ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რა დააფრთხობთ ყვავებს?

(ოთხი თაობა ერთი მოთხრობის სამყაროში)

რევაზ ინანიშვილის მოთხრობები ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესის განუყრელი და განუმეორებელი სამყაროა, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე. ყოველი მათგანი საოცარ ემოციას აღძრავს ბავშვებში და ყველას შთააგონებს ჰუმანიზმსა და ესთეტიზმს. მერვე კლასში ვსწავლობთ მოთხრობას უცნაური სათაურით „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ მოთხრობის ტექსტის გაგება-გააზრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. როცა სამოდელო გაკვეთილებს ვგეგმავდი, გადავწყვიტე, რომ ერთი გაკვეთილის თემად ეს ნაწარმოები ამერჩია და მასთან დამეკავშირებინა ინოვაციური გაკვეთილისთვის აუცილებელი სიახლეები ტექსტის კვლევაში.

მოთხრობის ტექსტზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ერთი ტექსტის სამყაროში ოთხი თაობა ერთიანდება:

  • მთავარი გმირის, ვიტგენშტეინის;
  • ავტორის, რევაზ ინანიშვილის;
  • მისი ქალიშვილის (რომელიც დაახლოებით ჩემი, მასწავლებლის, ასაკისა უნდა იყოს);
  • თანამედროვე მკითხველის, მერვეკლასელი მოსწავლის.

მოთხრობის მთავარი იდეა დაკავშირებულია მეცხრამეტე საუკუნის რაინდული მენტალობის გმირის ქმედებისადმი მწერლისა და მკითხველის დამოკიდებულებასთან. მწერალი მოგვითხრობს სამეგრელოს მთავრების შთამომავლის, პაშა დადიანის ძის, თავად ვიტგენშტეინის, რაინდული საქციელის შესახებ, როცა ის მატარებელში შემთხვევით შეხვედრილ, ღირსებაშელახულ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს გამოესარჩლა და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა – მოწინააღმდეგემ, საუკეთესო მსროლელმა, გენერალმა ნაუმოვმა, დუელში მოკლა. ვიტგენშტეინმა კი სიკვდილის წინ თავის ნათესავს, რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ მეორეს, თავისი მკვლელის შეწყნარების თხოვნით ბარათი დაუტოვა. ჩანს, რომ მწერალი აღფრთვანებულია თავისი გმირის რაინდული სულით, სიმამაცით, თავგანწირვის უნარით, ჰუმანიზმით, ღირსებით, ადამიანური სიფაქიზითა და დახვეწილობით, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეჭვი ეპარება ამ გმირისადმი მკითხველის დამოკიდებულებაში, მისი გმირობის მნიშვნელობაში, ამიტომაც ორიგინალურ ხერხს მიმართავს და მოთხრობის ფინალში შემოჰყავს თავისი გოგონა, რომელსაც უკითხავს  ტექსტს და ცდილობს მის რეაქციაში მკითხველის განწყობა დაიჭიროს. როგორც ინანიშვილის სხვა ტექსტები, ეს მოთხრობაც მასწავლებლისგან ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. თუკი მწერლის შვილის თაობის,  დაახლოებით მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაბადებული ადამიანისთვის საეჭვო იყო ვიტგენშტეინის თავგანწირვის ღირებულება, როგორ შეხვდება ამ გმირს და მოთხრობის იდეას ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 2004-2005 წლებში,  დაბადებული თაობა? (მოთხრობა საბაზო საფეხურზე, მე-8 კლასში ისწავლება)… მოთხრობის ანალიზზე ფიქრისას ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი, რომ ამ მოთხრობის მხატვრულ სივრცეში მოაზრებული თაობების მახასიათებლები აღმეწერა, მათ ფსიქოემოციურ აღმქმელობაზე, ღირებულებებსა და გემოვნებაზე გვესაუბრა და ეს ყოველივე მოთხრობის ესთეტიკასთან დაგვეკავშირებინა. ვცადე ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის მიმართულებით მსგავსი სამეცნიერო აღწერების მოძიება, მაგრამ ქართული სამეცნიერო ლიტერატურა ამ მხრივ უღარიბესი აღმოჩნდა. სამაგიეროდ წარმოუდგენლად მდიდარია მსგავსი სამეცნიერო კვლევა-ძიებანი ინგლისურენოვან მეცნიერებაში. თაობების ესთეტიკის აღწერისთვის ამერიკელ მეცნიერებს ზღვა მასალა მიუძღვნიათ და ძირითადი მიმართულებების, კვლევის მთავარი თეზისების გაცნობა უაღრესად საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. სკაფოლდინგისთვის შევქმენით დამხმრე რესურსი, Power Point-ის პროგრამაში დავამზადეთ სლაიდშოუ (იხ. სტატიაზე თანდართული მასალა), სადაც მიმოვიხილეთ თაობათა აღწერის ამერიკული გამოცდილება და გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ქართული მეცნიერებაში მსგავსი პრაქტიკა ნაკლებად არის აპრობირებული, თავად გავმხდარიყავით თაობათა მახასიათებლების მკვლევრები და მოთხრობის სამყაროს ოთხი თაობაც ჩვენ თავად დაგვეხატა სკოლასა და სკოლის გარეთ ნასწავლი ჰუმანიტარული დარგებიდან დაგროვილი ცოდნის ბაზაზე. პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და კოგნიტურად მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

ამერიკელებს 1880 წლიდან მოყოლებული 7 თაობის მხასიათებლები აღუწერიათ და თაობები ასე დაუჯგუფებიათ:

  • Lost Generation (1880-1900) – დაკარგული თაობა
  • I. Generation (1900-1920) – ე.წ. დიადი თაობა, სხვაგვარად – მეორე მსოფლიო ომის თაობა
  • Silent Generation (1920-1940) – მდუმარე თაობა
  • Baby boomers (1940-1960) – შობადობის მკვეთრი მატების დროს დაბადებულნი
  • Generation X (1960-1980) – იქს თაობა, იგივე „დაკარგული თაობა“
  • Millennials (Generation Y) (1980-2000) – მილენიუმის ან ექო ბუმერების თაობა ანუ იგრეკ გენერაცია
  • Generation Z (2000-2020) – ახალი, ჯერ კიდევ აღუწერელი და ამოუცნობი თაობა

მართალია, თაობათა აღწერის ეს სისტემა ნაკლებად ან მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა ქართულ სინამდვილეს, მაგრამ საინტერესო მასალაა სინთეზირებისთვის და გვეხმარება, რომ თავადაც აღვწეროთ ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე წარსული და ახლანდელი თაობები. ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით ეს თაობები დაახლოებით ასე დეფინიცირდება:

  • ვიტგენშტეინის თაობა (გმირი დაიბადა დაახლოებით 1860 წელს, მოკლეს დაახლოებით 1892 წლამდე პერიოდში, ამერიკული აღწერით ”დაკარგული თაობის” (lost generation) წინა თაობა, აღწერილი არ არის)… რეალიზმის და ჰეროიზმის ეპოქის შვილი, თავადაც ჰეროიკული სულისკვეთებით გამსჭვალული, მამაცი და შეუპოვარი, ღირსების სადარაჯოზე მდგომი, ფაქიზი აღმქმელობის, შეფარული ემოციურობით გამორჩეული.
  • რევაზ ინანიშვილის თაობა (მწერალი დაიბადა 1926 წელს. ამერიკული აღწერით ”მდუმარე თაობის” (silent generation) წარმომადგენელი). მეორე მსოფლიო ომის შემდგომი და სტალინური ეპოქის შვილები (რეპრესირებულთა ოჯახებიდან), დათრგუნული და სულიერი ტკივილებით დამძიმებული თაობა.
  • მწერლის შვილი (დაიბადა დაახლოებით 1970-იან წლებში, ამერიკული აღწერით ”X თაობის” (Generation X) წარმომადგენელი). 1990-იანი წლების პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისების თაობა (მილენიუმის და z-თაობის მშობლები), სკეპტიციზმის თაობა, არარეალიზებული და თაობის სიმბოლოდ მიჩნეული კურტ კობეინის მსგავსად სუიციდისკენ მიდრეკილი ფსიქოტიპები.
  • მერვეკლასელი მოსწავლე – თინეიჯერი (დაიბადა 2004 ან 2005 წელს, ამერიკული აღწერით ”Z-თაობის” (Generation Z) წარმომადგენელი), ციფრული ტექნოლოგიების თაობა. ეს არის უკიდურესად პრაგმატული, ნაკლებად ემოციური, მიზანდასახული, შეუპოვარი თაობა.

მწერალი შეაცბუნა შვილის მიერ დასმულმა შეკითხვამ: „ვითომ დაფრთხებოდნენ ყვავები დამბაჩის ხმაზე, მამა?“ მას სხვა მოლოდინი ჰქონდა, ეგონა, რომ გოგონას აღაფრთოვანებდა ვიტგენშტეინის გმირობა, მაგრამ აქ ესთეტიკის და ღირებულებების აცდენა მოხდა… სულ ვფიქრობდი, როგორ მიიღებდნენ ვიტგენშტეინის ამბავს ჩემი მერვეკლასელები, ე.წ. ზეტ-გენერაცია, ჯერ კიდევ შეუსწავლელი და ძნელად პროგნოზირებადი თაობა, ჭარბი პრაგმატულობის და ცივი გონების სინდრომით აღბეჭდილი ინდივიდები, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მათ ეს გმირი ძალიან მოეწონათ. მწერლის ქალიშვილის სკეპტიციზმი უფრო გაუგებარი იყო მათთვის, ვიდრე ვიტგენშტეინის არჩევანი.

– მაკა მასწავლებელო, ვისურვებდი, რომ ასეთი გმირები ახლაც იყვნენ ჩვენ გარშემო და ასე შეეძლოთ თავგანწირვაც, სიყვარულიც, დიდსულოვნებაც… – თითქმის ჩურჩულით მითხრა უმშვენიერესმა და უნიჭიერესმა ანამ და მის თვალებში ამოვიკითხე ის აღფრთოვანება, რომელსაც რევაზ ინანიშვილი ეძებდა თავისი ქალიშვილის რეაქციაში და ვერ მოისმინა… სიმბოლურია ისიც, რომ მწერლის ქალიშვილი გამოგონილი გმირია, რადგან რეალურად რევაზ ინანიშვილს ქალიშვილი არ ჰყოლია, ორი ვაჟის მამა იყო… მან გოგონას სახით თაობის ესთეტიკის გამომსახველი პერსონაჟი გამოიგონა…

მართალია, გოგონამ სკეპტიკურად შეხედა მამისეული გმირის თავდადებას, მაგრამ რევაზ ინანიშვილმა უტყუარი მწერლური ალღოთი გამოიცნო, რომ მისი მკითხველი ამ გმირის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა.

მოთხრობის გმირი ყვავებიც ხომ ლიტერატურისთვის დამხასიათებელი მეტაფორული ბუნების  გამომხატველი სახე-სიმბოლოები არიან. ისინი განასახიერებენ გენერალ ნაუმოვის და რუსეთის იმპერიული მახინის სიბნელეს, თუნდაც გულგრილი მკითხველის სკეპტიციზმს.

რა დააფრთხობთ ყვავებს? ვითომ შეძრავს მათ შავ გულებს ვიტგენშტეინისნაირი ჰუმანისტის უღმერთო სიკვდილი? თუკი მწერალს სწამს, რომ დიახ, ყვავებიც კი დაფრთხებიან ვიტგენშტეინის სასიკვდილოდ მიმართული დამბაჩის ტყვიის ხმაზე, მაშინ, რომელ თაობასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, ჩვენც გვჯერა მწერლისა და მისი გმირის, რადგან რევაზ ინანიშვილს ჩვენი მოლოდინი არასდროს გაუცრუებია, ერთ ყალბი ფრაზა და სახე არ გაპარვია თავის ტექსტებში.

რევაზ ინანიშვილის მოთხრობა-სკაფოლდინგი

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი