სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მეფეთა სადარდებელი

როცა მეფე ხარ, ალბათ ათას საქმეზე უნდა წუხდე…ქვეყანაზე…ხალხზე… ეს იდეალური მეფის შემთხვევაში, თორემ, თუ ერთი ჩვეულებრივი მბრძანებელი  ხარ და არავინ და არაფერი გადარდებს,  ადექი და ცხოვრებით დატკბი. ნურც მარჯვნივ გაიხედავ და არც ის არის საინტერესო, რაც მარცხნივ მოხდება. შეხედე მზეს, გაუღიმე და ქრიზანთემების სურნელი შეიგრძენი. ან, სასეირნოდ, სამოგზაუროდ და გასტრონომიული ამბებით დასატკბობად გაეშურე.

სინამდვილეში, მეფეებს არაფერს ვერჩი და მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ რაღაც გამორჩეული დაავადებები ტანჯავდათ ხოლმე. თანამედროვე მეფეებში  რა ხდება არ ვიცი. ადრინდელ მეფეთა ხვედრი კი ასეთი ყოფილა. იყო უამრავი გენეტიკური დაავადება. ვლინდებოდა შეძენილიც. მეფეთა უმრავლესობას კი ერთი საერთო სატკივარი ტანჯავდა…პოდაგრა.

საფრანგეთის მეფე მზე-ლუდოვიკო მეთოთხმეტე (1638-1715) პოდაგრით იტანჯებოდა.

საფრანგეთის მეფე კარლოს  მეექვსე (1368-1422) ასევე პოდაგრით იყო ავად.

შოტლანდიის და ინგლისის მეფე იაკობ პირველი (1566-1625)  პოდაგრით იტანჯებოდა.

ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეც  (1527-1598) პოდაგრით ყოფილა  ავად.

რა არის პოდაგრა,  იგივე „ნიკრისის ქარი“?

სახელწოდება „პოდაგრა“ წარმოსდგება ბერძნული სიტყვებიდან pous-ფეხი,  agrios-მკაცრი, საშინელი. პოდაგრა ჯერ კიდევ ძველ რომში მდიდრების დაავადება ყოფილა, რადგან უსასრულოდ ბევრ ხორცს ჭამდნენ, ზედ კი ალკოჰოლურ  სასმელებს აყოლებდნენ. სწორედ რომ ავიცენას სიტყვები შეეფერებოდათ: უსაქმურობა და მსუნაგობა არა მხოლოდ თავხედობაში, ხაფანგშიც გაგაბავთო. თავად სიტყვა „პოდაგრას“ მეორენაირი მნიშვნელობაც აქვს და იშიფრება, როგორც-„ფეხი ხაფანგში“. ასეც ასურათებდნენ,  ადამიანს  ფეხზე უზარმაზარი  კიბორჩხალა ჩაბღაუჭებოდა და გასაქანს არ აძლევდა.

დაავადებაზე   ჯერ კიდევ პარაცელსი და გალენი წერდნენ.  ავიცენაზე აღარაფერს ვამბობ.

მის განვითარებას  არასწორი კვების შედეგად პურინნუკლეოტიდების ცვლის მოშლას უკავშირებდნენ. თვლიდნენ, რომ პოდაგრას იწვევდა დიდი ხნის განმავლობაში ისეთი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია პურინის შემცველი ნუკლეოტიდებით (ხორცეული, ღვიძლი, თირკმელი, პომიდორი, ბადრიჯანი და სხვა). ამჟამად კვებითი ფაქტორი არ შეიძლება ჩაითვალოს პოდაგრის გამომწვევ მიზეზად. იგი მხოლოდ ხელს უწყობს მის გამოვლინებას.

დღეისთვის დადგენილია, რომ პოდაგრა X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპის მემკვიდრეობითი დაავადებაა. მისი მიზეზია პურინნუკლეოტიდების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების გენეტიკური დეფექტი, რის გამოც ადგილი აქვს პურინნუკლეოტიდების de novo (ხელახალი) სინთეზის გაძლიერებას.

