მასწავლებლების უმრავლესობა წარმატებით იყენებს ბიჰევიორიზმის სწავლებას და მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ცოდნა-არცოდნას დამაჯილდოებელი ან დამსჯელი ნიშნით აფასებს. ერთი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა აზრი, რომ ადამიანის ქცევას გარეგანი სტიმულები წარმართავს. მასწავლებლებს ასწავლიდნენ, როგორ გამოეყენებინათ დასჯა და წახალისება მოსწავლეებთან მუშაობის დროს. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვის კარგი ქცევა მათ მიერ გატარებული წამახალისებელი და დამსჯელი ღონისძიებების შედეგი იყო.
უილიამ პაუერსი, პერცეპტუალური კონტროლის თეორიის ავტორი, ფიქრობს, რომ დასჯა და წახალისება ანტისაგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება. პაუერსმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება შინაგანი კონტროლის შესახებ. განათლების მართვის სპეციალისტი ალფი კონი წერს, რომ ბავშვს არ უნდა დავპირდეთ ჯილდო იმის სანაცვლოდ, თუ ის კარგად ისწავლის. მას სხვა გზით უნდა შევაყვაროთ სწავლა. სხვა სპეციალისტი, ერიკ ჯენსენი კი წერს: “თუ მსწავლელი სწავლობს იმისთვის, რომ ჯილდო დაიმსახუროს, მაშინ დავალება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შინაგანად არასასურველი ყოფილა. დაივიწყეთ დაჯილდოება. გახადეთ სკოლა უფრო შინაარსიანი, მნიშვნელოვანი და გასართობი. მაშინ აღარ მოგიწევთ მოსწავლეების მოქრთამვა”.
არჩევანის თეორიის ავტორი უილიამ გლასერი ამბობდა: “რაც ჩვენ გარშემო ხდება, გავლენას ახდენს იმაზე, რის გაკეთებასაც ავირჩევთ. გარეგანი სტიმული არ განაპირობებს ჩვენს ქცევას. გარემოდან ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას. როგორ მოვიქცევით ამ ინფორმაციის საპასუხოდ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული”.
უილიამ გლასერმა სწავლის ახალი ფსიქოლოგიური მოდელი შექმნა. მის მიერ შემოთავაზებული არჩევანის თეორიის არსი სწავლის სურვილის აქტივაციაში მდგომარეობს. გლასერი 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა სკოლაში. მისმა სწავლებამ მრავალწლიანი ტესტირება გაიარა და სწავლის ხარისხი გააუმჯობესა.
ზოგ მასწავლებელს სჯერა, რომ ადამიანის ქცევას დაჯილდოება და დასჯა განაპირობებს და გარეგანი სტიმულები გვაიძულებენ იმის გაკეთებას, რასაც ვაკეთებთ. მეორე მხრივ, სხვები თავისუფალი ნების და პირადი პასუხისმგებლობის არსებობას აღიარებენ. ცხადია, გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჩვენზე, მაგრამ ისინი ჩვენ არ გვაყალიბებს. ჩვენი წარმატებების და წარუმატებლობის მიზეზი ჩვენვე ვართ. ადამიანობის არსი მდგომარეობს თავისუფლებაში, არჩევანსა და პასუხისმგებლობაში _ სწორედ ეს უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს.
შინაგანი მოტივაცია ეფუძნება იმ იდეას, რომ ადამიანები შინაგანად _ და არა გარეგანად _ არიან მოტივირებულნი. ჩვენს ქცევებს გენეტიკური კოდით მართვადი მისწრაფება განსაზღვრავს. გარე სამყარო, მათ შორის დაჯილდოება და დასჯა, გვაწვდის მხოლოდ ინფორმაციას. ის ვერაფრის გაკეთებას ვერ გვაიძულებს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც სჯიან და აჯილდოებენ, უკონტროლოდ იქცევიან. მათი წარმატება და წარუმატებლობა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის. ასეთი ბავშვები პასუხისმგებლობას არიან მოკლებულნი და უპასუხისმგებლობას იჩენენ საშინაო დავალებების შესრულების, სწავლის პროცესის და სხვა დავალებების მიმართ.
უილიამ გლასერის თეორიის თანახმად, ადამიანი იბადება სპეციალური საჭიროებებით და მოთხოვნებით, რომელთა დაკმაყოფილებისკენ სწრაფვაც გენეტიკურადაა განსაზღვრული. გარდა გადარჩენისკენ ფიზიკური მისწრაფებისა, ადამიანს აქვს ოთხი ძირითადი მოთხოვნილება, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, რათა მან ემოციური ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. ესენია: მიკუთვნებულობის გრძნობა ან სოციალური კავშირები, ძლიერება ან კომპეტენტურობა, თავისუფლება და გართობა.
მიკუთვნებულობისა და ადამიანებთან დაკავშირების მოთხოვნილება გვაიძულებს სხვებთან თანამშრომლობას. ამ განცდის გარეშე ადამიანს მხოლოდ თავისუფლებისკენ ექნებოდა სწრაფვა. სოციალური ურთიერთობებისკენ სწრაფვას დამოუკიდებლობაზე შორს მივყავართ და შედეგად ვირჩევთ ურთიერთდამოკიდებულებას და საზოგადოებას. ეს მისწრაფება მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა სკოლაში უნდა დაიკმაყოფილონ და შეიგრძნონ მიკუთვნებულობა. სკოლას, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს განვითარებული აქვთ მიკუთვნებულობის შეგრძნება და ერთსულოვნება, მაღალი აკადემიური მიღწევები აქვს.
ყველა ადამიანს და მათ შორის მოსწავლესაც უნდა, რომ იყოს ძლიერი. სიძლიერე მიიღწევა კომპეტენციით, წარმატებებით და საქმეში დახელოვნებით. ყველა მოსწავლეში გენეტიკურადაა ჩადებული სწრაფვა მიღწევებისკენ, ახალი უნარების შეძენისკენ და დახვეწისკენ, ისევე, როგორც აღიარების სურვილი. რადგან შინაგანად მივისწრაფით მიღწევებისკენ, ისე უნდა მოვაწყოთ სკოლები, რომ იქ მოღვაწე მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც შეიძინონ ცოდნა და ის ძლიერება, რაც საგანმანათლებო სფეროს მიზნებში შედის. მოსწავლეები შინაგანად მიისწრაფიან სიძლიერის შეძენისკენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაღწიონ იმ პასუხისმგებლობას, რაც სიძლიერეს ახლავს თან. ამაში მათ მასწავლებლები უნდა დაეხმარონ. მათ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს სიფრთხილე, რომ ვინმეს მსხვერპლი არ გახდნენ, ვინმემ გამუდმებით აბუჩად არ აიგდოს და არ დაჩაგროს. მასწავლებლებმა მოსწავლეს უნდა ასწავლონ პიროვნული სიძლიერის ჩამოყალიბება, რისთვისაც აუცილებელია კომპეტენცია, ცოდნა.
ადამიანებს გვსურს თავისუფლება. არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის ქონა თავისუფლების გამოხატვაა. არჩევანის გაკეთებამ მისცა ადამიანს განვითარებისკენ, ადაპტაციისა და წარმატებისკენ სწრაფვის უნარი. კარგი მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა ეხმარებოდეს თავისუფლებისკენ ისეთ სწრაფვაში, რომელიც პატივსაცემია სხვების თვალშიც. ზოგჯერ მოსწავლეებს თავისუფლება მცდარად აქვთ გაგებული და თავაშვებულად იქცევიან. ამ შემთხვევაშიც მასწავლებელმა ისინი არჩევანის წინაშე უნდა დააყენოს და თვითონ მიაღებინოს სასარგებლო გადაწყვეტილება.
