ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სწავლების ინტერაქტიული მეთოდები – მომავლის სახელოსნო

რამდენიმე წლის წინ შვეიცარიის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში დავესწარი გაკვეთილს, რომელსაც მასწავლებელი ჩემთვის უცნობი მეთოდით ატარებდა. გაკვეთილი იმდენად საინტერესოდ და ცოცხლად მიმდინარეობდა და ისეთი დიდი იყო მოსწავლეთა ჩართულობა, გადავწყვიტე, გავცნობოდი მეთოდს, რომელსაც მომავლის სახელოსნოს უწოდებენ.
მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება

მომავლის სახელოსნოს პრაქტიკაში დანერგვა და განვითარება პირველად ამერიკელმა პუბლიცისტმა და მომავლის მკვლევარმა რობერტ იუნგკმა სცადა 1960-იან წლებში. მისი მთავარი მიზანი იყო საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება ეკოლოგიურ და სოციალურ სფეროში, ამის მიღწევა კი, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით და დემოკრატიის განვითარებით სურდა. ამის საშუალებას იძლეოდა მეთოდი მომავლის სახელოსნო, რადგან აქ ყველა აქტორი თანაბრად მონაწილეობს პრობლემის გადაჭრაში და შეაქვს წვლილი შედეგის მიღწევაში. აქ არ არის იერარქია და შეზღუდვები, ვისაც რა დავალების შესრულება შეუძლია, იმას ასრულებს. მომავლის სახელოსნოში ყველა, მასწავლებელი თუ მოსწავლე, თანასწორია.

იუნგკი დაეყრდნო ოსბორნის მიერ შექმნილი მეთოდის, გონებრივი იერიშის, ძირითად პრინციპს. როგორც ოსბორნი გამოყოფდა გონებრივ იერიშში იდეების გენერირებისა (შემოქმედებითი აზროვნება) და ფოკუსირების (კრიტიკული აზროვნება) ფაზებს, ასევე იუნგკმაც მომავლის სახელოსნო კრიტიკის, ფანტაზიისა და ფოკუსირების ფაზებად დაყო.

ამ მეთოდით მუშაობის დროს მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული თითოეული მოსწავლის პოტენციალი, შემოქმედებითად გადაჭრას პრობლემა. მეთოდის აგებულება მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ახალ-ახალი, განსხვავებული დამოკიდებულებები პრობლემის გადაჭრისადმი. იუნგკის მიხედვით, ადამიანის აზროვნება ხშირად შებოჭილია, თითქოს „პირად და დროის სატუსაღოშია გამომწყვდეული”, სადაც იგი თავისი დროის გაბატონებულ იდეებს ერთადერთ სწორ იდეებად მიიჩნევს. ამ შიშისა და შებოჭილი აზროვნებისგან გათავისუფლების გზას იუნგკი თავის მიერ შემუშავებულ მეთოდში ხედავს, რაც კრიტიკის, ფანტაზიისა და განხორციელების ფაზების თანმიმდევრული გამოყენებით მიიღწევა.
მეთოდის მიმდინარეობა

მომავლის სახელოსნო თანამშრომლობითი სწავლების მეთოდია. მოსწავლეები, რომელთაც საერთო პრობლემის გადაჭრა სურთ, ქმნიან ჯგუფებს, აზუსტებენ პრობლემას და ერთობლივად იწყებენ მისი გადაჭრის გზების ძიებას.
მეთოდში გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაზებს:

● მოსამზადებელი ფაზა – ამ ფაზაში მოდერატორი (რომელიც შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ისე რომელიმე მოსწავლეც) კიდევ ერთხელ განუმარტავს ჯგუფს შეკრების მიზანს (კერძოდ, რა პრობლემის გადაჭრა დაისახეს), გააცნობს/შეახსენებს მეთოდის მიმდინარეობას და „თამაშის წესებს”. შემდეგ ჯგუფის წევრები მოკლედ გამოთქვამენ თავიანთ სურვილებსა და მოლოდინებს. თუ საამისო დრო აღმოგვაჩნდა, ურიგო არ იქნება დასაწყისში მოსწავლეებისთვის რაიმე მოკლე განტვირთვის სავარჯიშოს შეთავაზება.

