ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

უდიდესი კალოგეროპულოსი

XX საუკუნის უდიდესი სოპრანო, წარმოშობით ბერძენი მარია კალასი, რომელმაც საოპერო ისტორიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, 1923 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. გვარი „კალოგეროპულოსი“, რომელიც ენის გასატეხს უფრო ჰგავდა, მარიამ სასიამოვნოდ მჟღერ „კალასამდე“ შეამოკლა. 13 წლისა, იგი თავის ფესვებს დაუბრუნდა და ათენის კონსერვატორიაში სიმღერის სწავლა დაიწყო. სამოქტავიანმა დიაპაზონმა იმთავითვე განსაზღვრა მარიას ძირითადი ამპლუა – იტალიური რეპერტუარისა და ვაგნერის ოპერების ყველაზე რთული პარტიების შესრულება.

კალასს დიდება 1949 წელს მოუტანა ერთი კვირის განმავლობაში ბრუნჰილდასა (ვაგნერი) და ელვირას (ბელინი) პარტიების შესრულებამ, რაც მანამდე ოპერის ისტორიაში არავის მოუხერხებია. ეს პარტიები, გარდა იმისა, რომ ძალზე რთულია, მუსიკალური სტილითა და ვოკალური ამოცანებითაც დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კალასი მილანის „ლა-სკალას“ ჭეშმარიტი პრიმადონა გახდა, რომელსაც ამ პრესტიჟული თეატრის თითქმის მთელი რეპერტუარი ჰქონდა ნამღერი.

სპეციალური სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ, რომლის მეშვეობითაც მარია საკმაოდ დიდი წონისგან გათავისუფლდა, მან მსმენელთა დასაპყრობად ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო გეზი. ჩიკაგოში ენით აუწერელი წარმატების შემდეგ კალასმა „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გახსნა სეზონი ბელინის ოპერით „ნორმა“… მაგრამ რა სამწუხაროა, რომ დიდებისკენ მიმავალი გზა კალასს ხმის სერიოზულმა პრობლემებმა შეაწყვეტინა. 1962 წელს უდიდესმა ბერძენმა მომღერალმა სამუდამოდ მიატოვა სცენა.

***

კითხვაზე „რით გამოიხატება მარია კალასის ფენომენი“ პასუხის გაცემა არაერთხელ უცდიათ. ერთმნიშვნელოვანია, რომ კალასი ტიტანური მასშტაბის მოვლენაა XX საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაში.

მიუხედავად მარიას არცთუ ხანგრძლივი (ათწლიანი) დიდებისა, მის შესახებ წარმოქმნილი ლეგენდების რაოდენობა თითქმის უპრეცედენტოა მუსიკის ისტორიაში. მარიას ფენომენი, მისი ლეგენდარულობა მრავალ ასპექტში ვლინდება: ხმასა და დრამატულ სამსახიობო უნარში, საოპერო რეპერტუარში შეტანილ წვლილში, აუდიტორიის მიზიდვის გასაოცარ უნარში, ბიოგრაფიის მისტიკურობაში და სხვა.

კალასის ხმა და ოსტატობა, სხვა მომღერლების მსგავსად, მსმენელთა ჯარის ყურთასმენას მშვიდად ჩაუვლიდა, რომ არა ის შინაგანი შემოქმედებითი ცეცხლი, რომელსაც დიდ სცენებზე მარიასავით ვერავინ ანთებდა… ვინაიდან დიდებულმა კალასმა მასშტაბური სახასიათო სახე შექმნა. მასში ერთიანდებოდა სიმღერის, ვოკალის, პლასტიკისა და შინაარსში ღრმად წვდომის ცოდნა, რაც მსმენელ-მაყურებელში გასაოცარ ეროტიკულ მიმზიდველობასაც კი აღძრავდა.

მარია კალასის ხმა ექსტრაორდინარული და უნიკალურია. მისთვის დამახასიათებელია ფართო დიაპაზონი, შესანიშნავი კოლორატურული მოქნილობა, ვირტუოზული ტექნიკა, რომელიც სცენაზე საოცრებებს ახდენდა. თუმცა, იმავდროულად, ეს ხმა უნაკლო არ ყოფილა: მარია ხშირად ხარვეზებით მღეროდა, რასაც მონუსხული მსმენელების ნაწილი ვერ ამჩნევდა, ნაწილი არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებდა, ხოლო ნაწილი ამაში განსაკუთრებულ მომხიბვლელობასაც კი ხედავდა.

უნიკალური იყო კალასის არტისტულობაც, რომელიც აუცილებელზე აუცილებელი უნარია საოპერო სცენისათვის. XX საუკუნემ მარია კალასის სახით არტისტული ოსტატობის, სასცენო სახის ღრმა წვდომისა და სიმღერის იდეალური სინთეზი გვაჩუქა. მისი ნამღერი ჩანაწერში დღესაც იმდენად დიდებულად ჟღერს, რომ ზემოხსენებული ხარვეზები, სცენურობის წყალობით, როლში ალბათ იმ დროისთვის ყურადსაღები არც იქნებოდა.

მარია კალასს უდიდეს ტრაგიკულ არტისტად მოიხსენიებდნენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დიდმა პაზოლინიმ მარია თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმ „მედეაში“ გადაიღო. რეჟისორმა ფილმში ოპერის მომღერალი მიიწვია, რაც ძალზე საყურადღებოა, მით უმეტეს – იმდროინდელი იტალიური კინოს არტისტების შესანიშნავი ნაკრების ფონზე. აღსანიშნავია მარია კალასის გარეგნობაც, რომელსაც იშვიათი გამომსახველობა ახლდა.

 

 

რეპერტუარი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შთამომავლობის მეხსიერებაში დარჩენისა და ბერძენმა დივამ დიდი ძალისხმევის შედეგად ვინჩენცო ბელინის, გაეტანო დონიცეტის და სხვათა მივიწყებული ნაწარმოებების გაცოცხლებით უდიდესი წვლილი შეიტანა საოპერო რეპერტუარის გაფართოებაში. იმხანად საოპერო რეპერტუარში აღნიშნულ ავტორთა ნაწარმოებების შეტანა საკმაოდ სარისკო საქმე გახლდათ, ვინაიდან ცოტას თუ სჯეროდა წარმატების.

 

კალასის მრავალმხრივობა და ფართო დიაპაზონი დღესაც კი სრულიად უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს: მშვიდი მადამ ბატერფლაიდან გმირულ ლეონორამდე, როზინას მომხიბვლელი კოლორატურიდან იზოლდას ზეადამიანური სირთულის სუნთქვამდე.

 

და მაინც, ნეტავ რა მაგია აქვს ოპერას?

ოპერა არის ზეცა, აღსავსე იმედებით, ოცნებებით, ცრემლებით, შეთქმულებით, მოულოდნელობებით, ილუზიებით, უსულგულობით… ზეცა, რომელზეც ვარსკვლავები უდიდესი სისწრაფით ფერმკრთალდება და მხოლოდ მაგია გრძელდება მუდმივად, როგორც ნევროზულობა და აყალმაყალი გენერალურ რეპეტიციებზე, ან თუნდაც ახალი წებოს სურნელი, პარტერის მეათე რიგამდე რომ აღწევს. ზეცა, რომელზეც ყოველი მონაწილე გულწრფელად აცხადებს, რომ თვით ღმერთზე მეტია“.

ვიდრე ცისკიდეზე ოპერით შეპყრობილნი და აღტაცებულნი იარსებებენ და ასიათასჯერ სიკვდილმისჯილი ხანდაზმული ქალბატონი ოპერა სულის სიმხნევეს შეინარჩუნებს, დივას, როგორც ნამდვილ ღვთაებას, შეურიგებელი ეჭვიანობით მუდამ პატივს მიაგებენ. 350-წლიანი სათითაო ნაოჭით, აღმაშფოთებელი ჭირვეულობით, სასაცილო ხელოვნურობით და უიმედო დრომოჭმულობით, ის უფრო და უფრო მეტ თაყვანისმცემელს იტყუებს თავის ბადეში. ყოველივე ეს კი დივას ტრადიციების აღმდგენმა – მარია კალასმა ტრიუმფით დაამტკიცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი