სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

შუა ზაფხულის ჩანაწერებიდან

ახლა სოფლებში ის დრო დგებოდა, როცა ბიჭებს გოგოები გვიყვარდებოდა. უფრო მეტად – ჩამოსული გოგოები. უფრო დიდი ქალაქებიდან, ვიდრე, მაგალითად, ოზურგეთი იყო. შეიძლება გოგოებსაც უყვარდებოდათ ბიჭები, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და ხმამაღლა არ ამბობდნენ. ჩვენ კი გვიყვარდა ამ უცნაური, ვადიანი სიყვარულით, ზაფხულის შუიდან ვიდრე 30 აგვისტომდე. ამ სიყვარულის არსს ვერავინ გაიგებს, თუ 1995 წლის 14 ივლისს, საღამოს შვიდზე, ტუნგოების ბირჟაზე არ მისულა სველი სავარცხლით დავარცხნილი თმით და კისერზე წაკრული ბენდენით, სასხვათაშორისოდ გაფანტული მზერით და რაღაც გაურკვეველი სიმღერის ღიღინით. მისულა და ორ წუთში უკან არ გაბრუნებულა.

მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო. ვერც ავადმყოფობა. გუშინ, საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც და ზურგიდან ძალიან ჰგავდა. მაშინ ვინატრე, ნეტავ ასე მაინც ყოფილიყო-მეთქი და ერთად გვევლო ანალიზებზე, გადასხმებზე და მაგგვარ ამბებზე. გვევლო და გველაპარაკა. სულ ცოტა ხნით რომ ჩავდიოდი შინ, მეუბნებოდა, თხილს რომ ვკრეფ და ბალახს ვცელავ, შენთვის სათქმელს ვაგროვებ და ახლა თლა მავიწყდებაო. ჰოდა, ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები. სად წავიდნენ? რომელი თხილის ძირში ვეძებო ახლა?

 

აგვისტოს თბილ საღამოს გოეთე ჩაფიქრებული მიაბიჯებდა ვაიმარის ვიწრო ქუჩაში. ერთი კაცი შემოეყარა, რომელმაც გზა არ დაუთმო და იქით შეუტია – განზე გადექიო.

– რეიზა?! – მიუგო გოეთემ.

ეს ამბავი მთავრდება გონებამახვილური ფინალით, მაგრამ ჩვენ აქ დავასრულოთ, როგორც რომ ერთი უნებლიე სურათი ჩვენი სასკოლო დადგმებიდან იმ შორეულ წლებში, ქალაქში, რომელსაც ჰქვია ოზურგეთი.

 

შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ ახალგაზრდებს მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლომახლო. ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც – ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს – ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.
კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს – არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება. კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა. აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენი მომავლის თუნდაც მცირე ნაწილი გამოვა გარეთ და უცებ მიედევნება ის საშინელი ფრაზა: „ეჰ, რა თაობა მოდის!“ – მე აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი: „ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“