტიტუტი და ოჯახური ტრადიციები. იმ დროს ეკლესიებში წირვა-ლოცვაც კი რუსულ ენაზე  აღესრულებოდა.

ილია ძალიან კარგად ხედავდა, რომ ისე წერა და მეტყველება, როგორიც მაშინ იყო, არ მისცემდა საშუალებას, რათა  თავისი მისია შეესრულებინა. მან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „ღვიძლი“ სიტყვა ეთქვა თავისი ხალხისათვის, პირველ რიგში, ენაზე ზრუნვა დაიწყო.  კაზლოვის „შეშლილის“ თარგმანი გახდა უბრალოდ საბაბი იმ დიდი ბრძოლისა, რომელიც ილიამ წამოიწყო და „თაობათა შორის ბრძოლის სახელითაა“ ცნობილი.

1861 წელი გარდატეხის ეპოქაა ქართული ენისთვის. აქედან მოყოლებული, 20-30 წლის განმავლობაში გაიმარჯვა ილიას მიმართულებამ.

ბევრს ვლაპარაკობთ, რომ ილიამ შექმნა ქართული. თვითონ ილიას აქვს ამაზე პასუხი: ხალხი ქმნის ენას! ილიამ მიაგნო ენის განვითარების წყაროს – ეს იყო თბილისური მეტყველება.

ილიას ერთ-ერთი ოპონენტი ამბობდა: ეს ყმაწვილები ჩამოივლიან ქალაქის მოედნებსა ბაზრებში, იქ აგროვებენ სიტყვებს და მერე ლიტერატურაში შემოაქვთო. ფაქტობრივად, ეს მოვლენა სწორად იყო შენიშნული, ისინი მწიგნობართა თეორიებიდან კი არ გამოდიოდნენ, არამედ ცდილობდნენ, ხალხისთვის გასაგებ ენაზე ეწერათ.

 თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის შესახებ რას იტყვით?

– თანამედროვე სალიტერატურო ქართული დიდი მონაპოვარია ჩვენი ლიტერატურის, ისტორიის, საზოგადოების, მას გაფრთხილება და დაცვა სჭირდება! დღეს ბევრს საუბრობენ ინგლისური ენის გავლენაზე, მიხეილ ჯავახიშვილიც თავის დროზე წუხდა ამაზე, მაგრამ აღნიშნავდა, რომ ეს ობიექტური კანონზომიერება იყო და წინ ვერ აღვუდგებოდით. მთავარია, ენას შესწევდეს უნარი, უცხო ენების გავლენას მოერიოს და თავის კალაპოტში მოაქციოს. ამის ძალა კი, როგორც ჩანს, ქართულს შესწევს. ბევრია ისეთი სიტყვა ქართულში, რომელიც სხვა ენებში არ იბრუნვის, იმ ენებში, რომლებიდანაც შემოვიდა, მაგალითად: კაშნე, კუპე და სხვა… ჩვენს ენაში კი იბრუნვის და ზოგ შემთხვევაში, იკვეცება კიდეც. ესე იგი, ენამ ლექსიკა თავის კალაპოტში მოაქცია.

თანამედროვე მწერალს თუ აქვს საზოგადოებაზე გავლენა?

– იგივე მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა, რომ მწერალს გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ვიდრე ჟურნალისტსო; ამას ამბობდა 20-იან წლებში და დღევანდელი მასობრივი ინფორმაციის სიუხვის დროს ეს ზეგავლენა ჟურნალისტიკისა ასჯერ იზრდება.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, სადაც გვყოფნიდეს განათლებული, პროფესიონალი, ქართული ენის კარგად მცოდნე ჟურნალისტები 500-ზე მეტი გაზეთისა და 100-ზე მეტი ჟურნალისათვის. ძალიან ცუდია, როცა ჩვენი ახალგაზრდობა „განათლებას იღებს“ ამგვარი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისაგან.

უნდა ითქვას, რომ არის ჩვენში რამდენიმე ჟურნალი და გაზეთი, რომლებიც სასიკეთო საქმეს აკეთებენ. სამწუხაროდ, უმრავლესობა წინასწარი განზრახვის გარეშე აკეთებს ქვეყნისთვის ძალიან ცუდს. თანამედროვე პრესას სტილისტი საერთოდ აღარ სჭირდება.