ამ დროს აღინიშნება პურინნუკლეოტიდების ჰიპერპროდუქცია. ორგანიზმში მათი დაშლის პროცესი არ რეგულირდება. ამიტომ, ჭარბად სინთეზირებული პურინნუკლეოტიდების დაშლის შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით შარდმჟავა, რომელიც, ისევე როგორც მისი მარილები(ურატები), წყალში ცუდად იხსნება. პოდაგრის დროს სისხლში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა, რომელიც ნატრიუმის მარილის (ნატრიუმის ურატის) სახითაა. ჩვეულებრივ, სისხლში მისი კონცენტრაციაა 0,18-0,24 მმოლი/ლ (3-4მგ%-ს), პოდაგრის დროს კი 0,36 მმოლი/ლ (6მგ%-ს) აღწევს. შარდმჟავას მატებას თან ახლავს სახსრებში, ხრტილებში, მყესებში, კანში, კუნთებში და ა.შ. შარდმჟავას მარილების დაგროვება კრისტალების სახით, რომელთა გარშემო მიმდინარეობს ანთებითი პროცესი და წარმოიქმნება ე.წ. პოდაგრული კვანძები. ეს კვანძები ხშირია ხელის და ფეხის თითის სახსრებში, იწვევს მათ დეფორმაციას და ტკივილს. პოდაგრული შეტევის დროს შარდში შარდმჟავას რაოდენობა ნორმალური რჩება და მხოლოდ შეტევის შემდეგ მატულობს. შარდმჟავას მარილების დაგროვება თირკმელებშიც ხდება, რაც კენჭების წარმოქმნას იწვევს.

ზოგიერთი დაავადების დროს ე.წ. მეორეული პოდაგრა ვლინდება. მაგ. გლიკოგენის სინთეზის ზოგიერთი ფერმენტის უკმარისობის დროს. შედეგად, პენტოზური ციკლის გააქტიურება ხდება, მატულობს უჯრედში რიბოზა-5-ფოსფატი და პურინნუკლეოტიდების de novo  სინთეზი ძლიერდება.

პოდაგრას მკურნალობისთვის ავადმყოფს პურინნუკლეოტიდების არაშემცველ დიეტას უნიშნავენ, ტუტე (ჰიდროკარბონატულ) მინერალურ წყალს, რომელიც ლითიუმის მარილებს შეიცავს. ლითიუმი შარდმჟავასთან დაკავშირებისას წარმოქმნის ხსნად ურატებს, რომლებიც იოლად გამოიყოფიან ორგანიზმიდან.

მეფე ფილიპე მეორე დიეტას იცავდა თუ არა, არ ვიცი. სამაგიეროდ, „ელექსირს“ ეძებდა. სამეფო კარზე „ალქიმიური დასი“ ჩამოაყალიბა და ფულს არ იშურებდა, ოღონდაც კი მისთვის „ელექსირი“ ეპოვნათ. თავადაც ხშირად მუშაობდა ლაბორატორიაში. დარწმუნებული იყო, რომ ვარდისფურცლებიანი გამოხდილი წყალი უშველიდა. ამიტომ, ბეჯითად ყოველდღე სვამდა.

ვარდის ფურცლები სპეციალურად მისთვის ირანიდან ჩამოჰქონდათ. აუცილებლად მკრთალი ვარდისფერი უნდა ყოფილიყო. მეფეს სწამდა, რომ გასუფთავებული, ანუ გამოხდილი წყალი ვარდთან ერთად განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს იძენდა და მის სატკივარსაც უშველიდა.

ავადმყოფობას მკურნალობა სჭირდება. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც ტკივილს რეალურად ამცირებენ. ტკივილის შემცირება არ ნიშნავს, რომ მკურნალობა გვერდზე უნდა გადაიდოს. თუმცა, თუ საკვები ტანჯვას  შეამცირებს, რატომაც არა?

გახსოვთ, ჰიპოკრატე რას ამბობდა? საკვები წამალივით უნდა იყოს და წამალმა საკვები არ უნდა შეცვალოსო.

წითელი წიწაკა ჩილი სახსრებში ტკივილს ამცირებს. აქ უკვე ზოგად, ნებისმიერ ტკივილზეა საუბარი და არა მაინც და მაინც კონკრეტულად პოდაგრაზე. მასში შედის ნივთიერება კაპსაიცინი. სწორედ ის გვაგრძნობინებს წიწაკის მწველ გემოს. მისი მოქმედების შედეგად ტკივილის გადამტანი ნივთიერებები ნეიტრალდება. ტკივილის შეგრძნება კი ითრგუნება, თუმცა, თავად პათოლოგიური პროცესი რჩება. კაპსაიცინი ასევე ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნაწლავების პერისტალტიკას.

ანტოციანების შემცველი ყველა პროდუქტი ასევე ტკივილის დამთრგუნველად ითვლება. ეს ნივთიერებები ანტიოქსიდანტები არიან და სახსრებში ანთების კერაზე ტკივილის გამანეიტრალებლად  მოქმედებენ. სხვათა შორის, ამაზე ავიცენაც წერდა, მიირთვით ყველაფერი წითელი და ალისფერიო. რატომ? არ წერს, ალბათ მაშინ არ იცოდა, რომ ანტოციანების გამო. ისინი, კი სწორედ ალისფერ და წითელ პროდუქტებშია. მაგალითად, ალუბალში. თან ალუბალია, თან გემრიელია და თან მუქი წითელი, ანუ ანტოციანიდიანი.

სუნელი ქურქუმა ნივთიერება ქურქუმინს შეიცავს. ეს ნივთიერება პროსტოგლანდინების გამომუშავებას თრგუნავს. პროსტოგლანდინები  არაქიდონმჟავას და მისი ნაწარმებისგან სპეციფიკური ფერმენტების მოქმედებით სინთეზირდებიან. ზემოქმედებენ იმ ქსოვილზე, რომელშიც წარმოიქმნებიან. ამიტომ მათ ადგილობრივი მოქმედების ჰორმონებს ან ქსოვილურ ჰორმონებსაც უწოდებენ. მათი ერთ-ერთი ფუნქცია ტკივილის შეგრძნებაა, ანუ ტკივილის მედიატორებადაც გვევლინებიან.

ო. ჰენრის ნოველაში „მონათესავე სულები“ სახლში შეპარულ ქურდსაც და სახლის პატრონსაც პოდაგრა აქვთ. საერთო სატკივარი გააერთიანებთ და ერთმანეთს საკვების ჩამონათვალსაც კი უზიარებენ. ერთი ამბობს, რომ ჩხრიალა გველის შხამია კარგი, მეორეს რატომღაც პატარა გოჭუნა ახსენდება. თუმცა, სინამდვილეში მკურნალობის პარალელურად ტუტე არის შემქმნელი  პროდუქტებია საჭირო.

მაგალითად (ზემოთაც დავწერე), ტუტე არის შემქნელი მინერალური წყალი ორგანიზმში ტუტე გარემოს შექმნის და სახსრებსაც ეამებათ. რატომ? შარდმჟავას გაანეიტრალებს. ოღონდ, უნდა შევეცადოთ, რომ საშუალო მინერალიზაციის იყოს და მისით ჩვეულებრივი სასმელი წყალი მთლიანად არ ჩავანაცვლოთ.

მაგალითად, ლიმონი…მჟავას შემცველი პროდუქტია. ოღონდ, ლიმონმჟავა ჩვენს ორგანიზმში ლიმონმჟავას მარილებს, ციტრატებს წარმოქმნის, რომლებიც ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად ტუტე არის ნივთიერებებად გარდაიქმნება.

მაგალითად, ბულგარული ტკბილი წიწაკა. ვიტამინ C-ს, ასკორბინის მჟავას სამი დღის დოზას შეიცავს. აქაც მჟავაა, თუმცა ბიოქიმიური გარდაქმნებით ამ შემთხვევაშიც ტუტე არის შემქმნელი ნივთიერებები მიიღება. იმავე ვიტამინს ლიმონიც შეიცავს, ოღონდ ბულგარულ წიწაკასთან შედარებით, უფრო ნაკლები  რაოდენობით.

და ასე უსასრულოდ შეიძლება დაიწეროს ყველა იმ ხილის და ბოსტნეულის სია, რომელიც ტუტე არის შემქნელია.

თუმცა, გამონაკლისები აქაც არის, პომიდორი და ბადრიჯანი არ შეიძლება. წითელი ხორცი და თევზის ზოგიერთი სახეობაც კატეგორიულად იკრძალება. თუმცა, კვერცხი და რძე ზოგჯერ შესაძლებელია, რადგან მეტაბოლიზმში პურინებს არ წარმოქმნის. იკრძალება შოკოლადი და ყავა … ეს უკანასკნელნი კოფეინს შეიცავენ. კოფეინის მოლეკულა კი პურინის  მსგავსია და მისი წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს. პურინისგან კი შარდმჟავა წარმოიქმნება.

აკრძალულია ალკოჰოლი და ტკბილი გაზიანი სასმელები.

ამას წინათ, ინტერნეტში ხეტიალისას ერთ-ერთი ქვეყნის ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების ამბავს წავაწყდი.

მიზეზი?

„ფეხი ხაფანგში“, პოდაგრა, ნიკრისის ქარი…

არადა, ყველანაირი პარამეტრით არ უნდა დამართოდა. ახალგაზრდა და გამხდარი გახლდათ, ჯანსაღ კვებასაც, ვფიქრობ, ყურადღებას აქცევდა. არც მეფის სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში.  არადა…

ჰოდა, მორალი ასეთია, რომ „ხაფანგი“ ყველა ასაკში და მდგომარეობაშია და როგორც ავიცენა იტყოდა, მხოლოდ ექიმების იმედად ნუ იქნებითო, ორგანიზმს უსმინეთ და პირველი ექიმი თავადვე იყავითო. როგორც კი, სხეულის კარნახს ამოიცნობთ, შემდეგ უკვე ჩვენ, დასტაქრებს,  მოგვმართეთო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი