პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

მითები აღზრდის შესახებ

დასაწყისი

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი მკითხველებში შოკს გამოიწვევს. თანამედროვე კვლევების დახმარებით ვეცდებით, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ბავშვების აღზრდის შესახებ დღეს არსებული ზოგიერთი შეხედულება სრულებით მცდარია“. ასე წერია ამერიკელი ავტორების პო ბრონსონის და ეშლი მერიმენის წიგნის: „მითები აღზრდის შესახებ“ შესავალში. (პო ბრონსონი – ჟურნალისტი, მწერალი. მრავალი პრიზის მფლობელი. ბავშვთა აღზრდის შესახებ ეშლი მერიმანთან ერთად ჟურნალ New York Magazine-ში დაწერილი სტატიისათვის ავტორებს მიენიჭათ ჟურნალისტური პრემია მეცნიერების განვითარების ასოციაციისაგან. ეშილი მერიმენი – ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჟელესში და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს).

მინდა გაგაცნოთ ავტორების მოსაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მითის შესახებ.

მითი: ბავშვები ხშირად უნდა ვაქოთ. ამით მათ უმაღლდებათ თვითშეფასება და უჩნდებათ სურვილი, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოისმინონ ქება-დიდება.

შექების უკუშედეგები. მოდით ვისაუბროთ თომასზე, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი პრივილეგირებული სკოლის მეხუთე კლასში სწავლობს. ის მეგობრობს იმ  ბიჭებთან, რომლებიც თომასთან ერთად „ყველაზე ჭკვიანებად“ ითვლებიან და სკოლის თანატოლებს შორის პირველ ხუთეულში ირიცხებიან. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი კომპანია.

მას შემდეგ, რაც თომასმა ფეხი აიდგა, მას გარშემო ყველა ჭკვიან ბიჭად მოიხსენიებდა. საბავშვო ბაღში ჩასარიცხად თომასმა IQ ტესტი გაიარა და მისი ასაკის ბავშვებს შორის პირველი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ სხვადასხვა დავალების შესრულებისას თომასს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. უფრო მეტიც, ვუნდერკინდის მამიკომ შეამჩნია, რომ: ბიჭს არასოდეს გასჩენია ისეთი დავალებების შესრულების სურვილი, რომლებიც მისთვის სირთულეს შექმნიდა. საზოგადოდ, დავალებების უმეტესობა ბიჭუნასთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მაგრამ საკმარისი იყო, ის რაიმე სახის პრობლემას წაწყდომდა, რომ საერთოდ უარს აცხადებდა მცირედ ძალისხმევაზეც კი, რადგან თვლიდა, რომ მაინც ვერ შეძლებდა მის შესრულებას. თომასი დავალებებს ორ კატეგორიად ჰყოფდა: დავალებები, რომლებიც, ასე ვთქვათ, „თავისთავად“ გამოსდიოდა; და დავალებები, რომლებსაც ის ვერ შეასრულებდა.

თომასის ისტორიით მინდა დაგაფიქროთ – რატომ ხდება, რომ ინტელექტუალური რეიტინგების ლიდერ ბავშვს იმდენად აკლია თავდაჯერებულობა, რომ ხანდახან ელემენტარული სტანდარტული სასკოლო დავალებების შესრულებასაც კი ვერ ახერხებს?

