ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რჩევები სიტყვის მარაგის გასამდიდრებლად

”უბადრუკი მეტყველება უბადრუკი აზროვნების ნიშანია” –  ლევ ტოლსტოი.
ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ აზრის სათანადოდ გადმოცემა, მოყოლა, შეცდომების გარეშე საუბარი. ის, რომ მათ სიტყვების მარაგი არ აქვთ, ამის მიზეზი გარდა უწიგნურებისა, სიტყვიერი ურთიერთობების სიმწირის და კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვულობის შედეგიცაა.  არადა, სიტყვათა მარაგი, რომელსაც ბავშვი აზრის გადმოცემის დროს გამოიყენებს, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაშიც და ცხოვრებაშიც. ხშირად კარიერული წარმატება, ადამიანთა კეთილგანწყობა, ავტორიტეტის გამყარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ორატორულ ნიჭს, აზრების მკაფიო და ლამაზი გადმოცემის უნარს. ამიტომ სიტყვის მარაგის გამდიდრებაზე  ადრეული ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. 

როგორც სპეციალისტები განმარტავენ ადამიანს გააჩნია ლექსიკური მარაგის ორი ტიპი: აქტიური და პასიური.
აქტიური – მოიცავს სიტყვებს, რომლებსაც ის ლაპარაკის და წერის დროს იყენებს.

პასიურ მარაგს ის სიტყვები წარმოადგენს, რომლებსაც ის იგებს კითხვისას თუ მოსმენისას, მაგრამ არ გამოიყენებს მათ სალაპარაკო ენასა და წერაში. ამიტომ პასიურ სიტყვათა მარაგი რამდენჯერმე აღემატება აქტიურს.

მეცნიერთა  აზრით,  სიტყვათა მარაგის შესავსებად კარგი საშუალებაა კლასიკური პოეზია და პროზა. სალაპარაკო ენის გამდიდრებისათვის კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ კლასიკა. სიტყვათა მარაგის შესავსებად კითხვის გარდა რეკომენდებულია ასევე ლექსების დაზეპირება, ენციკლოპედიის შეთვისება და კროსვორდების ამოხსნაც კი.

რჩევები როგორ გავუმდიდროთ ბავშვს სიტყვათა მარაგი: 
1. გამუდმებით ესაუბრეთ ბავშვს. ის ახალ სიტყვებს მხოლოდ სხვების მოსმენით ისწავლის. რაც უფრო მდიდარ და მრავალფეროვან საუბარს ისმენენ, მით უფრო მდიდრდება მათი ენაც. ამიტომ ესაუბრეთ ბევრი.
 
