ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე

თანამედროვე ახალგაზრდის აღზრდა მხოლოდ პროფესიონალი პედაგოგების საშუალებითაა შესაძლებელი. პედაგოგი უნდა ფლობდეს არა მხოლოდ საგნობრივ, დიდაქტიკურ, მეთოდურ და ფსიქო-პედაგოგიურ ცოდნას, არამედ პედაგოგისთვის საჭირო ღირსეულ პიროვნულ თვისებებს.

ჩვენ გვჭირდება მასწავლებელი, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო პიროვნული თვისებებითა და პროფესიული მომზადების მაღალი დონით.

სკოლის ახალი კონცეფციის წარმატებით შესრულება შეუძლებელია კარგი პედაგოგის გარეშე. მასწავლებელს „პატარა საოცრებებით“ მოსწავლეების მოტივირება შეუძლია. თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს: მკვლევარი, შემოქმედი და ჰუმანისტი.

თანამედროვე პედაგოგიური საქმიანობა გულისხმობს მრავალწახნაგოვან, მეცნიერულ-მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე დამყარებულ კომპლექსურ მიდგომას.

„საშუალო დონის მოსწავლის“ ცნება დღე უკვე აღარ არსებობს.

იმისთვის რომ კლასი იყოს წარმატებული, აუცილებელია:

  1. მოსწავლის მიღწევებზე ორიენტირება;
  2. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი თავისუფლება.

მუსიკის გაკვეთილზე გამოიყენება ინდივიდუალიზაციისა და დიფერენცირების სხვადასხვა ფორმები და მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების ,,მუსიკალური კულტურით“ დაინტერესებასა და ამ მიზნის ადვილად მიღწევას.

მუსიკისადმი ინტერესი, მუსიკის სიყვარული აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მუსიკა მოსწავლისთვის თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით გაიხსნას.

ნებისმიერი მცდელობა, აღვზარდოთ და მივაღებინოთ მუსიკალური განათლება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აინტერესებს და ვერ შეიყვარეს მუსიკა, ფუჭი ცდა იქნება. სწორედ ამიტომ, თუ პედაგოგმა მოსწავლე გაკვეთილით ვერ დააინტერესა, ვერ შეძლებს, შეაყვაროს და შეასწავლოს მას მუსიკა.

ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. დიფერენცირებული მიდგომა ეხმარება პედაგოგს, ეფექტურად მიაღწიოს სასურველ მიზანს, აღზარდოს მოზარდი პიროვნებად. ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია სსსმ  და რთული ქცევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის დროს. ყველა კლასში არიან კარგი და საშუალო მუსიკალური სმენის მქონე მოსწავლეები. ჯგუფური მუშაობით, დიფერენცირებული მიდგომით, ჯგუფური თამაშით პროცესი ორგანიზებული ხდება, იზრდება ინტერესი და მოტივაცია.

მუსიკის გაკვეთილზე რთული ქცევის  მოსწავლეებზე მუსიკით ზემოქმედებაც შესაძლებელია. ვინაიდან ყველა კლასში სხვადასხვა შესაძლებლობის, მრავალფეროვანი მოსწავლეები არიან (ვგულისხმობ აკადემიური მოსწრების დონეს, ინტერესებს და მომავალში პროფესიის განსხვავებულ მიმართულებებს), პედაგოგი მზად უნდა იყოს მათთან განსხვავებული მიდგომისთვის. სწავლება უნდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით.

მრავალ ფსიქოლოგიურ დაკვირვებაზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ სხვადასხვა ტემპერამენტის ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მუსიკას, მათთვის მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა მიმართულებასა და ტონალობასაც კი. აქედან გამომდინარე სასწავლო მიდგომა სწავლების პროცესში უნდა იყოს ინდივიდუალური და დიფერენცირებული. გაკვეთილის მსვლელობის ყველა ეტაპზე უნდა ხდებოდეს:  მოსმენა, სიმღერის შესრულება, საუბარი (მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი).

გაკვეთილის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი. ანალიზის შედეგად უნდა მივიღოთ ისეთი  ცოდნა, რომელსაც ეფექტურად გამოვიყენებთ მოცემული ნაწარმოების შესწავლისას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საუბარი კომპოზიტორის სტილზე, ნაწარმოების მთავარი იდეისა  და მისი გამომსახველობითი საშუალებების შესახებ. არ შეიძლება, რომ ყველა მოსწავლისაგან თანაბრად სრულყოფილ პასუხი მოვითხოვოთ. საუკეთესო იქნებოდა ორი შეკითხვიდან ერთი მიზანმიმართული და ერთიც – არამიზნობრივი, ზოგადი კითხვის დასმა. მასწავლებლის მიზანი მოსწავლის „უცოდინარობის“ დემონსტრირება კი არა, პირიქით – მათში ინტერესის გამძაფრება უნდა იყოს; ასევე ცოდნის გაღრმავება და მოტივაციის გაღვივება. მაშინ მასწავლებელი დასვამს ისეთ შეკითხვას, რომელზეც  „სუსტი“ მოსწავლეც აუცილებლად უპასუხებს. მაგალითად:

  1. რა გამომსახველი საშუალებებით გადმოსცემს კომპოზიტორი ადამიანის მდგომარეობას?
  2. როგორ ჟღერს მუსიკა? მხიარულია თუ სევდიანი?

დაისმის შეკითხვა, რომელიც არ საჭიროებს ბჭობას. პასუხი არჩევითია, დამოკიდებულია მოსწავლის პირად აღქმაზე. ნებისმიერი პასუხისას მოსწავლე უნდა შევაქოთ. შედეგად ყალიბდება სანდო ურთიერთობა შედარებით რთული ქცევის მქონე მოსწავლეებსა და პედაგოგს შორის.

რთული ქცევის მქონე მოსწავლეებზე მუსიკის საშუალებით დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეიძლება. მუსიკის მასწავლებელს მოსწავლისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობით მასზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

მუსიკალური და მხატვრული ქმნილებები, ადამიანის ყველაზე ნაზ სიმსაც კი სწვდება. სასწავლო მასალის მორგებული გაცნობით პედაგოგს შეუძლია არა მხოლოდ მუსიკის საგნის, არამედ ზოგადი ფასეულობების წარმოჩენა და შეყვარება: სამშობლო, მშვიდობა, სიკეთე და ა.შ.

თანამედროვე სასკოლო პროგრამა რთულია. მოსწავლეებს საათობით უხდებათ მეცადინეობა. მუსიკით ვეხებით ტვინის სხვა რეცეპტორებსაც, აღმოვაჩენთ ახალ შეგრძნებებსა და განცდებს, ხდება ნერვული გადაღლილობის მოხსნა. მუსიკის გაკვეთილზე ძირითადად – ვუსმენთ, ვუყურებთ და ვსაუბრობთ.

მოზარდზე ეფექტურ ზემოქმედებას მაშინ გამოვიწვევთ, როცა განათლების პროცესი  ჰუმანური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გახდება.

შევნიშნე, რომ მოსწავლეებს გაუღრმავდათ მუსიკისადმი ინტერესი, ვინაიდან ისინი იღებენ ახალ ინფორმაციას საყვარელ მომღერლებზე, ჯგუფებზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე; ამზადებენ პრეზენტაციებს და ერთმანეთს მუსიკისადმი სიყვარულს უზიარებენ.

მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, დასწრებოდნენ საბალეტო სპექტაკლს, ერთი მოსწავლე აღტაცებული იყო ზ.ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ და ეთერი“. ზოგმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, ევროვიზიის კონცერტი დისკზე ჩაეწერა, ზოგს კი – სატელევიზიო გადაცემა „მხოლოდ ქართული“ გადაეტანა მეხსიერების ბარათზე. ხშირად მოსწავლეებს ვერც კი წარმოუდგენიათ რამდენი საინტერესო და სასიამოვნო მუსიკაა ჩვენ ირგვლივ.

ტელევიზიითა და ინტერნეტით ხშირად გვიწევს არცთუ საუკეთესო მუსიკის მოსმენა. ამიტომ მე ვცდილობ შევურჩიო მოსწავლეებს მუსიკალური შედევრები და დავაინტერესო ისინი. მაგალითად, მოსწავლეებს ვურჩევ მოუსმინონ ამა თუ იმ ნაწარმოებს, რომელიც მათთვის სპეციალურად შევარჩიე ინტერნეტში. შევნიშნე, რომ მოსწავლეები ერთმანეთს  უცვლიან დისკებს, ჩანაწერებს. ეს ნიშნავს, რომ მე შევძელი მათი მუსიკით დაინტერესება.

 

მუსიკა მოზარდებში იწვევს ემოციას, რომელიც მათ ეხმარებათ სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვაში. ინდივიდუალური და დიფერენცირებული სწავლება მეტად იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალიზებული იყოს მოსწავლის შესაძლებლობები, პედაგოგს კი უხსნის მასალის გადაცემის ახალ, საინტერესო გზებს.

 

 

დალი დოლიძე

სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის   თბილისის #77 საჯარო სკოლა

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:.
1) G-PRIED – სასწავლო_მეთოდოლოგიური რესურსების კრებული
2) კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
3) www.mastsavlebeli.ge;
4) www.naec.ge;
5) www.mes.gov.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი