წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესასწაული 1996 წლიდან ყოველ 23 აპრილს აღინიშნება. მისი ფესვები კატალონიაში უნდა ვეძებოთ. ამ დღის მთავარ საჩუქარს წიგნები და ყვავილები წარმოადგენდა. აქედან მოდის ყველასათვის ცნობილი კამპანიის #აჩუქეწიგნი იდეა, რომელსაც ესპანეთში დღემდე იცავენ. 1923 წელს წიგნის გამყიდველების მიერ შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღეს მოწყობილი წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მოვლენად 1995 წელს იქცა. დღესასწაულის დაწესება იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყდა. ინიციატივის მთავარ მიზანს წიგნის მნიშვნელობისა და საავტორო უფლებების დაცვის ხაზგასმა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, დღესასწაულის მთავარ ღონისძიებად წიგნების გამოფენა-გაყიდვა დამკვიდრდა.
იუნესკოს ინიციატივა ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ნიდერლანდებში აიტაცეს. ისინი დღესასწაულს „თეთრი წიგნის კვირეულით“ აღნიშნავდნენ. მათ შეუერთდა დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოს – შექსპირის სამშობლოც.
საქართველომ წიგნის დღის აღნიშვნა 2003 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად იმართება წიგნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობები. ქართული გამომცემლობები წიგნის ბაზრობაზე გვეპატიჟებიან, სადაც მკითხველებს სასურველი წიგნების ფასდაკლებით შეძენა შეუძლიათ. ეს ბევრ ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ შეიძინონ სასურველი წიგნები, როგორც სახლისთვის, ასევე საჩუქრად. ამას გარდა, ავტორთა წასახალისებლად იმართება სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი.
23 აპრილი ასევე უკავშირდება საავტორო უფლებების დაცვას. გამომცემელთა აზრით, ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული უფლებები ხშირად ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ საავტორო უფლებების დამრღვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯა ემუქრება (ფულადი ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა), ეს პრობლემა მაინც აქტუალურია. საავტორო უფლებების დაცვაზე ხაზგასმის გარდა, ქართველი გამომცემლები ლიტერატურული კონკურსების ჩატარებით ცდილობენ ავტორთა წახალისებას (მაგალითად, წლის საუკეთესო მოთხრობა, წლის წიგნიერი პოლიტიკოსი/ჟურნალისტი/ბიზნესმენი და სხვ.) და გამარჯვებულთა ფულადი პრემიით დასაჩუქრებას. უმეტესად ფულადი ჯილდო ე.წ. ვაუჩერია, რომლის გამოყენებაც მხოლოდ წიგნის მაღაზიებში შეიძლება.
აპრილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის სადღესასწაულო თვეა. ,,დედაენის“ დღესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების შემდეგ წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნისთვის ვემზადებით. მოსწავლეთა უმრავლესობას, როგორც წესი, ამ დღის შესახებ არაფერი სმენია. ამიტომ ჯერ მათ კატალონიელი ვაჭრების წამოწყებაზე – საუკეთესო საჩუქრად წიგნისა და მასთან ერთად ყვავილების (ქალისთვის) და ვაშლების (მამაკაცისთვის) გადაცემის ტრადიციაზე ვუყვები. მოსწავლეებიდან ერთი მაინც გაიხსენებს ინიციატივას #აჩუქეწიგნი, რომელიც ჩვენმა სკოლამაც აიტაცა. მოსწავლეთა დაინტერესების წყალობით კი სკოლის ბიბლიოთეკა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და კითხვის პოპულარიზაციასაც შეეწყო ხელი. შემდეგ საავტორო უფლებებზე საუბრის დროც დგება. პლაგიატის პრობლემაზე, როგორც წესი, ძალიან ცოტას თუ სმენია. ამიტომ, სკოლაში ამ თემის განხილვა და დებატების გამართვა ტრადიციად გვექცა. დებატებისთვის მომზადებას საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონის გაცნობით ვიწყებთ.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16198?publication=10
ზემოაღნიშნული კანონის მეხუთე მუხლის თანახმად, ,,საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.“
კანონში ასევე ნათქვამია, რომ იგი იცავს გამოუცემელ, საზოგადოებისთვის უცნობ ნაწარმოებებსაც. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, სისტემებზე, პრინციპებზე, კონცეფციებზე და ა.შ. თუნდაც ისინი წერილობით იყოს ჩამოყალიბებული ან ილუსტრაციის სახით იყოს წარმოდგენილი.
რაც შეეხება პლაგიატს, იგი მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, იდეებისა და გამოგონების გააზრებულ მითვისებას წარმოადგენს. სწორედ მსგავს დანაშაულს აღკვეთს ზემოაღნიშნული კანონი. პლაგიატის შემთხვევებს ყველაზე ხშირად სხვისი თხზულების თუ იდეის საკუთარი სახელით გამოქვეყნებისას ვხვდებით. შეიძლება ტექსტიდან მხოლოდ ფრაგმენტი იყოს ამოღებული დამოწმების ან სხვა მიზნით, თუმცა წყაროს მითითების წესების დარღვევით (ავტორის მიუთითებლობა და სხვ.) დამოწმებაც პლაგიატს წარმოადგენს.
პლაგიატის მთავარ ქმედებად ავტორობის მითვისება ითვლება. თუმცა არსებობს პლაგიატის სხვა სახეობაც, რომელსაც ,,პირატობას“ უწოდებენ (ინტელექტუალური საკუთრების უნებართვოდ კოპირება). აღნიშნული ფაქტიც არ გახლავთ გამართლებული, თუმცა იგი პლაგიატად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ ,,ქურდი“ მოპარული ნაწარმის ავტორობას დაიბრალებს.
ტერმინის ,,პლაგიატი“ (ფრანგ. plagiat – ქურდობა, მიტაცება) გამოყენება ევროპელებმა XVII საუკუნიდან დაიწყეს. იგი თავიდან მონების გაყიდვას უკავშირდებოდა. მაშინ იდეების ქურდობაც პლაგიატად მიაჩნდათ. თუმცა დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომ გასათვალისწინებელია იდეათა თანხვედრის ალბათობაც. ამას გარდა, ერთი ადამიანის შემოქმედებითი პროდუქტი ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო სხვა შემოქმედისთვის. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი შემთხვევა, რაშიც პლაგიატის ობიექტის განსაზღვრა დაგვეხმარება. როგორც საავტორო უფლებასთან დაკავშირებულ კანონში ამოვიკითხეთ, პლაგიატად იდეა კი არა, მისი გაფორმება ითვლება. შეიძლება სხვისი საკუთრების მითვისებაში იმ შემთხვევაშიც დაგადანაშაულონ, თუ ნამუშევრის შინაარსს კი არა, ინდივიდუალურ, კონკრეტული ავტორისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას მოირგებთ. გამონაკლისს წარმოადგენს დაკანონებული ლიტერატურული ფორმები, მოარული სიუჟეტები და პერსონაჟები, რომლებიც ერთი წიგნიდან, ქვეყნიდან თუ საუკუნიდან მეორეში ინაცვლებენ და ახალ თავგადასავალში ეხვევიან.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას ინიციატივით #გააზიარეწიგნიგააზიარეემოცია ვაგრძელებთ. მოსწავლეები ,,კლასის ბესტსელერების“ შესარჩევ კონკურსში საყვარელ წიგნებზე დამზადებული პოსტერებით და პრეზენტაციებით ერთვებიან. აღნიშნული აქტივობის მთავარი დანიშნულება წიგნების და მათი ავტორების აუდიტორიისთვის ეფექტურად წარდგენაა. გამარჯვებული წიგნების წარმომადგენლები თავად ირჩევენ სასაჩუქრე წიგნებს. სკოლაში ასევე იმართება ,,კლასის კრებულის“ პრეზენტაციები, სადაც აღნიშნულ ინიციატივაში ჩართული კლასები აუდიტორიას თავიანთ შემოქმედებას წარუდგენენ.
23 აპრილს ნაფეხურები წარწერით – ,,მოდი, ვიკითხოთ“ ყველას სკოლის შემოსასვლელიდან ბიბლიოთეკამდე აცილებს, სკოლის ეზოს კი მოსწავლეთა საყვარელი პერსონაჟები ამშვენებს. კიბის საფეხურები წიგნის საუკეთესო თვისებებს გვახსენებენ, თემატური ფოტომასალით მორთული დერეფნები კი მთელ შენობას ბიბლიოთეკის ელფერს სძენს.
ჩემი აზრით, წიგნის დღის თემატური კინოჩვენებით დასრულება დღესასწაულს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. პატარებს შეუძლიათ მისტერ ლესმორის მფრინავი წიგნების სამყაროში იმოგზაურონ. ჩემი აზრით, ამ შესანიშნავი ანიმაციის ნახვის შემდეგ წიგნის მიმართ მათი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვლება.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასევე შეგვიძლია ვაჩვენოთ მიხაელ ენდეს ,,დაუსრულებელი ამბავი“, სადაც მკითხველებს წიგნის პერსონაჟად ქცევის შანსი ეძლევათ.
https://net.adjara.com/Movie/main?id=10982
ასეთივე გზას გადის პატარა ტაილერი ფილმში ,,წიგნის გვერდების მბრძანებელი“. ჩემი აზრით, მოსწავლეებს ეს მოგზაურობაც აღაფრთოვანებთ.
https://net.adjara.com/Movie/main?id=11237
თუ თქვენი უფროსკლასელი მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან რეალური ისტორიებით და მეორე მსოფლიო ომის შესახებაც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ, მათთვის ორი წიგნის წარდგენას და მათ მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებას გირჩევთ. ,,წიგნის ქურდი“ ამავე სახელწოდების რომანის (ავტორი მარკუს ზუსაკი) მიხედვით გადაიღეს. მასში, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული ებრაელი გოგონას – ანა ფრანკის უნიკალურ დღიურში, ომის მძიმე კადრების მიღმა, წიგნებისადმი უდიდესი სიყვარული იკითხება.
,,წიგნის ქურდი“
https://net.adjara.com/Movie/main?id=5865
,,ანა ფრანკის დღიური“ https://net.adjara.com/Movie/main?id=1000901&serie=1&episode=1&season=1&q=SD&s=Russian
ფანტასტიკის მოყვარულებს კი ცეცხლის ალში გახვეული წიგნების სამყაროში მოგზაურობას ვურჩევ. რეი ბრედბერის ცნობილ რომანში (451º ფარენჰაიტით) მოთხრობილი ისტორია არც თუ ისე შორს დგას ზემოთ მოყვანილ ფილმებში გადმოცემული რეალობისგან. მეორე მსოფლიო ომის დროს ხომ უამრავი წიგნი დაწვეს საჯაროდ. მათ მიმართ გამოჩენილი ნებისმიერი ინტერესი და უკანონოდ შენახვა კი კანონით ისჯებოდა. ამ წერილის დასასრულად სწორედ ამ ფილმს გიტოვებთ და ვიმედოვნებ, რომ ადამიანები წიგნებს აღარასდროს დაწვავენ.
https://net.adjara.com/Movie/main?id=5536