ჩვენ ყოველთვის გვართობს რაიმე ახლის შესწავლა. გართობაც ადამიანის ერთ-ერთი შინაგანი მოტივაციაა. ვსწავლობთ იმიტომ, რომ გვართობს აღმოჩენები. გლასერის მიხედვით, გართობა სწავლის შედეგია. ეს ახლო კავშირი სწავლასა და გართობას შორის მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული სკოლაში. მოსაწყენი გაკვეთილების სწავლა მოსწავლეებს არ უხარიათ. დახელოვნებული მასწავლებლები სახალისო გარემოს ქმნიან კლასში, რასაც მივყავართ მაღალ აკადემიურ მოსწრებამდე. როცა გაკვთილი მასწავლებელსაც უხარია და მოსწავლესაც, სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებულია, მოსწავლეებს უჩნდებათ სწავლის სურვილი.
საბოლოოდ, ჩვენს ძირითად მოთხოვნილებას მივყავართ იქითკენ, რომ შევქმნათ განუმეორებელი და იდეალური სამყარო, რომელიც ჩვენთვის შთაგონების წყაროდ უნდა იქცეს. ყველა ჩვენგანის საერთო მოთხოვნილებაა დაახლოებისა და მიკუთვნებულობისკენ სწრაფვა, ხოლო ინდივიდუალურია მოთხოვნილება, როცა ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ ადამიანს ვირჩევთ სამეგობროდ. სიცოცხლის მანძილზე ვქმნით ისეთ იდეალურ სამყაროს, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილსაც წარმოადგენენ ჩვენ მიერ არჩეული ადამიანები, ქცევები, ფასეულობები და მრწამსი. არჩევანის თეორია ასეთ სამყაროს “ხარისხიან სამყაროს” უწოდებს. რაც არ უნდა დავარქვათ მას, ეს ის სამყაროა, რომელიც შთაგონების წყაროდ გვექცევა. ის არის ჩვენი შინაგანი სამყარო, შინაგანი მოტივაციის წარმმართველი.
მოსწავლე როგორც კი თავის შინაგან სამყაროში მოათავსებს ბეჯითად გარჯას და სწავლას, მისი აკადემიური მოსწრება მაქსიმუმს მიაღწევს. ჩვენს შინაგან სამყაროში არსებული წესრიგი მიისწრაფის ერთი ან რამდენიმე ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ეს ძირითადი მოთხოვნილებებია: გადარჩენა, მიკუთვნებულობა და სიყვარულის დამსახურება, ძალაუფლების და მნიშვნელობის შეგრძნება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა და გართობა (გარკვეულწილად, განსხვავებულად და საინტერესოდ აქვს ჩამოყალიბებული ძირითადი მოთხოვნილებების პირამიდა აბრაამ მასლოუს). არჩევანის თეორიის თანახმად, ადამიანებს ერთ გარკვეულ მომენტში ამოძრავებთ ერთი ან რამდენიმე ძირითადი მოთხოვნილება.
სწორედ იმიტომ, რომ არსებული მოთხოვნილებები დაკმაყოფილებას მოითხოვს, ისინი ჩვენი სამყაროს შინაგანი ნაწილი ხდება. ყოველი ჩვენგანი თვითონ ქმნის თავის შინაგან სამყაროს. იდენტურ ტყუპებსაც კი განსხვავებული შინაგანი სამყარო აქვთ. ჩვენ ის შეგვაქვს ჩვენს შინაგან სამყაროში, რასაც გვინდა ვემსახუროთ. თუ გვინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ, მაშინ ისეთი სასწავლო გარემო უნდა შევქმნათ, რომ მათ სკოლის, სწავლის და ბეჯითი შრომის შეტანაც მოუნდეთ საკუთარ სამყაროში. ეს მაშინ მოხდება, როცა მოსწავლეები ნათლად დაინახავენ, როგორ ეხმარება მათ სწავლა ახალი კავშირების ჩამოყალიბებაში, დამეგობრებაში, კომპეტენციის შეძენაში, არჩევანის გაკეთებაში, თავისუფლებაში; და რომ ასეთი გარემო უსაფრთხოებისა და გადარჩენის გარანტია.
ჩვენ რეალობას ვუწოდებთ იმ სამყაროს, რასაც შევიგრძნობთ. გამოდის, რომ შეგრძნება რეალობაა. თეორიულად, აღქმული სამყარო შეესაბამება “რეალურ სამყაროს”. თუმცა ვიდრე ინფორმაცია რეალური სამყაროდან ჩვენს შინაგან სამყარომდე მოაღწევს, ის უკვე შეცვლილია. ჩვენი გრძნობის ორგანოები ინფორმაციას რაღაც დონეზე ცვლიან. გრძნობის ორგანოებს თავისი ზღვარი აქვს ყოველი ადამიანისთვის. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვხედავთ და რაც გვესმის. თუ ეს ინფორმაცია არ მივიღეთ გრძნობის ორგანოების დონეზე, მაშინ ის თითქოს არც არსებობს.
შემდეგ ინფორმაცია გადის ცოდნის ფილტრს, როგორც ამას არჩევანის თეორია უწოდებს. ადამიანის დანიშნულება სამყაროს აზრის აღმოჩენაა. ადამიანი ცდილობს, ყველაფერს მნიშვნელობა მიანიჭოს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სამყაროს აზრი, მაგრამ ჩვენი გაგება ჩვენს წინარე ცოდნას ეფუძნება. ქვეცნობიერად ისე ვამუშავებთ აღქმულ ინფორმაციას, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში არსებულ “რეალობას” მოერგოს. თუ ჩვენ ზუსტი წინარე ცოდნა გაგვაჩნია, მაშინ შემოსული ინფორმაცია არ “მახინჯდება”. ზოგჯერ საკმარისი ცოდნა არ გვაქვს. გამოცდილი მასწავლებლები მანამდე არ ახსნიან ახალ მასალას, სანამ მოსწავლეების წინარე ცოდნას არ გამოიკითხავენ, რადგან ეს ცოდნა განსაზღვრავს, რამდენად მოინდომებენ ისინი ახალი მასალის შესწავლას. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ აღქმაზე, თუ ცოდნის ფილტრს ნელ-ნელა დავუმატებთ ახალ ინფორმაციას. ახალი და ზუსტი ინფორმაციების დამატებით ჩვენი აღქმული სამყარო მოსწავლეების “რეალურ სამყაროს” დაუახლოვდება. კარგი მასწავლებლის მიზანი სწორედ ისაა, რომ მოსწავლეები შეაიარაღონ ზუსტად გამიზნული ცოდნით ისე, რომ მათ რეალურად აღიქვან გარე სამყარო.
საბოლოოდ ინფორმაცია გადის ე. წ. ფასეულობების ფილტრს. ქვეცნობიერად შემოსულ ინფორმაციას დადებით, უარყოფით ან ნეიტრალურ ღირებულებას ვანიჭებთ იმისდა მიხედვით, ახალი ინფორმაცია იმ დროს არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოსადეგია თუ არა. რაც უფრო დადებითად ან უარყოფითად აღვიქვამთ ახალს, მით უფრო მოსალოდნელია, რომ ჩვენი აღქმა განსხვავებული აღმოჩნდეს სხვების მიერ გაკეთებული შეფასებებისგან. ასეც ხდება ხოლმე, ერთსა და იმავე გაკვეთილს მოსწავლეები სხვადასხვანაირად აფასებენ, რადგან თითოეული მათგანი “საკუთარი სამყაროს” თვალით უყურებს და აღიქვამს გაკვეთილს და მისი ფასეულობები ზეგავლენას ახდენს იმაზე, რაც დაინახა და მოისმინა. თუ მათ მიერ აღქმული არ დაემთხვა, ბავშვებს შესატყვისი გამოთქმაც აქვთ: “შენ ვერ გაიგე”. ჭკვიანი ადამიანები ასეთ დროს ასე პასუხობენ: “მე გავიგე, მაგრამ შენგან განსხვავებულად”.
