ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მოსწავლეთა თვალით დანახული პრობლემები – გაკვეთილზე შემუშავებული რეზოლუციები

მიყვარს მე-11 კლასი. უკვე დიდები არიან და თუ თავიდანვე ერთად მოვდივართ, საოცრებებს ვახდენთ გაკვეთილზე. წელს მაინც ცხრილიც ისეა შედგენილი, პირველი გაკვეთილები მე-7-8 კლასებთან მაქვს, ბოლო კი… იმათთან უკვე სხვა ურთიერთობებია, სხვა თემები. გლობალური გეოგრაფია საკითხის გაშლის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომაც ჩვენი გაკვეთილები სცილდება საზღვრებს. მათთკენ სხვა ემოციით მივდივარ, ვიცი, რომ მოულოდნელობის 45 წუთი იწყება. მათთგანაც იმავეს ვგრძნობ.

ნებისმერი თემის შესახებ (თუ წინასწარ არ მაქვს მომზადებული მასალა) სიახლეებს ინტერნეტში პოულობენ, ფიქრობენ, კამათობენ… და იქმნება გაკვეთილებზე რეზოლუციები, რეკომენდაციები, პრეზენტაციები. მე-10 კლასში, როცა გაკვეთილზე ინფორმაციის მოძიება სჭირდებოდათ, ჩემს ტელეფონს იყენებდნენ. დღეს უკვე საკუთარი სმარტფონები აქვთ ჩართული.

ყოველ გაკვეთილზე მინიმოდელირებას ვატარებთ. მოტივაციისთვის განმსაზღვრელი შეფასება არ სჭირდებათ – განმავითარებელი შეფასება და ურთიერთშეფასება იმდენი გვაქვს, რომ ქულა ვიღას ახსოვს. ერთ რამეს კი შევპირდი: თქვენზე დავწერ და თქვენს ნამუშევრებს გამოვიყენებ-მეთქი. ეს ყველაზე მეტად მოეწონათ. ამიტომ მინდა, მათი შექმნილი რეზოლუციები შემოგთავაზოთ. განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენა განათლების საკითხების განხილვა. მინდა გითხრათ, რომ კორექტულობა და ობიექტურობა არ დაუკარგავთ.

გეოგრაფიის გაკვეთილზე RAFT მეთოდის გამოყენებაზე ერთხელ უკვე დავწერე. როლებს ინაწილებენ და ინტერესების მიხედვით ჯგუფდებიან. ხან გაეროს წარმომადგენლები არიან, ხან – განათლების კომიტეტისა, ხან – – ჟურნალისტები, ხანაც – მოქალაქები… როლებს რა გამოლევს?

განათლების საკითხებზე სანდრო ლომინეიშვილი, შოთა ელბაქიძე, რობი სეფიაშვილი (სეფო) და გიორგი გონგაძე (გონგო) მუშაობდნენ. სანდრო უკმაყოფილო იყო – 15 წუთში შექმნილი რეზოლუციააო, უკეთესს გავაკეთებო, მაგრამ ბოლოს მაინც ამ ვარიანტის გამოქვეყნებაზე შევთანხმდით.

მეორე რეზოლუცია შშმ პირების პრობლემებს ეხება. გაკვეთილზე ეს თემა რომ აირჩიეს, გამიკვირდა, თუმცა გოგონებმა საინტერესო პროდუქტი შემოგვთავაზეს. ადამიანის უფლებებათა დაცვის კომიტეტის წევრები მარიამ ძოწენიძე (ძოწე), მარიამ ჯანიაშვილი (ჯანო), თათული ძაგანია და ნესტან კირთაძე იყვნენ.

 

განათლების კომიტეტი

განათლება წარმატების ფუნდამენტია. ის ძალაა, რომელსაც გამარჯვება მოაქვს ერისთვის საარსებოდ ბრძოლაში. როცა მოქალაქეები განათლებულები არიან – არიან პროფესიონალებიც. ეოცა პროფესიონალები არიან, შენდება ეკონომიკა. როცა ეკონომიკა შენდება, შენდება პოლიტიკაც, ხოლო როცა პოლიტიკა, ეკონომიკა და განათლება შენდება, სახელმწიფო ძლიერია. განათლებაა ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგვიძლია მსოფლიოს შესაცვლელად გამოვიყენოთ. ჩვენს სამყაროში ცოდნა ძალაა. განათლება ის განვითარების ფორმულის განუყოფელი ნაწილია. მას თან ახლავს თანდაყოლილი ფასეულობა, რომელიც სცდება ეკონომიკის საზღვრებს – შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, განაგონ საკუთარი ბედი. სწავლაა ის ერთადერთი რამ, რისთვისაც არ ვზოგავთ ენერგიას, რისკენაც მივილტვით და რისთვისაც ნამდვილად ღირს ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება. ცოდნაა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღი, განათლება კი დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისთვის. განათლების დონის მაჩვენებელი ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორია. განათლება ეკონომიკაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოში მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, უმუშევრობის მიზეზების კვლევისას კი სპეციალისტები ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ განათლების ხარისხი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

საქართველოს როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შეფასებაში განათლების როლზე ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI). ეს ინდექსი ახდენს იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ბიზნესკლიმატის შექმნაში და გადამწყვეტია მწარმოებლურობისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. GCI ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს. ინოვაციასა და განვითარების ფაქტორში საქართველო 121-ე პოზიციას იკავებს 144 ქვეყანას შორის. დაწყებითი განათლების ხარისხით ქვეყანა 99-ე ადგილზეა 144 ქვეყნიდან (3.4 ქულა), რაც იმაზე მეტყველებს, რომ პირველადი განათლება ძალიან დაბალი ხარისხისაა.

ბოლო კვლევა, რომელიც ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის მოზარდების უნარების დონეს შეეხო, 2011 წელს გამოქვეყნდა. ეს გახლავთ OECD-ის (ORGANIZATION FOR ECONOMIC CO-OPERATION AND DEVELOPMENT) მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა PISA (PROGRAMME FOR INTERNATIONAL STUDENT ASSESSMENT).
კითხვითი უნარების მიხედვით საქართველო 74 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს, მათემატიკური უნარების კუთხით – ბოლოდან მესამეს, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბოლოდან მეხუთეს. რაც შეეხება ევროპის მასშტაბით დაფიქსირებულ შედეგებს, 15 წლამდე ასაკის მოზარდების კითხვითი უნარების მიხედვით საქართველო ბოლო ადგილზეა, მათემატიკურ კომპონენტსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს. ჯამურად ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. ამ შედეგების ფონზე საინტერესოა ის მაჩვენებელიც, რომლებიც საჯარო სკოლების პედაგოგების სერტიფიცირების შედეგად ვლინდება. 26 000 რეგისტრირებული პედაგოგიდან 17-18% სერტიფიცირების გამოცდაზე არ გამოცხადდა. მათემატიკაში სავალდებულო ბარიერი ვერ გადალახა 86%-მა, ქიმიაში – 91%-მა, ფიზიკაში – 96%-მა, ბიოლოგიაში – 77%-მა,სამოქალაქო განათლებაში – 83%-მა, სახვით ხელონებაში კი 74%-მა.

  1. გვაშფოთებს რა ბულინგის არსებობა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში:
  • საჭიროდ მივიჩნევთ, ერთი მხრივ, მანდატურის სამსახურის გააქტიურებას, მეორე მხრივ კი ინფორმირებულობის ამაღლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
  • რეკომენდაციას ვუწევთ სკოლის ადმინისტრაციას, საჭირო ზომები მიიღონ პრობლემის დეესკალაციისათვის.
  1. აღვნიშნავთ რა ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
  • მიგვაჩნია, რომ საჭიროა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებული მოქმედებებით გატარდეს ეფექტური პოლიტიკა.
  1. ხაზს ვუსვამთ რა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგთა პროფესიული გადამზადების პროგრამის ყოველწლიურად ჩატარების აუცილებლობას,
  • რეკომენდაციას ვუწევთ, დაწესებულების დისციპლინარულმა კომიტეტმა განახორციელოს მისი უფლებამოსილებები.
  1. აღვნიშნავთ რა მანდატურის სამსახურის არაეფექტურობას, რეკომდაციას ვუწევთ, დაწესებულების დისციპლინარულმა კომიტეტმა განახორციელოს მისი უფლებამოსილებები.
  2. გვაშფოთებს რა პედაგოგთა არაკვალიფიციურობა/პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევა, რომელიც გამოხატულია:

5.1 სტერეოტიპებითა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებით,

5.2 პოლიტიკური მიკერძოებით,

5.3 ინდივიდუალური შეფასების სისტემით,

5.4 ინსტიტუციური პრივილეგიების უხეში გამოყენებით, –

ხაზს ვუსვამთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგთა პროფესიული გადამზადების პროგრამის ყოველწლიურად ჩატარების აუცილებლობას.

  • რეკომენდაციას ვუწევთ, დაწესებულების დისციპლინარულმა კომიტეტმა განახორციელოს მისი უფლებამოსილებები.

 

ადამიანის უფლებებათა დაცვის კომიტეტი

შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში უმცირესობათა შორის, რომლებიც ყურადღების მიღმა რჩებიან და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდიან.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა 1 მილიარდია, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს შეადგენს, მათი 80% კი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.

ზოგ განვითარებად ქვეყანაში ხშირია შშმ პირების უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა/შელახვის ფაქტები. აღსანიშნავია ცნობიერების დაბალი დონე, არაადაპტირებული გარემო, დისკრიმინაციის ფაქტებისა და კონკრეტულ ქვეყნებში საკანონმდებლო ხარვეზების არსებობა, რაც ხელს უშლის შშმ პირების სოციუმში ინტეგრაციას. აგრეთვე შესამჩნევია სახელმწიფოების მხრიდან შშმ პირების უფლებათა უგულებელყოფა და ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა, რაც აუარესებს აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას და იწვევს მათ დესოციალიზაციას. პრობლემურია კერძო და საჯარო სექტორებში შშმ პირების დასაქმება და საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე.

  1. გვაწუხებს რა ცნობიერების დაბალი დონე განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს უშლის შშმ პირთა ინტეგრაციას სოციუმში, საჭიროდ მივიჩნევთ:
  • გატარდეს შესაბამისი რეფორმები, რაც გულისხმობს საჯარო ლექციებს, ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან როგორც მედიასაშუალებები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ამასთანავე, ვთავაზობთ განათლების სამინისტროებს, შეიმუშაონ პროგრამა სახელმწიფო სკოლებში სპეციალური საგნის შემოღებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
  1. გვაშფოთებს რა ზოგიერთ ქვეყანაში შშმ პირებისთვის არაადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და საგზაო სატრანსპორტო საშუალებების არსებობა, მოვუწოდებთ, თავისუფალი გადაადგილებისთვის უზრუნველყონ საფეხმავლო ბილიკები, ხმოვანი შუქნიშნები, პანდუსები, ლიფტები და სხვ. აგრეთვე, კანონმდებლობაში გატარდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც დაავალდებულებს სამშენებლო კომპანიებს ადაპტირებული შენობების აშენებას.
  2. ითვალისწინებთ რა ზოგიერთ ქვეყანაში შშმ პირების განათლების აუცილებლობას მათი პიროვნების, ნიჭის, შემოქმედებითი უნარის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის განვითარება/გამოვლენისთვის, ხაზს ვუსვამთ ინკლუზიური განათლების დანერგვისა და შშმ პირებისთვის სპეციალიზებული სკოლების არსებობის აუცილებლობას.
  3. ყურადღებას ვამახვილებთ რა შშმ პირების დასაქმების მასშტაბურ პრობლემაზე, რეკომენდაციას ვუწევთ სამუშაო ადგილების გამოყოფას მათი შესაძლებლობების მიხედვით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში შშმ პირებისთვის კვოტირების სისტემის დაწესებას, აგრეთვე – ისეთი პროგრამების შემუშავებას, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის შშმ პირებს დასაქმების შესახებ.
  4. აღვნიშნავთ რა ზოგ განვითარებად ქვეყანაში შშმ პირთა სოციალური დახმარების სიმცირეს ან არარსებობას, მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, მოახდინონ შშმ პირთა შრომისუნარიანობის იდენტიფიკაცია და დაენიშნოთ მათ შესაბამისი სოციალური დახმარება.
  5. აღვნიშნავთ რა ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობას, რაც გამოიხატება შშმ პირებისთვის პრევენციული დიაგნოსტიკის, კვალიფიციური კადრების, მედპუნქტების არარსებობით და სათანადო დიაგნოსტიკურ-სარეაბილიტაციო ინვენტარის ნაკლებობას,

ჯანდაცვის კომიტეტთან შეთანხმებით მივამართავთ სახელმწიფოებს:

  • უზრუნველყონ შშმ პირები ყოველი ზემოთაღნიშნულითა და დამხმარე აღჭურვილობით, როგორიცაა ეტლები, სმენის აპარატები, კასტელები და ა.შ.
  1. ყურადღებასამახვილებთ რა განვითარებად ქვეყნებში მონიტორინგის პრობლემაზე, მოვუწოდებთ უკვე არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულების ეფექტურად შესრულებისკენ
  2. გვაშფოთებს რა ის გარემოება, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ეროვნული კანონმდებლობით ირღვევა შშმ პირების ძირითადი უფლებები, რეკომენდაციას ვუწევთ ზემოხსენებულ ქვეყნებს, გაამახვილონ ყურადღება აღნიშნულ ხარვეზებზე, კერძოდ, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სამართლებრივი ნორმები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“