● კრიტიკის ფაზა – ამ ფაზის დასაწყისში სასურველია, მოდერატორმა გაამხნევოს მოსწავლეები, დააძლევინოს დაძაბულობა, შიში, რათა მათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი, წარმოდგენა საკითხის/პრობლემის თაობაზე. მნიშვნელოვანია, ჯგუფის ყველა წევრმა გამოხატოს თავისი გულისნადები და კრიტიკა განსახილველი საკითხის ირგვლივ ზუსტად და კონკრეტრულად ჩამოაყალიბოს. კრიტიკული საკითხების შეკრების შემდეგ მათი აერთიანებენ პრობლემის სფეროებად, რომლებიც ჩამოიწერება ფლიფჩარტზე. აქედან მოსწავლეები ირჩევენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემას/პრობლემებს, რომლებიც ფანტაზიის ფაზაში დამუშავდება.

● ფანტაზიის ფაზა – ამ ფაზას აქვს აუცილებელი „თამაშის წესი”: ყოველგვარი სურვილი, ოცნება, უტოპია ნებადართულია. „ყოველ ადამიანში ჩადებულია ბევრად მეტი, ვიდრე მან იცის”, – ასე აღწერს იუნგკი ამ ფაზისა და, საზოგადოდ, მომავლის სახელოსნოს მიზანს. ამ ფაზაში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კრიტიკული პუნქტების პოზიტიურად გადაფორმულირება. მაგ., წინადადება „ჩვენს კლასში არსებული პრობლემების შესახებ მთელ კლასთან საუბარი შეუძლებელია; მხოლოდ ორ ადამიანთან შეიძლება განიხილო საერთო პრობლემა. მიმაჩნია, რომ ასე ვერაფერს შევცვლით”. ამ წინადადებას შეიძლება შემდეგი პოზიტიური ფორმულირება მივცეთ: „ვისურვებდი, კლასში არსებულ გაუგებრობებსა და კონფლიქტებზე ყველას ერთად გვესაუბრა და საერთო ძალით შეგვძლებოდა გადაწყვეტილების მიღება”.

მეორე ნაბიჯზე გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების მრავალფეროვანი, ფანტაზიით სავსე გზები უნდა დასახონ. ამ ფაზაში მათ ნაკლებად უნდა იფიქრონ იმაზე, რამდენად განხორციელებადი და რეალურია მათი იდეები. მოდერატორი შეკრებს ყველა იდეას – როგორც განხორციელებადს, ასევე უტოპიურსაც; მომდევნო ნაბიჯზე ჯგუფი ამ იდეებს დააჯგუფებს და თითოეულ მათგანს გადაამუშავებს, უფრო მეტად დააკონკრეტებს. თუ მეთოდის განსახორციელებლად დრო შეზღუდული გვაქვს ან პრობლემის გადაჭრის ბევრი ალტერნატიული იდეაა შემოთავაზებული, იდეების გადამუშავებამდე ჯგუფი მსჯელობს, რომელ მათგანს აქვს შემდგომი განვითარების შანსი და მათზე ამახვილებს ყურადღებას.

