ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ვინ უნდა იზრუნოს მოსწავლეების კეთილდღეობაზე: მასწავლებლებმა თუ მშობლებმა?

არცთუ იშვიათად გვხვდებიან გარიყული ბავშვები, ვისაც მთელი კლასი უპირისპირდება. კლასელები ჰყვებიან, რომ ეს მოსწავლე მათ ცუდად მიმართავს, აგრესიულად ექცევა. ვის უნდა დაუჭიროს მხარი მასწავლებელმა: გარიყულ მოსწავლეს თუ კლასის დიდ ნაწილს?

გვხვდებიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც თავის თავში არიან ჩაკეტილნი. სამწუხაროდ, ლაპარაკობენ თვითმკვლელობაზე. იმის გამო, რომ კლასში დისციპლინას არ არღვევენ, ისინი უყურადღებოდ რჩებიან.

ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეები ხშირად შეუმჩნევლად სხედან კლასში. მასწავლებლის მოვალეობაა თუ არა, რომ შეამჩნიოს ისინი და დახმარების ხელი გაუწოდოს?

სკოლების მთავარი საზრუნავი მხოლოდ კარგი განათლების მიცემა აღარაა. მასწავლებლისგან მოითხოვენ კლასში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ბავშვი თავს ბედნიერად იგრძნობს. 

ბედნიერებად მიაჩნიათ კარგად ყოფნის გონებრივი და ემოციური აღქმა – კმაყოფილებიდან სიხარულის ძლიერ განცდამდე. ბედნიერების აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ბედნიერების უფლება სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებათა გვერდითაა  მოხსენებული. ფსიქოლოგი მარტინ ზელიგმანი თვლის, რომ ბედნიერებას მხოლოდ გარემო არ განაპირობებს. ადამიანი მაშინაა ბედნიერი თუ:

1.აქვს სიამოვნების განცდა (გემრიელი საჭმელი, თბილი აბაზანა და ა. შ.);

2.ჩართულია მისთვის საინტერესო საქმიანობაში;

3.აქვს კარგი ურთიერთობები (აღმოჩნდა, რომ სოციალური კავშირები ბედნიერების განცდის უმთავრესი ფაქტორია);

4.საკუთარ თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევს (მიკუთვნებულობის განცდა);

5.აქვს მიღწევები (მიაღწია მიზანს, მოახდინა საკუთარი თავის რეალიზაცია).

ბავშვმა შეიძლება ისწავლოს კონკრეტული საგანი, მაგრამ ბედნიერების სწავლა შეუძლებელია. რამდენად სასიამოვნო ცხოვრების პირობები აქვს მას, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. სკოლამ შეიძლება შექმნას სასიამოვნო გარემო, სადაც ბავშვი მჩაგვრელებისგან იქნება დაცული, სადაც მას თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებენ. თუმცა სკოლის გარემოს გარეთ შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო ხდებოდეს.   

უარყოფითი ემოციები მოსწავლეებს მოტივაციას უკლავს. ამას მოსდევს დაბალი აკადემიური მოსწრება და მასწავლებლების საყვედურები, რაც მოსწავლეს კიდევ უფრო უკარგავს წარმოდგენას სკოლის მნიშვნელოვნებაზე. ემოციურად აშლილი მოსწავლეები დღევანდელ დღეზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე აბსტრაქტულ მომავალზე. კარგია, მათ თუ ვკითხავთ, რას აკეთებენ თავისუფალ დროს, გავამხნევებთ გაკვეთილზე და წარმოვაჩენთ მათ დადებით მხარეებს.

მოსწავლეებზე მშობლების ზეგავლენას შეიძლება გაუტოლდეს კიდეც ამხანაგების გავლენა. ამხანაგებისგან ხელნაკრავი მოსწავლეები უფრო მალე ბრაზდებიან უმნიშვნელო ამბებზე, რომლებიც მათში შფოთვას, დაუცველობის შეგრძნებას და შიშს იწვევს. ასეთი მოსწავლეები სიბრაზით, იმპულსურობითა და დაუმორჩილებლობით გამოირჩევიან. ჩვენ, მასწავლებლებს, მოგვეთხოვება კლასში ერთსულოვნების შექმნა. ამის ხელშესაწყობად გამოდგება თანამშრომლობითი სწავლება, საკლასო საზოგადოების შექმნა და ჩვენება, რომ ყველას შეაქვს დადებითი წვლილი ჯგუფურ მუშაობასა და კლასის საქმიანობაში.

მოსწავლეების 5 % დეპრესიას განიცდის. ისინი მუდმივად მოწყენილები არიან, ეკარგებათ ინტერესი იმ საქმიანობის მიმართ, რაც ადრე სიხარულს ჰგვრიდათ, ერღვევათ ძილი, ადვილად ღიზიანდებიან, ეკარგებათ ენერგია, აქვთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, დამნაშავედ მიაჩნიათ საკუთარი თავი, არ შეუძლიათ ყურადღების მოკრება, ფიქრობენ სიკვდილზე, ვერ გრძნობენ საკუთარი თავის მნიშვნელობას. ამ ემოციური დარღვევის დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია მისი წარმატებით მკურნალობისთვის. საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის ჩარევა და მედიკამენტური მკურნალობა. მასწავლებლებმა ასეთი მოსწავლეების მიმართ ემპათია უნდა გამოვიჩინოთ ნაცვლად იმისა, რომ მოვთხოვოთ ქცევის შეცვლა საყვედურებითა და გულახდილი საუბრებით. ისინი ყველაზე მეტად თანაგრძნობას საჭიროებენ. უნდა განვახორციელოთ ისეთი საკლასო აქტივობები, სადაც მათი მონაწილეობა აუცილებელი იქნება და საკუთარ თავზე კარგ წარმოდგენას შეუქმნით.

დაძაბულ მოსწავლეებს უვითარდებათ სტრესი. ისინი უჩივიან მუცლის ან თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ტკივილს მკერდის არეში და მოითხოვენ ექიმთან წასვლას – განსაკუთრებით იმ გაკვეთილებზე, რომლებზეც მეტად ნერვიულობენ. ისინი ცდილობენ დაემალონ სკოლას. გამუდმებულად სტრესში ყოფნამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მშობლებთან თანამშრომლობა და ექიმის ჩარევა, რომელიც მოსწავლეს რელაქსაციის ტექნიკას და სტრესის შემცირების მეთოდებს ასწავლის.

აგრესიის ან დეპრესიის დასაძლევად არსებობს კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია. ყოველ მოქმედებას თან ახლავს საპასუხო რეაქცია. ადამიანი ვერ შეცვლის იმას, რაც ხდება მის გარშემო, მაგრამ შეიძლება შეცვალოს საკუთარი ქცევა.  მაგალითად, ბავშვს თანაკლასელები აბრაზებენ ზედმეტი სახელით. ბავშვი ამ სახელით მიმართვას აგრესიულად პასუხობს: თავს ესხმის მას, ვინც ეს უწოდა, ურტყამს და ა.შ. ასეთ ბავშვს უნდა ვასწავლოთ საკუთარი ქცევის მართვა. შეიძლება ძალიან სწყინდეს, მაგრამ ნაცვლად ჩარტყმის მიზნით გამოკიდებისა, აღარ გამოუდგეს მას, ვინც ცდილობს გააბრაზოს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ მომხდარის სხვანაირი ინტერპრეტაცია. 

იგივე ითქმის იმ მოსწავლეებზეც, ვინც ამბებს დრამატულად და სენტიმენტალურად აღიქვამენ. თუ მათ ასწავლიან, როგორ მოახდინონ მომხდარის ინტერპრეტაცია დადებითი მხრიდან, ისინი კარგად იგრძნობენ თავს. 

ამრიგად, თანამედროვე ფსიქოლოგიურ ცოდნაზე დაყრდნობით, ბედნიერება და კარგად ყოფნა არის დამოკიდებულება. დამოკიდებულების შეცვლა კი შესაძლებელია. ამ საკითხებზე მუშაობდა ფსიქოლოგი მარტინ ზელიგმანი, რომელმაც ჩაატარა გამოკვლევა ფილადელფიის ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასის (14-15 წლის) მოსწავლეებთან. 

მისმა გუნდმა მოსწავლეების ერთ ნაწილს ასწავლა, რომ მათ გარშემო მომხდარი ამბებიდან ეფიქრათ მხოლოდ იმ ამბებზე, რომლებიც მათთვის კარგი იყო და ასევე იმაზე, როგორ შეეწყოთ ხელი, რომ მომხდარი კარგი ამბავი განმეორებულიყო. აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლეები უფრო დიდ ინტერესს ავლენდნენ გაკვეთილებზე, უფრო მოტივირებულნი იყვნენ და იჩენდნენ ემპათიას სხვების მიმართ.

თუ ზელიგმანის გამოკვლევა ასეთი მნიშვნელოვანია, იქნებ სასწავლო კურიკულუმის ნაწილი გახდეს სკოლებში ბედნიერების სწავლება? ამ კითხვას დიდი გამოხმაურება მოყვა. 

მაგალითად, კლარე ჯარმი, ჰემპშირის ბადელეს სკოლის რელიგიისა და ფილოსოფიის კათედრის გამგე, წერს, რომ არც სკოლაა ამის სწავლების ადგილი და არც მასწავლებლები არიან ისინი, ვინც ბედნიერება და კარგად ყოფნა უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. როგორ უნდა მოსთხოვო მათემატიკის, გეოგრაფიის ან ხელოვნების მასწავლებელს, რომ მან მოსწავლეებს ასწავლოს, როგორ იგრძნონ თავი კარგად და დაფასებულად? ეს მათ შესაძლებლობებს და კომპეტენციას აღემატება. და თუ ამას თვით მასწავლებლები მოინდომებენ, მაშინ ისინი დილენტანტები აღმოჩნდებიან და ვერც საკუთარ პროფესიაში გამოავლენენ პროფესიონალიზმს. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ის, თუ რა საშუალებებით იგრძნონ თავი კარგად? ამისთვის მასწავლებლებს არც დრო გვაქვს და არც შესაბამისი ცოდნა. ჩვენ ვართ პედაგოგები და არა ფსიქოლოგები ან ფსიქოთერაპევტები.

ფილოსოფოსი, განმანათლებელი და კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ივან ილიჩი ცნობილი გახდა წიგნის “Deschooling Society”-ის გამოცემის შემდეგ. ამ წიგნში ის წერდა, რომ ინსტიტუციური ფასეულობები იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რასაც ბოლოს სავალალო შედეგი მოჰყვება. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ისეთი დიდი ფასეულობები, როგორიცაა, მაგალითად, ბედნიერება, შემცირდება, ჩარჩოებში მოექცევა და გახდება მატერიალური. ეს ღირებულებები დამახინჯდება, გახდება ამოუცნობი და ადამიანებს აღარ ექნებათ მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ისინი დაკარგავენ ავტონომიურობას და თავისუფლებას და გახდებიან ინსტიტუტებზე დამოკიდებულნი.

მარტინ ზელიგმანმა ჩაატარა შემდეგი გამოკვლევაც: ის მშობლებს სთხოვდა, ერთი-ორი სიტყვით გადმოეცათ, რა უნდოდათ ყველაზე მეტად საკუთარი შვილებისთვის და რას ასწავლიდნენ სკოლები მათ ბავშვებს.

გამოკითხვა ათასობით მშობელს ჩაუტარდა და მათი პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. ისინი ამბობდნენ, რომ შვილებისთვის ყველაზე მეტად უნდოდათ ბედნიერება, თავდაჯერებულობა, კმაყოფილება, მიღწევები, გაწონასწორებულობა, სიკეთე, ჯანმრთელობა, სიყვარული, ცივილიზებულობა, და ა.შ. მოკლედ, მათ უნდოდათ საკუთარი შვილების კარგად ყოფნა.

მეორე კითხვაზე კი უპასუხეს, რომ მათ შვილებს უნდა ჰქონოდათ მაღალი მიღწევები, კარგი განათლება, განვითარებული აზროვნების უნარი; უნდა მიეღწიათ წარმატებებისთვის, უნდა ყოფილიყვნენ ემპათიურნი, დისციპლინირებულნი; უნდა სცოდნოდათ მათემატიკა, შრომა და მისი ფასი; უნდა შესძლებოდათ ტესტების კარგად ჩაბარება და ა.შ. მათი წარმოდგენით, სკოლას მათი შვილებისთვის  სამუშაო ადგილისკენ მიმავალი გზა უნდა გაეკვალა.

ზელიგმანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ორი კითხვის პასუხები ერთმანეთს არ გადაფარავს. ისინი მკვეთრად განსხვავებულია. მშობლებს შვილების კარგად ყოფნა მიაჩნიათ უმთავრეს პრიორიტეტად და სკოლისგანაც ამას მოითხოვენ. თუმცა განათლების სფეროს ზოგიერთი სპეციალისტი ამ მიზანის მიღწევას სკოლას არ უკავშირებს. მათი აზრით, თუ მშობლებს შვილების კეთილდღეობა უნდათ, ამაზე თვითონვე უნდა იზრუნონ. ინსტიტუტებისგან იმის მოთხოვნა, რაც მშობლებს უნდათ, გაუმართლებელია. თითქოს ცხადდება ივან ილიჩის წინასწარმეტყველება ფასეულობების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ.

ილიჩი სვამს კითხვას: თუ სკოლა აიღებს თავის თავზე მოსწავლეების ბედნიერებაზე, თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვას, მაშინ რა როლი დარჩებათ მშობლებს? მასწავლებლების ხელში აღმოჩნდება ძალაუფლება, ისინი უფრო მეტ როლს იტვირთავენ, ვიდრე განმანათლებლობაა და იქცევიან მასწავლებელ-თერაპევტებად. ეს ყველაფერი გამოიწვევს მოსწავლის მასწავლებელზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

კლარე ჯერმი კი ასე აგრძელებს თავის სტატიას: ” სწავლება გულისხმობს ხალხთან ურთიერთობას და თუ მოსწავლე თავს უბედურად გრძნობს, მაშინ თითქმის (ან სრულიად) შეუძლებელი იქნება ცოდნის გადაცემა. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია ამის კარგი მაგალითია. ის ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნილებები და  ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს ყველაზე მთავარი მოთხოვნილება, რომ ადამიანმა მეორე საფეხურის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს”.

ამ სქემის თანახმად, ადამიანის პირველი მოთხოვნილებაა არსებობისთვის საჭირო პირობები – ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (საკვების მიღება და ძილი). შემდეგია უსაფრთხო გარემოს შექმნა, მიკუთვნებულობის გრძნობა და სიყვარულის განცდა. შემდეგ მოდის საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნება, დაფასება საზოგადოების მიერ. თუ ეს ოთხი საწყისი პირობა დაკმაყოფილებულია, მაშინ ადამიანი აღწევს ბოლო საფეხურს: ახდენს თვითრეალიზაციას. მართლაც, ბავშვი ვერ იქნება გაკვეთილში მთლიანად ჩაფლული, თუ მას ძილი ან საჭმელი აკლია, ასევე, თუ ეშინია მასწავლებლის ან კლასელების, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მას ვერ ექნება მაღალი მიღწევები. როგორც ჩანს, მასწავლებლებმა ბავშვის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ბავშვის თვითრეალიზაცია ჰქვია.

მოსწავლეები დღის უდიდეს ნაწილს სკოლაში ატარებენ. მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა მასწავლებლების მოვალეობაა. ჩვენ მათ თავი ბედნიერად და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა ვაგრძნობინოთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“