ბოლო პერიოდში მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ნიჭიერი სტუდენტების დიდი ნაწილი არასათანადოდ აფასებს საკუთარ უნარებს. ისინი თამასას დაბლა სწევენ და ეჭვი ეპარებათ, რომ საბოლოო ჯამში შეძლებენ სირთულეების დაძლევას. საქმეს ისიც ართულებს, რომ ნიჭიერი ბავშვები, ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სირთულეების გადასალახად ძალისხმევის გამოყენება. ამის საპირწონედ კი, როგორც წესი, აზვიადებენ მშობლების როლს. მშობლები თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემას ბავშვის მონაცემების გაძლიერებული ქება გამოასწორებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამერიკელი მშობლების 85% მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ხშირ-ხშირად გაუმეორონ, რომ ის ძალიან ჭკვიანია. მსგავსი ქცევა დიდი ხანია ჩვევად ექცათ მშობლებს. ჰკითხეთ მშობლებს რამდენად ხშირად აქებენ ისინი საკუთარ შვილებს და პასუხი იქნება: „ძალიან ხშირად, თანაც სულ მცირე ასაკიდან“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ქცევების მიზეზი ის გახლავთ, რომ მშობლების აზრით, თუ ბავშვი დაიჯერებს, რომ ის ძალიან ჭკვიანია (რა თქმა უნდა, ამისათვის მას მილიონჯერ უნდა გავუმეოროთ: შენ უჭკვიანესი ხარ; შენ უბრალოდ გენიოსი ხარ) მას ვერანაირი სირთულის დავალება ვეღარ შეაშინებს. შექება – ეს საუკეთესო თილისმა და მფარველი ანგელოზია! ასე ფიქრობენ ამერიკელი მშობლები და მიიჩნევენ, რომ შექება საშუალებას აძლევს მათ ძვირფას შვილებს, არასოდეს დაივიწყონ საკუთარი ტალანტების შესახებ.

ბოლო პერიოდის კვლევები (და თავად ნიუ-იორკის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული მონაცემები) საპირისპიროს ამტკიცებენ. ბავშვების გადაჭარბებული შექება, თავისუფლად შეიძლება სკოლაში დაბალი შეფასებების მიზეზიც კი გახდეს.

დოქტორი კეროლ დუეკი, რომელიც ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში მუშაობს, ხოლო მანამდე დიდი ხნის განმავლობაში კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა, უკვე ათი წელია, იკვლევს შექების გავლენას მოსწავლეებზე. მკვლევრის ასისტენტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები 400 მეხუთეკლასელთან. კერძოდ, ბავშვებს უტარებდნენ არავერბალურ IQ  ტესტს, რომლის დასრულების შემდეგ ასისტენტები ატყობინებდნენ ცდისპირებს ტესტის შედეგებს და არ იშურებდნენ მათთვის საქებარ სიტყვებს, თუმცა ნაწილს ეუბნებოდნენ: „შენ ალბათ ძალიან ჭკვიანი ხარ“; ნაწილს კი – აქებდნენ გაწეული ძალისხმევისათვის: „შენ ძალიან კარგად იმუშავე“. ამის შემდეგ მოსწავლეებს სთავაზობდნენ ტესტირების გაგრძელებას. მეხუთეკლასელებს შეეძლოთ არჩევნის გაკეთება ტესტის უფრო რთულ ვარიანტსა და იმავე სირთულის ვარიანტს შორის. შედეგად, ბავშვების 90%, რომლებიც შეაქეს მათ მიერ გაწეული შრომისა და ძალისხმევისათვის, ირჩევდა ტესტის უფრო რთულ ვერსიას. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც გონიერება შეუქეს, იმავე დონის დავალებაზე აკეთებდა არჩევანს.

რატომ მოხდა ასე? კეროლ დუეკის აზრით: „როდესაც უფროსები ბავშვებს აქებენ იმის გამო, რომ ისინი ჭკვიანები არიან, ამით ეუბნებიან პატარებს, რომ მთავარია „ჭკვიანის იმიჯის ქონა და თანაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომ იმიჯი დავაზარალოთ“.

კვლევის შემდეგ ეტაპზე, მეხუთეკლასელებს აღარ ჰქონდათ არჩევნის უფლება. ტესტი ძალიან რთული იყო. რა თქმა უნდა, ვერც ერთმა ბავშვმა ვერ შეძლო მისი ამოხსნა. ბავშვებს განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ. ის ბავშვები, რომლებსაც ძალისხმევა შეუქეს, ძალიან ცდილობდნენ რთული დავალების შესრულებას. მათ ეგონათ, რომ არასაკმარის კონცენტრაციას ავლენდნენ და ამიტომ მცდელობას არ აკლებდნენ დავალების შესრულებას. საბოლოოდ კი მათ აღნიშნეს, რომ ეს რთული დავალება ყველაზე მეტად მოეწონათ.  მეხუთეკლასელების იმ ნაწილმა, რომლებსაც გამჭრიახობისთვის აქებდნენ, ჩათვალეს, რო დავალებას თავი იმიტომ ვერ გაართვეს, რომ არც ისე ძალიან ჭკვიანები იყვნენ.  გარეგნულადაც კი ემჩნეოდათ დაძაბულობა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. ტესტირების ბოლო ეტაპზე ბავშვებს, კვლავ ისეთივე იოლი დავალება შესთავაზეს, როგორც პირველად. იმ ბავშვებმა, რომლებიც შრომისა და ძალისხმევისათვის შეაქეს, შედეგები 30 პროცენტით გააუმჯობესეს, ხოლო „ჭკვიანების“ ჯგუფმა შედეგები 20 პროცენტით გააუარესა.

„თუ თქვენ აქებთ შრომასა და ძალისხმევას, ამით ბავშვს სიტუაციაზე კონტროლს ასწავლით. პატარა ხვდება, რომ წარმატება დიდწილად მასზეა დამოკიდებული. თუ პატარას მუდმივად გამჭრიახობისათვის აქებთ, ამით ბავშვი სიტუაციაზე კონტროლს ვეღარ ახერხებს და მისთვის ძალიან რთული ხდება წარუმატებლობის გადალახვა“, – ამბობს კეროლ დუეკი.

ამგვარად, იმისათვის, რომ შექებამ დადებითი როლი შეასრულოს, საჭიროა ის იყოს ძალიან კონკრეტული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექება გულწრფელად ჟღერდეს. ცდებიან ის მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბავშვები ვერ ხვდებიან შექების ჭეშმარიტ არსს. პატარები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ისეთ შექებას, რომლის მიზანია დიდებმა, რაღაც „გამოსტყუონ“ პატარებს. მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვები იღებენ შექებას პირდაპირი მნიშვნელობით. უკვე შვიდი წლის ასაკიდან ბავშვები დიდი ადამიანებივით ეჭვის თვალით უყურებენ ქება-დიდებას. გადაჭარბებული შექება უარყოფითად აისახება მათ მოტივაციაზე. ბავშვები რაიმეს გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ცდილობენ, რომ შექება დაიმსახურონ და არანაირ სიამოვნებას აღარ იღებენ ამ საქმის კეთების პროცესში. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც ძალიან ხშირად აქებენ, კარგავენ დამოუკიდებლობას და რისკიანი ნაბიჯების გადადგმისგან ყოველთვის თავს იკავებენ. ასევე, მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ არსებობს კორელაცია ხშირ ქებასა და შემცირებულ ძალისხმევას შორის. ანუ ისინი უფრო ხშირად უყურებენ მასწავლებელს დავალების შესრულებისას, რათა გაარკვიონ სწორად პასუხობენ დასმულ შეკითხვას თუ – არა. მათ ასევე შენიშნეს, რომ თანდათან მათი პასუხები შეკითხვის ინტონაციას იღებს. პროფესიის არჩევისასაც კი ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან შიშობენ, რომ არჩეულ სარბიელზე სასურველ წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ამგვარად, თუ ჩვენ ვაქებთ ბავშვს მისი გონებრივი შესაძლებლობების გამო და ის შემდეგ რაიმე შეცდომას დაუშვებს, მისთვის ძნელი ხდება წარუმატებლობის გადალახვა. სამაგიეროდ, თუ ჩვენ ვაქებთ ბავშვს ძალისხმევისა და მიზნის მიზანდასახულობისათვის, რთული სიტუაცია მასში ფრუსტრაციას კი არ გამოიწვევს, პირიქით, ის ბავშვში პრობლემის დაძლევის ძლიერი მოტივატორი გახდება. გამოდის, რომ გაცილებით ეფექტურია იმ პედაგოგის შრომა, რომელმაც იცის, თუ როგორ, რა დოზით გააკრიტიკოს მოსწავლე და არა იმისი, რომელიც გამუდმებით ქება-დიდებას არიგებს.

დაბოლოს, ბავშვების ქება აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ გაწეული ძალისხმევისათვის. უბრალოდ ქება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს – შესაძლებელია საბოლოოდ  ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“