● განხორციელების ანუ რეალიზების ფაზა – ამ ეტაპზე ხდება წინა ფაზაში შეჯერებული მონახაზების რეალობასთან შეწყობა, მისადაგება. რა უშლის ხელს იდეების განხორციელებას? რა უნდა შეიცვალოს ჩვენს ესკიზებში, რომ მათი განხორციელება შესაძლებელი გახდეს? ისევე როგორც წინა ფაზაში, ამ დროსაც საჭიროა კრეატიულობა და ფანტაზია, რათა უკეთესი შედეგისთვის შეძლებისდაგვარად წარმატების მომტანი და, ამასთანავე, ახლებური გზები ვიპოვოთ. რეალობასთან თავსებადობის მისაღწევად იდეები უნდა დაკონკრეტდეს. ამისთვის კითხვათა მთელ წყებას უნდა გაეცეს პასუხი. მაგ.: რა ღონისძიებებია გასატარებელი, ჩვენი იდეა რეალობად რომ იქცეს? სახელდობრ, რა ხარვეზი აქვს ამ პრობლემის გადაჭრის ჩვენეულ გზას? შესაძლებელია თუ არა ამ ხარვეზის აღმოფხვრა და როგორ? იქნებ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული და უფრო რეალური ხერხი? რამდენი დრო გვაქვს ცალკეული ნაბიჯებისთვის? – და სხვ. 

განხორციელების ფაზას უნდა მოსდევდეს განხორციელების შემდგომი ფაზა, რომელსაც სხვაგვარად პერმანენტულ თუ შორს მიმავალ სახელოსნოს უწოდებენ. განხორციელების ფაზა არის თეორიული დასასრული მომავლის სახელოსნოსი. ამ ფაზაში შემუშავებული გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელებით ხდება მეთოდი სრულყოფილი და მიიღწევა შედეგი.

მკითხველისთვის მეთოდის არსი უფრო ნათელი რომ გახდეს, მოკლედ აღვწერთ შვეიცარიაში მოსმენილი გაკვეთილის მიმდინარეობას: 

მეექვსეკლასელები სასწავლო წლის დასასრულს კლასის დამრიგებელს ემშვიდობებიან. მეშვიდე კლასიდან მათ ახალი დამრიგებელი ეყოლებათ. ძველი დამრიგებლის ინიციატივით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ერთად დაფიქრებულიყვნენ გასულ სასწავლო წელზე, გაეანალიზებინათ იგი, ჩამოეყალიბებინათ სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის საკლასო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე და გაეზიარებინათ ახალი დამრიგებლისთვის.

დამრიგებელმა მოდერატორის ფუნქცია იკისრა, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა შეკრების მიზანი, აუხსნა მეთოდის მიმდინარეობა; შემდეგ მან გამოიყენა აქტივობა მოგზაურობა ფანტაზიაში – მოსწავლეები ოცნებით უბრუნდებიან გასულ წელს და იხსენებენ ყველაფერს: როგორც სასიამოვნოს, ასევე ნაკლებსასიამოვნოს და უსიამოვნოს, – მერე კი ისეთად წარმოისახავენ ახალ სასწავლო წელს, რომ იგი მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩეს მათ მეხსიერებაში. მოსწავლეებმა განცდილი გადმოსცეს ჩანახატების სახით და გააცნეს გვერდით მსხდომებს. ეს აქტივობა მასწავლებელმა გამოიყენა მოსწავლეთა რელაქსაციისთვის, რათა მათ მოხსნოდათ დაძაბულობა და მომდევნო ფაზაში პრობლემებზე მსჯელობა გაადვილებოდათ.
კრიტიკის ფაზა მასწავლებელმა ბარათებზე მუშაობის მეთოდით დაიწყო. მან აუხსნა მოსწავლეებს ბარათებზე მუშაობის წესი – თითო ბარათზე აღენუსხათ თითო იდეა. მოსწავლეებმა ბარათებზე დაწერეს, რა არ მოსწონდათ ყველაზე მეტად გასულ სასწავლო წელს და რის განმეორებას არ ისურვებდნენ ახალ სასწავლო წელს. მერე თავიანთი ნააზრევი კედელზე გააკრეს. მასწავლებელმა მოსწავლეების დახმარებით ეს ბარათები კრიტიკულ პუნქტებად დააჯგუფა, მერე კი მოსწავლეებს დაურიგა სტიკერები და სთხოვა, მიეწებებინათ იმ კრიტიკულ პუნქტთან, რომელიც ყველაზე პრობლემურად და დაუყოვნებლივ გამოსასწორებლად მიაჩნდათ. მოსწავლეებმა მოახდინეს პრობლემების რანჟირება, ასე გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები:

● ადრე ადგომა;

● კლასში ბიჭებისა და გოგონების დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება;

● მოსწავლეთა სურვილებისა და შეხედულებების უგულებელყოფა მასწავლებელთა მხრივ;

● უკმაყოფილება კვირის გეგმით მუშაობით.