2. უკითხეთ ხმამაღლა. თანდათან ისეთი წიგნები შეარჩიეთ, სადაც პერსონაჟთა მრავალფეროვნებაა და სიუჟეტიც აქტიურად ვითარდება. პატარა მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ისაუბრეთ მომხდარზე, იმსჯელეთ და გზადაგზა უცხო სიტყვები ახსენით.
3. როცა სეირნობისას საინტერესო ადგილას მოხვდებით, იქედან ყოველთვის წამოიღეთ რაიმე წვრილმანი ნივთი. საღამოს მთელ ოჯახს წარუდგინეთ ეს ნივთი და ბავშვს სთხოვეთ, ყველას უამბოს მის შესახებ. ან უბრალოდ მოყვეს – რა ნახა, სად იყო, რამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება და ა.შ.
4. ეცადეთ, ხშირად მოაყოლოთ ბავშვს, რა მოხდა დღეს. სთხოვეთ, უფრო დეტალურად გადმოსცეს ესა თუ ის ამბავი. შებრუნებული კითხვები მას დაეხმარება, რომ მოვლენის აღსაწერად მეტი სიტყვა გამოიყენოს. ეცადეთ, კითხვებიც ვრცელი იყოს. აზრის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია ბავშვისთვის.
5. ახალი სიტყვები თავად უნდა ასწავლოთ. არ შეგეშინდეთ სირთულის – ბავშვის გონება ღრუბელივით ისრუტავს ინფორმაციას. მან შეიძლება, ისეთი სიტყვები დაიმახსოვროს, რომლის წარმოთქმაც კი გიჭირთ. 
6. ყველა მოვლენას მიუძღვენით პატარ-პატარა საუბრები. რა თქმა უნდა, ეს საუბრები ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. თუ რამეს ვერ გაიგებს, აუხსენით. დაიმახსოვრებს და საჭირო დროს თავისთავად ამოუტივტივდება მეხსიერებიდან. 
7. ხშირად გამოიყენეთ სინონიმები რაიმეს აღსაწერად და თავადვე დააკვირდით თქვენს საუბარს. ეცადეთ, ერთი და იგივე სიტყვა ხშირად არ გამოიყენოთ. 
რჩევები ბავშვებს ახალი სიტყვების შესასწავლად 
1. სიტყვების უმეტესობის სწავლა ხდება  კონტექსტში. კითხვისას დიდი ყურადღება მიაქციე იმ სიტყვებს, რომლებიც არ იცით. უპირველეს ყოვლისა წარმოიდგინე, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას კონტექსტიდან გამომდინარე და შემდეგ მოძებნე. იკითხე და უსმინე ისეთ მასალებს, რომელიც ერთგვარი გამოწვევა იქნება თქვენთვის და რომელიც ამავდროულად ბევრი ახალ სიტყვის შემცველი იქნება.
2. გაიუმჯობესე კონტექსტის საშუალებით სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობის ჩვევა. კონტექსტში სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად, ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ არის გამოყენებული სიტყვები. 
3.  ახალი სიტყვის სწავლა დიდად ვერ დაგეხმარება, თუ მას მალევე დაივიწყებ. საჭიროა სიტყვის 10-20-ჯერ გამეორება იმისათვის, რომ სიტყვა თქვენი ლექსიკის ნაწილი გახდეს. ასევე კარგი იქნება თუ პატარა ზომის ფურცელზე დაწერ სიტყვას თავისი განმარტებითა და კონტექსტით – რომელსაც მოგვიანებით გადახედავ. როგორც კი ახალ სიტყვას ისწავლი, დაიწყე მისი გამოყენება. 
 4. წარმოთქვი სიტყვა ხმამაღლა და გაააქტიურე შენი სმენითი მეხსიერება. დააკავშირე ახალი სიტყვები უკვე ნაცნობ სიტყვებთან. 
5.  გამოიყენე დამახსოვრების სხვადასხვა ხრიკი. სიტყვებზე გაკეთებული პატარა ჩანახატები იმის გახსენებაში დაგეხმარება, თუ რას ნიშნავს სიტყვა, ამავდროულად სახალისოც არის მათი შეთხზვის პროცესი. შეეცადე იპოვო სწავლების რომელი სტილი შეგეფერება. ყველა განსხვავებულად სწავლობს.
 6.  ჩვევად გაიხადე იმ სიტყვების ძებნა, რომლის მნიშვნელობაც არ იცი. თუ კომპიუტერში გაქვთ ლექსიკონის პროგრამა, ის მუდამ ღია გქონდეს, რათა მოსახერხებელი იყოს გამოსაყენებლად. ეძებეთ იმ სიტყვის მნიშვნელობა, რომლის ცოდნაშიც არ ხართ დარწმუნებული. გამოიყენეთ სინონიმებისა და ანტონიმების ლექსიკონი, რათა იპოვოთ ის სიტყვა, რომელიც უკეთ ერგება.
7.  ითამაშე სიტყვებით. რეგულარულად შეავსე კროსვორდები. 
8.  გამოიყენე ლექსიკონის სია. სერიოზული ლექსიკის მქონე მოსწავლეებისთვის მრავალი წიგნი არსებობს. ასევე, ინტერნეტში არსებობს მრავალი საინტერესო საიტი სიტყვებისთვის, რომელიც ყოველდღიურად გამოგიგზავნით ერთ სიტყვას ელ-ფოსტაზე.
9.  გააკეთე ტესტი ლექსიკის შესამოწმებლად. 
 10.  აღფრთოვანდი სიტყვებით. დააფასე ის უმნიშვნელო განსხვავებები რაც სიტყვებშია. ისწავლე იმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ფიქრობ.

მოამზადა თამარ კაციტაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“