როცა მასწავლებელი ახალ მასალაზე გადადის, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ის მათ წინარე ცოდნასა და ფასეულობებზე დაყრდნობით ახსნის ახალ მასალას. მასწავლებლისთვის ობიექტური “რეალობა” მთელი კლასისთვის უნდა გახდეს “რეალობა”. თუმცა ეს ფარდობითი ცნებაა.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, აღქმა შევუსაბამოთ ჩვენს შინაგან “რეალურ სამყაროს”. ამ დროს ტვინი ორგვარ აღქმას ადარებს: შინაგან სურათს (როგორსაც ვისურვებდით, რომ ყოფილიყო სამყარო) და სამყაროს რეალურ სურათს. ამ შედარებისას ვგრძნობთ მათ შორის არსებული განსხვავების სიდიდეს. თუ მათ შორის დიდია მსგავსება, მაშინ შინაგანი სასწორი გაწონასწორებულია. მეორე მხრივ, თუ მათ შორის ზღვარი დიდია, მაშინ შინაგანი სასწორი გადახრილია და გვატყობინებს, რომ რაღაც არ არის მართალი.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ მათემატიკის მასწავლებელი და ახალ მასალას უხსნით მოსწავლეებს. დგახართ კლასის წინ, აჩვენებთ მნიშვნელოვან ნახაზს. ყველა მასწავლებელმა იცის, რას უნდა აკეთებდეს თითოეული მოსწავლე ამ დროს. ჩვეულებრივ, თქვენ გაქვთ სურვილი, თქვენი მოსწავლეები იყვნენ ყურადღებით, გაკვეთილში ჩართული და ჩანდეს, რომ ისინი ახალი მასალის გაგების საწყის ეტაპზე იმყოფებიან. თუ ამას ხედავთ კლასში, მაშინ არსებული თქვენს წარმოდგენას ემთხვევა და თქვენი შინაგანი სასწორი გაწონასწორებულია. თქვენ იღებთ დადებით სიგნალს და განაგრძობთ ახსნას იმავე რეჟიმში. თუ კლასში სხვა რაღაც ხდება, მაშინ არსებული თქვენს წარმოდგენას არ ემთხვევა და შინაგანი სასწორი გადახრილია. თქვენთან მოდის უარყოფითი სიგნალი და თქვენ იწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ შეცვალოთ ახსნის მეთოდი.
არსებული შედარება აყალიბებს თვითშეფასებას, რაც გვიჩვენებს, რომ თუ მე კარგად ვაკეთებ საქმეს, ის კმაყოფილებასაც მომიტანს. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვცვლით ქცევას, თუ ვგრძნობთ, რომ აღქმული სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც გვინდა. შინაგანი სასწორის მაჩვენებელი სიგნალი წარმართავს ჩვენს ქცევას. თუ საკლასო ოთახში ვიყენებთ შინაგანი კონტროლის ფსიქოლოგიას, მოსწავლეები სწავლობენ თვითმართვას. თუ საქმე კარგად მიდის, მოსწავლეები აცნობიერებენ, რატომ მიდის კარგად საქმე და ამ გზით შეუძლიათ სხვა დროსაც მიაღწიონ წარმატებას. თუ ცუდად მიდის საქმე, მაშინ დროულადაა საჭირო შესწორებების შეტანა, მანამ, სანამ შინაგანი სასწორი მეტისმეტად გამოვა წონასწორობიდან. მაშინ უფრო ადვილია მოსწავლის შველა, სანამ დისბალანსი მცირეა. მასწავლებლის მოვალეობაა, მოსწავლეებს ასწავლოს თვითშეფასება და დაეხმაროს იმის გააზრებაში, რაც ხდება.
გლასერი ამბობს, რომ მთლიანი ქცევა შედგება ოთხი ნაწილისგან: მოქმედება, ფიქრი, შეგრძნება და ფიზიოლოგია. ერთ-ერთი კომპონენტის შეცვლა მთლიანი ქცევის ცვლილებას იწვევს. ყველა ქცევას, თუნდაც არ გვესმოდეს, თავისი მიზანი აქვს. ქცევა ემსახურება რაღაც ფუნქციას. ქცევის მიზანია, უკეთ ვიგრძნოთ თავი გაწონასწორებული შინაგანი სასწორის საშუალებით. გრძნობების მართვა თითქმის შეუძლებელი პროცესია. ძნელია, თავი იგრძნო კარგად, რაკი გსურს, რომ თავს კარგად გრძნობდე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მოქმედება და ფიქრი. მაშინ მთელი ქცევა, ე.ი. გრძნობები და ფიზიოლოგიაც შეიცვლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმედებების და ფიქრის შეცვლა ადვილია, მაგრამ ადვილია გრძნობების და ფიზიოლოგიის შეცვლასთან შედარებით. ამ გზით შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს და შევაცვლევინოთ ქცევა, ადვილად და უმტკივნეულოდ გამოვიყვანოთ არაჯანსაღი ემოციური მდგომარეობიდან და მივაღწევინოთ აკადემიურ წარმატებას.
მთლიანი ქცევის ცნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი საშუალებით შეუძლია ადამიანს საკუთარ თავზე აიღოს თავისი ცხოვრების მთელი პასუხისმგებლობა. როდესაც მოსწავლე მიხვდება, რომ მისი ქცევა იმ არჩევანის შედეგია, რაც მან გააკეთა, უფრო შედეგიანად და გონივრულად გააკეთებს შემდეგ არჩევანს. ბავშვი აღმოაჩენს, რომ ის თავს უკეთ იგრძნობს, თუ სხვანაირად მოიქცევა. ცხადია, არჩევანის თეორია მარტო მოსწავლეებისთვის არ შექმნილა და ის ზრდასრულებსაც ეხება. თუ დისკომფორტს იგრძნობთ, შეცვალეთ თქვენი მოქმედება და ფიქრი _ ეს აუცილებლად შვებას გაგრძნობინებთ.
უსასრულოა ადამიანის სურვილები, აღქმა, შედარებები და მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა.შინაგანი კონტროლის ფსიქოლოგია და არჩევანის თეორია ზუსტად ხსნის ქცევას. ეს თეორია ასაბუთებს, რომ ადამიანებს აქვთ შინაგანი მოტივაცია და ის გარეგანი სტიმულებით არ იმართება. მასწავლებლები ბევრს ფიქრობენ, როგორ მოანდომონ მოსწავლეებს სწავლა. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ისინი ისე დაგეგმავენ გაკვეთილებს და ისე მოაწყობენ საკლასო გარემოს, რომ მოსწავლის შინაგან მოტივაციას გაააქტიურებენ.
დანართი
ხუთი ძირითადი ფსიქოლოგიური მოთხოვნილება გლასერის მიხედვით:
·გადარჩენა;
·მიკუთვნებულობის გრძნობა ან სოციალური კავშირები;
·ძლიერება ან კომპეტენტურობა;
·თავისუფლება;
·გართობა.
ინფორმაციის მიღება და დამუშავება:
·ინფორმაცია;
·გრძნობის ორგანოები;
·ცოდნის ფილტრი;
·ფასეულობების ფილტრი;
·შინაგანი სასწორი;
·“რეალობის” აღქმა.
მთლიანი ქცევა:
·მოქმედება:
·ფიქრი;
·შეგრძნება;
· ფიზიოლოგია.