შემდეგ კლასი გადავიდა ფანტაზიის ფაზაში და გონებრივი იერიშით დაიწყო ოთხივე პრობლემის მოგვარების გზების დასახელება. უამრავი იდეა გამოითქვა, მათ შორის – ბევრი უტოპიური, ზღაპრული და განუხორციელებელი. მაგალითად:

● კარგი იქნებოდა ჯადოსნური საწოლი, რომელიც თვითონ მიგვიყვანდა სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში – გზაში გამოვიძინებდით;

● გოგონებთან ერთად ხშირად გაგვეტარებინა შაბათ-კვირა;

● სკოლაში გადაწყვეტილებები მოსწავლეებს მიეღოთ და არა მასწავლებლებს – ჩვენ უფრო ვიცით, რა გვჭირდება და გვაინტერესებს; 

● სკოლა მასწავლებლის გარეშე. აჯობებდა, ჩვენ თვითონ გვესწავლებინა ერთმანეთისთვის და სხვ.
განხორციელების ფაზაში მოსწავლეებმა და მასწავლებელმა დაიწყეს მსჯელობა, რომელი იდეაა რეალური, განხორციელებადი; შესაძლებელი თუა, იდეაში, რომელიც განუხორციელებელი გვეჩვენება, შევიტანოთ ისეთი კორექტივები, რომლებიც მას განხორციელებადს გახდის. შემდეგ მათ ცალკე გამოყვეს განხორციელებადი იდეები, უფრო დააკონკრეტეს და დააზუსტეს ისინი და ფორმატზე დაიტანეს.

მაგალითად, მომავლის სახელოსნოს აქტორებს/მონაწილეებს სურთ:

● ყველა ძირითადი პრობლემა გულახდილად განიხილონ ახალ დამრიგებელთან ერთად;

● წინადადება მისცენ დირექციას, სკოლა კვირაში ორჯერ 8 სთ და 30 წთ-ის მაგივრად 9 საათსა და 00 წთ-ზე დაიწყოს;

● ჩამოაყალიბონ სასკოლო კლუბი, სადაც ხშირად შეიკრიბება მთელი კლასი და საერთო ინტერესებზე ისაუბრებს;

● ხშირად მოაწყონ ექსკურსიები;

● მასწავლებლების წინაშე დასვან საკითხი, სასკოლო გადაწყვეტილებების მიღებაში ისინიც ჩართონ;

● კვირის გეგმა მასწავლებელმა მათთან ერთად შეადგინოს და სხვ.
სამწუხაროდ, რა იღონეს მოსწავლეებმა თეორიულად შემუშავებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულად განსახორციელებლად, თვალი ვეღარ მივადევნე, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – მეთოდი:

● ასწავლის თანამონაწილეობასა და თანასწორუფლებიანობას;

● ეხმარება მოსწავლეებს მოვლენების სწორად შეფასებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში;

● უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის მოსწავლეებზე დელეგირებას, ისინი თავს მასწავლებლების პარტნიორებად და სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად გრძნობენ.
მეთოდის წარმატებით განხორციელებისთვის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

● მოდერაციის, ჯგუფთან ურთიერთობის, კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების, უკუკავშირის მიღებისა და გაცემის გამოცდილება;

● ღია ურთიერთობა მოსწავლეებთან, პატივისცემით მოპყრობის უნარი;

● პროცესის შემოქმედებითად წარმართვის უნარი; უნდა ფლობდეს ისეთ შემოქმედებით ტექნიკებს, რომლებიც აღვიძებს ფანტაზიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი