სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

გორდონ ბრაუნი: „უპირატესობა განათლებას უნდა მიენიჭოს“ (II ნაწილი)

გორდონ ბრაუნი – გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს კანცლერი, ამჟამად – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი განათლების გლობალურ ინიციატივაში და გაეროს გენერალური მდივნის პან გი-მუნის წარმომადგენელი განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში
გაეროს ახალი ამბების ცენტრი: რა სტრატეგიებს გვთავაზობთ გოგონების განათლებისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად?

გორდონ ბრაუნი: მიმაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება იცვლება. ვგონებ, ჩვენი საუბრის მთავარი თემაა, მდუმარე უმრავლესობამ, რომელსაც კარგად ესმის, რომ გოგონებისთვის განათლების მიცემა აუცილებელია, ხმა ამოიღოს და ხმამაღლა თქვას, რასაც ფიქრობს. რა თქმა უნდა, შეიარაღებული ექსტრემისტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ მებრძოლთა მიზანია, ჩაახშონ ხალხის ხმა და აკრძალონ ბავშვების განათლების უფლებაზე საუბარი. ჩვენ ვნახეთ ორი ათასზე მეტი სკოლა, რომლებიც დაწვეს პაკისტანსა და ავღანეთში. ვნახეთ მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ სკოლებში გოგონებს ასწავლიდნენ. ვნახეთ პატარა გოგონები, რომლებიც დახოცეს და დაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში სიარული სურდათ.

ამავე დროს, პაკისტანში ყოფნისას შევამჩნიე დიდი ცვლილებაც ამ საკითხისადმი დამოკიდებულების კუთხით. ვნახე პაკისტანელები, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენ მხარს ვუჭერთ მალალას”. ზოგიერთი თავს ბინტით იხვევდა და ამბობდა: „მე მალალა ვარ”; დამოკიდებულებები იცვლება; ეს კულტურული პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ამ ცვლილებას ხელი უნდა შევუწყოთ და გავიღოთ რესურსები სკოლების მშენებლობისათვის, შევთავაზოთ მათ კარგი და არა უხარისხო მომსახურება. ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა, ქმედითი დახმარება გავუწიოთ იმ ქვეყნების მთავრობებს, რომელებიც ცდილობენ, ბავშვებს განათლების შესაძლებლობა მისცენ, მაგრამ ამისთვის სახსრები არ ჰყოფნით.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: ხარისხი ახსენეთ. ერთია განათლების მიცემა, და მეორე – ხარისხიანი განათლების მიცემა. ბევრ განვითარებად ქვეყანაში სკოლები ხეების ქვეშაა მოწყობილი. როგორ გესახებათ ხარისხისა და რაოდენობის უზრუნველყოფა?

გორდონ ბრაუნი: მიმაჩნია, რომ რაოდენობისა და ხარისხის საკითხი ერთად არის მოსაგვარებელი. ხალხს სჯერა, რომ განათლების ძალა მათ ცხოვრებასაც შეცვლის. შესაბამისად, ისინი მარტო სკოლაში კი არ ივლიან, არამედ მოითხოვენ შედეგსაც. მათ მხოლოდ სკოლაში მოსიარულეთა რაოდენობა კი არა, არამედ განათლების ხარისხიც აინტერესებთ.

ვფიქრობ, ჩვენ მეტისმეტად მარტივად ვუყურებთ იმას, რომ დღეს მსოფლიოში 57 მილიონამდე ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის. წესით, არ უნდა ვეგუებოდეთ იმ ფაქტს, რომ 2013 წელს ბავშვთა შრომის, ბავშვებზე ქორწინების, გოგონების დისკრიმინაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ათეულობით მილიონი ბავშვი სასკოლო განათლების გარეშე რჩება. ამან საყოველთაო რისხვა უნდა გამოიწვიოს. აშკარაა, ჩვენ ამ მწვავე პრობლემებს არასათანადო შემართებით ვეკიდებოდით.

თუ ხალხი დარწმუნდება, რომ განათლება საჭიროა, რომ აუცილებელია მასში ინვესტირება – დარწმუნდება იმაშიც, რომ არ ღირს დროისა და რესურსების ფლანგვა უხარისხო განათლებისთვის. ყველა მიხვდება მაღალი ხარისხის განათლების საჭიროებას. ჩვენ გვჭირდება სერტიფიკაცია და კვალიფიკაცია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისათვისაც. ორივე საქმეს მოევლება, თუ ხალხი ირწმუნებს, რაოდენ აუცილებელია განათლება ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: კარიერის დასაწყისში თქვენ ლექტორი იყავით. საიდან მომდინარეობს თქვენი ასეთი ძლიერი ლტოლვა განათლების საკითხებისადმი?

გორდონ ბრაუნი: ალბათ, ყველაფერს, რასაც მივაღწიე, მივაღწიე იმის წყალობით, რომ უნივერსიტეტში ვისწავლე, მომეცა შანსი, გამეგრძელებინა განათლება სამაგისტრო სკოლაში, გავმხდარიყავი უნივერსიტეტის ლექტორი, მეწერა წიგნები. და ეს ყველაფერი – იმიტომ, რომ მქონდა განათლების მიღების უფლება და შესაძლებლობა.

როდესაც კაცობრიობის მიერ განვლილ გზაზე ფიქრობ, აშკარა ხდება, რომ საუკუნეების განმავლობაში მან ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილის პოტენციალის განვითარება მოახერხა. უკვე აშკარაა ისიც, რომ ამ პოტენციალის გაზრდისა და განვითარების საშუალება დედამიწაზე დაბადებულ ყოველ ბავშვს უნდა მიეცეს.

მე თუ ვიხეირე ჩემი განათლებით, უამრავ ხალხს ამის შანსი არ მისცემია. ბრიტანეთშიც ბევრია ასეთი, მაგრამ უფრო უარესადაა საქმე ღარიბ ქვეყნებში, სადაც უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას სურს სწავლა, მაგრამ არ გააჩნია შესაძლებლობა. უზარმაზარ პოტენციალს ფლანგავს მსოფლიო და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამას რამე მოვუხერხოთ.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: უკვე ერთი წელია, თქვენ გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ბრძანდებით განათლების საკითხში. მოგემატათ თუ მოგაკლდათ ოპტიმიზმი უნივერსალური პირველადი განათლების ხელმოსაწვდომობაზე?

გორდონ ბრაუნი: უნდა აღვიშნო, რომ ეს დრო დაემთხვა დახმარებების შეკვეცის პერიოდს. პერიოდს, რომლის დროსაც განათლების პროგრესი შეჩერდა და დღეს მხოლოდ დიდი ძალისხმევისა და მონდომების ფასად თუღა ხერხდება აუცილებელი რესურსების მოძიება ათასწლეულის მიზნების მისაღწევად.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ საქმეს განსაკუთრებული სამეცნიერო გარღვევა არ სჭირდება, ისეთი, როგორიც, ვთქვათ, რომელიმე გავრცელებული დაავადების დასამარცხებლადაა საჭირო. ერთადერთი რამ გვჭირდება: ძლიერი ნება, რათა 57 მილიონ პატარას მივცეთ საბაზო, შედარებით ნაკლებად ხარჯიანი საგანმანათლებლო ინვესტიცია, რათა მათ უბრალოდ სკოლაში სიარული შეძლონ.

ეს მე ასე წარმომიდგენია: პირველ წელს სკოლაში წავა 20 მილიონი ბავშვი, 20-20 მილიონიც – მეორე და მესამე წელს. ვხედავ, რომ საჭიროა კონცენტრაცია, ვთქვათ, ნიგერიაზე, სადაც 10 მილიონი ბავშვი არ დადის სკოლაში, პაკისტანზე – 5 მილიონი ან ცოტა მეტი, ავღანეთზე, ინდოეთზე, ეთიოპიაზე, ანუ ქვეყნებზე, სადაც პროგრესი შედარებით ადვილი მისაღწევია.

არც ის ქვეყნები უნდა დაგვავიწყდეს, სადაც მწვავე, შეიარაღებული კონფლიქტებია. დღეს ასეთია სირია, გუშინ ასეთი იყო სომალი. ასეთ ქვეყნებში უამრავი ბავშვი სკოლის გარეშე იზრდება და ყველაფრის თავიდათავი სისხლიანი სამოქალაქო ომებია, რომლებიც რეჟიმის ნგრევამ გამოიწვია.

შეიძლება ითქვას, რომ მე თვალნათლივ ვხედავ ამ გეგმას. გეგმას, რომლის შესრულება შესაძლებელია. მაგრამ ეს მოითხოვს როგორც დონორი, ისე დახმარების მიმღები ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო კოორდინირებულ მოქმედებას. მე მსურს, გაეროს სექტემბრის გენერალურ ასამბლეაზე გაიმარჯვოს სტრატეგიულმა ხედვამ, რაც განვითარების ახალი მიზნების დასახვას შეუწყობს ხელს.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: რა შედეგს გამოიღებს გაეროში მალალას დღეებზე დაგეგმილი ღონისძიებები?

გორდონ ბრაუნი: შედეგი იქნება მტკიცე გადაწყვეტილებები და გადამჭრელი ზომები იმ ქვეყნების მთავრობებისგან, სადაც ბავშვები სკოლის გარეშე არსებობენ. სწრაფი გადაწყვეტილებები იმ გოგონების თაობაზე, რომლებსაც სკოლაში სიარულს უკრძალავენ და ართმევენ განათლების მიღების შანსს.

მალალას ამბის გახმაურებამდე ბევრს ეგონა, რომ უნივერსალური განათლების კუთხით უკვე დიდი პროგრესია მიღწეული და საბოლოო გამარჯვებამდე მხოლოდ ლოდინი საჭირო. აღარავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ გოგონებს განათლების უფლებას უზღუდავენ და ჩაგრავენ დღეს ეს საკითხები უკვე სულ სხვაგვარად წარმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც მალალას ესროლეს, მსოფლიოს ფოკუსში ბავშვთა შრომის, გოგონათა დისკრიმინაციისა და ბავშვთა ტრაფიკინგის პრობლემებიც მოხვდა. ვფიქრობ, მალალას თავს გადამხდარი ძალადობის შემდეგ კაცობრიობა მეტი ყურადღებით იმოქმედებს ამ პრობლემების დროზე მოსაგვარებლად.

დარწმუნებული ვარ, მალალას დღეებზე ხალხი უფრო მეტს შეიტყობს იმ უსამართლობასა და უგულო დამოკიდებულებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს ბავშვების მიმართ. ვფიქრობ, გაიზრდება ზეწოლა იმ მთავრობებზე, რომლებიც ხელს არ უწყობენ ბავშვების განათლებას, სკოლების მშენებლობას და არაფერს აკეთებენ ბავშვთა შრომის ან ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად.

ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც მშობლები, მასწავლებლები და თვითონ მოსწავლეები, მთავრობებთან ერთდ, მივლენ იმ აზრამდე, რომ ბავშვებისთვის სკოლაში სწავლის საშუალების მიცემა არ არის მხოლოდ ფინანსური ხასიათის პრობლემა, – ეს უფრო ნებისა და სურვილის უქონლობის ბრალია, როგორც იტყვის ხვალ მალალა თავის გამოსვლაში.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: ხვალ მალალა გაეროს ტრიბუნიდან მიმრთავს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ახალგაზრდებს. თქვენ რას ეტყვით მათ? რა შეიძლება იღონონ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რით შეიძლება შეუწყონ ხელი განათლების გავრცელებას მათ თაობაში?

გორდონ ბრაუნი: დიახ, ჩვენ შეგვეძლო, მოგვეწყო ისე, რომ მალალა პოლიტიკოსების, ელჩების, მაღალი რანგის კომისრებისა თუ სახელმწიფო სამსახურის ჩინოვნიკების წინაშე გამოსულიყო, მაგრამ უფრო მართებულად მივიჩნიეთ, მან თანატოლებს მიმართოს, თავის თაობას გააცნოს საკუთარი დამოკიდებულებები, რათა მათ ერთად შეძლონ მუშაობა. მალალა როგორც ახალგაზრდა ლიდერი და მასთან ერთად – სხვა ახალგაზრდა ლიდერებიც შეძლებენ, საერთო ძალით გადაჭრან ყველა ბავშვისათვის განათლების უზრუნველყოფის პრობლემა.

ხვალ მალალასთან ერთად დარბაზში იქნებიან სხვა მამაცი ახალგაზრდებიც, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან განათლების უფლებისთვის პაკისტანში, მაროკოში, ავღანეთში, ინდოეთში, ნიგერიასა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვყავს უამრავი ბავშვი, რომლებიც მალალასავით მტკიცედ დადგნენ თავიანთი უფლებების დასაცავად.

ვფიქრობ, ხვალინდელი დღიდან ახლგაზრდებს შეეძლებათ, ყველას გაუზიარონ თავიანთი მტკიცე სამოქალაქო პოზიცია განათლების საყოველთაოობის შესახებ და შეიძინონ მხარდამჭერები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

ამ შეხვედრებს მოჰყვება პეტიციები იმ მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საღურადღებოდ, რომლებსაც ხელეწიფებათ სახსრების მოძიება და გამოყოფა განათლების პრობლემების მოსაგვარებლად. ხვალინდელი დღის შედეგი ის იქნება, რომ ახალგაზრდები თავად ჩაუდგებიან სათავეში ბრძოლას მსოფლიოს ბავშვთა უფლებისთვის, მიიღონ განათლება. მათ აქვთ შანსი, გახდნენ პირველი თაობა, რომლის ყველა, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მცხოვრები ბავშვი ივლის სკოლაში. 
თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი