ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

დაბარებული ამბავი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიახლეების საბადოაო, ეს ოდესღაც ჟურნალისტიკის შესავალშივე  მასწავლეს… მართლაც, ბორჯომის მატარებლით მგზავრობამ რამდენი ამბავი ამომიშალა.

აღმოვაჩინე ,,ჩქაროსნულით“ მგზავრობისას თვალიდან გაპარული ხედები და გავიცანი ცხოვრებას შეჭიდებული ადამიანები.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: გორთან, სოფლის გაჩერებაზე ბებია-შვილიშვილი ამოვიდნენ. ბებიამ  ბიჭი დააბინავა და მერე ჩემ გვერდით დაჯდა. ბიჭი 14-15-ის იქნებოდა, ტანად დიდი იყო, მაღალი, სრული. ბებია გამხდარი, ბიჭს მხრებამდე სწვდებოდა. საით მიდიხართო, დაინტერესდა და გავაბით ბებიურად. მასწავლებლებსაც კიდევ სწავლა სჭირდებათო, ბულინგიო?! ჩამეძია და ჩამეძია… ჩაფიქრდა და მერე ხმადაბლა, განდობასავით მომიყვა:

_ ჩემს ბიჭს ხომ უყურებთ, რაღაცნაირია, გულუბრყვილო. ტანი აქვს დიდი, თორემ პატარასავით არის, სწავლაშიც ვერ ყოჩაღობს. სკოლაში ზედმეტსახელი შეარქვეს ,,ლონდრე“. მასწავლებელს დაუძახია ერთხელ და მერე ბავშვებსაც აუტაციათ. ერთად მოვდიოდით იმ დღეს და მეც არ მომერიდნენ. გავმწარდი და დავერიე… სკოლაში სიარული არ უყვარს. დედ-მამა სულ ეჩხუბება. მერე მოიწყენს ხოლმე.

არდადეგები რომ დაიწყო, ვიფიქრე, ბავშვს ერთხელ მაინც გავატარებ სადმე მეთქი, და ბორჯომში წავიყვანე ამ მატარებლით. დილით წავედით და საღამოს უკან დავბრუნდით. იქ ბიჭმა თვალი გამოახილა, გახალისდა, ყველაფერს აკვირდებოდა. არა, კარუსელებს და ეგეთებს კი არა, მოვაჭრეებს აკვირდებოდა და ამიტყდა, ბებო, ჩვენც ვატაროთ ხილი გასაყიდად ბორჯომშიო…თავიდან ვიუარე, გაყიდვა რომ მინდა, აქვე, გორის ბაზარში მიმაქვს ხოლმე რაღაცები… მერე დავფიქრდი, ამ ბავშვს ასე არაფერი უთხოვია, თან სხვანაირად მოხალისდა და ხათრით წავედი… თვენახევარია დავდივართ, კვირაში ოთხჯერ… ხან მეზარება, მაგრამ რომ გამახსენდება, იქ როგორ იცვლება ჩემი ბიჭი, ხალისიანი და დაუზარელი ხდება, თან სარფიანადაც ვყიდით ჩვენს ხილს, ავაგდებ ხოლმე, ჩემს თავს და მერე, მივყვები დღეს… ახალ-ახალი აზრები მოსდის, ახლა მეუბნება, მოდი ბანანებიც ვიყიდოთ და იქ გავყიდოთო. მე ვუარობ, რომ გამიფუჭდეს, ჩემი მოყვანილი ხილი სხვა არის, ფულს არ ვიხდი…

…სულ ჯაფაში ვარ, ამ გაზაფხულზე 54 დღე სხვების ბოსტანი ვთოხნე. იცი, თოხნა რა ძნელია?! ინტერნატში გავიზარდე, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ რაში გამოვიყენე? გავთხოვდი და შევები… კიდევ უფრო დაუწია ხმას: უხასიათო გამოდგა ჩემი ქმარი, მადლობა ღმერთს,  ბიჭები მაგას არ ჰგვანან, ცოლებს პატივს სცემენ. ახლა კი არის მოკატუნებული, შვილების რიდი აქვს.

ჩემი დარდი ეს ბავშვია, მეშინია, სოფელმა არ აიგდოს. თან სწავლაც რომ არ უნდა? ჩემსავით თოხსა და ბარზე უნდა დარჩეს? დიდი კი არის, მაგრამ არ არის ჯანიანი. ცხოვრებას თავი ხომ უნდა გაართვას და ამიტომ ვახალისებ. ამის დედ-მამას თითქოს ჩემზე მეტი განათლება აქვს, მაგრამ ვერ გაუგიათ ბავშვის დარდი. ამიტომ დავდივარ მის ჭკუაზე, თორემ შვილიშვილები კიდევ ხუთი მყავს, ისინი არ დაიკარგებიან, ღმერთმა კარგად მიმყოფოს.

როგორც  ჩვენს სოფელს გავცილდებით, თითქოს იცვლება, ხასიათზე მოდის. გაუხმეთ ენა, ერთი-ორმა – ,,ქალოიაო“, დაუძახა, დააღონეს ბიჭი. რა ვიცი, რისი ბრალია, ასეთი რომ არის, ლამაზი სახე აქვს, ენაცვალოს ბებო. ხან ჩემს რძალზე ვჯავრობ, პირველი ორიც ბიჭი ჰყავს… აიჩემა გოგო მინდა, გოგო მინდაო. გაჩნდა ესეც ბიჭი. პატარა რომ იყო, ჩააცმევდა კაბას, გამოპრანჭავდა და თვითონ ერთობოდა… სკოლაში რომ წავიდა აღარ უქნია ესა… მაგრამ რა ვიცი… დაფიქრება მართებს ადამიანს… ბოდიშით, შეგაწუხეთ, მაგრამ დარდი  ლოდივით მაწევს გულზე და შინაურებთან უფრო ვერ ვლაპარაკობ…

დადუმდა ჩემი მეზობელი, ფიქრებში წავიდა… ლამაზი პირისახის ქალი იყო. სწორნაკვთებიანი. თხელ სახეზე ნაოჭები გასჩენოდა, ტუჩები მკაცრად ჰქონდა მოკუმული, იქაც ნაოჭები ასხმოდა და  რომ დაილაპარაკებდა მზემოკიდებულ სახეზე ნაოჭებსშუა ადგილები სხივებივით თეთრ ზოლებად ჩნდებოდა.

ცოტა დავიბენი, დავძაბე გონება, სათქმელის თავმოყრა გამიჭირდა. არადა, შარშან სამდღიან ტრენინგს ვესწრებოდი, სადაც ანალოგიურ პრობლემებზე გველაპარაკებოდნენ სპეციალისტები.  აუცილებლად კარგ ფსიქოლოგთან მიიყვანეთ  და ყველაფერი მოგვარდება მეთქი, ჩავულაპარაკე ვალის მოხდასავით.

მერე ვეღარ გავაგრძლეთ საუბარი… სიჩუმე მოგვინდა. გასცქეროდა შვილიშვილს… ჩამოსვლისთვის რომ მოვემზადე,  ხუმრობასავით მომაყოლა: მასწავლებლები მომიკითხეთ, უთხარით, ჩემი გიოსნაირ ბავშვებსაც სახელები აქვთო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“