ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

მატარებელი _ რესურსი სხვადასხვა აქტივობისთვის

ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, მატარებელი, იმ სკოლებისთვის, რომლებთანაც რკინიგზა ახლოსაა, შესაძლოა სასწავლო ან სოციალური პროექტის რესურსად იქცეს.

თუ ამ წინადადებაში თქვენც დაინახავთ რაციონალურ მარცვალს, პროექტის დეტალები თქვენი დასაზუსტებელი იქნება, მე მხოლოდ რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ.

პირველი, რის გამოც მოსწავლეებთან ერთად მატარებლით მგზავრობა მოხერხებულია, ხელსაყრელი ფასია. ვთქვათ, თბილისი-ბორჯომის მარშრუტზე ხაშურამდე მგზავრობა ერთი ლარი ღირს, ხაშურის იქით ბორჯომამდე – ორი ლარი. მატარებელი დილით ადრე გადის თბილისიდან და საღამოს ბრუნდება. მოსწავლეები საგზალს თუ წაიღებენ, სხვა ხარჯებიც მინიმუმამდე შემცირდება.

ამ მოგზაურობისთვის ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია საგნობრივ სტანდარტთან დაკავშირებული სასწავლო მიზნების გამოკვეთა.

მაგალითად: ქართულის მასწავლებელს შეუძლია, მატარებლით მოგზაურობა სხვადასხვა ტიპის წერილობითი დავალების (ესე, დღიური, რეპორტაჟი, ინტერვიუ…) წინაპირობად აქციოს. განსაკუთრებით დიდია საკვანძო კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობა (რაც ყველა საგანში შეიძლება გავითვალისწინოთ). ეფექტური შედეგისთვის სასურველია მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება. მოსწავლეები წინასწარ დაჯგუფდებიან ინტერესების მიხედვით და დაკვირვება-აღწერის კონკრეტულ მიზნებს ჩამოაყალიბებენ. მაგალითად, ერთი ჯგუფი იმუშავებს ვაგონში მიმდინარე პროცესების აღწერაზე (რეპორტაჟი). მეორე მატარებლიდან დანახულ ხედებს აღწერს და საკუთარ ასოციაციებს დაურთავს (დღიური). მესამე შეიძლება მგზავრების ლექსიკას დააკვირდეს, ან რამდენიმე რესპონდენტთან ჩაწეროს ინტერვიუ წინასწარ მომზადებული კითხვარის გამოყენებით.

საინტერესო მიზნებს შეიძლება მივაღწიოთ მათემატიკაშიც: მოსწავლეებმა აღწერონ მგზავრების სქესობრივი თუ ასაკობრივი შემადგენლობა. შესაძლებელია მარტივი გამოკითხვის ჩატარებაც ამ ადამიანების დასაქმების, განათლების, მატარებლით მგზავრობის სიხშირის შესახებ. ეს იქნება მოპოვებული მასალა, რომელსაც შინ ან სკოლაში დაამუშავებენ და ცხრილებისა და დიაგრამების სახით წარმოადგენენ. აქვე შეიძლება დაინტერესდნენ მგზავრების (პროფესიის მიხედვით) აზრით, რაში დასჭირდათ/გამოადგათ მათ მათემატიკის ცოდნა?

გეოგრაფიაში საგნობრივი შედეგების მისაღწევად რეალურ გარემოს გამოიყენებენ. ეს ეხება რელიეფს და მასზე დაკვირვებას, გეოგრაფიული დასახელებების აღწერას, ამ დასახლებულ პუნქტებში საქმიანობის სფეროების შესახებ ინფორმაციების მოძიებას, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე მსჯელობას დასახლებების იერ-სახის მიხედვით.

საინტერესო იქნება მოგზაურობის დროს ეკოლოგიურ პრობლემებზე დაკვირვება და ფოტოების გადაღება. ბორჯომის პარკი და მთელი ხეობა მცენარეულ საფარზე დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი მცირე კვლევა შეგვიძლია საბუნებისმეტყველო საგნების მიზნებს დავუკავშიროთ.

წარმატებით შეიძლება ამავე რესურსის გამოყენება სამოქალქო განათლებაში. მატარებლით მგზავრობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი მატარებელში, გამოკითხვის ჩატარება – რა პროფესის ადამიანები მგზავრობენ მატარებლით, დაცულია თუ არა მათი როგორც მომხმარებლების უფლებები, რა იციან თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე, ან სულაც კულტურული მრავალფეროვნება და თანამდევი გამოწვევები და შესაძლებლობები და ასე შემდეგ.

დაკვირვება აჩვენებს, რომ მატარებელში მგზავრები საკმაოდ გულღიები და კომუნიკაბელურები არიან. მგზავრობის დროს მოსწავლეებთან კომუნიკაციაზე უმრავლესობა თანახმა იქნება.

ნებისმიერი მიმართულების პროექტის განხორციელებას წინ უნდა უძღოდეს მატარებლით მგზავრობისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის აქტივობა.

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების პარალელურად, მატარებლის უკან დაბრუნებამდე არსებული დრო შეიძლება გამოვიყენოთ, ვთქვათ, ბორჯომის, ბორჯომის ხეობის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად.

უფრო თამამი ჩანაფიქრი შეიძლება საქველმოქმედო სოციალურ პროექტად ვაქციოთ. მაგალითად, მგზავრობის დროს მოსწავლეებმა თვითნაკეთი ნივთები შესთავაზონ მგზავრებს და მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენონ. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნივთებს ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს და ძვირიც არ უნდა იყოს, რადგან მატარებლით ძირითადად ხელმოკლე ადამიანები მგზავრობენ და მათი საფულე, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მეტს ვერ გასწვდება. მცირე სუვენირები ამ თვალსაზრისით კარგად იმუშავებს.

წარმატებულ მგზავრობას გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“