 ბატონო ზურაბ წლების განმავლობაში თქვენ მეგობრობთ და თანამშრომლობთ უცხოელ ქართველოლოგებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1995 წელს ჰოლანდიაში, ბრილის გამომცემლობის მიერ თქვენი და ბატონი ჰაინც ფენრიხის ერთობლივი ნაშრომის ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის გერმანულ ენაზე გამოცემა. რამდენადაც ვიცი, კვლავ აგრძელებთ ამ ლექსიკონზე მუშაობას, რაც გულისხმობს, ისტორიული თვალსაზრისით საერთო ქართველური ლექსიკის ანალიზს, ამავე დროს თქვენ ბრძანდებით ალექსანდრე ჰუმბოლდტისა და გეორგ როზენის სახელობის პრემიების ლაურეატი (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აკაკი შანიძის პრემიის ლაურეატი), რას გვეტყვით უცხოეთში ქართველოლოგიური კერების მუშაობის შესახებ?

– დღესდღეობით, ქართველოლოგიის კერა ბევრ ქვეყანაშია, ეს არის ტრადიციულად: გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, უკანასკნელ ხანებში – შვედეთი, იაპონია, აშშ. განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის განყოფილება, რომელსაც პროფესორი ჰაინც ფენრიხი ხელმძღვანელობს და მაინის ფრანკფურტის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელსაც პროფესორი იოსტ გიპეტრი უძღვება. სამწუხარო ისაა, რომ დახურვის საფრთხე ემუქრება იენაში კავკასიოლოგიის განყოფილებას; უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, პრაგმატული მიზებიდან გამომდინარე, აღარ აფინანსებს ჰუმანიტარულ დარგებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენთან ჰუმანიტარული მეცნიერებების ბედი უფრო სახარბიელოა? თუ პრიორიტეტი ტექნიკურ მეცნიერებებს აქვთ?

– ვფიქრობ, რომ ჩვენთან არცერთ მეცნიერებას არა აქვს პრიორიტეტი და, საერთოდ, მეცნიერება იმ ზღვარზეა, რომ მალე სულს დაღაფავს, თუ ასე გაგრძელდა. არ ვიცი, რა ხდება სხვა დარგებში, მაგრამ ჰუმანიტარულ სფეროში ძალიან ცოტა დარჩა თავისი საქმის ფანატიკოსი და ისინიც რომ აღარ იქნებიან, უმძიმეს დღეში აღმოჩნდება მეცნიერება.

ბატონო ზურაბ, გარდა იმისა, რომ თქვენ მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი ბრძანდებით, ამავე დროს, საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევით. რას გვეტყვით ქართველოლოგიურ სერიაზე, რომელმაც ჩვენი დარგის არაერთი საჭირო წიგნი დაბეჭდა?

_ „ქართველოლოგიური სერია“ დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სერიის რედაქტორია აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, აქ დაიბეჭდა რამდენიმე მართლაც საინტერესო წიგნი: გიორგი ახვლედიანის „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“, რომელიც არ გამოცემულა 1949 წლის შემდეგ, ეს არის ერთ-ერთი საყურადღებო ნაშრომი, რაც კი დაწერილა ზოგად ენათმეცნიერებაში; „ქართველოლოგიურმა სერიამ“ გამოსცა თამაზ გამყრელიძის „რჩეული ქართველოლოგიური შრომები“, აქ დაისტამბა ალექსანდრე ონიანის „სვანური ენა“, რომელიც კარგი გრამატიკული მიმოხილვაა, ვიცი, რომ ეს ნაშრომი ითარგმნა გერმანულ ენაზე და მალე გამოიცემა. იბეჭდება და მალე გამოვა ოთარ ქაჯაიას მიერ შედგენილი „მეგრულ-ქართული ლექსიკონი“ (სამტომეული), – ეს არის ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც აგრეთვე გერმანულ ენაზეც გამოდის. წიგნის დაბეჭდვაში დახმარება აღმოგვიჩინა სოროსის ფონდმა (ხელმძღვანელი მიხეილ ჩაჩხუნაშვილი) და გამომცემლობა „ნეკერმა“ (დირექტორი გია შერვაშიძე), ამ სერიით გამოვიდა ჩემი და ჰაინც ფენრიხის „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, სულ ბოლოს კი ჩემი „ძველი ქართული ენის სიტყვის კონა“. აგრეთვე, მრავალი კარგი წიგნის გამოცემაა  სამომავლოდ გამიზნული.

აქვე მინდა აღვნიშნო, ბატონო ზურაბ, სპეციალისტებისათვის და არა მარტო მათთვის სასარგებლო და საჭირო გამოცემად ქცეული ენათმეცნიერების საკითხები, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია პერიოდულად გამოიცემა, რომლის მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძეა, ხოლო მოადგილე თქვენ ბრძანდებით

– ამ გაუსაძლის დროს წიგნების გამოცემა ურთულესი საქმეა. უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა მეგობრებმა ამირან გომართელმა და ბესო ვეშაპიძემ „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის“ გამოცემისას, ხოლო „ძველი ქართული ენის სიტყვის კონის“ დასტამბვისას – ერთმა ცნობილმა და ღირსეულმა პიროვნებამ (რომლის სურვილითაც მის სახელსაც ვერ დავასახელებ).

ასევე დიდი სიძნელეების მიუხედავად, 1999 წლიდან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხერხდება „ენათმეცნიერების საკითხების“ პერიოდულად გამოცემა (აქაც გვეხმარებოდნენ ზემოთ დასახელებული პირები“).

და ბოლოს: ბატონო ზურაბ, ამ დიალოგის პროცესშიც თქვენს პერსონალურ კომპიუტერს უზიხართ და გატაცებით მუშაობთ. გარკვეული დროით მე შეგაწყვეტინეთ მუშაობა, რაზეც ბოდიში უკვე დაგვიანებულია, ვხედავ, თქვენს სამეცნიერო საქმიანობაში წიგნი და კომპიუტერი როგორ ჰარმონიულად დაუკავშირდა ერთმანეთს. ახალი ეპოქის ცნობილი ეჭვი: გაანადგურებს თუ არა კომპიუტერი წიგნს, თქვენი საქმიანობის შემხდვარეს, აბსურდად მეჩვენება. უმბერტო ეკო როცა ამ პრობლემას განიხილავს, პლატონის ფედროსიდან ასეთი მაგალითი მოჰყავს: დამწერლობის სავარაუდო გამომგონებელი ჰერმესი ფარაონს უჩვენებს თავის აღმოჩენას: ეს გამოგონება ადამიანებს საშუალებას მისცემს დაიხსომონ ის, რაც სხვაგვარად დავიწყებას მიეცემოდა. ფარაონი უკმაყოფილოა: მოხერხებულო ტოტ, მეხსიერება საოცარი ნიჭია, მას შენარჩუნება უნდა, შენი გამოგონების წყალობით, ადამიანებს მეხსიერება დაუჩლუნგდებათ, ისინი დაიხსომებენ არა შინაგანი ძალისხმევით, არამედ გარეგანი საშუალებებით.

ეთანხმებით ფარაონს?

– ამ პრობლემაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს!  მიმაჩნია, რომ კომპიუტერის გამოყენება შეიძლება ძალიან გონივრულად და ეფექტურად. კომპიუტერი იძლევა საშუალებას, შესაბამისი პროგრამებით მასალის უსწრაფესად დამუშავებისა და მისი გამოყენებისათვის.

გერმანიაში მივლინებისას ერთხელ ასეთი რამ გავიგონე: თანამედროვე ახალგაზრდობამ არ იცის წერა, კითხვა და ანგარიში! სამაგიეროდ, იციან კომპიუტერი. ფაქტობრივად, წერა-კითხვას გადაეჩვია ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი ზეგავლენაა, მაგრამ თუ ზომიერებას დავიცავთ, მაშინ კომპიუტერი სარგებლობას მოგვიტანს.

– ასე თუ ისე, ჩვენ ვეთანხმებით ფარაონს!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“